სამხატვრო ხელმძღვანელმა რეჟისორს დიდი სცენისკენ მიუთითა

ოზურგეთის განახლებულმა თეატრმა თავის 153-ე თეატრალურ სეზონში მეექვსე პრემიერად მაყურებელს მცირე სცენაზე წარუდგინა ვაცლავ ჰაველის „ვერნისაჟი“ _ აბსურდის კომედია ერთ მოქმედებად. დადგმა თეატრის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა რეჟისორს მამუკა ბაბილოძეს მიანდო და არც შემცდარა, თუმცა ამის შესახებ ცოტა ქვემოთ.
საწყენად ნურავინ მიიღებს _ იმის გამო, რომ ჩვენი მაყურებელი ზედმეტად პოლიტიზებულია, იგი ვაცლავ ჰაველს პოლიტიკური მოღვაწეობით (დისიდენტი, ანტიკომუნისტი პოლიტიკოსი, უფლებადამცვლელი, ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი პრეზიდენტი, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი) უფრო იცნობს, ვიდრე დრამატურგიით, არადა, მისი 20-ზე მეტი პიესა თითქმის მუდმივად ზის ევროპის წამყვანი თეატრების რეპერტუარში, ესსეები კი მოკლე ლიტერატურული ჟანრის თანამედროვე საუკეთესო ნაწარმოებებად არის მიჩნეული.
ვასო ჩიგოგიძეს ასეთი რამ როგორ გამოეპარებოდა და, რასაკვირველია, გურულების ერთადერთი სახელმწიფო თეატრის რეპერტუარში ჰაველი სავსებით ლოგიკურად ჩაჯდა.
„ვერნისაჟი“, რომელშიც სულ სამი პერსონაჟია, საოცრად დინამიკური კომედიაა და მსახიობს სცენაზე ოდნავი მოდუნების, თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. არ ვიცნობ სხვა თეატრების ვერას, მიხალისა და ბედროიხს, მაგრამ მათ განსასახიერებლად რომ თამარ მდინარაძემ, ვახტანგ ჩხარტიშვილმა და გიორგი ჩავლეშვილმა მაქსიმუმი გაიღეს, ეს უტყუარია.
თამარ მდინარაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი, როგორც მსახიობის, შესაძლებლობები უკიდეგანოა, პლასტიკა _ შეუდარებელი და ენერგია _ამოუწურავი. ამ როლში თამარის შესაფასებლად პიესიდან მიხალის სიტყვების პერიფრაზირებას მოვახდენ: `თამარი რომ არა, ვერას როლს სხვა ვერა მოუხდებოდა!~
ვახტანგ ჩხარტიშვილის მოქნილობას მიჩვეულები ვართ. ახალგაზრდა მსახიობი სცენაზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, იმ განსხვავებით, რომ პირი წყლით არა აქვს სავსე, მოქმედებითაც და სიტყვითაც კარგად მიჰყავს თავისი გმირი მაყურებლამდე.
რაც შეეხება გიორგი ჩავლეშვილს, რამდენიმე წლის წინ, მისი სახით კარგი შევსება მიიღო თეატრმა. გიორგის თავისი, სხვებისგან განსხვავებული, დახვეწილი მანერა აქვს სცენაზე, მისი ბედროიხი მომთმენიცაა და ფეთქებადიც.
ცალკე უნდა აღინიშნოს მომცრო სცენაზე მსახიობების უშეცდომო ტემპერამენტიანი გადაადგილება, სცენის ბოლო წერტილამდე უზუსტესად გამოყენება და მაყურებელთან ახლო კონტაქტი.
მივედით მამუკა ბაბილოძემდე. ეს ახალგაზრდა რეჟისორის მეხუთე პრემიერა იყო ოზურგეთის თეატრში. ხუთბალიანი სისტემით თუ შევაფასებთ, მამუკამ, ჩემი აზრით, 25 ქულა დაიმსახურა ამ პრემიერებისთვის. სხვანაირად არც ეკადრებოდა ჩვენი შოთა ბაბილოძის ვაჟს, რომელიც მამის სათქმელს და საკეთებელს განაგრძობს მშობლიურ თეატრში. ასეა ეს: კვიცი გვარზე ხტის!
ყველაზე ნაღდად მამუკა მაინც ბატონმა ვასომ შეაფასა, როცა პრემიერის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა რეჟისორს დიდი სცენისკენ მიუთითა, უკვე დროა, შვილო, იქეთ გადაინაცვლოო. სამხატვრო ხელმძღვანელის ამ თბილ წინადადებაში საუკეთესო შეფასებაც იკითხება და დიდი ნდობაც.
და ბოლოს ერთ ფრაზას კიდევ დავესესხები ჰაველს, თუ ზუსტად ჩავინიშნე, პერიფრაზირების გარეშე: „ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც სახლი აქვს მოწყობილი“. ჩვენი თეატრი კი როგორი სახლია, კარგად მოგეხსენებათ.

ავტორი თემურ მარშანიშვილი

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 75
    „ანზორ ერქომაიშვილმა ჩვენ დაგვიბრუნა ჩვენი ეროვნული მუსიკალური იდენტობა“    ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…
  • 70
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 67
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოსთან“ გამართა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 67
    “მმართველი გუნდი ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს”გუშინ,  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგინა   გუშინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგენა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა…
  • 66
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…