მრავალმხრივ წარმატებული და უკვე პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციის „შალომ კლუბ „გურიას“ საქმიანობის უფრო დეტალურად გაცნობის მიზნით, გასული კვირის სამშაბათს დაბა ჩოხატაურში ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს, ბატონ ზაურ ოსეფაიშვილს ვსტუმრობდით.

ზაურ ოსეფაიშვილი – ბიზნეს ეკონომისტი, პედაგოგი, ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „MASHAV“-ის კურსდამთავრებული, BDC  აკადემიის საპატიო პროფესორი, მუშაობდა გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლად, ორი მოწვევის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ, არის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,SHALOM CLUB”- ის წევრი,  „SHALOM CLUB GURIA“-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი. დაჯილდოებულია ისრაელის საელჩოს  საპატიო სიგელით.

 

_ ბატონო ზაურ, შეიძლება ითქვას, რომ „შალომ კლუბი გურია“ დღეს  ერთ-ერთი რეზონანსული არასამთავრობო ორგანიზაციაა. კარგი იქნება თუ მკითხველს შევახსენებთ, როდის ჩამოყალიბდა, ვინ ჩამოაყალიბა  და რა არის ამ ორგანიზაციის მიზანი?

_ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შალომ კლუბი გურია’’ 2003 წლის აპრილში ჩამოაყალიბეს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო ,,MASHAV”-ს კურსდამთავრებულებმა,  რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები და წარმატებული ადამიანები არიან. დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული  ასეთი კლუბები ერთმანეთთან თანამშრომლობენ.  ეს არის დიდი ორგანიზებული ქსელი მსოფლიოში. კლუბის მიზანი გახლავთ, ისრაელში მიღებული ცოდნით, საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის, შშმ პირთა, სოციალურ, კულტურის,  სპორტისა  და სხვა სფეროში, ასევე ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი ურიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ამ მიმართულებით ახორციელებს კლუბი პროექტებს როგორც დონორების, ისე  კლუბის წევრთა დახმარებით. კლუბში ამჟამად 100- ზე მეტი ძირითადი და ასოცირებული წევრია, მათ შორის 15 საზღვარგარეთელია. კლუბის წევრი შეუძლია გახდეს ყველას, ვინც იზიარებს კლუბის მიზნებს.

_ ე. ი.„ალიონის“ ჟურნალისტებს აქვთ კლუბის მეორე ასეულში მოხვედრის შანსი?

_ რამდენადაც ვიცი, განსხვავებული მიზნები არასოდეს გვქონია, მივესალმები თუ ასეთი სურვილი გაქვთ,  დანარჩენი უკვე, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმეა.

_ საინტერესოა, რით და როგორ დაიწყო კლუბმა საქმიანობა?

_ჩვენი ორგანიზაცია კლუბის პრინციპით მუშაობს, ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელთა მიმართ პატივისცემა გვაერთიანებს.თავდაპირველად ისრაელის დროშაც არ გვქონდა. არსად იყიდებოდა.  შევიძინეთ მიტკალი, რომელზეც მხატვარს დავახატვიეთ  დავითის ვარსკვლავი, თუმცა ზომებში დიდი მოგვივიდა. დღეს ეს დროშა ჩვენი რელიქვიაა და სიამაყით ვაჩვენებთ სტუმრებს.

მაშინ, 2003 წელს არავინ გვცნობდა. „შალომ კლუბი გურია“ გვქვიოდა და ყველას უკვირდა, რატომ გურია?!  ეს ჩვენი მეგობრის კნუტ გერბერის იდეა იყო: _ გააკეთეთ ოფისი ჩოხატაურში, დაარქვით გურია, ყველაფერი თბილისში ხომ არ უნდა იყოსო, – გვირჩია მან. და მართალიც დარჩა. არ გადავამეტებ და ვიტყვი, რომ ბევრ კლუბთან და არასამთავრობოსთან გვაქვს კავშირი როგორც ისრაელში, ასევე სხვა ქვეყნებში და  ყველამ გაიგო, რომ საქართველოში გურია გამორჩეული, ულამაზესი კუთხეა, სადაც ტოლერანტი ადამიანები ცხოვრობენ.

_ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ პროექტს, რომელიც ფაქტობრივად ორგანიზაციის საქმიანობის ბალავარია. რა იყო თქვენი პირველი პროექტი და შემდგომი წარმატებული პროექტებიც გაგვაცანით.

_ ჩვენი პირველი პროექტი იყო ვანში, ბანძაში, სუჯუნასა და ფოთში, ებრაელთა სასაფლაოების მდგომარეობის შესწავლა, რაც ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებით უზრუნველვყავით. დავასუფთავეთ ერთი სასაფლაო, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო. საქართველოს მთავრობის წინაშე დავაყენეთ საკითხი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად მიეჩნიათ ებრაელთა სასაფლაოები და სინაგოგები, რასაც  ისრაელში, ქართველი ებრაელების მხრიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ, ასეფე საკუთარი ძალებით მოვაწყვეთ ებრაული სიმღერის ფესტივალი ჩოხატაურში. ჩამოვიყვანეთ მომღერალი და კომპოზიტორი ნუცა ჯანელიძე. ფესტივალში გამარჯვებულები ისრაელის და ამერიკის ელჩებმა მიიწვიეს მილენიუმის პროექტის პრეზენტაციაზე. 2004 წელს „ტელეიმედმა“მოამზადა გადაცემა ,,შალომ გურიაში“, დაიბეჭდა ვრცელი სტატიები გაზეთ „რესპუბლიკაში“,  ასევე ისრაელის ჟურნალ ,,აშდოდელებში“, გაზეთ ,,ალიონში“, რომელიც თავიდანვე მხარს გვიჭერდა. ნელ-ნელა ცნობადი გავხდით. დავიწყეთ ქართველ და ებრაელ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭიდაობის ტურნირის ჩატარება. ამ ტურნირში ყოველწლიურად 300-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობს დასავლეთ საქართველოს მუნიიპალიტეტებიდან, რომელთაც ვაცნობთ ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობებს, ქართველი და ებრაელი გმირების ისტორიებს. ტურნირს ყოველ წელს ესწრებიან ისრაელის ელჩები, კონსულები, საქართველოს ,,MASHAV”-ის ცენტრის დირექტორი, სტუმრები ისრაელიდან. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ ამ ტურნირს საერთაშორისო სტატუსი მიანიჭა და მასში უცხოელი მოჭიდავეებიც იღებენ მონაწილეობას. სამწუხაროდ, პანდემიის გამო 2020 წელს ტურნირი არ ჩატარებულა.

ვატარებთ კონკურსებს „ყველაფერი  ისრაელის შესახებ“,რომელშიც ქართველი ბავშვები მონაწილეობენ, ამზადებენ ნაშრომებს ისრაელის შესახებ. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. მივიღეთ და ვუმასპინძლეთ ისრაელის ცეკვის ანსამბლს ,,მეხელოტი“, რომლის ხელმძღვანელი ქართველი ებრაელი იყო. სტადიონზე მოვაწყვეთ სპეციალური სცენა, კონცერტს 2000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ყოველწლიურად აღვნიშნავთ ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს. კლუბის წევრები ყოველ წელს მიწვეული არიან ისრაელის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქ.თბილისში.

მოვაწყვეთ სირიელ, ებრაელ, იორდანიელ და ეგვიპტელ ბავშვთა ნახატების გამოფენა „მშვიდობა სიცილშია“. გამოფენა მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში, სპეციალურად ჩამოიტანეს გურიაში. აქ მას დაემატა ორი გურული ბავშვის ნახატი. შემდეგ  ეს ნახატები ნიუ-იორკში გამოიფინა.

