ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში.
ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა პერიოდიკაში. 2013 წელს გამოსცა ლექსების კრებული, ხოლო მოგონებების წიგნის „ჩემი ლამაზი სოფელი“სასიგნალო ეგზემპლარი გამოიცა, რომლიდანაც საინტერესო ამონარიდებს შემოგთავაზებთ:

მთისპირის თემში შედიოდა სოფელი ვანისქედი, რომლის შემადგენლობაში იყო პატარა კუთხეები: უკანავა, თაფურიათი, შუა ღელა, დაბლა უკანავა, დელემური, ლილოსქედი (ფაუსტი და სერგო კვარაცხელიების ორი ოჯახი); ჭელიძეების უბანი. აქ ასევე ცხოვრობდნენ: სირაძეები, კიღურაძეები, ჩხიკვაძეები, ლომჯარია, ჟღენტი, ვაშალომიძეები, სეფერთელაძეები, ნიკოლაიშვილები (დაბლა ვანისქედი), წიტაიშვილები, მახარაძეები, ანდღულაძეები, ნემსაძეები. ამ დასახლების საზღვარი ასათიანების და თავბერიძეების ადგილებზე და ონისიმეს გორაზე იყო.
მთისპირ-ვანისქედის უბნები; ოქროსქედი: _„სუკის“ ბორცვი (მარიამას ბორცვი). თალაკვაძეები, მჟავანაძეები, მეგრელაძეები, ბერაძეები, გაგუები, ანდღულაძეები, ჩავლეიშვილები, ჯინჭარაშვილები, დოლიძეები, ნაჭყებიები, ევგენიძეები, სარიშვილები, სურგულაძეები, მამეიშვილები, ერქომაიშვილები, ჟღენტები, წყავზარაძეები, ჩხაიძეები, ინწკირველები, ჯაველიძეები, გუჯაბიძეები, ასათიანები, თავბერიძეები. კოწია ვასაძისა და ონისიმე თალაკვაძის ოჯახები იყო ვანისქედ-მთისპირის საზღვარი.
ამ კომპაქტურად დასახლებულ უბნებში, როგორც ვანისქედში, ისე მთისპირში უამრავი სხვა გვარის ხალხის იყო დასახლებული. ზოგი ადგილგამონაცვალი და ზოგიც ჩასიძებული.

ციხის უბანი

ციხის უბანი ცალკე უბანი იყო წყალგაღმა _ეს ულამაზესი ადგილი იყო, ციხის ჭალებსა და ვაკე ადგილებზე განთავსებული. ამ უბანს მთისპირიდან მდინარე ბახვისწყალი ჰყოფდა. აქ ერთად ცხოვრობდნენ თალაკვაძეები, მათ შორის სასულიერო პირებიც: ექვთიმეს, იაკინთეს, ნესტორის, გიორგის, გიგოს, თედორესა და თადეოზის ოჯახები; სიამაშვილები _ სევასტე, მოსე, პოლეაქტორ, დავით (დათიკო), ტიხონ, ამბერკი, ანტონინა, ჟენია, საყვალა, არსენი, სამსონი _ივანათა, ამათი ძმა (იგი ომის დროს გარდაიცვალა). აქვე ცხოვრობდნენ ალბათ რვაასიან წლებში ჩამოსახლებული ბერძნები (რამდენიმე ოჯახი, ხუთი თუ ექვსი) კომუშოვები, კასანჯირები, რომლებიც დიდი სამამულო ომის დროს შუა აზიაში გადაასახლეს, თუმცა ძირითადში მეუღლეები და შვილები აქ დაატოვებინეს მეზობლებმა, რადგან ქართველები იყვნენ. ძირითადად კი შუამდგომელი ფრიდონ ნიკოლოზის ძე თალაკვაძე გახლდათ, იგი მაშინ სამამულო ომიდან დაჭრილი ჩამოვიდა (თუ არ ვცდები, 1943 წელი იყო).
ციხის უბანში ყველგან იყო სხვადასხვა ჯიშის ხეხილი და ვაზი. მთავარი მაინც მათ თვალწინ აღმართული თამარის ციხე იყო. აქვე იყო გოგირდის აბანო, სადაც პატარა სახლი იყო აგებული. ხალხი საიდან არ მოდიოდა სამკურნალოდ. ზაფხულობით ზოგი იქვე ჩრდილში ტალახს წაისვამდა და ელოდებოდა გაშრობას, რის შემდეგაც იმავე გოგირდიანი წყლით ჩამოიბანდა ტანს. იქაურობას „გოლიათაურს“ ეძახდნენ. გზა იყო საურმე და მიდიოდნენ ურმით, ცხენით. ზოგს წყალი ჭურჭლით მიჰქონდათ და სახლში მკურნალობდნენ.
