კარიერების თემა დროებით მიეფარა საზოგადოების თვალსაწიერს. არადა, მდინარეების აუზში კვლავ ინტენსიურად ხდება ქვიშა-ხრეშის  მოპოვება, მდინარე სუფსაზე ზოგიერთ მონაკვეთი ისეა აოხრებული, მდინარის ფსკერიც კი ამოუღიათ.  მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შედეგად დაზიანებულია ოზურგეთი-ჯუმათი-გულიანის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. გასულ ხუთშაბათს სოფელ ოზურგეთის გადასახვევიდან ვიდრე ე.წ. „ძაღლების თავშესაფრამდე“, 5 წუთის განმავლობაში 15 მძიმედ დატვირთული ავტომანქანა დავაფიქსირეთ, ხოლო სოფელ ბაილეთის ბოლოს, მდინარე სუფსის ხიდის გადაღმა 4 ტრაქტორი და ათეულობით ავტომანქანა მუშობდა მდინარის ე.წ. საეჭვო „გასწორხაზოვნებაზე.“

თურქული კომპანიის მიერ დადგმული სასწორი, რომლითაც მძიმეწონიანი ავტომანქანები უნდა გაეკონტროლებინათ, უმოქმედოდაა. „ქიუ-ემ-სის“ ახლა სასწორისთვის არ ცხელა. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს უშუალოდ ხიდის გვერდით ათასობით კუბური მეტრი ქვიშა- ღორღის ამოღება. ამ დარგის სპეციალისტები არ ვართ, მაგრამ ასეთი სახის გასწორხაზოვნების სამუშაოები ჯერ არ გვინახავს.

_ხიდთან რომ გავივლი, გული მისკდება, მაგრამ პირიანი ხალხი ჩანს და იმედია, შეასრულებენ დანაპირებს _გვითხრა შარშანდელი საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მაია სარიშვილმა.

შარშან პერნამენტულმა აქციებმა გარკვეული დროით შეაფერხა მდინარის აუზში ქვიშა-ღორღის მოპოვება, თუმცა შემდგომ, მოსახლეობაც უიმედობამ მოიცვა, აქციებზე თანდათან იკლებდა მონაწილეთა რაოდენობა. როგორც ამბობენ, ზოგი შეაშინეს, ზოგი მოისყიდეს, ერთეულებმა კი ვერ შეინარჩუნეს  საპროტესტო მუხტი.

_რატომ არ მოდიან ხალხთან ამ კომპანიის წარმომადგენლები. (იგულისხმება კომპანია „სამი ძმა“). ისინი ჩვენ არად გვაგდებენ, მაგრამ არ სცოდნიათ ხალხის ძალა. ახლა ამბობენ, საბუთები გვაქვს ადგილმონაცვლეობაზეო,  მაგრამ არც ამ საბუთის შესახებ ვიცით სინამდვილეში. თავის დროზე პრეტენზიები გვქონდა მეორე კომპანიის „ქიუ ემ სის“ მიმართაც, მაგრამ შემდეგ ამ კომპანიამ ამ ხეობის 4 სოფელთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც მილიონიან დაფინანსებას ითვალისწინებს. ყანებს დაგვითესავენ, გზებს გააკეთებენ, გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარნენ _გვითხრა აქციის მონაწილე ლია პაიჭაძემ.“ (გაზეთი „ალიონი,“17 აგვისტო, #21).

დავინტერესდით, როგორ შეასრულა „ქიუ-ემ სიმ“ დანაპირები.

სოფელ სილაურში  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელ გოჩა ჯანხოთელის თქმით, წელს გაზაფხულზე „ქიუ ემ სიმ“ წილობრივი მონაწილეობა მიიღო სოფლის მოსახლეობის კუთვნილი 50 ჰექტარი საყანე ფართობის დამუშავებაში. გლეხებმა საშუალოდ 40 ლარი გადაიხადეს 1000 კვადრატული მეტრი საყანე ფართობების დახვნაში, საიდანაც „ქიუ ემ-სის“ წილი 17 ლარი იყო (ჰექტარზე 170 ლარი, სულ 8 500 ლარი).

