გაზეთმა „ალიონმა“ არაერთი კრიტიკული სტატია მიუძღვნა მდინარე სუფსის აუზში ქვიშა-ღორღის კანონდარღვევით მოპოვებას.

ვწერდით იმაზეც, რომ კომპანია „ქი უმ სი“ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან და სუფსის ხეობის 4 სოფელთან მემორანდუმს აფორმებს, რომელზეც ხელმოწერა გარკვეული ხნის მანძილზე გაჭიანურდა.

ამჟამად აღნიშნულმა კომპანიამ მემორანდუმის პირობების შესაბამისად, სოფელ სილაურში გზის მშენებლობა დაიწყო.

გუშინ სოფელ სილაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა კილაძემ გვითხრა, კომპანია „ქი უმ-სი“, სოფლებთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სოფელ სილაურში „სვანის წყაროს“ (მე-2 ბრიგადა) უბანში, სოფლის ცენტრიდან ოზურგეთი-ბაილეთი-ჯუმათის გზასთან დამაკავშირებელ 1,8 კილომეტრიან მონაკვეთს აკეთებს. უკვე მოხდა გზის დაგრეიდირება და ალბათ უახლოეს ხანში ასფალტსაც დააგებენ.

დღეს კი რეგიონის ჟურნალისტები უშუალოდ გზის მშენებლობის ადგილზე მივიდნენ.

გაზეთ „ალიონს“ კომპანია „ქი უმ სი“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი იაკობ ლექვინაძე ესაუბრა:

_მოდით, სუფსის აუზში ქვიშა-ხრეშის მოპოვებით დავიწყოთ. ჩვენს მუშაობას დღეში ორჯერ ამოწმებს ბუნების დაცვის სამსახური. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს. მაგალითად, სუფსის ხეობაში მდინარეს აქვს შექმნილი ხელოვნური დამბა, რომლის მიდამოებშიც სამუშაოებს არ ვაწარმოებთ.

ჩვენი კომპანია შეასრულებს მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს.

ჩვენ უკვე დავიწყეთ სილაურის ცენტრიდან ბაილეთი-ჯუმათი-ლანჩხუთის დამაკავშირებელი 2 კილომეტრამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე გზას ვაგრეიდერებთ. შესაბამისი სამუშაოების დასრულების დაიგება ახალი ასფალტი.

წლის ბოლომდე კიდევ ერთ პროექტს განვახორციელებთ. სოფელ ბაილეთში, ჭანიეთურში დაიგება 4 კილომეტრი გზა, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 1 მილიონი ლარია.

მემორანდუმის მიხედვით გაზაფხულზე ჯუმათის, სილაურის, ბაილეთის და კონჭკათის მოსახლეობას უნდა დავუხნათ და დავუთესოთ 50-50 ჰექტარი საყანე ფართობი. ჩვენ ისედაც ვეხმარებით სოფლის მოსახლეობას -გვითხრა იაკობ ლექვინაძემ.

_ქვიშა-ხრეშის მომპოვებელი პირველი კომპანიაა, რომელმაც სოფელში პროექტის განხორციელება დაიწყო. ადრე იყო მოსახლეობასთან დაძაბული ურთიერთობა, ახლა მოსახლეობას კარგად აქვს გააზრებული ამ პროექტის მნიშვნელობა. მოსახლეობის მოთხოვნითვე ღამით აღარ მიმდინარეობს კარიერზე მუშაობა. ამას გარდა აღნიშნული კომპანია გაზაფხულზე კიდევ 50 ჰექტარ სახნავ ფართობს დაუმუშავებს სილაურის მოსახლეობას _გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ სილაურში გოჩა ჯანხოთელმა.

_„ყვავს რომ კაკალი დააგდებინო, ისიც კარგია“_ასე, იუმორში გააკეთა კომენტარი გარემოსდამცველმა, სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძემ.

გორდელაძის თქმით, იგი წინააღმდეგია წიაღის ეროვნული სააგენტოს პოლიტიკით, გურიის მდინარეებთან დაკავშირებით და ისინი მომავალშიც გააკონტროლებენ მდინარეების აუზებში ქვიშა-ღორღის მოპოვებას. იგი მიესალმება მემორანდუმის პირობების განხორციელების დაწყებას.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 31
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…