ავტორი ივანე ჯაფარიძე
მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით.
სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს, კოშკებისა და მწვერვალების გარემოცვაში გაატარა ბავშვობის წლები, პირველი სიმაღლეც აქვე დასძლია, საიდანაც სხვა სიმაღლეებიც დაინახა. მას ბავშვობიდანვე დაჰყვა მთიელთათვის დამახასიათებელი სიდარბაისლე, უბრალოება და შრომისმოყვარეობა. ღრმად სწამდა, რომ ყოველგვარი დიდება და წარმატება მხოლოდ შრომით მოიპოვება. შინაურები და ახლობლები მას სხვადასხვა სახელით მიმართავდნენ: ჩვიმლიან, მინაან, მიხეილ, მიშა.
ბანგურიანი იყო პირველი მწვერვალი 15 წლისამ რომ დალაშქრა, როცა მამისა და ბიძის დაუკითხავად აედევნა ალპინიადას, რომელსაც სანდრო გვალია ხელმძღვანელობდა. ბანგურიანზე დაწყებული გზა მიხეილმა კავკასიონის, პამირის, ტიან-შანისა და ალპების ურთულეს მწვერვალებზეც განაგრძო, არაერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ყველა ასვლას ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოჰქონდა, კლდეზე ცოცვაში კი ბადალი არ ჰყავდა მსოფლიოში. იგი სპორტის დამსახურებული ოსტატი და ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო კლასის ოსტატი იყო კლდეზე ცოცვაში.
შეუძლებელია მიხეილ ხერგიანის ყველა სპორტული მიღწევისა და გამარჯვების აღნუსხვა, ყველა იმ მწვერვალის ჩამოთვლა, რომელზეც ასულა, მაგრამ სრულიად უნიკალურია მის მიერ გავლილი მარშრუტების სირთულე. რად ღირდა თუნდაც უშბის სარკის, კომუნიზმის პიკის ან შჩუროვსკის პიკის ჩრდილო-დასავლეთი კედლის დაძლევა.
ვიდრე მთამსვლელობას ეზიარებოდა, რამდენიმე წლით ადრე, მიხეილ ხერგიანი, ჭიდაობამ გაიტაცა და რესპუბლიკურ პირველობაზე საპრიზო ადგილი მოიპოვა. ინსტრუქტორთა სკოლის დამთავრების შემდეგ კი მთელი თავისი ცხოვრება მთამსვლელობას დაუკავშირა.
1958 წლის მაისში პეკინიდან დეპეშა მოვიდა, რომელიც იტყობინებოდა, რომ ჩინელები ერთობლივი ექსპედიციის მოწყობას სთავაზობდნენ საბჭოთა მთამსვლელებს ევერესტზე. გადაწყდა, 1959 წლის გაზაფხულზე, ტიბეტის მხრიდან, მანამდე გაუვლელი ჩრდილოეთის გზით შეეტიათ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალისათვის. მხარეთა შეთანხმებით, ერთობლივი სავარჯიშო ასვლები ლენინის პიკის რაიონში უნდა ჩატარებულიყო. ცნობილ მოსიმაღლეებთან ერთად, ჩინეთ-საბჭოთა კავშირის გაერთიანებულ ნაკრებში შეიყვანეს ორი ქართველი მთამსვლელი – მიხეილ ხერგიანი და იოსებ კახიანი.
„ხერგიან-კახიანის წყვილი უეჭველად გამოიჩენს თავს ჰიმალაებშიო“, წერდა ამ შეკრებამდე ცოტა ხნით ადრე ევერესტზე პირველი წარმატებული ექსპედიციის ხელმძღვანელი, ლორდი ჯონ ჰანტი, რომელსაც იმავე წელს სწორედ ხერგიანმა და კახიანმა უმასპინძლეს კავკასიონზე.