ციხის უბანში ჰყავდათ დიდი რაოდენობის ფუტკრის ოჯახები. ყველაზე დიდი მეფუტკრე იყო სევასტი სიამაშვილი და ივანე თალაკვაძე. ისე, გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველას ჰქონდა თავისი რამდენიმე სკა.
დავით სიამაშვილმა ლამაზ გორაკზე სასაფლაო დაარსა, სადაც პირველი მიცვალებული მან დაკრძალა _ შემდგომ ყველა მიცვალებულს აქ კრძალავდნენ.
მას შემდეგ, რაც ციხისუბანში თიხა აღმოაჩინეს, მოსახლეობა სათანადო ანაზღაურების გადახდით აასახლეს, ყველა მიცვალებული სხვაგან გადაასვენეს თავიანთი ოჯახის წევრებმა იქ, სადაც ისინი ამ კუთხიდან ასახლევის შემდეგ დამკვიდრდნენ.
თიხა
გასული საუკუნის 40-იან წლებში ( 1946-1947 წ.წ.) დიდმა გეოლოგმა გიორგი თვალჭრელიძემ ოზურგეთში ნახა, რომ გურული ქალები (მთიპირელები, ვანისქედელები) ხელით დაგუნდავებულ თიხას ჰყიდნენ _ როგორც თავის სარჩენ საშუალებას. რეცეპტი ასეთი იყო: როცა გაშრებოდა ეს გუნდა, ჩაფშვნიდნენ ჭიქაში ან სხვა ჭურჭელში, დაასხამდნენ ცოტა ძმარს და დაიბანდნენ თავს. იგი უნაზესად არბილებდა თმას და ბრწყინვალებას მატებდა. დაინტერესდა ეს დიდი კაცი და შეიქმნა საძიებო გეოლოგიური ჯგუფი. გაიყვანეს მიწისქვეშა შახტები, ამოთხარეს ჭები და გააკეთეს ჭრილები. დასაქმდა სოფლის ახალგაზრდობა და ზოგი სპეციალისტი, სადაც დიდი ანაზღაურება იყო.
ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით, მაგრამ დაირღვა ის სილამაზე და საუკენეების მანძილზე ნაშენები ოჯახები აასახლეს. ისინი გაიფანტნენ და სხვადასხვა ადგილზე დასახლდნენ. კარგი დღე მის მიმდებარე მთისპირის ცენტრსაც არ დასდგომია. აქ შემდეგ გაიხსნა კარიერი, უამრავი ტექნიკა და მოწყობილობა იქნა მოზიდული, დიდი ტევადობის მანქანები _ „ბელაზები“, „კრაზები,“პატარა თვითმცლელებიც. აქ ამოღებულ თიხას ოზურგეთში გახსნილ ქარხანაშიც ეზიდებოდნენ, იყო ლაბორატორიები _ ადგილზეც და ოზურგეთშიც.
მთისპირში ლაბორატორიაში მუშაობდნენ: ქალბატონი ლუიზა ნაჭყებია (დავით შარაშიძის მეუღლე), ნარიგული თალაკვაძე, ინეზა გუჯაბიძე, ზოია ინწკირველი. ოზურგეთის ლაბორატორიაში ზაირა სარჯველაძე (სკამკოჩაიშვილის ქალი) და სხვები.
ასეთი თიხა ამერიკის ფლორიდაში მოიპოვებოდა თურმე და აქაც ერთხანს „ფლორედინს“ ეძახდნენ. მახსოვს, ომის შემდგომი პერიოდი, 13-14 წლის ვიქნებოდი ალბათ, ჯამ-ჭურჭელი არ იშოვებოდა და ოზურგეთში (მახარაძეში) მინი ფაბრიკაში დაიწყეს თიხის ჯამებისა და კურუშკების (ფინჯნების) დამზადება, აგრეთვე ელექტროსადენებისათვის საჭირო, ელ-ბოძებზე და სახლის შიგნით გაყვანილობისათვის, თიხის ელექტო გაუმტარი იზოლატორების _„როზედკების“დამზადება. შემდგომ, როცა თიხას სხავადასხვა დანიშნულება მიეცა, (ქალაქ ოზურგეთში აშენდა თიხის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც უამრავი ადამიანი დასაქმდა), იგი ტოლიატის მანქანათმშენებლობის ქარხანაში იგზავნებოდა, ასევე ნავთობჭაბურღილებისათვის. იგი იგზავნებოდა ასუანის ცნობილი კაშხალის მშენებლობაზე. ადგილზე დაიწყეს პარფიუმერიის ე.წ. „მაზების“ დამზადება, რომელიც ჩვენთან იყიდებოდა.