შარშან, ნოემბერში  სოფელთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, დაიწყეს სოფელ სილაურში „სვანის წყაროს“ (მე-2 ბრიგადა) უბანში სოფლის ცენტრიდან ოზურგეთი-ბაილეთი-ჯუმათის დამაკავშირებელი 1,8- კილომეტრიანი მონაკვეთის დაგრეიდერება და მოსახლეობას შეპირდნენ, რომ უახლოეს ხანში ასფალტსაც დააგებდნენ, მაგრამ მას შემდეგ 9 თვე გავიდა და ჯერჯერობით სამუშაოები არ დაუწყიათ.

ზურაბ დარჩია, ოზურგეთის მერის წარმომადგენელი სოფელ ბაილეთში: _„ქიუ ემ სიმ“ მემორანდუმი ჩვენს სოფელთანაც გააფორმა.  წელს გაზაფხულზე 60 ჰექტარი ყანის დამუშავებაში მიიღეს წილობრივად მონაწილეობა, დანარჩენი, რაც მემორანდუმში წერია, არ განხორციელებულა. მემორანდუმის თანახმად, უნდა მომხდარიყო ბაილეთი-ჭანიეთურის 4 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ელემენტარულად გზის დაგრეიდირებას და სანიაღვრე არხების მოწყობას მაინც ხომ გულისხმობს? ამბავიც არ უკითხავთ. ცუდ დღეშია ცენტრალური გზა, _  მტვერი, ხმაური აუტანელია მოსახლეობისათვის. ხრეშით დატვირთული ავტომანქანებიდან ჩამოდის ტალახიანი წყალი, რაც ასევე პრობლემაა გზისა და მოსახლეობისათვის. ჭები დაშრა…ამას წინათ მემორანდუმით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო უბანში რ.ც. გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაში იყო გზა და დახმარება მუნიციპალიტეტის მერიას ვთხოვე. ტრაქტორი და 3 თვითმცლელი გამომატანეს. მუნიციპალიტეტის ტექნიკით  ავიღეთ ქვიშა-ღორღი და გზის დაზიანებულ უბნებზე დავყარეთ. იმედია, ამას „ქიუ ემ სი“ სოფლისთვის გაკეთებულ საქმედ არ მიითვლის. კარგია, რომ ავტობანი კეთდება, მაგრამ სოფელსაც უნდა მიექცეს ყურადღება. რა გასწორხაზოვნებაზე საუბარი, ნადგურდება ხეობა. სოფელი  0, 001 პროცენტ სარგებელსაც ვერ მიიღებს მისი ტერიტორიიდან. მილიონებს შოულობენ და სოფელი არ ახსოვთ..

ოთარ მექვაბიშვილი, ოზურგეთის მერის წარმომადგენელი სოფელ ჯუმათში: _ქვიშა-ღორღის არასწორად მოპოვების შედეგად 7 ჰექტარი საუკეთესო საყანე ფართობები დაკარგა სოფელ ჯუმათის მოსახლეობამ მდინარე სუფსაზე არსებული კაპიტალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. რომელ გასწორხაზოვნებაზეა საუბარი _ექსკავატორი იმდენზე ჩადის მდინარის აუზში, რამდენსაც მისი კოვში ჩაწვდება. საფრხის ქვეშაა ხიდი. ნუთუ ამას ვერ ხედავს გარემოს დაცვა და სხვა მაკონტროლებელი სამსახურები? გლეხმა რომ 10 ღერი ლობიოს სარი მოჭრას ტყეში, გზაზე გარემოს დამცველები დახვდებიან და დააჯარიმებენ. დავიჯერო, რაც ხდება, ვერ ხედავენ..

დაგროვილი კითხვების გამო ჩვენ ვცადეთ, დავკავშირებდით კომპანია „ქიუ-ემ-სის“დირექტორს იაკობ ლექვინიძეს, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

შარშან მდინარე სუფსისა და მდინარე ნატანების აუზებში შემდეგი კომპანია მუშაობდა: „ნატა 2000“, „სამი ძმა,“ „ქიუ ემ სი“, „ბორან ქონთრაქშეინი,“„ჯორჯიან მინერალსი“, რომელთა უკან  საქართველოში გავლენიან პირებს ასახელებენ.