1959 წლის თებერვალში, იალბუზის მიდამოებში, ალპინისტურ ბანაკ „შხელდის“ ბაზაზე მოეწყო ნაკრების ექსპედიციისწინა შეკრება, ხოლო 20 მარტს მთამსვლელები უკვე მოსკოვში იყვნენ. ბარგი კარგა ხნის გაგზავნილი იყო და მონაწილენიც დღე დღეზე უნდა გაფრენილიყვნენ, მაგრამ პეკინიდან მოსული ცნობის თანახმად, ტიბეტის იმჟამინდელი პოლიტიკური სიტუაცია შეუძლებელს ხდიდა ერთობლივი ექსპედიციის ჩატარებას. მომდევნო 1960 წელს, ჩინელმა მთამსვლელებმა დამოუკიდებლად მიიტანეს იერიში ევერესტზე და პირველად ალპინიზმის ისტორიაში, ჩრდილოეთის მხრიდან დალაშქრეს დედამიწის უმაღლესი მწვერვალი.
ასე ახლოს იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მთამსვლელი – მიხეილ ხერგიანი ყველა ალპინისტის ოცნებასთან – ევერესტთან, მაგრამ მისი ოცნება განუხორციელებელი დარჩა, თუმცა მიხეილის ალპინისტური ბიოგრაფია, ეს იყო გზა ევერესტისაკენ.
1957 წელს, როცა ვიტალი აბალაკოვმა მიხეილ ხერგიანი იოსებ კახიანთან ერთად თავის გუნდში შეიყვანა, ქართველმა მთამსვლელმა მწვერვალ დონღუზორუნზე ასვლა გადაწყვიტა ჩრდილო-დასავლეთის კედლით. ეს მარშრუტი იმდენად რთული არ არის, რამდენადაც სარისკოა. კედელს ვეება ყინულოვანი ქუდი ახურავს, რომელსაც განუწყვეტლივ სწყდება ყინულის უზარმაზარი ლოდები. ეს კედელი რამდენჯერმე შეიტანეს საკავშირო ჩემპიონატის განაცხადში, მაგრამ ბოლო წუთს ყოველთვის ხელს იღებდნენ მის გავლაზე.
და აი, 21 ივლისს, ალპინისტური ბანაკი „შხელდა“ მწვერვალისაკენ აცილებს მიხეილ ხერგიანს და იოსებ კახიანს. შტურმი 22 ივლისს ღამით დაიწყო. ჯიბის ფარნის შუქზე გაიარეს ქვედა კლდოვანი სამკუთხედი, შემდეგ ბერგშრუნდიც გადალახეს, ბოლოს ნელ-ნელა გათენდა და ყინულის „ქუდმაც“ ვეება ნატეხები დაუშინა ალპინისტებს. საღამოს 6 საათისათვის მთამსვლელები პატარა ბაქანზე გავიდნენ, რის ვაივაგლახით გაშალეს კარავი, მეთვალყურეებს ნიშანი მისცეს და დასაძინებლად თავბოლოშექცევით დაწვნენ, რომ ლოდს დაცემის შემთხვევაში ორივესთვის ერთდროულად არ გაეჭყლიტა თავი. ის იყო ჩათვლიმეს, რომ მუშტისოდენა ქვამ კარავი ჩახია და მათ შორის დაეცა. ძილი გაუფრთხათ, მაგრამ შემდეგ მოაგონდათ, რომ გზაზე ბაყაყები ხვდებოდათ, რაც სვანური ტრადიციით, კარგის ნიშანია. ამის შემდეგ როგორც იქნა დაიძინეს. მეორე დილას ყინულის „ქუდია“ დასაძლევი.
