სახელწოდება ნასაკირალი ამ ადგილებში კირის მოპოვებას უკავშირდება. განთქმული იყო ნასაკირალის ძელქვის ტყე, რომელსაც გურული ფირალები აფარებდნენ  თავს გურიის აჯანყების დროს, მე-20 საუკუნის დასაწყისში, რასაც „გურიის რესპუბლიკის“ შექმნა მოჰყვა. ამ დროს ნასაკირალი დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა.

1929 წელს გაიჩეხა ტყე, დაიწყო ჩაის კულტურის და დაცვითი ტყის ზოლების გაშენება. მოეწყო ჩაის საბჭოთა მეურნეობა. ნასაკირალის ტყის ნაწილი მოექცა დვაბზუს სასოფლო საბჭოს დაქვემდებარებაში, ნაწილი სოფელ ნასაკირალის სახელით _ ძიმითის სასოფლო საბჭოში, ხოლო ქვედა ნასაკირალი შეუერთდა სოფელ მელექედურს.

ნასაკირალის მეურნეობა დაარსებისთანავე მულტიეთნიკური გახდა. აქ ცხოვრობდნენ რუსები, უკრაინელები, პოლონელები, გერმანელები, ჩინელები, იეზიდები და ა.შ. სულ 14 ეროვნების წარმომადგენლები. შემდეგ, 1969 წელს სოფელში დასახლდნენ სტიქიით დაზარალებულები შუახევის, ხულოს და ჩოხატაურის რაიონებიდან_256 ოჯახი. გასული საუკუნის 70-იან წლებში აქ დასახლდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს შუა აზიაში გადასახლებული მესხების რამდენიმე ათეული ოჯახი.

1976 წელს ქვედა ნასაკირალი გამოეყო მელექედურს და დაბის სტატუსი მიენიჭა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების სამოქალაქო ომის შემდგომმა პერიოდმა გარკვეულწილად შეცვალა დაბის დემოგრაფიული სურათი. არაერთმა რუსმა, უკრაინელმა, პოლონელმა და სხვა ეროვნების წარმომადგენელმა დატოვა აქაური საცხოვრისი…

დაბის ცენტრში აღმართული ქართველი დედის ძეგლი შეგვახსენებს, აქაურები როგორ პატივს მიაგებენ წარსულს. კარგად გვახსოვს ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებული ავღანეთში დაღუპული ზურაბ მახარაძის ძმისადმი გაგზავნილი წერილები, რომელიც გვეუბნებოდა, თუ როგორ შეყარეს ავღანეთის ომში პროფესიონალ „ბოევიკებთან“ საბრძოლველად პირტიტველა ბიჭები, რომელთაგან ბევრი დაიღუპა იქ. აფხაზეთის ომში დაიღუპნენ: თამაზ რამიშვილი, დიმიტრი თალაკვაძე, ედუარდ თავაძე, არტურ აივაზიანი, ტარიელ მახარაძე. მათ საფლავებთან საქართველოს ეროვნული დროშები ფრიალებს.

_სოფლის პროგრამის ფარგლებში  ამ სასაფლაობებთან მისასვლელებს ვაწესრიგებთ, _გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დაბა ნასაკირალში ოთარ ადაძემ და ე.წ. მე-4 რაიონის ტერიტორიაზე სასაფლაოს მისასვლელის კეთილმოწყობის სამუშაოები გვაჩვენა.

დაბაში, სადაც პატივს მიაგებენ ომის გმირებს, არც რელიგიურ თემას ტოვებენ უყურადღებოდ. 4 წლის წინ მეჩეთად გადააკეთეს კომუნისტებისდროინდელი ჯამე, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდია დასავლეთ საქართველოში.