სუფსისა და ნატანები-ბჟუჟის ხეობებში სასარგებლო წიაღისეულის შესყიდვაზე ლიცენზიები აქვთ  „ნატა 2000“(დირექტორი ლევან სვანაძე; იგი კომპანია „აკეთის“ მფლობელიცაა). მათ ერთ-ერთი ხელშეკრულება 2020 წლის 20 მაისს გააფორმეს შპს „სამ ძმასთან“ (დირექტორი ივერი ფუტკარაძე).

ამ ხელშეკრულებით „სამმა ძმამ“ 100 000 კუბური მეტრი  ქვიშა-ხრეში უნდა ამოიღოს მდინარე სუფსის აუზიდან, რაშიც მათ  ოფიციალურად 400 000 ლარი უნდა გადაეხადათ „ნატა 2000“-თვის.

ნამდვილად არ ვიცით, ერთი წლის მანძილზე რამდენი კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში ამოიღო „სამმა ძმამ“, მაგრამ ამჯერად ისინი  ჩინური ავტომანქა „ჰოკოთ“ აწარმოებენ ქვიშა-ღორღის გადაზიდვას.

_თავად ხედავთ, საშუალო ტვირთამწეობის ავტომანქანებით გადაგვაქვს ტვირთი. „ჰოკოს“ ტვირთამწეობა 27 ტონაა. სასწორი არ გვჭირდება, რადგან სოფელ მელექედურში გვაქვს საკუთარი ქვა-ღორღის საფრქვევი ქარხანა,  ხოლო გრიგოლეთი-სუფსას მაგისტრალზე ქვიშა-ღორღს თავად მშენებელი კომპანია წონის _გვითხრა კომპანია „სამი ძმას“ მენეჯერმა კახა ჩხარტიშვილმა.

შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ არ დაიდგა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ მიერ მოთხოვნილი სასწორები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ირმა გორდელაძე, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი: _ სასწორების დადგმის თემა შეჩერებულია. ბოლოს ეს საკითხი თებერვალში მოვიკითხე. იმჟამად დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტმა ირაკლი პაპავამ გაგზავნა წერილი საპატრული პოლიციის დეპარტამენტში. საკონტროლო სასწორები უნდა დადგმულიყო მუნიციპალიტეტის შესასვლელ-გასასვლელში და მასზე კონტროლი საგზაო და საპატრულ პოლიციის  დეპარტამენტებს უნდა განეხორციელებიათ…

მიხეილ შილაკაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი:_  პერიოდულად გარემოს დაცვის სამსახურს ვაწვდით ინფორმაციას მდინარის ხეობებში არსებული მდგომარეობის შესახებ. მოსახლეობის პროტესტის შედეგად, მდინარე სუფსაზე დემონტაჟი გაუკეთდა  ხიდს. იყო ბაილეთის მოსახლეობის პროტესტი, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ქვიშა-ხრეშის ამოღების ლიცენზიები არასწორად იყო გაცემული. მასში მოხვედრილი იყო მოსახლეობის სახნავ-სათესი ფართობები, რომელშიც იჭრებოდა კომპანია „სამი ძმა.“ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ. რაც შეეხება სასწორებს იგი არ დადგმულა.

თემურ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე: _ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩადებული იყო თანხა სასწორების შესაძენად.  საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კონტროლი მათ უნდა განეხორციელებინათ. შემდეგ, პანდემიის გამო, მოხდა ბიუჯეტის შეკვეცა და სასწორების თემა ჩაიჭრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

 

P.S. დღეს, სტატიის ვებ.გვერდზე განთავსებამდე, შევძელით კომპანია „ქიუ-ემ-სის“ დირექტორ იაკობ ლექვინიძესთან დაკავშირება. ხანგრძლივ სატელეფონო საუბარში იგი გვარწმუნებდა, რომ ყველაფერს კარგს აკეთებს, მდინარე სუფსა მალე ძველ კალაპოტს დაუბრუნდება და ჭარბი ნატანის გატანა აუცილებლობას წარმოადგენს.