მიხეილ ხერგიანი ამ ასვლის შესახებ იგონებდა: „იოსებმა სამი პალო ჩაარჭო და დაცვაზე დადგა. მე ზევით წავედი. ჩავარჭე პირველი პალო, ჩამოვკიდე კიბე და საფეხურზე შევდექი. 4 საათს ვმუშაობდი ლავგარდანზე, შემდეგ ყინული ნელ-ნელა გასწორდა და შუადღისას უკვე მწვერვალზე ვიყავი. იოსები მასაჟს მიკეთებს. ძალიან დამეღალა ხელები, მეც დავიღალე. მეოთხე დღეს ბანაკში ხმაურიანი შეხვედრა მოგვიწყვეს. ამის შემდეგ აბალაკოვმა ოფიციალურად შეგვიყვანა თავის ჯგუფში“.
მიხეილ ხერგიანისთვის ყველაზე საყვარელი მწვერვალი უშბა იყო. ეს სიყვარული მან ამაღლებულად გამოხატა 1964 წელს, როცა ურთულესი ვერტიკალური კედლით, ე.წ. „უშბის სარკით“ ავიდა მწვერვალზე. რამდენიმე წლის შემდეგ, უშბასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ლეგენდა შექმნა მიხეილ ხერგიანმა – ურთულეს მწვერვალზე აიყვანა 45 კაცი, მათ შორის უხუცესი მთამსვლელი, 72 წლის ალმაცქირ კვიციანი.
1967 წელს, მიხეილ ხერგიანი შეხვდა პირველი რვაათასიანის დამლაშქრავს, ცნობილ ფრანგ მთამსვლელ მორის ერცოგს. შამონის ალპინისტთა საერთაშორისო შეკრების დამთავრებისადმი მიძღვნილ ბანკეტზე ანაპურნის გმირმა გულითადად ჩამოართვა თავისი უთითო ხელი მიხეილ ხერგიანს, რომელიც ამ შეკრებაზე საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო, არა და აქ, მსოფლიო მთამსვლელთა თანავარსკვლავედი იყო შეკრებილი. 26 ქვეყნის წარმომადგენელთა გარდა, საკუთარი სურვილით ჩამოვიდნენ იტალიელი, ავსტრიელი, პოლონელი, ჩეხი, იაპონელი და გერმანელი მთამსვლელები. არ იყო მხოლოდ ვალტერ ბონატი – დასავლეთის სამყაროს მიერ მსოფლიოში უძლიერესად მიჩნეული მთამსვლელი, რომელთან შეხვედრას ხერგიანი ყველაზე მეტად ესწრაფვოდა.
პირადად ვერა, მაგრამ ხერგიან-ონიშჩენკოს წყვილი მაინც შეხვდა ბონატის. გრან-კაპუცინზე ხერგიან-ონიშჩენკოს მიერ გავლილი მარშრუტი პირველად სწორედ ბონატიმ გაიარა. მიხეილის და ვიაჩესლავის წყვილმა ამ მარშრუტზე საუკეთესო შედეგი – 12 საათი აჩვენა. ონიშჩენკოს თავის დღიურში ჩაუწერია: „კლდეები ჯერ კიდევ ცივია. ნამქერი ხელს გვიშლის სწრაფად სიარულში. უეცრად ესპანელ ალპინისტთა წყვილს ვამჩნევ. ისინი 75-მეტრიანი კედლის შიდა კუთხის შუაგულში არიან. იძულებულნი ვართ დაველოდოთ სანამ იქიდან გამოძვრებიან. ნახევარი საათის შემდეგ გავდივართ და იმ წყვილს „ბუხრის“ შესასვლელთან ვეწევით. ბოლოს გავუსწორდით და ერთმანეთს მივესალმეთ. შეხვედრა მეგობრული იყო, ამიტომ გასწრება ჩვენი მხრივ არაამხანაგური საქციელი იქნებოდა. არადა, ისიც ძნელი იყო რთულ კლდეებზე დაკიდებულებს გვეცადა. მაშინ გადავწყვიტეთ უვალი გზით წავსულიყავით პირდაპირ ზემოთ. დაახლოებით 50 მეტრზე მოგვიწევდა ურთულესი ცოცვა მიკროსკოპული შვერილების გამოყენებით, ვიდრე ჩვეულებრივ გზაზე გავიდოდით. ამ მონაკვეთის გავლისას მიშამ მეკლდეურის მთელი ხელოვნება გამოავლინა. ვისაც მიშა ხერგიანი კლდეზე უნახავს და ბედნიერება ჰქონია მასთან ერთად ასულიყო მწვერვალზე, ადვილად გაიგებს აღტაცებას“.