ვწერდი, რომ კარგი დღე არც მდინარე ბახვისწყლის გამოღმა ნაპირსაც არ დასდგომია, რადგან კარიერში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები მიდიოდა მკვრივი ქანების გასახსნელად, ზოგჯერ, უფრო ხშირადაც ორჯერ უფრო მეტი ძალით აფეთქებდნენ, (დასაშვებზე მეტი რაოდენობით), რომელმაც ნელ-ნელა ჩვენი ქვიანი ზედაპირის მქონე (მაგრამ ალბათ მიწის მიწის სიღრმეში ისევე მცოცავი თეთრი თიხა იყო განლაგებული) შეარყია, ჯერ ჭურები დახეთქა და შემდეგ მეწყერი გამოიწვია, რომელმაც1989 წლის 28 ნოემბერს ჩემი ახლადააგებული სახლი წიაღო.
მაშინ დიდი პიროვნება, ნიკოლოზ ცხაკაია იყო საქართველოს „სამთო ქიმიის“ გენერალური დირექტორი, ხოლო ადგილზე ცხონებული თეიმურაზ ქილიფთარი. შეგვამოწმეს, დაგვეხმარნენ და სანახევროდ დანგრეული სახლი დავშალეთ და სოფელ ბოხვაურში დავსახლდით. ასე მოიქცა ჩვენი მეზობლების უმეტესობა.(გამოიყო სპეციალური კომისია ოჯახების აღსაწერად დაზიანების სიძლიერის მიხედვით).
ვინც მაღაროთა სამმართველოს კარიერის გახსნისათვის აასახლეს, იმათ დიდი თანხა გადაუხადეს. ან რა თანხად ღირს შენი მშობლიური მიწის მიტოვება _სადაც შენი წინაპრების სულია.

თაფურიათი (წისქვილები)

1931 წლის 22 ოქტომბერს (მწიფობისთვე) ვარ დაბადებული პატარა კუთხეში, თაფურიათში (სათაფლე ადგილს ნიშნავს/, ლამაზ გორაკებზეა პატარ-პატარა ვაკე ადგილებით). თალაკვაძეების მამული იყო იქ და შემდგომ ის ხალხი, რომლებიც ვანისქედის შემოგარენში ცხოვრობდნენ, ტყის პირას დაიდეს მეორე ბინა, იმიტომ რომ ტყე მდიდარია _ტყე გაკაფეს, გაწმინდეს შესაფერისი ადგილები, სადაც სიმინდს, ლობიოსა და კარტოფილს მოიწევდნენ. გააშენეს ვენახი, დარგეს ნიგვზები, ააგეს წიქვილები.
მდინარე ბახვისწყალზე, ჩემს ბაბუას ონისიმე თალაკვაძეს ორდოლაბიანი წისქვილი ჰქონდა, აგრეთვე დიდი ფიცრული სახლი, ღამისსათევად და ასევე წისქვილის მოსავლელად. ამასთანავე ჰქონდა სიმინდის ხელით საფშვნელი მოწყობილობა.
მინდა აღვნიშნო, ხალხმა რომლებმაც ტყე საყანედ და ლობიოს მოსაყვანად გაკაფეს, შიგ ნალიები ჩადგეს იქ ინახავდნენ გარჩეულ სიმინდს გაშრობამდე. როცა შინ წამოიღებდნენ, ბაბუა ონისიმესთან ჩერდებოდნენ და სიმინდს აფქვავდნენ. წყალს გამოღმა ივანე ვაშალომიძეს ჰქონდა წისქვილი. კიდევ იქნამდე, პატარა ოჩხამურაზე მარკოზ კიღურაძეს, და ხენჩელაზე _ ჭელიძეების უბანში _ ესე ვაშალომიძეს, მთისპირში _ გუჯაბიძეებს, მთისპირის შემოსასვლელში _ აბულაძეებს.. ამ ჭალას ახლა აბულაძის მერეს ეძახიან.