_წელს ჯუმათის მოსახლეობამ, იმის შიშით, რომ მათ მიწებს  კვლავ წაიღებდა მდინარე სუფსა, საყანე ფართობები არ დათესა. სოფელ ჯუმათის მხარეს კასკადური ჯებირი გაკეთდება. ადრე, კომუნისტების დროს ჭარბი ნატანი გაჰქონდათ და მდინარე თავის კალაპოტს იშვიათად ტოვებდა. ხომ მოგეწონათ ხიდის ზემოთ, როგორ გასწორხაზოვნებულია მდინარე? ასე იქნება ქვემოთაც. ყველას ვეხმარებით, ყველას ხელს ვუმართავთ, რა აქვთ სასაყვედურო?! _ გვითხრა ლექვინიძემ.

„ადრე, კომუნისტების დროს ჭარბი ნატანი გაჰქონდათ და მდინარე თავის კალაპოტს იშვიათად ტოვებდაო“, _ ბრძანებს ლექვინიძე, რაც არ შეესაბამება მთლიანად სიმართლეს. ადგილობრივების თქმით, აქ მხოლოდ დამბებს აშენებდნენ, ნატანი კი არ გაჰქონდათ, აკრძალული იყო. თუ ვინმე  გაიტანდა, პასუხსაც აგებდა.

ლექვინიძე რატომღაც კეთილსინდისიერებაზე გვესაუბრებოდა და როცა ვკითხეთ, თუ რატომ გაჰქონდათ ინერტული მასალა გადატვირთული მანქანებით, რითაც გზა ზიანდება და ხმაურისაგან და მტვერისაგან მოსახლეობას პრობლემები ექნება, მან გვიპასუხა, რომ გზა არა მოსახლეობას, სახელმწიფოს ეკუთვნის, უნდა მოითმინონ, სანამ ავტობანის მშენებლობა დასრულდება.  მათ კომპანიას აქვს სასწორი, სადაც ქვიშა-ღორღით დატვირთულ მძიმეწონიან ავტომანქანებს წონიან …. ვუთხარით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა და 5 აგვისტოს  ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში ვაკვირდებოდით, იწონებოდა თუ არა ინერტული მასალით ჭარბად გადატვირთული მანქანები, არც ერთი მანქანა სასწორზე არ შემდგარა. შესაბამისი ფოტომასალაც დავდეთ.

კიდევ ერთიც: გზა სახელმწიფოსიაო, სახელმწიფო ვისია და ვისგან შედგება ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვხედავთ „ალიონზე“ განაწყენებული  ბატონი ლექვინიძის კომენტარში.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 70
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 70
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 68
    კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, ძმები თალაკვაძეები თბილისიდან არიან გამოგდებული_„ძმებმა თალაკვაძეებმა, თავიანთი მიზნის მისაღწევად, ყველაფერი იკადრეს, ყველაფერი, რასაც ადამიანები არ კადრულობენ. ეს ხალხი გამოაშკარავდა ოზურგეთში, მათ სხვა გზა არ გააჩნიათ, ისინი არიან გამოგდებული თბილისიდან, მათი არც ღირსება, არც პროფესიონალიზმი არავის სჭირდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“. _ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 25 ოქტომბერს თავის ოფისში გამართულ…
  • 67
    „ამათ ხელში მწვანე გურია ფულის საჯიჯგნ გურიად გადაიქცა“წერილის დასაწყისშივე ვაცხადებთ, მივესალმებით ქვეყანაში ავტობანის მშენებლობას, მაგრამ იგი უპასუხისმგებლო ქვიშა-ღორღის მომპოვებელი კომპანიების იმედად არ უნდა იყოს და ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს _ ჩვენს სოფლებს, მის მოსახლეობას ზიანი არ უნდა მიაყენოს. სუფსის, ნატანების და რეგიონის სხვა მდინარეების ხეობებში მოსახლეობის არა-ერთი საპროტესტო აქციები მიუთითებს, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო ადგილებზე არ სწავლობს ამჟამად…
  • 66
    საკრებულოს ბოლო სხდომა წინასაარჩევნო ხმაურითდღეს, 2017 წლის მოწვევის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა.  სხდომაზე  სულ 3 საკითხი განიხილეს.პოზიციის თუ ოპოზიციის კრტიკის ობიექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე იყო. პირველი საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების პრივატიზების ნუსხის დამტკიცებას შეეხებოდა. მიწის 14 ნაკვეთი, ურეკში, ნატანებში, ლიხაურში, ლაითურში, ნაგომარსა და…