საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც.

ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ  სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი მიწის შვილობა განგებამ ხომ მათაც მიჰმადლა.

თუმცა მავანთ ასეთი ფიქრებიც მოსძალებიათ: – გახსოვდეთ, საშიშნი ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი მიწის ბატონ-პატრონად მიიჩნევენ თავს.   ბევრი რამ აურ-დაურიეს, ბევრნი უღვთოდ შეაქეზეს, მშვენივრად გაატარეს -გახლიჩე და იბატონეს- პოლიტიკა. ერებიც ერთმანეთს წაჰკიდეს და მიწათა ბატონ-პატრონობის სურვილიც სხვაგვარად განუწესეს თავად ქვეყნებში და ქვეყნებს ერთმანეთში. უფრო სწორად პატრონობის სურვილი გვერდზე მიუწიეს და ბატონობა წამოუწიეს მაღლა მხოლოდ, და ასეთ ქაოსში გაბნეულ, დაბნეულ ადამიანებზე ბატონობით ხარხარებს უკეთური. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რწმენისანი, ან რომელი ერისანი იყვნენ, ან არიან.

ქართველობა ვახსენეთ ზემოთ და ქართველობით თამაში რაღაა. სწორედ ამ თამაშით იყიდებოდა საქართველო, იყიდება დღესაც. „იყიდება საქართველო, ყიდის ყველა…“ ამ ტკივილმა ამოაკვნესა ეს სიტყვები ნიკო ლორთქიფანიძეს, გული აუტირა, რომლის ტკივილიც სწორედ მოთამაშე ქართველებმა, ან კიდევ სხვებმა გააყოლეს იმ ქვეყნად, მასაც და ბევრ სხვასაც ღირსება რომ არ დაკარგეს, იმიტომ… ისევ ხარხარებს უკეთური…

ამ ამოკვნესებამ და ხარხარმაც კვლავ აიხმიანა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის ხილვისა და მოლოცვის შესაძლებლობა გვიწყალობა უფალმა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მამა ბასილი კვირჩილაძის წინამძღოლობით.

მეწამული ფერი  ცისა და მიწის შესაყართან. ბალახსა და ყვავილებზე ალმასისფრად ფრქვეულ ნამში იმ მიწის ხიბლი ჩახატულიყო, გასაოცარი ენერგიით რომ გავსებს… მერე თანდათან აირეკლა ტაძარი ქვათაგან ნაშენი თუ ქვაში ნაკვეთი. ბუნებისა და ადამიანთა მიერ ხელქმნილი ერთობლივი საოცრება. ეს არ შეიძლება წარმოიდგინო, ეს უნდა ნახო და შეიგრძნო.

მიწა დუდუნებდა თითქოს, ფოთლებიც ჩურჩულებდნენ ამაზე, იმ მიწას გედავებიან, ასე რუდუნებით რომ პატრონობდნენ შენი წინაპრები, ექვსი ათასი მოწამე ბერის და კიდევ რამდენის სისხლით რომ მორწყოო დამპყრობელმა. ყაზბეგი გამახსენდა და საკუთარ გრძნობებსა თუ უგრძნობელობას აყოლილნიც. სამშობლოს სიყვარულზე მოსაუბრე, საკუთარი კეთილდღეობისთვის ქვეყნის გამყიდველნიც. დაუფიქრებლად რომ ყიდიან, იქნებ გამიზნულადაც, ან როგორც შეუძლიათ, ისე. ასე გაყიდეს და გააჩუქეს დღეს უკვე უცხოთა კუთვნილებად ქცეული რამდენი ნაწილი ქვეყნისა.

გარეჯში სოფელ უდაბნოს მცხოვრებ ახალგაზრდებს გავესაუბრეთ.

-აქ ეკომიგრანტები ვცხოვრობთ, რაჭველები, სვანები, მოხევეები. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. მრევლს საშუალება არ ეძლეოდა ჩვენს წმინდა ადგილებთან მიახლებისა. ახლა გვიშვებენ. ამბობენ ასე არჩევნებამდე იქნება, მერე ისევ დადგება ეს პრობლემაო. ამ საუბარს ერთ-ერთი დამთვალიერებელი შეესწრო აჭარიდან. რომელმაც თავისი ოჯახის წევრის ნაამბობი გაიხსენა. – ჩემი ოჯახის წევრი გონიოს ციხეში თურქ დამთვალიერებელთა ერთ-ერთ ჯგუფთან მოხვდა. მან თურქული კარგად იცის. თურქი გიდი უხსნიდა თურქ დამთვალიერებელს, რომ ეს ციხეცა და ტერიტორიაც თურქების იყო და იმედი აქვთ მალევე დაიბრუნებენო.

მ. ნ. _„გარეჯში საუბარია სამოცდაათი მეტრით საზღვრის გადმოწევაზე, რომლითაც უნდათ აზერბაიჯანული მოსახლეობის გულის მოგება ხმების სანაცვლოდ… იქაური მწყემსებიც გამიზნულად მოერეკებიან ჩვენსკენ საქონელს.“

მერე  იოანე ნათლისმცემლის სახელობის უდაბნოს ქვაში ნაკვეთი ტაძარი ვიხილეთ თავისი მოკრძალებით და დიდებულებით, მოწმე და სახე მოკვდავთა დიდსულოვნების და სულმდაბლობისაც. პირველი – უფლისმიერი შთაგონებით ქვასთან შერკინებულ დიდოსტატთა ხელთქმნილი და მეორე – ქვადნაკვეთ გუმბათს გაჩენილი ბზარები და განადგურებული ფრესკები, გასული საუკუნის ოციან წლებში ბოლშევიკთა „ნამოღვაწარი“.

სამწუხაროდ მეორდება ზოგჯერ მოვლენები, სხვადასხვა ფორმითა და სახით. კვლავ მოდავება, კვლავ წაკიდება, ხელის მოთბობა და ვაჭრობა იმ ქმნილებათა ხვედრით, რომელიც ზოგთათვის შემოსავლისა და მოგების მხარეა მხოლოდ, ზოგისთვის შურისგებისა, ზოგისთვის კიდევ სულის ტკივილი და სულიერების ამაღლება.

ნინო ნიკოლაიშვილი

 

24 სექტემბერი, 2012 წელი.

გაზეთი „ალიონი“ #34

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 85
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
  • 85
    ღირდა ეს სიკეთე პატარების გულთა გასახარადსიკეთე მადლია, კეთილი საქმე - დალოცვილი. დალოცვა წყალობაა ადამიანთა გულებისკენ მიმართული, მათივე გულებიდან წამოსული და, რაც მეტია ლოცვა და დალოცვა, მით მეტია სითბო, რომელსაც გასცემ და იღებ თავადაც. ცივი და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, საოცარი ემოცია ახლდა სოფლის ორღობეს აყოლილი გზის მგზავრებს. მგზავრები კი ოზურგეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და…
  • 83
    გაზეთი „ალიონი“ 90 წლისაადღეს 90 წელი შესრულდა საქართველოში ერთ-ერთი ძველი  გაზეთის დაარსებიდან. გურიის რეგიონში 1918-1921 წლებში გამოდიოდა გაზეთი „გურიის ხმა“, ხოლო 1931 წელს დაარსდა რაიონული გაზეთი (1962-65 წლებში რეგიონული გაზეთი). მინდა პატივისცემით მოვიხსენიო ყველა ის ჟურნალისტი, რომლებიც ათეული წლების მანძილზე ქმნიდნენ ოზურგეთის და გურიის ისტორიას: თამაზ სალუქვაძე, აფთონ გურგენიძე, ვახტანგ ჯაყელი, ამბროსი სალუქვაძე,…
  • 78
    სრულიად საქართველოს, შემოქმედის ეპარქიაში მცხოვრებ თუ საზღვარგარეთ ემიგრაციაში მყოფთ, ვულოცავ ნათლიღების ბრწყინვალე დღეს.უფალი ბრძანებს: ვინც არ დაიბადოს მეორედ და არ მოინათლოს წყლისგან, სულისგან და ცეცხლისგან, ვერა იხილოს სასუფეველი ცათაი. წყლისგან ნათლობა ეს არის, როდესაც ადამიანი სამჯერ შთაიფლობა წყალში მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. ამ დროს მას ეპატიება ყველა პირადი ცოდვა მის მიერ ჩადენილი და რაც მთავარია, მემკვიდრეობით გადმოსული ცოდვებიც კი. ის ხდება…
  • 77
    დაბა ლაითურის მოსახლეობას კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო გადაადგილება შეეზღუდათ25 სექტემბრიდან დაბა ლაითურში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა. გაზეთი „ალიონი“ ამ თემაზე დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დაბა ლაითურის ტერიტორიულ ერთეულში რეზო მესხიძეს და სთხოვა კომენტარი: _რამდენიმე დღის წინ დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც სასწავლო წლის დაწყებიდან სკოლაში დადიოდა და გაკვეთილებს ატარებდა.…