_ როგორც ვიცი, „შალომ კლუბი გურია“ სოციალური პროექტებითაც გამოირჩა, რამაც თანდათანობით მასშტაბური ხასიათი შეიძინა და გარკვეულწილად დადებითად იმოქმედა  გურიის მუნიციპალიტეტებში  მძიმე სოციალურ ფონზე.

_ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში პროექტების კეთება ჯერ კიდევ 2005 წლიდან დავიწყეთ. ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით, ისრაელიდან მოწვეულმა პროფესორებმა გურიაში  თვალის უფასო ოპერაციები ჩაუტარეს 25- ზე მეტ ადამიანს. აქტიური მონაწილეობა მივიღეთ უფასო სასადილოს მოწყობაში, რომელსაც მოსახლეობიდან აკრეფილი და ასევე კლუბის წევრების შემოწირულობებით ვაფინანსებდით. ამ საქმეში  ძალიან გვეხმარებოდა ამჟამინდელი დეპუტატი, ბატონი ვასილ ჩიგოგიძე. მოსახლეობაში დავარიგეთ მეორადი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც შპს „მადლმა“ შეგვიძინა, „მადლში“ ერთი შესანიშნავი ებრაელი კაცი მუშაობდა, რომელმაც მისი ვინაობა არ გაგვამხელია. 2000 წელს მონაწილეობა მივიღეთ გაეროს პროექტში სურსათი სამუშაოებისთვის. მაშინ ძალიან უჭირდა მოსახლეობას და გაერომ უდიდესი დახმარება გაუწია საქართველოს. ებრაელი ბიზმესმენის დახმარებით, ამავე პერიოდში, ჩოხატაურში შემოვიტანეთ ამერიკული დახმარებ – 60 ტონა სასუქი, რომელიც მოსახლეობას უსასყიდლოდ დაურიგდა.

კლუბის წევრები ხშირად ვსტუმრობდით საბავშვო ბაღებს, ვიძენდით და გადავცემდით ბავშვებს სათამაშოებს. ვეხმარებოდით რთულ პერიოდში ბაღების პურით და სხვა საკვები პროდუქტებით მომარაგებაში.

გავაკეთეთ  პროექტი, რომელიც ასოციაცია „ნალამ“ და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა და მოვაწყვეთ შშმ ბავშვთა მომსახურების ცენტრი.

დაგვეხმარა პოლონეთის ფონდი და სამხატვრო სკოლაში ბავშვებს მოვუწყვეთ კერამიკის საამქრო. ისრაელის საელჩოს დახმარებით, ისრაელის ტექნოლოგიებით, მოვაწყვეთ საჩვენებელი სასწავლო სათბური, სადაც გამოგვყავს ესპანური მარწყვისა და ბოსტნეულის ნერგები, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებით სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს საკარმიდამო ნაკვეთებში ვუშენებთ მინიპლანტაციებს. საჯარო სკოლებიდან მოგვყავს ბავშვები და ხელს ვუწყობთ სოფლის მეურნეობაში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, ლაპარაკია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე. ამ პროექტში თავისდაუნებურათ ჩართულია მოსახლეობა, როცა ისინი იძენენ ჩვენ სპროდუქციას, პარალელურად ეხმარებიან ამ ბავშვებს. ურეკში, ისრაელის ,,MASHAV”-თან თანამშრომლობით, ბავშვთა სარეაბილიტაციო სახლში „სერაფიმი“ დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემები.

