განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი

ავტორი ლია კილაძე

„50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

ბეჟან ნაკაიძის შესახებ მწირი მასალებია შემორჩენილი, მათი გაცნობაც კი საკმარისა თვალწინ წარმოგიდგეთ კაცური კაცი და ნიჭიერი შემოქმედი.  თანამედროვეთა მოგონებები კი ფერად შტრიხებს ამატებენ მის სახეს და უნებლიეთ  გული გწყდება, რომ არ მოგეცა საშუალება მასთან ურთიერთობის, მასთან მუშაობის.

ბატონმა ბეჟანმა თავისი ცხოვრება ოზურგეთის თეატრს ახალგაზრდობიდანვე დაუკავშირა. ოზურგეთში, პირველი საშუალო სკოლა 1939 წელს დაამთავრა, ხოლო უკვე 1941 წელს, მრისხანე სამამულო (მეორე მსოფლიო) ომის წლებში, ბეჟან ნაკაიძე ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორია ოზურგეთის თეატრის მუშაობის განახლებისა, ამ დროს თეატრის მამაკაცი მსახიობები ფრონტზე იბრძოდნენ.

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ბეჟან ნაკაიძე ოზურგეთის თეატრის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც 20 წლის განმავლობაში იყო ოზურგეთის თეატრის დირექტორი. ადმინისტრაციული თანამდებობის მიუხედავად, ის პირველ ყოვლისა იყო მსახიობი და რეჟისორი.

ბეჟან ნაკაიძის ხელმძღვანელობის წლებს უკავშირდება 1958 და 1964 წლების წარმატებული გასტროლები დედაქალაქში. ოზურგეთელი თეატრალების პირველი გასვლა თბილისში და მაყურებლის მოჯადოება და  თეატრალური კორიფეების დიდი აღიარება. ბეჟან ნაკაიძემ ჩაუყარა საფუძველი ოზურგეთისა და მოსკოვის მცირე სამხატვრო თეატრების მეგობრობას და პირველი კო-პროდუქციაც კი შექმნა სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს“, სადაც ოზურგეთელებთან ერთად მოსკოვის მცირე თეატრის  მსახიობი,  ვიტალი დორონინი თამაშობდა.

თეატრში ბატონი ბეჟანის შესახებ მხოლოდ კარგს გაიგონებთ:

ჯემალ კეჭაყმაძე, მსახიობი: _ბეჟან ნაკაიძე _ ეს არის ძალიან მოსაფერებელი სახელი და გვარი, იგი იყო ძალიან დიდი პიროვნება… ძალიან დიდი… დიდი ქართველი, ხელოვანი, შესანიშნავი მსახიობი, მისი შესრულებული როლები იყო ბუნებრივი და დამაჯერებელი, ბეჟანი თეატრის დირექტორი იყო, სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, მსახიობი… თეატრზე შეყვარებული, თეატრის კაცი იყო…

არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი მისვლა თეატრში. 18 წლის ვიყავი,  მაშინ თეატრი იყო იქ, სადაც ახლა იუსტიციის სახლია.  1958 წელია. შევედი დირექტორთან კაბინეტში და ვუთხარი თეატრში მინდა მუშაობის დაწყებაო. დაკვირვებით შემომხედა და მკითხა – რა შეგიძლიაო? – ვმღერი, ლექსებს ვკითხულობ, ვცეკვავ-მეთქი. მის თხოვნაზე ვიმღერე რაც სულ  მესმოდა: „ორაიდოდა, იქეთ  ნუში, აქეთ ნუში, შუაში ფარდა ჩამოვუშვი, ძია სტალინ, გეხვეწები, ჩემი მამა გამოუშვი.“ მკითხა: – მამაშენი სად არის? _ ომიდან არ დაბრუნებულა-მეთქი. მცირე პაუზის შემდეგ მომაწოდა ფურცელი და კალამი, – დამიწერე განცხადებაო და იმ დღიდან დღემდე თეატრის მსახიობი ვარ.    როგორც რეჟისორი, განსაკუთრებული იყო,  რეპეტიციებზეც სასწაული პიროვნება… მასთან სპექტაკლში  მთავარი როლი მაქვს შესრულებული, გიტარაზეც მღეროდა ჩემი პერსონაჟები… პირველი როლიც ბეჟანის სპექტაკლში მქონდა. ვკანკალებდი მღელვარებისგან… როგორც დირექტორი, ძალიან მომთხოვნი იყო. იდეალური დისციპლინა ჰქონდა თეატრში, ბეჟანი რომ გამოჩნდებოდა თეატრის ტერიტორიაზე, ყველაფერი ჩერდებოდა. ყველა ელოდა მას…

