სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი.

გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.

 

არნოლდ გეგეჭკორი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სამეცნიეროფაუნისტურ ექსპედიციებს კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ციმბირში, შორეულ და ახლო აღმოსავლეთში. მოვლილი აქვს დედამიწის ყველა ბუნებრივი ზონა. ეს ის ადამიანია, რომელიც ტელეეკრანზე, 32 წლის განმავლობაში, საქართველოს პირველი არხის ტელევიზიით, ბუნების კარს უძღვებოდა.
ფაქტობრივად, საქართველოში პირველი ადამიანი ხართ, ვინც ხუთ კონტინენტზე, ისეთ ადგილებში დადგა ფეხი, უნიკალურ გარემოში იცხოვრა და იმოგზაურა, სადაც ბევრს გაუჭირდებოდა. ბუნების ენა შეისწავლეთ  და უამრავი ფაქტი ფოტოფირზე აღბეჭდეთ.

არნოლდ გეგეჭკორი: ასე გამოდის. შეიძლება, არის ვინმე ხუთ კონტინენტზე ნამყოფი, მაგრამ მე ერთადერთი ქართველი ვარ, რომელმაც ტრანსკონტინენტური ექსპედიციები შეასრულა ყველა კონტინენტზე.

მიწევდა მექანიზებული ტრანსპორტით, აქლემით, ცხენით და ფეხით გადაადგილება, ურთულეს სიტუაციებში და ვითარებაში. ექსპედიციაში ყოფნის დროს, მოვლენები დაგეგმილად ვერ ვითარდება, იქ დიდია ექსტრემი და სიცოცხლისთვის საშიში მოვლენები. ვხურმობ ხოლმე, მე ამ ყველაფრის რეკორდი მოვხსენი-მეთქი (იცინის). ერთადერთი ქართველი მეცნიერი ვარ, ვინც ცენტრალურ ავსტრალიაში დადგა ფეხი. ნანახი და განცდილი კი, დღიურებად ვაქციე და ბუნების უნიკალური კადრები ფოტოფირზე ავღბეჭდე, რაც, ვფიქრობ, შეუფასებელი განძია. 1963 წლიდან დღემდე ვხელმძღვანელობ სამეცნიერო-ფაუნისტურ ექსპედიციებს კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ციმბირში, შორეულ და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების გარდა, ლექციებს ვკითხულობ მსოფლიოს ყველა კონტინენტის წამყვან უნივერსიტეტში. შევისწავლე დედამიწის სხვადასხვა მდინარის, ტბისა და ჩანჩქერის სათავეები, დიდი უდაბნოები – აფრიკაში საჰარა და ცენტრალურ აზიაში კი – ყარაყუმი. დაკვირვებები ვაწარმოე კალიფორნიისა და ტასმანიის ტყეებსა და იქ მცხოვრებ ათასობით სახეობის ეგზოტიკურ ცხოველსა და ფრინველზე.
თქვენ, გარკვეული პერიოდი, იცხოვრეთ აბორიგენებთან, კერძოდ, ბინდიბუს ტომთან ერთად, რომელთა ნაწილი ამჟამადაც პალეოლითისა და ნეოლითის ეპოქათა წესით ცხოვრობს.
– ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრების ნახევარი საველე პირობებში, კარავში გავატარე. მართალია, ეს მე მჭირდებოდა, როგორც ლანდშაფტების ორგანული სამყაროს შემსწავლელ ბიოლოგს, მაგრამ როცა აბორიგენებთან ცხოვრების ნებართვა მოვითხოვე, უცხოელმა მეცნიერებმა ერთმანეთს გადახედეს და თქვეს: ეს კაცი გიჟია, იქ როგორ გაძლებსო (იცინის). არ დამავიწყდება, 19 წლის ასაკში, ცხენმა გადამიშვა უფსკრულში და 50 მეტრი ვიფრინე, მარცხენა ხელი დამემსხვრა, ვიფიქრე, ესაა ექსტრემი-მეთქი, მაგრამ რა ვიცოდი, წინ რა ექსტრემი  მელოდა (იცინის). დედამიწის ორ პოლუსურად განსხვავებულ ადგილას ვარ ნაცხოვრები – ცენტრალურ ავსტრალიაში და სამხრეთ ამერიკაში. რაც შეეხება ავსტრალიის ბინდიბუს ტომს, ის 1953 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს – თვითმფრინავმა, შორი მანძილიდან დააფიქსორა, დანთებული ცეცხლი ტყეში. მოკლედ, ვთქვი, ბინდიბუს ტომთან, იმ აბორიგენებთან უნდა წავიდე საცხოვრებლად-მეთქი და გადაირივნენ ჩემი ამერიკელი კოლეგები, ნამდვილი გიჟი ქართველი მეცნიერი ხარო. მეც ვუთხარი: დიახ, მე ნამდვილი გიჟი ვარ-მეთქი (იცინის). ერთხელ, რომ მითხრეს, წამოდი, ლას-ვეგასში უნდა წაგიყვანოთ და გაჩვენოთ როგორი კაზინოებიაო, მე ვუპასუხე: რა მინდა, კაცო, ლას-ვეგასში, მირჩევნია, კაქტუსებში ვიარო-მეთქი (იცინის). სულ გადაირივნენ. მოკლედ, ცენტრალურ ავსტრალიაში, ბინდიბუს ტომთან რომ ჩავედი და მათთან ერთად ცხოვრება დავიწყე, არ იყო ადვილი. ტრაიბალური ცხოვრებით ცხოვრობენ ანუ ინიციალურად, იქ ჩემი და შენი საკუთრება არ არსებობს და მათ შორის კონფლიქტიც არ ხდება. თეთრკანიან ადამიანთან ცხოვრება მათთვისაც არ არის ადვილი, შენც ისე უნდა იცხოვრო, როგორც ისინი ცხოვრობენ. მათთან კონტაქტში შესვლა, რთულია. ბინდიბუს ტომის ბელადი, შესახედავად ნახევრად ადამიანს ჰგავდა, ნახევრად პრიმატს, მაგრამ ჩემ მიმართ, კეთილგანწყობილი აღმოჩნდა. მასთან ერთად კარავში ვიცხოვრე, ერთად ვჭამდით, ერთად გადავადგილდებოდით აქლემებით… ბინდიბუს ტომთან ცხოვრება თვითმედიტაციას მოითხოვს. მათი წესით უნდა იცხოვრო, არ უნდა აგერიოს გული მათ საკვებზე, არ უნდა გამოხატო ზიზღი მათ სახლებზე, რომლებიც ნეხვით აქვთ აშენებული… ვჭამდი შემწვარ კენგურუს და ხვლიკის ხორცს, ხოჭოს მატლებს. სხვათა შორის, ეს მატლები ბატიბუტივით იშლებოდა და გემრიელი იყო, ცილით სავსე. უგემრიელეს პეპლების შეჭამანდსაც აკეთებენ, მაგრამ მე არ მიჭამია. რომ არა ფიზიკური ამტანობა და მდგრადი ფსიქიკა, იქ ვერ გავძლებდი. ტომის ბელადმა რომ მითხრა, ნაზი თეთრკანიანი არ ხარ, რადგან ჩვენთან ერთად შეგიძლია ცხოვრებაო, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. იქ ნაკელის სუნით ყარდა ყველაფერი, რადგან საქონელთან ერთად ცხოვრობენ ჩიტის ბუდესავით, ნეხვისა და თიხისგან გაკეთებულ ქოხებში. ტომის ბელადმა, მიყურა ორი დღე და მითხრა, ჩვენთან რიტუალია, რომ მიგიღოთ ეს უნდა გააკეთოო, მოკლედ, დაიფურთხა ხელზე და ჩამომართვიო, გამომიწოდა, ჩამოვართვი… ზიზღი არ უნდა გამოხატო. მეოთხე დღეს, დამიძახა და მითხრა, ახლა ჩვენი რიტუალის თანახმად, ეს უნდა დალიოო და გამომიწოდა კვახის ჭურჭელში ჩასხმული, ხარის ტყავში ადუღებული, მოზვერის სისხლში არეული რძე. ესეც დავლიე. მეექვსე დღეს მითხრა, შენ ჩვენიანი ყოფილხარო და შემომთავაზა ჩემს მესამე ცოლთან უნდა დაწვეო, იქ გავჭედე (იცინის). ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებდი. ის ქალი შარდის სუნად ყარდა, რადგან იქ წყალი არ არის და ამით იბანენ ტანს. ყველაფერს ზღვარი აქვს, ავუშარდი და თავიც დავიძვრინე (იცინის). ასე ავცდი აბორიგენების შეფის ცოლთან დაწოლას. სხვათა შორის, იქ ქალებს თავები გადაპარსული აქვთ და მამაკაცებს კი გრძელი დაწნული თმა, სირაქლემას ფრთისგან სხვადასხვაგვარად მოქსოვილი ქუდი ახურავთ და ეს მათ იერარქიაზე მიუთითებს. ასე რომ, მათთან აშარება საშიშია, მაგრამ აბორიგენების უფროსი მაინც კეთილად დამემშვიდობა (იცინის).
