დიმიტრი ქინქლაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიიდანაა. აქ დაამთავრა სკოლა. შემდეგ ქ. ბათუმში გადავიდა და დღემდე იქ ცხოვრობს. კარგად ხატავდა და სამხატვრო სკოლის დასრულების შემდეგ მხატვრად მუშაობდა. პარალელურად ჭიდაობდა,მძლეოსნობაშიც ვარჯიშობდა. ამბობს, რომ ბათუმში მაშინ ცხოვრობდა უცხოელი (ბაღდადელი) არამ კუკი და სწორედ მასთან ვარჯიშობდა მძლეოსნობაში _ბირთვის, ბადროს, შუბის ტყორცნაში. სპორტის ამ სახეობებში აქვს  კატეგორიები მინიჭებული. შესანიშნავად ცურავს, ბათუმიდან ფოთამდე გაცურვას აპირებდა, მაგრამ ხელი არ შეუწყვეს (უშიშროების გენერალ-ლეიტენანტ პანტელეიმონ გიორგაძის მცველის მოვალეობას ასრულებდა, როცა ის ბათუმში იმყოფებოდა). სხვათა შორის მისი აღნაგობის გამო, იუგოსლავიისა და გერმანიის ერთობლივ ფილმშიც მიიწვიეს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო აღარ გადაიღეს…

საკმაოდ ვრცელი რეგალიები აქვს: ყოფილი საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი თავისუფალსა (1964 წ.) და კლასიკურ ჭიდაობაში (1965 წ.) ამ სახეობებში აჭარის მრავალგზის ჩემპიონი…საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი. ოლიმპიური ორდენისა და „რაინდის“ წოდების კავალერი.

იგი შეყვანილია გინესის რეკორდების წიგნში (1997-2002 წ.წ.)ასევე მსოფლიო გინესის რეკორდების ათეულში.

დიმიტრი ქინქლაძე გინესის რეკორდების წიგნში გირების ყურებით აწევაში შეიტანეს. ზოგი ორი ხელით ვერ წევს ორფუთიან გირებს, მან კი ეს ყურებით შეძლო. პირველად ვარჯიში ორფუთიანი გირებით დაიწყო, ხოლო რეკორდი მარცხენა ყურით _32, მარჯვენათი 16-კილოგრამიანი გირების ერთდროულად აწევაში დაამყარა.მარცხენა ყური უფრო ძლიერიაო-ამბობს.

ორი წლის წინ როცა მას 80 წელი შეუსრულდა, გაზეთმა „აჭარა“ ჩაიწერს მისი  ინტერვიუ:

_რამ მოგაფიქრებინათ ასეთი ნომერი?

_ თავიდან სანაძლაოდ ვაკეთებდი. მერე  მეგობარმა ედნარ ლომინაძემ სარეკორდოდ წამაქეზა.

-რამდენი წლის იყავით მაშინ?

_57-ის.

_ასე გვიან დაიწყეთ?

_ არა, ადრე სულ ვვარჯიშობდი, ფიზკულტურა დღესაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სარეკორდოდ მომზადებაში ჩვენი მეგობრები აჭარის ტელევიზიიდან _სპორტული წამყვანი ჯაბა აბულაძე და რეჟისორი სოსო სტურუა დაგვეხმარნენ. მათ გადაიღეს ჩვენი ვარჯიშები. მერე ბათუმელი რეჟისორი სერვეთ ვერძაძე დაგვეხმარა და გადაღებული მასალა ინგლისში, საქართველოს საელჩოში გააგზავნა. არ დაიჯერეს, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. სპეციალურად ჩამოვიდნენ ინგლისიდან, რათა საკუთარი თვალით ენახათ და დარწმუნებულიყვნენ. მერე თავადაც გადაიღეს და ჩანაწერი წაიღეს. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელშიც უცხოელებიც შედიოდნენ _რეკორდების წიგნის ოფისის წარმომადგენლები. ეს სპორტული სანახაობა ბათუმში 1997 წლის 2 ნოემბერს გაიმართა…თავად გინესის წიგნში წერია_ ეს რეკორდი 10 წუთს გაგრძელდა…

როგორც მისმა ბავშვობის მეგობარმა, მერიელმა  ვახტანგ მარგალიტაძემ გვითხრა, დიმიტრი ქინქლაძემ შემდგომში ეს რეკორდი გააუმჯობესა, თუმცა მის ოფიციალურ დაფიქსირებაზე აღარ უფიქრია.

ვახტანგ მარგალიტაძის თქმით, დიმიტრი ქინქლაძე ბავშვობიდან გამოირჩეოდა ძლიერი ფიზიკური მონაცემებით.

_ ჩვენ ერთად ვვარჯიშობდით მძლეოსნობაში, ბადროს ტყორცნაში, ბირთვის კვრაში, შუბის ტყორცნაში, კარგი შედეგები მქონდა, მაგრამ იგი განსაკუთრებული სიძლიერით გამოირჩეოდა. 13-14 წლის ვიყავით, სოფელ მერიის სკოლაში შესვენებისას მისი „რეკორდების“ მოწმე ვიყავით_ხელით ღუნავდა და შემდეგ გრეხდა 2-3 ცალ 200 მილიმეტრიან ლურსმანს.

მან სავალდებულო სამხედრო სამსახური ბალტიისპირეთში გაიარა _სპეციალურ ნაწილში მსახურობდა. ჯარის დასრულების შემდეგ ყაზახეთში, ყამირზე მოუწია 3 წელი ყოფნა. აქ მგლები ბევრნი იყვნენ…ერთხელ ნახა, როგორ დაახრჩო მგელმა კვიცი და შურისძიება გადაწყვიტა.

მგელს ჩაუსაფრდა, როცა კვიცების სადგომთან მივიდა, თავს დაესხა. მტაცებელს მარჯვენა ხელით კეფაში წვდა, ხოლო მარცხენა ხახაში გაუყარა. 2 წუთზე ცოტა მეტ ხანს არ შეუძლია მგელს უჰაეროდ ყოფნა, შემდეგ იგუდება. როცა მგელი კუდის მოძრაობას შეწყვეტს მკვდარია…ზოგჯერ იტყუება და თავს იმკვდარუნებს…. გაზეთში წავიკითხე, მსგავსი რამ სვანეთში მოხდა. იქაურმა მონადირემ მგელი ხელით დაახრჩო…

მიუხედავად იმისა, რომ 82 წლისაა, დღესაც აგრძელებს აქტიურ სპორტულ ცხოვრებას. ყოველდღიურად ნახავთ დარბაზში და ყველა ასაკის სპორტსმენს ავარჯიშებს.

ჰუმანური კაცია. ძალიან უყვარს ცხოველები და ქუჩაში გაშვებულ უპატრონო ცხოველებსაც უვლის. მუდამ აქვს მათთვის საკვები.

დიმიტრი ქინქლაძეს სტუმართმოყვარე ოჯახი აქვს. მეუღლე ლიანა კიკალეიშვილი ყველას გულთბილად ხვდება. მისი დამსახურებაა, რომ 82 წლის დიმა ქინქლაძე დღესაც ჩვეულებრივად დადის სამსახურში და თავის ცოდნა-გამოცდილებას მომავალ თაობას გადასცემს.

ვულოცავთ ბატონ დიმიტრის დამდეგ შობა-ახალ წელს და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ!

გაზეთი „ალიონი“, #34,29 დეკემბერი, 2022 წ.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 84
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 76
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 76
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 74
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 73
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…

არ გამოტოვოთ