ონიშჩენკოს გარდა ამ საოცარ სანახაობას სხვა ალპინისტებიც უყურებდნენ. მეორე დღეს მთელი შამონი, შეკრების ყველა მონაწილე ალაპარაკდა ამ ასვლაზე. ახვიდე ახალი გზით, თანაც ალპებში, სადაც ყველა მარშრუტი გაკვალულია და დადგენილი, მართლაც ფანტასტიკურია.
დღეს გრან-კაპუცინის ჩრდილო კედელზე არის ე.წ. „რუსული ვარიანტი“, რომელიც ქართველმა მიხეილ ხერგიანმა და უკრაინელმა ვიაჩესლავ ონიშჩენკომ გაკვალეს.
ბოლო წლებში, ონიშჩენკო, მიხეილის საუკეთესო მეწყვილე იყო. იმ წელსაც ერთად იყვნენ. ერთად განახორციელეს ორი სარეკორდო ასვლა იტალიაში, დოლომიტის ალპებში; ბოლოს ჯერი სუალტოზე მიდგა. დილაადრიან გავიდა ხერგიან-ონიშჩენკოს წყვილი ვაცოლერის თავშესაფრიდან. თოვლიან და ყინულოვან ფერდობებზე წინ უკრაინელი მიდიოდა. როცა ურთულესი კლდეები დაიწყო, წინ ხერგიანი გავიდა. დღის პირველი საათისათვის მთამსვლელებს ნახევარი თოკიღა რჩებოდათ რთულ კლდეებზე. ხერგიანს ვეება შვერილმა გზა გადაუღობა. მისი შემოვლა მარჯვნიდანაც შეიძლებოდა და მარცხნიდანაც. მიშამ უკან მოიხედა და სლავამ ამ დროს სურათი გადაუღო. შემდეგ ხერგიანი მარჯვნივ წავიდა, სამსაფეხურიანი კიბის დახმარებით გაიარა ოთხიოდე მეტრი, „ბუხარში“ შევიდა და თვალს მიეფარა. ონიშჩენკო დაცვაზე დადგა. ცოტა ხნის შემდეგ ქვათაცვენის ხმა მოისმა…
ქვამ თოკი გადაჭრა…
1969 წლის 4 ივლისს შემზარავი ცნობა მოვიდა თბილისში – იტალიაში, დოლომიტის ალპებში, მწვერვალ სუალტოზე ასვლისას დაიღუპა ქართული ალპინიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელი, მსოფლიოში „კლდის ვეფხვის“ სახელით ცნობილი მიხეილ ხერგიანი.
მოგეხსენებათ, ალპინიზმი უმაყურებლო სპორტია და ბევრისათვის უცხოა ის განცდა, რაც მწვერვალზე ასვლისას ეუფლება მთამსვლელს, მაგრამ მიხეილ ხერგიანმა, კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატმა, მოახერხა თვალსაჩინო და გასაგები გაეხადა მაყურებლისათვის მთაზე სვლის ტექნიკა და ის დაუოკებელი ჟინი, რაც მთასთან შეჭიდებულ ადამიანს გააჩნია.
მთელი საქართველო შეძრა ამ მოულოდნელმა ტრაგედიამ,
სვანეთი საყოველთაო გლოვამ მოიცვა …
ლაღამში, ხერგიანების სახლისაკენ ზღვა ხალხმა დაიწყო დენა საქართველოს ყველა კუთხიდან. ხალხში იგრძნობოდა ბოლომდე გაუცნობიერებელი ტრაგედიის სიმძაფრე, ისინი ვერ შეგუებოდნენ აზრს, რომ შესაძლებელი იყო სიკვდილზე მრავალჯერ გამარჯვებული მთამსვლელისათვის ბედისწერას ასე უღვთოდ ემუხთლა.
