15 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაბა ნასაკირალის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესო ქათამაძემ სიტყვა ითხოვა. იმის გამო, რომ სხდომის დასაწისში ენმ-ის წევრი დეპუტატი თათია ნიკოლაიშვილი სიტყვით გამოვიდა, მას რეგლამენტი შეახსენეს და სხდომის დასრულების შემდეგ მისცეს სიტყვა. საკრებულოს დღის წესრიგით საკითხების განხილვა დასრულებული იყო, ამიტომ რამდენიმე დეპუტატმა სხდომა დატოვა და ქათამაძეს არ მოუსმინა.

ბესო ქათამაძეს ახალი არაფერი არ უთქვამს, მაგრამ იმ თემას შეეხო, რომელიც ოზურგეთის მომავლისათვის ძალზე მნიშვნელოვანია.

_ ვანდალიზმი და საზიზღრობა ხდება ჩვენს მუნიციპალიტეტში ქვა-ღორღის მოპოვებასთან დაკავშირებით. ბაილეთი-სილაური ნასაკირალის მონაკვეთზე ულიცენზიოდ მოიპარეს მილიონობით ლარის ღირებულების ინერტული მასალა. სოფელ სილაურში მდინარე სუფსიდან ინერტული მასალა გაჰქონდა კომპანიას, რომელსაც შესაბამისის ლიცენზია არ გააჩნდა.

აოხრებულია ყველაფერი, პრაქტიკულად მდინარე არ არსებობს, ახლა იგივე პროცესი, სოფელ გურანთაში, შავიზღვისპირა 20  კილომეტრიან ზოლში, მდინარე ნატანების აუზში  მიმდინარეობს. რაც ხდება გურიანთაში, ეს ვანდალიზმია, მოსახლეობა ამბობს, რომ საფრთხე ექმნება ლაითურის ჭაბურღილებს, რომლის პროექტი სახელმწიფოს 5 მილიონი ლარი დაუჯდა. გეოლოგებიც ამბობენ, რომ ჭაბურღილებს საფრთხე ექნებათ. მაინტერესებს ვინ არის ეს ხალხი, ვინ მფარველობს მათ, რომ ასე ვანდალურად ექცევიან გარემოს და მილიონობით ლარს რომ იდებენ ჯიბეში. პასუხს ვინ სთხოვს _ განაცხადა ბესო ქათამაძემ.

ქათამაძეს მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ უპასუხა:

_მე როგორც მაქვს ინფორმაცია, სხვა ლოკაციაზე არ მიმდინარეობს ინერტული მსალის მოპოვება. გურაინთაში ხდება ეს, ავტობანი უნდა აშენდეს.ლიცენზია აქვს მაგ კომპანიას და თანხმობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან 2021 წელს აქვს მიცემული და მასზე მე ნუ მომთხოვთ პასუხს.

თუ გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ დარეკოთ მუნიციპალურ ინსპექციაში და შესაბამისი შეტყობინება გააკეთოთ. ერთად ვაკონტროლოთ,  ჩვენი ინტერესიც ეს არის გარემოს დაცვა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედოთ _უთხრა ქათამაძეს ღურჯუმელიძემ.

ამით დასრულდა ეს კითხვა.

კარიერების თემით ყველაზე მეტად ალბათ  ჟურნალისტები არიან დაინტერესებულნი, რადგან წლებია ვწერთ გურიის მდინარეებზე არსებულ მდგომარეობაზე. თავდაპირველად ბევრნი ვიყავით, თუმცა თანდათან ჩამოგვცილდა თანამოაზრეები_ზოგმა რესურსის  არქონა დაასახელა, ზოგმა სხვა მიზეზი…

ისე, მთლად ადვილი არ არის, იქ მისვლა, სადაც  მოსალოდნელი სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცყოფისაგან თავის დასაცავად 112-ზე დარეკვა და პოლიციის გამოძახება ხდება საჭირო. ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო მუხტიც, ცრუ დაპირებებით (გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები) შეასუსტეს.