თაფურიათში გასასვლელი ხის პატარა ხიდი იყო ბახვისწყალზე, რომელიც ადიდებულ მდინარეს მიჰქონდა და ხშირად სჭირდებოდა შეცვლა. როცა ადიდებული მდინარე წისქვილების სათავნებს მოშლიდა, მთელი საფქვავი ესე ვაშალომიძის პატარა წისქვილში მიჰქონდათ ხენჩელაზე.
ღომის მოყვანა,მე მახსოვს რომ, თითქმის მივიწყებული იყო. მას საკვებად არა,მაგრამ წიწილებისთვის თესდნენ ზოგიერთები. ხალხის ძირითად საკვებს სიმინდი, ლობიო და სოიო შეადგენდა.
შემოდგომის მიწურულს, მთა რომ დაიცლებოდა, ჩვენი ოჯახის ახლობელი, დურსუნ ჭაღალიძე ხან კარაქს, ხან ჩეჩილ ყველს და ხან ყურუთას მოგვიტანდა. ჩამორეკავდა დასაკლავ პირუტყვს და თანდათანობით სოფლის ცენტრში ყიდდა, ზოგს ნისიად, ზოგს ნაღდზე. დურსუნს 16-17 წლის ვაჟი ახლდა _ჯემალი, მე რომ 7 წლის ვიყავი კისერზეშესმულს მატარებდა. წამოვედით მე და ჯემალა წისქვილთან. წყლის არხია 1,5 მეტრი სიგანის.გამოიქცა ჯემალი და გადახტა არხზე. გამოვიქეცი მეც და გადახტომის ნაცვლად ჩავვარდი წყალში. მიმათრევს წყალი წისქვილისაკენ. გადმოხტა ჯემალი წყალში, შემოსვა ზურგზე და სველი, შიშით გულგახეთქილი მიმყვანა დედასთან. რა დამავიწყებს, სიკვდილს გადამარჩინა…

ბახმარო

მამაჩემი ბახმაროში ყავარს რომ ხდიდა,(ყავარი ნაძვის ხისგან მზადდება, სისქით იხდება, გურიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სახლები ყავრით ჰქონდა დახურული), მთელი ზაფხული მოდიოდნენ ბიჭები გადრეკილის იალებიდან (იელა დასახლებული პატარა ადგილებია), ანდა ზოტიყელიდან. საღამოს ლამპარს ანთებდნენ და იყო ერთი სიმღერა და ცეკვა-თამაში. ხალხი ერთმანეთთან ძმობდა და მეგობრობდა. გურულები და აჭარლები ერთი ოჯახის წევრებივით იყვნენ ერთმანეთთან. ერთად ვმღეროდით და თუ რამეს ვიშოვიდით, ერთად ვიყოფდით.
ჩვენი სოფელი, განსაკუთრებით უკანაველები და ვანისქედელები, როგორც კი შინაურ საქმეს მიათავქუდებდნენ , დედიან ბუდიანად აიყრებოდნენ, გაირეკავდნენ შინაურ პირუტყვს: ძროხას, თხას, ღორსაც, ხშირად ვისაც შეეძლო ინდაურის ჭუკებსაც და მივდიოდით ბახმაროზე. იქ ერთ თვეს, ზოგს თუ ამინდი მისცემდა მეტ ხანსაც რჩებოდნენ. ბარში მხოლოდ მოხუცები რჩებოდნენ, ან ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
ომგადახდილი ასკანელი კაცი, დიდი მეფუტკრე ვახტანგ ლომინაძე ფუტკარს ამოიყვანდა. მისი პატარა ბროშურაც კი იყო _„მეფუტკრე ვახტანგი.“
ინდაურები ბუღლავას და ხაბუდრაკას (ერთწლიანი მცენარეებია) ფოთლებს პატარა ჭიამაიასავით მაგვარ „ბობლებთან“ (მწერებთან) ერთად მიირთმევდნენ. შემოდგომაზე დასუქებულები ჩამოჰყავდათ ბარში.