ამბობენ, ბევრჯერ გადაურჩით სიკვდილს
– ბევრჯერ მოვხვდი ექსტრემალურ სიტუაციაში და სიკვდილსაც ბევრჯერ გადავურჩი, მაგრამ ექსპედიციებში, მე ჩემი მიზნები მქონდა და ამან ვერ შემაშინა. დავბანაკდებოდით კარავში და ეს იყო ჩემთვის ხუთვარსვლავიანი სასტუმრო (იცინის). მარტო მიყვარდა ველზე სიარული.  გამოვეყოფოდი ექსპედიციის ჯგუფის წევრებს და დავდიოდი. ზოგადად, მე რომ გავდივარ ტეტ-ატეტ ბუნებაში, მაშინ აბსოლუტურად მესმის ბუნების სუნთქვა და მას უკეთ აღვიქვამ. შემიძლია, საათობით ვიარო ტყესა და ღრეში, საჰარის უდაბნოში და ამ დროს სხვა განზომილებაში ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება ვწვრთნიდი ჩემს ორგანიზმს, სპორტს მივდევდი და რთულ პირობებში ცხოვრების დროს ესეც მეხმარებოდა. ისეთ ყინვაში მიწევდა ყოფნა და იმდენ გრადუს სიცხეში, ფაქტობრივად, ადამიანი რომ ვერ გაძლებს, მაგრამ მე გავუძელი. ტაიგაში ტყე, ჭაობი და ტბაა და მილიარდობით მკბენარი მწერი, რომელთაც უამრავი დაავადება გადააქვთ და მათ შორის, ადამიანზეც. სასიკვდილო დაავადებას იწვევს ტაიგის ტკიპა, რომელსაც კბენის დროს ადამიანში შეაქვს ენცეფალიტის გამომწვევი სამი სხვადასხვა ვირუსი. კალიფორნიაში სამი დღე ვატარე ეს ტკიპა, იღლიასთან ახლოს მომჯდარი. მომეფხანა, მომექავა კანი და მადლობა ღმერთს, აცრილი ვიყავი და ვაქცინაციის წყალობით გადავრჩი. ბუზ ცეცეს კი, 22-ჯერ აქვს ნაკბენი და მალარიასაც გადავურჩი. მადაგასკარზე, აფუტკარების სეზონი იყო და ერთმა პოლონელმა მითხრა, იქ მალარია ავიკიდე და არ წახვიდეო. მაინც წავედი. მე ამას არ ვუშინდებოდი. რამდენჯერმე გადავურჩი ასპიტისებრ გველს. გვატემალას ჯუნგლებში შხამიანმა მუხამ დამსუსხა და კანის წყლული მქონდა. ცისფერ მთებში – ტიანშანში, იაკებს გადავურჩი. 4 000 მეტრ სიმაღლეზე ვიყავი. იაკების ჯოგმა სუნი აიღო და ჩემკენ წამოვიდა. პატარა ლოდზე შევხტი, თან კამერას ვაჩხაკუნებდი და თან გაუგებრად ვყვიროდი. ჩემგან ათ მეტრში იაკების ჯოგი შეჩერდა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და რომ გაბრუნდნენ, სურათის გადასაღებად დავედევნე.
მართალია, რომ მინისტრობაზე უარი თქვით და კაბინეტს საველე ცხოვრება არჩიეთ?
– ყველა გიჟდებოდა, მინისტრობაზე უარს როგორ ამბობო (იცინის). ახლად შექმნილი გარემოს დაცვის სამინისტროს პირველი მინისტრი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მე ბუნების შვილი ვარ და არა კაბინეტის. ხუთი კონტინენტის რვა უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორი ვარ და ეს, ფაქტობრივად, რეკორდია, რომელიც ამ ყველაფრის ფონზე მოვხსენი. იმ ადგილას, სადაც ქართველს ფეხი არ აქვს დადგმული, მინდოდა, ქართული ბგერები გაჟღერებულიყო და ხუთი კონტინენტის ყველაზე ეგზოტიკურ ადგილებს ქართული ბგერები გავაგებინე.