_აქაურების შემოწირულობებით გაკეთდა. გარდა ამისა, საკმაოდაა ის ნასაკირალებები, რომლებსაც ბათუმში ბიზნესი აქვთ. ვინ სამშენებლო მასალით დაეხმარა მეჩეთიც მშენებლობას, ვინ მატერიალურად. მოიხატა მეჩეთი. შემოსავლელის კიბეებზე სოფლის პროგრამის ფარგლებში განათებები მოვაწყვეთ. შარშან გზა გაკეთდა და მეჩეთთან მისასვლელიც კეთილმოვაწყვეთ. რამდენიმე ათეული ავტომანქანის სადგომი გავაკეთეთ. 700 კაცი ეტევა ლოცვის დროს ტაძარში. _ გვითხრა ადაძემ.

იმამი ახმედ გელაძე არ დაგვიხდა ადგილზე. იგი პარასკევის ლოცვაზე შუადღისას მოვიდოდა…

დაბა ნასაკირალი ერთ-ერთი გამორჩეული დასახლებაა რეგიონში, სადაც ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი მოცულობის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მართალია, ეს მთავრობის სასარგებლოდ ასახვას ვერ პოულობს არჩევნებისას, მაგრამ პირად საუბრებში აქაურები ამას აღნიშნავენ.

3 წლის წინ მელექედური-ნასაკირალის 2,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხდა, ხოლო შარშან ბაილეთ-ნასაკირალის 3 კილომეტრი სიგრძის  ცენტრალური გზა გაკეთდა. ამ პროექტებზე რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა.

ადაძის თქმით, დღეს დაბას აღარ აქვს სასმელი წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტრიფიკაციის პრობლემა.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, დაბა ნასაკირალის სავიზიტო ბარათი 600 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტის სკოლის შენობაა.  ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა 2021 წლის აგვისტოში დასრულდა. მშენებლობის ღირებულებამ 7 022 440 ლარი შეადგინა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სკოლაში 24 საკლასო ოთახი და 4 კაბინეტ-ლაბორატორიაა. კეთილმოეწყო სკოლის ეზო, ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. შენობაში არის ლიფტი. სკოლა ამასწინათ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა.მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა და ერთ-ერთმა უცხოურმა დონორმა ორგანიზაციამ განახორციელა, მშენებელი კი შპს „იმპოსტი“ იყო.

_ძალიან დიდი სიხარულია ასეთი სკოლის შენობა. აქ დემოგრაფიული სიტუაცია კარგია, ბოლო ათწლეულში მატების ტენდენციით. 605 სასკოლო ასაკის ბავშვი გვვყავს. ისინი ახალ შენობაში ისწავლიან , _ გვითხრა ოთარ ადაძემ.

დაბის ტერიტორიაზე 2 საბავშვო ბაღის შენობაა. სოფლის ცენტრში არსებული ბაღში სამი ჯგუფი მუშაობს და აქ 105 ბავშვია, მეორე საბავშვო ბაღი სოფელ დვაბზუს (ნასაკირალის დასახლება), ასევე ნასაკირალის ბახვის და სოფელ ნასაკირალის ნორჩებს ემსახურება. ბავშვებს ემსახურება ასევე დაბის 5 დასახლებაში არსებული ატრაქციონები, რომლებიც სოფლის პროგრამის ფარგლებში მოეწყო.

_ბაღი ტერიტორიულად ნასაკირალს ეკუთვნის. იგი დვაბზუს, ბახვის ნასაკირალის და სოფელ ძიმითის მოსახლეობას ემსახურება. დაბის ტერიტორიაზეა სილაურის, მელექედურის, ბოხვაურის დასახლებები. ძნელია მათგან ტერიტორიული ერთეულის ცენტრთან კავშირი და მერიაში, საკრებულოში განცხადებების გადაგზავნაში ჩვენგან ახდენენ ,_ გვითხრა ადაძემ.