 სხვების მონათხრობით მახსოვს, რომ ბეჟანი რაიკომის სხდომაზე თოვლჭყაპსა და სიცივეში პალტოს გარეშე მისულა. გაკვირვებული ხალხის შეკითხვაზე უპასუხია – კალენდარი კი მაქვს, მაგრამ ჩასაცმელი არ მაქვსო… შესაძლოა ეს ერთგვარი ირიბი თხოვნა იყო თეატრის დაფინანსების გაზრდაზე, ჩვენთან ხელფასებზე სულ გაჭირვება იყო. ზუსტად  არ ვიცი.

დღეს რომ თეატრი არსებობს, ეს არის ბეჟანის ძალიან დიდი დამსახურება. ბეჟანი ბრწყინვალედ უძღვებოდა თეატრს. იცოდა სად, როგორ, ვისთან, რანაირად…ჩემს მეხსიერებაში არასოდეს წაიშლება ბეჟან ნაკაიძე, არასოდეს  დამავიწყდება.  სასწაული კაცი  მაგარი კაცი, ბრწყინვალე ქართველი.

ომარ ურუშაძე, მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი: _მე რომ თეატრში მოვედი, 1966 წლის ბოლო იყო, თეატრის დირექტორი იყო ბეჟანი, მან მიმიღო მსახიობად, მცირე გამოსაცდელი ვადის შემდეგ. ასეთი დირექტორი საქართველოში არ ყოფილა. ეს იყო  დიდებული დირექტორი. თანამშრომლის ნიჭს და საქმეს პატივს სცემდა… ხელოვნებას პატივს სცემდა, ხელოვანს ერთ გრამს არ დაუკარგავდა, პირადი განწყობით  და ურთიერთობით არ ხელმძღვანელობდა შეფასებისას. მსახიობებთან საჭირო დისტანციაც ჰქონდა და სიახლოვეც.  დიდებული ადამიანი იყო, თვითონ პიროვნება, ხელოვანი იყო დიდი… მის დროს თეატრში იყო სიწმინდე, სილამაზე, ხელოვნება…

„რაც გინახავს ვეღარ ნახავს“ დგამდა და კოსტაიას ვთამაშობდი მე. 17 წლის ვიყავი. ამოვიდა ბეჟანი სცენაზე პრემიერის მერე, ხელი ჩამომართვა, მომილოცა, მითხრა: _  შენ იქნები კაი წევრი, კაი მსახიობი ჩვენთანო.

ბეჟანი, როგორც რეჟისორი, საუკეთესო  სპექტაკლებს დგამდა, როგორც მსახიობი, სცენაზე იყო „მხეცი,“ „კიკივიძეს“ თამაშობდა არაჩვეულებრივად. მე არ მინახია, ვერ მოვუსწარი მაშინ.  კარგა ხანს იყო ოზურგეთის თეატრის დირექტორი. დირექტორი მაგი იყო. კი არ თამაშობდა დირექტორობას, იცოდა ვინ, როგორ… არ აპატიებდა არაფერს ვინმეს და არც დაუკარგავდა კაი თუ ჰქონდა რამე. ვიმეორებ, დიდებული დირექტორი იყო, საქართველოში მსგავსი დირექტორი არ ყოფილა.

გასტროლებზე ვიყავით ჩვენ, როცა მას გულმა დაარტყა და ჩამოვედით და აღარ იყო უკვე…    აცხონა ღმერთმა… მე მან დამაყენა ფეხზე, მან გამხადა მსახიობი, რასაც წარმოვადგენ, ეს მაყურებელმა იცის, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მე გამზარდა ბეჟანა ნაკაიძემ, დიდებულმა ადამიანმა და იშვიათმა, განუმეორებელმა დირექტორმა.

ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე: _  ბეჟან ნაკაიძე, ეს სახელი და გვარი ჩემთვის ყველაზე აღმატებული გახლავთ, ვინაიდან მისი ამაგი, სითბო, დარიგება იყო და არის დაუვიწყარი ჩემთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ისე ზრუნავდა ჩემზე, როგორც მშობელი იზრუნებდა საკუთარ შვილზე. მასთან  ძალიან ბევრი კარგი პირადი მოგონება მაკავშირებს.  სრულიად პატარა  გახლდით, ჩემს მშობლებს სიგიჟემდე უყვარდათ თეატრი, ბატონ ბეჟანს კი როგორც თეატრის დირექტორს,  აკრძალული ჰქონდა ბავშვების საღამოს სპექტაკლებზე დასწრება. თუმცა მან მხოლოდ ჩემთვის დაუშვა გამონაკლისი და ნებას მრთავდა  სპეციალურად  ჩემთვის გამოყოფილ ადგილზე, იარუსზე ვმჯდარიყავი და სპექტაკლებისთვის მეყურებინა.

ცოტა მოგვიანებით, უკვე მეათე კლასის მოსწავლე, მიხეილ გოლიაძისა და რეჟისორ გურამ აბესაძის  რეკომენდაციით თეატრში ბატონმა ბეჟანმა მიმიღო დამწყებ მსახიობად. დაუვიწყარი იყო პირველი როლიც ,,რევიზორში“, სადაც მუნჯის როლს ვასრულებდი. აღნიშნული სპექტაკლის შემდეგ ბატონმა ბეჟანმა ბატონ გურამ აბესაძესთან შეთანხმებით ფაქტობრივად ნელ -ნელა დაიწყო ჩემი მომზადება სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩასაბარებლად. კარგად მახსოვს, როგორ ამბობდა _  ოზურგეთის თეატრს დრამის რეჟისორი არ ჰყავს და შენ ჩემო ვასო, აუცილებლად რეჟისორი უნდა გამოხვიდეო. 

სადიპლომო სპექტაკლის გასაკეთებლად როცა ჩამოვედი, ბატონი ბეჟანი აღარ იყო თეატრის დირექტორი, მისი ცუდი ჯანმრთელობის გამო. ის 20 წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა ოზურგეთის თეატრს, როგორც დირექტორი. 1952 წლიდან რაც თბილისიდან დაბრუნდა, სადაც ის იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი, ოზურგეთის თეატრს ჩაუდგა სათავეში.

ჩემი სადიპლომო სპექტაკლის შუკშინის ,,ენერგიული ადამიანები“ მომზადების შემდეგ, როდესაც აფიშა გაიკრა და რეპეტიცია დასრულდა, ბატონი ბეჟანი სააფიშო დაფასთან მელოდებოდა და ვერ წარმოიდგენთ, როგორ მომეფერა, გამამხნევა, სტიმული მომცა და როგორი ბედნიერი იყო თავად. აქვე მინდა დავძინო, რომ მე მსგავსი მოწესრიგებული, დისციპლინირებული არავინ მაგონდება.   მკაცრიო დღეს ამბობენ, მაგრამ სწორედ ეს არის ის სავალდებულო სიმკაცრე, რომლითაც  საათივით  ჰქონდა ყველაფერი აწყობილი. შემდეგ როდესაც უკვე მე გავხდი ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სულ  ვფიქრობდი მიმებაძა მისთვის და ვყოფილიყავი ისეთი ხელმძღვანელი, როგორიც ის იყო.

სამწუხაროა, რომ იგი ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან და ბევრი დიადი და კეთილი საქმე დარჩა გასაკეთებელი. ნამდვილად დაუვიწყარი დეკადები ჰქონდა თბილისში, ამას გარდა მე ის გავიცანი, როგორც მსახიობი. ბრწყინვალე ,,კიკვიძე“ იყო, საუკეთესოდ ასრულებდა ამ როლს, მართალია მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ არასდროს არ დამავიწყდება მისი „კიკვიძე“ და კიდევ ერთხელ  სიამაყით  ვაცხადებ, რომ ის გახლდათ  ჩემი პირველი აღმზრდელი და პედაგოგი.