ჩვეულებრივ, მოკვდავთა ყოველდღიური ცხოვრება, შეუცნობლად თუ ქვეშეცნეულად, სიკვდილისაგან განრიდებისა და გაქცევის ცდაა, მიხეილ ხერგიანი კი სიკვდილს პირისპირ შებმულიც არ უკრთოდა. მიხეილის სწრაფა მთებისაკენ, სურვილი მათთან ორთაბრძოლისა, არ იყო აღებული მწვერვალის დათრგუნვისა და დამდაბლების ჟინი, პირიქით, მისი მისწარფება საზრდოობდა სურვილით, თვითონვე ამაღლებულიყო ამ მთათა სიმაღლეებამდე.
„ბედნიერია ის, ვინც სიკვდილით სიკვდილს ამარცხებსო“ – უთქვამს გიორგი შატბერაშვილს და ეს გამონათქვამი მიხეილ ხერგიანის ცხოვრებას ყველაზე მეტად მიესადაგება.
გმირების მშობელი – ერია, ხოლო გმირის ცხოვრება ერის სულიერ მისწრაფებებს გამოხატავს. მიხეილ ხერგიანი თავისი ერის ღირსეული შვილი იყო და მის ღირსებას ემსახურა მთელი სიცოცხლის მანძილზე.
„მივფრინავ!“ – ასეთი ყოფილა მიხეილ ხერგიანის უკანასკნელი შეძახილი. მან იცოდა, რომ მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და ამ შეძახილით იგი აფრთხილებდა კლდეზე შერჩენილ თანამეწყვილეს, თავდაცვისათვის საჭირო ზომები მიეღო, რათა მისი ბედი არ გაეზიარებინა.
მთაში ბევრი მოულოდნელობა ხდება. ამ მოულოდნელობის ფინალი, ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლად გაღებული სიცოცხლეა. „ალპინიზმი უმსხვერპლოდ შეუძლებელია“ – როგორც წინასწარმეტყველება, ისე აუხდა ამ სიტყვებით გამოხატული ტრაგიკული ჭეშმარიტება უდროოდ დაღუპულ გურამ თიკანაძესაც.
უკვე მომხდარი მარცხის შემდეგ, საზოგადოების ერთი ნაწილი მიზეზის საფუძველს ეძებს და ცდილობს ახსნა მოუძებნოს მას. ასეთ დროს ჩნდება ეჭვი, უნდობლობა, უკმარისობის განცდა მომხდარი მოვლენის მიმართ. ამჯერადაც ვერ შეგუებოდა აზრი მიხეილ ხერგიანის დაღუპვას, რომელიც სიკვდილთან ჭიდილში მუდამ იმარჯვებდა.
ალპინიზმი მამაცთა სპორტია და მას მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულები ეზიარებიან. მთებთან ჭიდილში დაღუპული მთამსვლელის ცხოვრების შეფასების კრიტერიუმად, მისი განვლილი სიცოცხლის გზაზე მიღწეული გამარჯვებები განიხილება და არა სიკვდილის მიზეზები.
სვანების ცხოვრებაში დამკვიდრებული წესისა და ადათის კვალად, მთაში დაღუპული ყოველი მთამსვლელის გლოვის ჟამს, პატივს მიაგებენ ყველა მანამადე დაღუპული მთამსვლელის ხსოვნას. დრო საუკუნოდ ინახავს და შარავანდედით მოსავს მათ სახელებს, ვინც სიკვდილს სიკვდილითვე ამარცხებს. ამიტომაც იქმნება ლეგენდები მათზე, ვინც მარადისობას უერთდება უკანასკნელი შეძახილით: – „მივფრინავ!“. ამიტომაც დარჩა მიხეილ ხერგიანი ხალხის ხსოვნაში ლეგენდად!