დაბის საექიმო უბნის მისაღებში რამდენიმე ადამიანი ექიმთან ვიზიტს ელოდებოდა. ჩვენ დაბის ექიმს მაია გობრონიძეს ვესაუბრეთ:

_ „COVID 19“ მსოფლიო პრობლემაა. ნასაკირალელები არც სკეპტიკურად არიან განწყობილნი კოვიდზე აცრის მიმართ და არც აქტიურობით გამოირჩევიან. კოვიდის გავრცელების შემთხვევები არის, ჩვენ ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობთ, რადგან ისინი სხვადასხვა კლინიკას მიმართავენ. ბევრი გამოჯანმრთელდა. ისე, ჩვენი ცნობით, დაბაში 35 ადამიანია კოვიდით დაავადებული, ისინი 10-მდე ოჯახების წევრები არიან. ნაწილი ბინაზე მკურნალობს, ნაწილი სხვაგან. _ გვითხრა მაია გობრონიძემ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფო საკმაო თანხებს ხარჯავს ნასაკირალელთა პირობების გასაუმჯობესებლად. ადაძის თქმით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 10-მდე სახლი კაპიტალურად გადაიხურა.

_ასფალტის საფარი დაიგო თეოფილე მგელაძის (#7 ქუჩა) ქუჩაზე. აქ ორ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახურავი შეუძინეს გადაუხურეს.

სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა მაგული დავლაძე სახლში არ დაგვხვდა. იგი ორ შვილთან ერთად თხილის საკრეფად იყო წასული. მეორე _იოსებ ძირკვაძე ვნახეთ.

_მე ინსულტი გადავიტანე, შვილი ავადაა. მივმართე ოზურგეთის მერს. მოვიდნენ, ნახეს ჩემი მდგომარეობა, შეამოწმეს სოციალური ქულა და დამეხმარნენ სამშენებლო მასალით (ბლოკი, სახურავის ხეობა) სახლი თუნუქით გადამიხურეს _ გვითხრა იოსებ ძირკვაძემ.

ასევე ვერ ვნახეთ სახლში ვენერა ჩახვაძე, რომელსაც მერიამ გადასცა თუნუქის სახურავი.

როგორც დავაზუსტეთ, ბოლო 2 წელიწადში 2 კილომეტრამდე ბეტონის გზა დაიგო ასევე #8,9,10 ქუჩებზე, ხოლო გადაიხურა 7 საერთო საცხოვრებელი.

_2 სართულიანი 7 საერთო საცხოვრებელი გადავხურეთ, სადაც 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოვაწყვეთ სკვერები და ატრაქციონები _ეს სოფლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. თავად ნახეთ, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების წყალში არ გადაყრილა. შედეგი გვაქვს. დაბა ნასაკირალში ბოლო 2-3 წელიწადში იმდენი რამ გაკეთდა, რაც ბოლო 30 წელიწადში არ გაკეთებულა_გვითხრა ოთარ ადაძემ.

რაც შეეხება კრიტიკას, ერთ-ერთ უბანში მოხუცმა ქალბატონმა შემოგვჩივლა _ძროხებს იპარავენ და პოლიციამ ვერეფერი მოახერხაო.

_ძროხების ქურდობის ფაქტები ოთარ ადაძემაც დაადასტურა. 50-მდე ძროხის ქურდობა მოხდა. ერთ ოჯახს 3 თუ 4 ძროხა მოპარეს. პოლიციამ ჯერჯერობით ქურდები ვერ იპოვა,  _ გვითხრა მან.

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა ოთარ ადაძის შესახებ.

_მეზღვაურობაზე ვოცნებობდი. ბათუმის საზღვაო აკადემია დავამთავრე ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. შორეულ ზღვაოსნობაში წასასვლელად ვემზდებოდი. მოულოდნელად მამა გარდაიცვალა. სახლ- კარს, ოჯახს  პატრონობა სჭირდებოდა და კერძო ბიზნესით დავკავდი. პირველად ვარ სახელმწიფო სამსახურში, მინდა ჩემი დაბისთვის კარგი საქმეები ვაკეთო _ორიოდე სიტყვით გადმოგცვა თავისი ბიოგრაფია დაბის რწმუნებულმა.

როგორც გავიგეთ, მას ახლახან ვაჟი ნოე შეეძინა.

ვულოცავთ!!!

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 82
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 73
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 73
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 71
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 70
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…

არ გამოტოვოთ