ვასილ კიკნაძე, თეატრმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე წერდა: „ღრმა აზრით, შემოქმედებითი გატაცებით, სხვის ბედნიერებაზე ზრუნვით იყო შთაგონებული ბეჟან ნაკაიძის სიცოცხლე. ვერც სიკვდილმა წაართვა მის სახელს აზრი, ამიტომ არის, რომ იგი ახსოვთ თეატრში, იგი ცოცხლობს ხალხის გულებში“.

ეს ასეა დღესაც. ბეჟან ნაკაიძის, საქართველოს დამსახურებული არტისტის ნაღვაწი თეატრსა და საზოგადოებაში, მისი ურთიერთობები და კვალი ნათელი, მისი დაბადებიდან 100 წლის შემდეგაც აქტუალური, სამაგალითო და საამაყოა.

გაზეთი „ალიონი“, 21 დეკემბერი, 2022 წ. #30.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    დღეს იური ჯიჯიეშვილის ხსოვნის დღეაავტორი ლია კილაძე დღეს იურის ხსოვნის დღეა... ნიჭიერი მსახიობის და საუკეთესო ადამიანის დაბადების დღე... მეექვსედ, უმისოდ... დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის ასპარეზი რომ შეხვედროდა, საქართველოში ყველასათვის ნაცნობი და ახლობელი იქნებოდა... ისტორია ინახავს მისი თამაშით ქართული თეატრის კორიფეების აღტაცებას... მის მიერ შესრულებულ ჭეიშვილის როლს ნოდარ დუმბაძის „თეთრ ბაირაღებში“ დიდი გამოხმაურება მოყვა სათეატრო საზოგადოებაში.…
  • 92
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 87
    „რუსები ინტენსიურად ბომბავდნენ ირპენს, იძულებული გავხდით პოლონეთში გადავსულიყავით“ქეთევან ჯინჭარაძე და ტარიელ თავბერიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირიდან არიან. 2012 წლიდან ქეთევანი სოფელ მთისპირის გამგებელი იყო. შემდეგ ოჯახური გარემოებიდან გამომდინარე უკრაინაში გადავიდნენ და ბოლო 6 წელი კიევიდან ჩრდილოეთით, ქ. ირპენში ცხოვრობდა. რუსეთ-უკრაინის ომმა აიძულა ირპენი დაეტოვებინა და ამჟამად პოლონეთში, ქვემო სილეზიის დედაქალაქ ვროცლავშია. გაზეთი „ალიონი“ ქეთევან ჯინჭარაძეს სოციალური ქსელის…
  • 82
    მაქსიმელიშვილთა გვარის უცნობი ისტორიამასალა მოამზადა მაია გელაშვილმა ეს ისტორია მოსკოვში მცხოვრები მაქსიმელიშვილთა გვარის შთმომავლის ქეთევან იმნაიშვილის გურიაში ჩამოსვლით დაიწყო. ის ესტუმრა სოფელ ბაღდადს, რომელიც მაქსიმელიშვილთა ძველი სათავადო სამკვიდრო გახლდათ. აქ ცხოვრობდნენ თავადი მაქსიმელიშვილები, იგივე მაქსიმელაშვილები და დიდი სასახლეც ედგათ. ჩამოსული სტუმარი თავისი წინაპრის ნასახლართან მიიყვანეს. აქ კი პატარა ბავშვის საფლავის მეტი ხელშესახები არაფერი…
  • 82
    მურთაზ აბაშიძის ხსოვნას1992 წლის დეკემბერი იდგა. სახლში ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეზობელი თემურ გოგუაძე მესტუმრა და მითხრა: _ხვალ, საღამოს გადაღმა ექადიაზე თანამებრძოლები ვოვა ბურაკოვთან ვიკრიბებით და შენ გვინდა მოხვიდეო. მართლაც დათქმულ დროს მათთან ვიყავით. თემურისა და ვოვას გარდა მათთან მურთაზ აბაშიძე და ავთო ჩავლეიშვილი იმყოფებოდნენ. ისინი აფხაზეთში იბრძოდნენ და რამდენიმე დღით ოზურგეთში…

არ გამოტოვოთ