სამწუხაროდ, ქართველ მთამსვლელთა დღევანდელი თაობა ვერ მოესწრო მიხეილ ხერგიანს. მისი მოღვაწეობის შესახებ, მათ, მხოლოდ წიგნებიდან და თანამედროვეთა მონათხრობიდან იციან, მაგრამ, როგორც კი მიხეილის მიერ გავლილ მარშრუტებზე მოსინჯეს საკუთარი ძალა, მათთვის გასაგები გახდა მიხეილ ხერგიანის პიროვნება – რა ძალისა და მონაცემების მქონე მთამსვლელი იყო იგი, ხოლო მისი ასვლების ტემპი და რიტმი დღემდე განცვიფრებას იწვევს ახალგაზრდებში.
დიდი დრო გავიდა მიხეილის გარდაცვალებიდან…
საქართველოში მომხდარმა კატაკლიზმებმა, თითქოს, გააფერმკრთალეს და დავიწყების ბურუსში გახვიეს ჭეშმარიტ გმირთა სახელები. მეშჩანური ცხოვრებისა და მომხვეჭელობისკენ ლტოლვამ, თითქოს წაშალა დიდებულ მამულიშვილთა ხსოვნა და ცხოვრების ავანსცენაზე საზოგადოებისათვის არც თუ მთლად მისაღები კატეგორიებით მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფები გამორეკა და წამოატივტივა, მაგრამ, საბედნიეროდ, ქართველთა მოდგმამ კარგად იცის უკვდავების ღირსი თანამოძმეთა ფასი და მათ სახელებს არასოდეს ივიწყებს. ამ ღირსეულთა შორის ერთ_ერთი უპირველესი მიხეილ ხერგიანია.
ცხოვრების ლოგიკა ასეთია: თაობა მიდის, მოდის ახალი, რომელიც წინა თაობის ღვაწლისა და დამსახურების შემფასებელია. ამ შეფასებებსა და ანალიზში ახალი თაობის სახეც იკვეთება და თუ ოდნავ ჩავუღრმავდებით, უთუოდ დავინახავთ თაობათა შორის უწყვეტ სულიერ კავშირს. ეს კავშირი განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს მთამსვლელობაში, როცა თოკში ჩაბმულ წყვილთა ფიქრი ასაღებ მწვერვალს დასტრიალებს თავს, უწყვეტი კავშირის ფუნქცია კი რამდენიმე მეტრი სიგრძის თოკს აკისრია. „თოკის გრძნობა, მთამსვლელთა მეექვსე გრძნობააო“ – ამბობდა ლევან გოთუა, ხოლო „თოკის ენა“ მხოლოდ მთამსვლელებს ესმით, მხოლოდ მათთვისაა იგი გასაგები და მეტყველი…
დაღუპულ მთამსვლელთა გახსენებას, ბუნებრივია, მუდამ ახლავს დიდი და მწვავე ტკივილი, მაგრამ აქვე ჩნდება მათ მიერ გავლილი ცხოვრების შთამბეჭდავი სურათების აღდგენისა და ხელახალი, გულისხმიერი გააზრების სურვილი.
2001 წლის 1 ივლისს, მიხეილის დაღუპვიდან 32 წლის შემდეგ, სწორედ ამ გრძნობით გაემგზავრა იტალიაში ქართველ მთამსვლელთა ახალი თაობა. ჯგუფში სულ სამი წევრი იყო: აფი გიგანი, გელა ოთარაშვილი და ბენო ქაშაკაშვილი, რომელიც ექსპედიციის საერთო ხელმძღვანელობასთან ერთად, ტელეოპერატორისა და რეჟისორის ფუნქციასაც ითავსებდა.