ისრაელის საელჩოს დახმარებით, რუტის სკებით მოვაწყვეთ საფუტკრეები ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში; ისრაელის ტექნოლოგიით, ღია გრუნტში  გავაშენეთ მარწყვის პლანტაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში;  ,,MASHAV”-ის დახმარებით, ლენოვოს ლეპტოპები და ეტლები  გადავეცით შშმ  ბავშვებს და პირებს ქუთაისის, ვანის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში; მოვაწყვეთ ბავშვთა ლოგოპედური გამოკვლევები ისრაელში კვალიფიცირებული ექიმების დახმარებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟოლიეთში ბავშვებს დავეხმარეთ სპორტული მინისტადიონის მოწყობაში; ასოციაცია „ელკანას“ დახმარებით, მდინარე გუბაზეულზე მოვაწყვეთ 2 საფეხმავლო ხიდი. ეს არ არის დიდბიუჯეტიანი პროექტები, მაგრამ ვცდილობთ, ამით კარგი საქმე გავაკეთოთ. გურიიდან ისრაელში, ჩვენი რეკომენდაციით, კვალიფიკაცია აიმაღლა 20-ზე მეტმა სპეციალისტმა.

_ცნობილია, რომ კლუბი გურიაში ტურიზმის განვითარებისაც ისახავს მიზნად. შარშან ერთ-ერთი ტურისტული მარშრუტის მონაწილე ჩვენ, „ალიონის“ ჟურნალისტებიც ვიყავით, მეგობრებთან ერთად, უფრო სწორად, პირველებმა გავიარეთ ეს მარშრუტი სოფელ ზოტში.

_ დიახ, ტურიზმი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აქტიურად ვმუშაობთ გურიაში ამ დარგის განვითარებისთვის, ვეხმარებით დაინტერესებულ პირებს საოჯახო სასტუმროების მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებში. შემუშავებული გვაქვს ტურისტული მარშრუტები, რომელსაც ვთავაზობთ ტურისტებს, მოწყობილი გვაქვს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი. ჩვენ შეგვიძლია ტურისტების მაღალ დონეზე მომსახურება.

_ რა პროექტები განახორციელეთ შარშან და რაზე მუშაობდთ ამჟამად?

_ სლოვაკეთის და ისრაელის საელჩოს დახმარებით, განვახორციელეთ პროექტი ,,სუფთა წყალი ბავშვებს“ რომელიც ითვალისწინებდა სასმელი წყლის გაფილტვრას გურიის 8 სკოლაში ისრაელის მაღალტექნოლოგიური საფილტრი დანადგარით NUF500. ეს დანადგარები საუკეთესოა მსოფლიოში. მიუხედავად პანდემიისა, შევძელით დანადგარები შემოგვეტანა და დაგვემონტაჟებინა სამივე მუნიციპალიტეტში.  ამ საქმეში დაგვეხმარა ისრაელის ელჩი, ბატონი რან გიდორი. მადლობას ვუხდით სლოვაკეთის და ისრაელის საელჩოებს, გურიის სამხარეო ადმინისტრაციას, გურიის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს, სამივე მუნიციპალიტეტის მერებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელებს თანადგომისთვის. განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ ისრაელში მცხოვრები პარტნიორები,  კომპანიის დირექტორი მინო ნეგრინი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ფრენები არ იყო, მოახერხა დანადგარების გამოგზავნა. ამჟამად ვმუშაობთ, მოვიცვათ უფრო მეტი სკოლა და სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც სუფთა სასმელი წყლის პრობლემაა. საერთოდ, სუფთა სასმელი წყალი სერიოზული გამოწვევაა ჩვენს რეგიონში. ამას საქართველოს მთავრობის, საქსტატის და გაეროს(UNISEF) 2019 წლის კვლევებიც ადასტურებს.

_ როგორია „შალომ კლუბ გურიას“ წლევანდელი გეგმები? ალბათ, დაგეგმილი გექნებათ ახლო და შორეული პერსპექტივები.

_ ისრაელის საელჩოს, გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან თანამშრომლობით, ვგეგმავთ განვაგრძოთ  მუშაობა პროექტზე „სუფთა წყალი ბავშვებს“.