თითქმის ყველას ჰქონდა პატარა ბახმაროში და ჩადრეკილში თავისი სახლი. ვისაც როგორ შეეძლო, ისე აშენებდნენ. იყო იქ სავაჭროებიც, ასევე პურის საცხობიც. იქვე იყო თხის, ცხენების და მესაქონლეობის ფერმები და კარვები: მთისპირის, ჯაროსნაკარვალზე ვანისქედის, სერგო კავარაცხელიას სახლში; ბასილეთის, ქვენობნის, ბუკნარის, გულიანის, მზიანის და ვაკიჯვრის. იმას იქით (მზის ჩასასვლელი გორა) მხოლოდ მოყორვილზე თუ გარეკავდნენ, თორემ კურორტი (ომამდე და 50-იან წლებშიც) შემოღობილი იყო. შიგ მოხვედრილ საქონელს დაიჭერდნენ ამ საქმისთვის გამოყოფილი ხალხი და იქვე ჩიხში ჩაყრიდნენ და სანამ ჯარიმას არ გადაგახდევინებდნენ არ გამოგატანდნენ, თუგინდ ერთი კვირა ყოფილიყო შიგ…
გზა ბახმაროსაკენ ვანისქედიდან იწყებოდა და რა თქმა უნდა უკანავადანაც, მაგრამ ვანისქედი ერთგვარი თავმოყრის ადგილი (ბირჟა) იყო. იქ იყრიდნენ თავს ლანჩხუთიდან, ფოთიდან, ოზურგეთის ნაწილი, ნაგომრიდან და სუფსის გაღმა სოფლებიდან: ძიმითი, მამათი და რა თქმა უნდა ადგილობრივები.
ვანისქედში ამოდიოდნენ ცხენებით, ურმით. თუ ვინმეს ხელეწიფებოდა სატვირთო ავტომანქანებით, ე.წ. „პოლტორკებით.“ აქ მათ დახვდებოდნენ ცხენოსნები, რომლებსაც ჩალანდრებს ( ჩალვადარი) ეძახდნენ, ესენი იყვნენ ცოცხალი „ტაქსები,“მოურიგდებოდნენ მეცხენეს. ბავშვიანს სხვა ფასი ჰქონდა, იმიტომ, რომ სადაც სახიფათო ადგილები იყო, ბავშვი სულ საპალნეში უნდა ყოფილიყო ჩამჯდარი _ ან ფეხმძიმე ქალი. ერთი სიტყვით, იყო მორიგება და ვაჭრობა.
იმ ადგილას, სადაც ეს ხდებოდა, იდგა ჩემი მეუღლის მამის, ბატონი მიხაკო ანტონის ძე წულაძის სამჭედლო, რომელიც დიდ როლს ასრულებდა ცხენების ნალით დაჭედვაზე, სამუშაო იარაღის მოპარვასა და თუგინდ ახლის გაკეთებაზე. იმ ხანად ქარხნული წესით დამზადებულს ნაკლებად ნახავდით, იქვე პატარა ბიჭებს მინი „ბუტკები“ ჰქონდათ გამართული, ყიდდნენ ბალს, საადრეო მსხალს,მწვანე ბალახს ცხენებისათვის კონებად, რომლებსაც მგზავრები ყიდულობდნენ. ჩალვადრები ბახმაროდან აქეთ ბარში წამოსაღებ ბარგს ეძებდნენ, რაც ძირითადად ყავარი იყო. ზოგი ყიდულობდა, ზოგის ახლობელი იყო , იქ რომელიც ყავარს ხდიდა _ და საერთოდ, არც ისე იოლი იყო ყავრის წამოღება უბილეთოდ; ვინც ხდიდა ყავარს, იმას სპეციალური ნებართვა ჰქონდა სატყეოდან, რომელიც დიდ ბახმაროში ფუნქციონირებდა. დირექტორი მახსოვს, ტანად პატარა, მაგრამ ყველასგან პატივსაცემი კაცი კარლო თავბერიძე იყო. ყავარს ვისაც გამოატანდა, ამხდელ ბილეთსაც გამოატანდა, რომელშიც აღნიშნული იყო იმის რაოდენობა თუ რამდენის გამოტანის ნება ჰქონდა მიცემული. როცა „აბეშიკი“ შეხვდებოდა, იგი ბილეთზე აკეთებდა აღნიშვნას, რაოდენობაზე ხელის მოწერით.
ომის შემდგომი პერიოდში არ იყო ადვილი ოჯახის შენახვა. ყველა ღონეს ხმარობდნენ ადამიანები, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ.