ჯგუფის წევრთა გადაწყვეტილება მარტივი და ამაღლებული იყო – სამი ათეული წლის შემდეგ გაევლოთ სახელოვანი თანამემამულის – მიხეილ ხერგიანის შეწყვეტილი მარშრუტი მწვერვალ სუალტოზე…
ქალაქ ბერგამოდან რამდენიმე საათში დაბა ალეგში ჩასულებს, თვალწინ ჩივეტას მასივის დიდებული პანორამა გადაეშალათ. ჩივეტას მასივზე 25_მდე მწვერვალს ითვლიან, რომელთა სიმაღლე ზ.დ. 3000 მ-ს აღემატება. ამ მწვერვალებზე ყველა სირთულის მარშრუტს შეხვდებით. სუალტოც ამ მასივის მწვერვალია, ქართველებისთვის ესოდენ გამორჩეული და მნიშვნელოვანი.
მწვერვალის ძირში ბრინჯაოს შესანიშნავი მემორიალი დგას, რომელიც გვაუწყებს, რომ სუალტოზე ასვლისას, 1969 წლის 4 ივლისს, დაიღუპა ქართველი მთამსვლელი მიხეილ ხერგიანი…
ვახტანგ ონიანის მიერ შექმნილი ეს მემორიალი, თავდაპირველად ქალაქის ცენტრში დაიდგა, შემდეგ კი სუალტოს ძირში ამოიტანეს იტალიელმა ალპინისტებმა. აქ, მწვერვალთა იდუმალ სამყაროში, ეს ძეგლი, მიხეილ ხერგიანის მთებთან თანაზიარობის უკვდავ სიმბოლოდ ქცეულა.
ბენოს, აფის და გელას ახლა უფრო მნიშვნელოვანი და ამაღლებული ეჩვენათ თავიანთი გადაწყვეტილება – ფრთები შეასხან მიხეილ ხერგიანის განუხორციელებელ ოცნებას – დალაშქრონ სუალტო… მწვერვალის ძირიდან სუალტოზე ასასვლელ გზებს ზვერავენ, მიხეილის ნაფეხურებსაც ეძებენ, იმ მარშრუტის ამოცნობასაც ცდილობენ, მიხეილ ხერგიანისა და ვიაჩესლავ ონიშჩენკოს წყვილმა რომ აირჩია, უამრავი იტალიელი მთამსვლელისა და გულშემატკივრის თვალწინ…
სუალტოზე ეს მარშრუტი, რომელიც 800-მეტრიან ვერტიკალურ კედელს წარმოადგენს, პირველად, 1951 წელს, ფრანგების წყვილმა – გაბრიელმა და ლივანოსმა გაიარა. ქვათაცვენის მუდმივი საფრთხის გამო, მთამსვლელები, აღნიშნულ მარშრუტს, ხშირად არიდებენ თავს…
5 ივლისს, დილაადრიან, სამი ქართველი – ბენო ქაშაკაშვილი, აფი გიგანი და გელა ოთარაშვილი – მწვერვალისაკენ გაემართა. ნაშალზე სიარულის შემდეგ, თოვლიან ფერდს მიადგნენ და დაიწყეს ასვლა. რთულ, კლდოვან მონაკვეთებზე მოჭიდება საიმედო და მყარი რომ იყოს, მსუბუქ სპორტულ ფეხსაცმელებს იცვამენ. დაზღვევაზე გელა და აფი მუშაობენ, ერთმანეთს ენაცვლებიან, ბენოს ორმაგი დატვირთვა აქვს, ვიდეოკამერით იღებს რთული მონაკვეთების გავლას. ეს სამუშაო სარისკოა, მძიმე და დამღლელი…
გაბრიელ-ლივანოსის მარშრუტი კლდოვანი ბუხრით იწყება. რაც უფრო მაღლა მიიწევენ, მოძრაობა ძნელდება, ხშირად ხვდებათ ნაპრალები, კარნიზები, ბუხრები. აქა-იქ ხისა და დაჟანგული რკინის პალოებსაც აწყდებიან. ყველას ერთი ფიქრი იპყრობს: – იქნებ რომელიმე მიხეილის ხელითაა ჩაჭედებული?