 ნონა დათეშიძე

Tbiliselebi.ge

08/02/2019 13:12

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    იდგა გალაკტიონი...„ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად,  სულს კი მარადის სურს ციერება“ ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი. სცენა სადა დეკორაციებით, რომელიც სულის ფორიაქს  გამოხატავს და... რომლის დაუოკებელი მდინარება ხან ზეცისკენ არის მიმართული, ხანაც დაბლა ეშვება ქვესკნელისკენ...? პოეტი შემოდის როლში, განა ყველა სულიერი არსი, ქმნილი უფლისგან, საკუთარი როლით არ ევლინება ამ ყოფიერ სინამდვილეს? თითქოს მაღალფარდოვნად ჟღერს…
  • 100
    მორიგი პერფორმანსი ახალი ინტერპრეტაციითდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა   ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში  ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა.  _აჯობებს…
  • 100
    ლაზარე ჩხარტიშვილი_მუნიციპალურ საჭადრაკო ტურნირში გამარჯვებულიდაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული ხნით შესვენების შემდეგ, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში განახლდა გეგმა -კალენრით გათვალისწინებული საჭადრაკო შეჯიბრებების ორგანიზება. 12-15 ნოემბერს ჩატარდა მუნიციპალური საჭადრაკო ტურნირი 8 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. მონაწილეთაგან საკმაოდ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოფიციალურ ტურნირებში პირველად ღებულობდა მონაწილეობას და მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა მოჭადრაკისათვის საკმაოდ მაღალი…
  • 100
    „წარმოიდგინეთ, რომ არ ვთამაშობთ და ყველაფერი სინამდვილეში ხდება. “ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლი რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ ცხინვალის ივენე მაჩაბელის სახელობის პროფესიული თეატრის სცენაზე განხორცილებეული მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყო“ იყო. ფესტივალის ჟიურიმ „ჯაყოს“ როლის შემსრულებელი რამაზ ხომასურიძე ფესტივალის საუკეთესო მსახიობად აღიარა, ხოლო ხოლო საუკეთესო სცენოგრაფიისათვის კი _ ლომგულ მურუსიძე, ქეთევან ციციშვილი…
  • 100
    მორიგი ,,ბრალდება" გაისმა ჩემი ბიოგრაფიიდან.საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ამ წერილს ავრცელებს და მის მიმართ ბრალდებების მორიგ სერიას პასუხობს: „ალბათ ყველაფერს არ უნდა უპასუხო ადამიანმა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მივიწყებულ და თანაც საამაყო საქმეებს მახსენებენ ხოლმე, მინდება თქვენც რომ გაგანდოთ. ბრალდება კი ამგვარი გახლავთ: ,,მიშას დრო ციხეში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა!!!" ბარემ ერთი…