ჩავატარებთ მეტყველების კორექციის კვლევებს, თბილისის კლინიკა ,,ლოგომედის“ ექიმების ჩართულობით, რომლებიც კვალიფიცირებული არიან ისრაელის სპეციალურ კლინიკებში.

თუ პანდემიამ ხელი არ შეგვიშალა, ვგეგმავთ, კვლავ განვაახლოთ მასწავლებელთა ტური გერმანიიდან, რომელიც 2019 წელს განხორციელდა და ინფორმაცია ამ ტურზე მოხვდა გერმანიის ელჩის საანგარიშო მოხსენებაში, დაიბეჭდა უმხვილეს გერმანულ გაზეთში.  თუ ხელშეკრულება გაფორმდა, ეს ძალიან წაადგება გურიაში ტურიზმის განვითარებას.

2021 წელს კვლავ განვაგრძობთ ურთიერთობებს ჩვენს ებრაელ მეგობრებთან ისრაელსა და სხვა ქვეყნებში. განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს ისრაელის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,გულთა კავშირთან“,რომელსაც შესანიშნავი ადამიანი რობერტ ადარი ხემძღვანელობს. ასევე გავაგრძელებთ ურთიერთობებს ისრაელის სამთავრობო რადიო,,რეკა“-სთან.

ჩვენი დიდი სურვილია გურია დაუმეგობრდეს ისრაელის ერთ-ერთ მხარეს. სულ მალე გურიაში ისრაელის ელჩი ჩამობრძანდება. მხარის გუბერნატორთან და გურიის   მაჟორიტარ დეპუტატთან შეთანხმებით, ელჩთან შეხვედრის დღის წესრიგში შევიტანთ ამ საკითხს.  ადრეც გვქონდა შეტანილი, მაგრამ რატომღაც გურულებმა მოვაკელით მცდელობა.

თქვენი გაზეთის საშუალებით, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გვერდში გვიდგას ჩვენ საქმიანობაში:  ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ,,MASHAV-ს“, ისრაელის საელჩოს, ელჩებს შაბთაი ცურს,იუვალ ფუქსს, რან გიდორს. სამხარეო ადმინისტრაციას, გურიის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და იმ ადამიანებს ვისაც სურს, ხელი შეუწყოს ქართულ- ებრაული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში.

ესაუბრა თემურ მარშანიშვილი.

 

 

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 80
    „ისრაელის თავდაცვის სამხედრო ძალები ღირსეულად უმკვლავდებიან ამ უმძიმეს მდგომარეობას“…  ისრაელში საქართველოს არაერთი მოქალაქე იმყოფება. მათ შორისაა ჩვენი დიდი მეგობარი, ქართული ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, პროფესორი ლადო ჭელიძე. _„ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მეხმიანება. მინდა გითხრათ, რომ მართლაც მეტად რთული და დაძაბული ვითარებაა. როგორც დღის, ისე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბობმბება ისრაელის ქალაქები და დასახლებული ადგილები, მაგრამ ისრაელის თავდაცვის სამხედრო…
  • 78
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 77
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 72
    ქართველობით თამაში რაღაა...საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც. ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ  სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი…
  • 72
    აქ ჯერ კიდევ დიდია კავშირი, დუმბაძისეულ თხრობასა და აქაურ სინამდვილეს შორისკორცხოულას მთაზე ამოგორებული მზე კარგა ხნის დაპატრონებული იყო ნაავდრალი მთის ფერდობებს. დედამიწა თავის ფიქრებს, ორთქლის ფთილებად უშვებდა ცისკენ. ლაშის ღელეც წყნარად მიიკვლევდა გზას ბარისკენ. ცისკენ ხელებაწვდილი, ფოთლებშემოძარცვული ხეები მზეს ეფიცხებოდნენ და  უყვებოდნენ თითქოს, მთისა და ბარის ამბებს. ამ მშვენიერ ხეობას შეყოლილი გზიდან  გურული სოფელი შემოგყურებს თავისი ხიბლითა და სევდით. აქ,…