არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი; ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 088 722-ს შეადგენს, _ ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

კალანდარიშვილმა მიმართა დამკვირვებლებს ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო პროცესი და არჩევნების დღე.

„ხვალ, 30 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება. თქვენ ირჩევთ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს. ამიტომ დღეს, შემაჯამებელ ბრიფინგზე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებული ხართ იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც იმართება მეორე ტური, მინდა მოგიწოდოთ, რომ ხვალ დილის 8 საათიდან იაქტიუროთ და მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და განახორციელოთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და მიიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა. მეორე ტურისთვის თქვენთვის გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი; ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი შეადგენს 2 088 722-ს. საარჩევნო უბნებზე თქვენ დაგხვდებათ განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები, რომლებიც წინა მხრიდან ამოჭრილია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. 2 ოქტომბერს რემოდელირებული კაბინები მხოლოდ თბილისში იყო გამოყენებული, რის შემდეგაც ცესკომ ახალი დიზაინის კაბინების ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. ორი ოქტომბრის მსგავსად, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ისევ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით მისცემენ. ცესკოს გადაწყვეტილებით, მეორე ტურზეც განხორციელდება ბიულეტენების დათვლის აუდიო-ვიდეო გადაღება ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, საერთო ჯამში – 1750 უბანზე. ასევე გადაღებული იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული საარჩევნო უბნების მონაცემების გადათვლის პროცესიც.

მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია გაუგრძელდა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციასა და მედიას. აღსანიშნავია, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებს გაზრდილი რაოდენობით დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეები. რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 5 309 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 35 198 და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 102 დამკვირვებელი; ასევე 119 მედიაორგანიზაციის 3 711 წარმომადგენელი.

ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა დონის საარჩევნო კომისიას საჯაროდ მივმართავ კიდევ ერთხელ არ დაიშურონ ძალისხმევა და კვლავაც მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიულ დონეზე ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური. რადგან კარგად ჩატარებული არჩევნები – სწორედ ეს არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში – რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს და იმუშავებს კენჭისყრის დღესაც იმისთვის, რომ თქვენ არჩევანის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა გქონდეთ. მივმართავ დამკვირვებლებს ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო პროცესი და არჩევნების დღე. ვთხოვო მედიას, მაქსიმალურად ფართოდ, დეტალურად, მიუკერძოებლად გააშუქონ არჩევნების პროცესი და მიაწოდონ მოსახლეობას სრული და ობიექტური ინფორმაცია არჩევნების შესახებ. ასევე მინდა პოლიტიკური პარტიების წევრებს მოვუწოდო, ჩვენთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, საუბნო კომისიების წევრებთან ერთად, ხელი შეუწყონ მშვიდ და საქმიან გარემოს არჩევნებზე.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს თქვენ საარჩევნო უბნებზე დაგხვდებათ კოვიდ უსაფრთხო გარემო, კვლავაც დაცული იქნება ყველა კოვიდრეგულაცია და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა“, _ განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები