24 სექტემბერს ავსტრიის ქალაქ ვაიდჰოფენ იბსის ფლენქას დარბაზში შედგა ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსის და ხელოვანის, თათა ასათიანი-აიგნერის მიერ შექმნილი მუსიკალური და მულტიმედიური პროექტის ,,მზის შვილების“ პრემიერა, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და ავსტრიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს.

იგი ჩატარდა ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ ვოლფგანგ სობოთქასა და ქვემო ავსტრიის ქალაქ ვაიდჰოფენ იბსის მერის, ბატონ ვერნა ქრამერის პატრონაჟით და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

ღონისძიებას პროექტის ქართველ ავტორთან ერთად ორგანიზება გაუკეთა ქვემო ავსტრიაში მდებარე იბსთალის მუსიკალური სკოლების გაერთიანებამ.

პრემიერას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ წარმომადგენლები საქართველოს საელჩოდან ავსტრიაში, ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) დეპუტატი, ანდრეას ჰანგერი, ქვემო ავსტრიის რეგიონის ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატი, ანთონ ქასერი და ქალაქ ვაიდჰოფენ იბსის მერი ვერნა ქრამერი.

სტუმრების ოფიციალური მისალმების შემდეგ პროექტის ავტორის, თათა ასათიანი-აიგნერის, პროექტის ორგანიზატორის ქრისთიან ბლაჰუსის და ქვემო ავსტრიის რეგიონის ადგილობრივი დეპუტატის ანთონ ქასერის მიერ ნაჩვენები იქნა გახსნის ვიდეო, რომელიც გადმოსცემდა მადლიერებას პროექტის ყველა მონაწილის მიმართ.

მრავალმხრივი ხელოვანის, თათა ასათიანი-აიგნერის შემოქმედებითი ფსევდონიმია Filia Solis. მის მუსიკალურ და მულტიმედიურ პროექტს ძირითადად საფუძვლად უდევს კაცთმოყვარეობის იდეა – საკუთარი თავის და ზოგადად, ადამიანების სიყვარული.         პროექტი ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცხოვრების გზაზე შეხვედრილი დაბრკოლებების მიუხედავად პოულობს ძალას და სიმამაცეს, რომ არ გაჩერდეს და იაროს წინ, საკუთარი ოცნებებისა და მიზნებისაკენ.

ყველაფერი ეს პროექტში ხორცშესხმულია თათას მუსიკალური ნაწარმოებებით, თავისივე სიმღერის ტექსტებით, ცეკვის პერფორმანსით, შუქის ინსტალაციებით და ვიდეოებით, ასევე – ელექტრონული საუნდით.

პროექტში გამოყენებული შუქის ინსტალაციები ასეთი სახით უშუალოდ ,,მზის შვილებისთვის“ შექმნა ვენის სახელოვნებო უნივერსიტეტში მოღვაწე ხელოვანმა ული ქიუნმა და მას ეწოდა ანალოგური ვიზუალიზაციები.

ცეკვის პერფორმანსი პრემიერისთვის დადგა ქორეოგრაფმა მარია ბლაჰუსმა 11 მოცეკვავით და თავისივე მონაწილეობით.

პროექტის ფარგლებში შესული ვიდეოები გადაიღო თათამ თავისი მეუღლის- ალექს აიგნერისა და მათი მეგობრის – თომას აიჰლეთერის დახმარებითდა თვითონვე დაამონტაჟა.

,,მზის შვილებში“ თათასთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მისი კოლეგები და მოწვეული მუსიკოსებიც.

,,მზის შვილების“ პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა.

_ ,,ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, ვოლფგანგ სობოთქას და ქალაქის მერს, ბატონ ვერნა ქრამერს პროექტის პრემიერის პატრონაჟისთვის. ასევე, უღრმესი მადლობა ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს და ქალბატონ ელჩს, ქეთევან ციხელაშვილს, მხარდაჭერისთვის.

უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის თანაორგანიზატორს, ბატონ ქრისთიან ბლაჰუსს, პროექტის ყველა მონაწილეს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ორგანიზების პროცესში თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა. მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ასეთი მასშტაბის ღონისძიების სცენაზე გატანა.

და ბოლოს, უღრმესი მადლობა ჩემს მეუღლეს – ალექს აიგნერს, გვერდში დგომისთვის და პროექტში შეტანილი წვლილისთვის“-_ამბობს თათა ასათიანი-აიგნერი..

წარმოშობით ქართველი მუსიკოსი (დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია) და ხელოვანი, თათა ასათიანი-აიგნერი, ცხრა წელია ავსტრიაში ცხოვრობს. ის მუშაობს ქვემო ავსტრიის ქალაქ ვაიდჰოფენ იბსის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს მასწავლებლად, კონცერტმაისტერად და ასევე, ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტად. ამის გარდა, თათა წერს მუსიკალურ ნაწარმოებებს, ქმნის შემოქმედებით პროექტებს, არის რამდენიმე ბენდის წევრი და აქვს ხშირი საკონცერტო გამოსვლები.მისი მეუღლე ალექს აიგნერი მუსიკოსია.

ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) დეპუტატი, ანდრეას ჰანგერი: –  ,,მზის შვილები“ ძალიან ლამაზი და შემოქმედებითი პროექტია, რომელიც ვაიდჰოფენ/იბსთალის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლის ფარგლებში ჩატარდა. მე ძალიან მნიშვნელოვნად ვთვლი იმ ფაქტს, რომ ასეთი სახის პროექტი სცენაზე გავიდა, რადგან ის ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს უსვამს ხაზს. ჩემთვის ეს იყო ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი საღამო. ჩვენ ზუსტად დღევანდელობაში გვჭირდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცება და ეს ღონისძიება იყო ამის სიმბოლო.

ქალაქ ვაიდჰოფენ იბსის მერი, ვერნა ქრამერი – ის ფაქტი, რომ პროექტი ,,მზის შვილების“ პრემიერა ქალაქ ვაიდჰოფენში შედგა, ჩემთვის აბსოლუტურად ფანტასტიურია. ჩვენს გამოწვევებით სავსე დროში რომ ხელოვანი თათა ასათიანი თავისი შემოქმედებითი პროექტით ჩვენ ასეთ ძალას გვაძლევს, ამით მე, როგორც ქალაქის მერი, ძალიან ვამაყობ.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 91
    ნამახვანჰესზე მომუშვე ორგანიზაციების განცხადებასოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
  • 91
    ,,წაიღე ჩემი სევდა!“დღევანდელი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ძალადობრივი ექსტრემიზმი. ჩვენს ირგვლივ გარემო წალეკა ფემიციდის, სიუციდის, ჰომოფობიის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფრუსტრირება და სოციალური დაუკმაყოფილებლობა მიგვაჩნია. ჩნდება სიტუაციები, რომლებშიც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. ეს კი თავის მხრივ ზრდის აგრესიის განხორციელების ალბათობას. ჩვენში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იმატა მოლოდინებისადმი…
  • 90
    მოლოდინი - საინტერესო, საჭირო ინფორმაციის მიღებისა, მიზანი - დავგეგმო სწორად;  შედეგი  - ვიპოვო წარმატების გასაღები ...პროექტის მიზანი, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება შინა მეურნეობებში, ბუნებრივი რესურსების მართვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე და სოციუმში მათი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდა ,,გურიის განვითარების კავშირის“ მიერ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით“ სახელწოდება: საქართველოს კლიმატის…
  • 89
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 84
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…