ლადიმე (ვლადიმერ) და ეპრასი ვაშალომიძეებს მრავალსულიანი ოჯახი ჰქონდათ _6 შვილი ჰყავდათ. მათ ცხენი არ ჰყავდათ, მოკრიფეს საადრეო ბალი, ორივემ მოიკიდეს ზურგზე და წაიღეს ბახმაროში. იქედან ზოტიყელში გადავიდნენ _ სადაც ალპურ საძოვრებზე აჭარლების მრავალრიცხოვანი მოსახლეობაა. დაქანცულებმა გადაცვალეს ბალი ფქვილზე, ცოტა ყველზეც, კარტოფილზე და უკან დაბრუნებისას დაქანცულებმა დაისვენეს ჩადრეკილში და მოილაპარაკეს, რომ ერთი ამ პროდუქტს წაიღებდა, ხოლო მეორე ე.ი. ლადიმე ზურგით წაიღებდა 50 ცალ ყავრის ფურცელს.
ვინც ადრეა ნამყოფი სანადიროდ ბახმაროსკენ, ან ისე უვლია, ეცოდინება რომ თოვლი სადაც 2-3 მეტრი, ხან მეტიც მოდის, პატარა ხეობებში უფრო გვიან დნება და ისიც, ქვემოდან ე.ი. ზევით რომ გგონია მყარად მიდიხარ, იქნებ თხელი ფენაა. ..მოდიან ჯოხდაბჯენილი ასაკოვანი ადამიანები, უჭირთ, მაგრამ ცოტა საკვები და თანაც ყავარი მოაქვთ და უხარიათ. ჩვენ იმ ადგილს დიდ საგანოს ვეძახით, იმიტომ, რომ სულ გვერდით მივყვებით სათიკნიას მთას; ერთ ადგილას მოსულები თოვლზე გავიდნენ. ეპრასის უფრო მსუბუქი ტვირთი ჰქონდა, გადავიდა მეორე მხარეს, მაგრამ ლადიმეს ჩაუშვავდა თოვლი და უზარმაზარ ჭაში ჩავარდა. ჯერ, როგორც იქნა ყავარი ამოათრია ევპრასიმ, ხოლო შემდეგ „დაფხოჭილი“ და დაცემით მიღებული ტრავმით ეპრასის დახმარებით ლადიმეც ამობობღდა ზემოთ. განაგრძეს გზა სოფლისაკენ. მაშინ დიდი ყურადღებით იყვნენ ტყის მცველები და ტყის უკანონო ჭრის გასაკონტროლებლად, ვანისქედის სოფელთან ახლოს, სამტრედაზე ხერგილი ჰქონდათ გამართული. გამვლელ-გამომვლელი ამ გზას ვერ აცდებოდა. აქვე მარცხენა მხარეს ბახმაროს გზის ჩოხატაურის სატყეო იყო, ხოლო მარჯვნივ _ სანისლიეს გორიდან სათიკნიამდე და იქ კიდევ ჯაროს ნაკარვალის (ადგილებია ბახმაროს ტყეებში) ჩათვლით: საქაჯიე, ტეკარა, ბახვის წყლის გაღმა-გამოღმა მახარაძის (ოზურგეთის) სატყეო იყო.
ჩოხატაურიდან მეტყევე ჭუკიე კალანდაძე და კიდევ ერთი კაცი მორიგეობდნენ ხერგილზე მონაცვლეობით; ჩვენ ე.ი. ოზურგეთის მხრიდან, მათთან ერთად ერთად მორიგეობდნენ მთისპირელი ტყის მცველები, „აბეშჩიკები“: ხარიტონ ანდღულაძე და ტიტიკო სოსელია. ეს ხანდაზმული მეტყევეები ხალხში დიდ სიმპათიას იმსახურებდნენიმის გამო, რომ ტყე მაშინდელ იქაურ მცხოვრებლებს თითქმის კვებავდა, ეს ჰუმანური ხალხი ხშირად თვალს არიდებდა ხე-ტყის მომხმარებლებს, რადგან ისინი ამით, ამ გაჭირვების დროს, თავის ღარიბ ოჯახებს კვებავდნენ. ჰოდა ჩამოაღწიეს რის ვაივაგლახით ლედიმემ და ეპრასიმ სოფლის ახლოს გამართულ ხერგილთან და შეისვენეს თუ არა, კალანდაძე ლადიმეს ყავრის ბილეთს სთხოვს. აბა ლადიმეს ზურგით წამოღებული 50 -მდე ფურცელი ყავრის ბილეთი სად ექნებოდა და კალანდაძემ ჩამორთმევა დაუპირა, _წარმოიდგინეთ, ამ გაჭირვებული კაცის ყავრის წართმევა რას წარმოადგენდა? ხარიტონი სთხოვს კალანდაძეს _ ეს რა ადამიანობაა, ამისთვის ვინ გეტყვის მადლობასო. არ გასჭრა ხვეწნამ და ხარიტონმა წამოავლო ხელი მის „ბერდენას“ (თოფია ასეთი). _ წადი, ლადიმე ძამია! და თუ ვინმე ხელს შეგახებს, ტყვიას ვესრიო… წავიდა საწყალი ხალხი, დაბოღმილი და შეურაცყოფილი;
ეს იმიტომ გავიხსენე, რომ იმ ძნელბედობის ჟამსაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც გაჭირვების ჟამს მშიერ ოჯახებზე, ქვრივ-ობლებსა და მათ ოჯახებს, ვინც ფრონტზე იბრძოდა და მათი არაფერი ისმოდა _ მათი შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებოდნენ.