არც თუ შორეულ წარსულში, ახლახან  მდინარე სუფსის ხეობაში მომხდარიც საკმარისია იმის ასახსნელად, როცა კომპანია „ქიუ ემ სიმ“ ვითომდა „გასწორხაზოვნების“ მოტივით, ნაპირები არ დაუტოვა და ფაქტიურად ფსკერი ამოუღო მდინარე სუფსას ოზურგეთი-ბაილეთი-ჯუმათი-გულიანის გზის სუფსის ხიდის მიმდებარედ.  კომპანიას წიაღის ეროვნული სააგენტოდან არანაირი ნებართვა არ ჰქონდა. არც გარემოს დაცვის შესაბამის სამსახურს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არანაირი ზომები არ მიუღიათ ამ ბარბაროსული ქმედების შესაჩერებლად.

რომელ კომპანიაზეც საუბრობდა დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატი? ამის შესახებ წელს ვწერდით: („საბრძოლო პილიგონად ქცეული კარიერი“, „ალიონი“ #3,14 თებერვალი,2022 წ.)

გთავაზობთ ამონარიდს ამ სტატიიდან:

„როგორც ვწერდით, ხელისუფლებამ ერთობლივი საწარმო „POLAT YOL &MAPA“  უფლება მისცა  ზღვიდან 20 კილომეტრიან  ზოლში, მდინარე ნატანებზე, ისტორიული ვაშნარის ციხე-ქალაქის მიდებარედ, ლიცენზიის გარეშეც მოიპოვოს წიაღი. ამისთვის 2020 წლის 4 სექტემბერს. სასწრაფოდ შევიდა ცვლილებები2005 წლის 11 აგვისტოს N 136 დადგენილებაში   „სასარგებლო წიაღის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების“ .

კერძოდ:  _ „დაუშვებელია ლიცენზიის გაცემა ინერტული მასალის მოპოვების მიზნით, შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა…შავი ზღვის შესართავიდან 20 კმ. მანძილზე პირდაპირი ხაზით“…

ცვლილება: _ „ მითითებულ დიაპაზონში ინერტული მასალის მოპოვება ნებადართულია…იმ შემთხვევაში, თუ მოპოვება წარმოებს ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან შავი ზღვის ნაპირების ( პლაჟების) აღდგენის მიზნით. მოპოვება დასაშვებია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული მასალა დასაწყობებულია“…აღნიშნულს ხელს აწერს მაშინდელი პრემიერი-მინისტრი გიორგი  გახარია.

სასწრაფო წესით კანონის ცვლილებას წინ უსწრებდა, კომპანია “პოლატის” წერილი 27. 08.2020 წ. დოკუმენტის N-TMO/20/0324, რომელიც გაეგზავნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. კომპანიამ დაიწუწუნა წიაღი არ მაქვს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვისო.

გზა უნდა აშენდეს, და გამონაკლისი დაუშვეს, რომელსაც ხელს ამჟამინდელი პრემიერიც  აწერს. მდინარე ნატანების აუზში, 20 კილომეტრიან ზოლში ულიცენზიოდ შევიდა„POLAT YOL &MAPA, რომელმაც იქ წიაღისეულის  მოპოვების უფლება ქვემოიჯარე კომპანის გადასცა და  ახლა ვხედავთ, როგორ ბარბაროსულად ექცევიან ისინი ხეობას.“

გაზეთი „ალიონი“ დაუკავშირდა ქვემოიჯარე კომპანიის მენეჯერს იაკობ ლექვინიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მას დრო არ ჰქონდა ჩვენთან სასუბროდ.შემდეგ კი ვერ დავუკავშირდით.

ლექვინიძისთვის დასასმელი კითხვა, ჰქონდათ თუ არა შესაბამისი გარემოსდაცვითი ნებართვა და წარმოების გეგმა, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნებართვები_უპასუხოდ დარჩა.

ავტობანი  შენდება, მაგრამ მდინარე სუფსის აუზის აოხრების შემდეგ ქვა-ღორღის მომპოვებელები ახლა მდინარე ნატანების აუზს კვლავ შეესივნენ და ბოლო 20 წლის განმავლობაში 40-მდე ქვა-ღორღის მომპოვებლების მიერ აოხრებულ ხეობას საბოლოო განაჩენს გამოუტანენ.

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 80
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 76
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 72
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 71
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 71
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…