(უფრო ვცლად იხ. გაზეთი „ალიონი“, #3, 2022 წ.)

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 100
    „რუსები ინტენსიურად ბომბავდნენ ირპენს, იძულებული გავხდით პოლონეთში გადავსულიყავით“ქეთევან ჯინჭარაძე და ტარიელ თავბერიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირიდან არიან. 2012 წლიდან ქეთევანი სოფელ მთისპირის გამგებელი იყო. შემდეგ ოჯახური გარემოებიდან გამომდინარე უკრაინაში გადავიდნენ და ბოლო 6 წელი კიევიდან ჩრდილოეთით, ქ. ირპენში ცხოვრობდა. რუსეთ-უკრაინის ომმა აიძულა ირპენი დაეტოვებინა და ამჟამად პოლონეთში, ქვემო სილეზიის დედაქალაქ ვროცლავშია. გაზეთი „ალიონი“ ქეთევან ჯინჭარაძეს სოციალური ქსელის…
  • 88
    ხის ნაკეთობების გურული ოსტატიწინა საუკუნეებში ხის ნაკეთობანი, საოჯახო ნივთები აუცილებლობას წარმოადგენდა, რადგან  ლითონის ჭურჭელი დიდი ფუფუნება იყო და იგი ძირითადად სპილენძით თუნგს და კარდალათ შემოიფარგლებოდა. ფართოდ გამოიყენებოდა ქვის და ხის ნაკეთობები _ხის გობი, ხის ჯამები,ფილი,  კეცი, ჩამური, კოპე, ორკოპე, კერია  და  ა.შ. დღეს იშვიათად შეხვდები აჭარა-გურიის მთებში  ცხენებს ხის გორდებით, რითაც ყველი,კარაქი,  ხილი,…
  • 81
    ოკუპანტებმა ირპენში New York Times-ის კორესპონდენტი მოკლესოკუპანტებმა კიევის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ირპენში New York Times-ის კორესპონდენტი მოკლეს.50 წლის ბრენტ რენო არაერთი ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი და დოკუმენტალისტი კინორეჟისორი იყო. ამ ინფორმაციასCNN ვრცელებს.    
  • 81
    „9 აპრილმა ჩვენ თავისუფლება მოგვიტანა“დღეს,  9 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, ნინო თოიძის საფლავზე  ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ვთხოვეთ გაზეთ „ალიონთან“ ესაუბრათ 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ. ავთანდილ თავართქილაძე, ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი: _9 აპრილმა დიდი  სიხარული დაგვიტოვა. ჩვენ  წმინდანები გვყავს, 2 ქალბატონი გურიიდან _ნინო თოიძე და ნატო გიორგაძე. ჩვენი ცხოვრება 9…
  • 81
    ასკანის ციხის რეაბილიტაცია დაიწყებაოზურგეთში ასკანის ციხის რეაბილიტაცია დაიწყება _ ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა თეა წულუკიანი ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წინასაარჩევნო შეხვედრებს დაესწრო და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. _„ასკანის ციხე უნიკალური ძეგლია, რომლის რეაბილიტაციის მიზნითაც რამდენიმეწლიან პროექტს ვამზადებთ“ _ განაცხადა თეა წულუკიანმა. _„ეს…