კულუარის თავზე, ნიშაში, რომელიც პატარა გამოქვაბულს წააგავს, დაჟანგულ ქილებს პოულობენ, წარწერების ამოკითხვას ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ – დროს ყველა წარწერა წაუშლია… არადა, ვინ იცის, იქნებ ამ კონსერვის ქილათაგან რომელიმე მიშამაც დატოვა?“
გზა თანდათან რთულდება, საჭირო ხდება პალოების, კიბეებისა და თოკების გამოყენება. ციცაბო კედელზე დიდხანს უწევთ მუშაობა და დაბინდდა კიდეც. ზემოთ ღამისთევის ადგილი არ ჩანს. გადაწყდა 50 მეტრით ქვემოთ დაშვება, რადგან იქ პატარა თარო აქვთ შეგულებული.
დილით მთამსვლელები სიცივემ გააღვიძა. ამინდი ირევა, მოღრუბლულია. აფი კარნიზზე საიმედო, მოხერხებულ ადგილს ირჩევს და ტელეფონით მესტიას უკავშირდება. მთამსვლელებს საოცარი გრძნობა დაეუფლათ, სუალტოსა და მესტიას შორის „მაგთის“ მუდმივი სატელეფონო კავშირის გარდა, თითქოს, სულიერი კავშირიც დამყარდა, რომლის შემოქმედი სამი ათეული წლის შემდეგ კვლავ მიხეილ ხერგიანია…
აფი, ბენო, და გელა კედლიდან „ბუხარში“ შედიან, ზევით კარნიზების მთელი კასკადია, ბზარში ძველ პალოს ამჩნევენ… ისევ ეძალებათ ფიქრი… მათი აზრით, ეს ის ადგილი უნდა იყოს, 32 წლის წინათ, ონიშჩენკომ მიხეილი ზურგზე რომ შეისვა კედელზე თოკისა და კიბის დასამაგრებლად. ფიქრობენ, ნუთუ ეს ის „ბუხარია“, მიშა რომ შევიდა და ონიშჩენკოს ხედვის არედან გაქრა? ვიაჩესლავი, მიხეილის მოძრაობას თოკის მეშვეობით აკონტროლებდა, რომელიც ნელ_ნელა მისრიალებდა ზემოთ. შემდეგ ქვათაცვენის ხმა მოისმა. ონიშჩენკომ დაზღვევაზე თოკი დაჭიმა და ძლიერი ბიძგისთვის მოემზადა, მაგრამ ბიძგი არ იყო… სლავამ, ქვებთან ერთად, ჰაერში ვეფხვივით ხელფეხგაშლილი მიხეილის სხეული დაინახა მხოლოდ…
ქვათაცვენა ახლაც აფერხებს მთამსვლელების მოძრაობას. აფის საიმედო დაცვით, გელამ კედლის ურთულესი მონაკვეთი დაძლია და კარნიზამდე მიაღწია. ეს მწვერვალისწინა შვერილი აღმოჩნდა და ახლა თვითონ დადგა დაცვაზე. რამდენიმე მეტრიც და ქართველ მთამსვლელთა სამეულმა: აფი გიგანმა, გელა ოთარაშვილმა და ბენო ქაშაკაშვილმა უკვე მწვერვალზე მიულოცეს ერთმანეთს წარმატება, თითო ყლუპით მიხეილ ხერგიანისა და მისი დამსხვრეული ოცნების სადღეგრძელო შესვეს… აქ ამოსვლის ძალა, მათ, ხომ მიშას ხსოვნამ და სახელმაც შემატა…
დაღლილებმა და გამარჯვებულებმა კიდევ ერთხელ შეავლეს თვალი ნისლის საბურველში გახვეულ ჩივეტას კლდოვან მასივს, მწვერვალ სუალტოს და გაკვირვებას ვერ ფარავენ – 32 წლის წინანდელი საჭურველითა და აღკაზმულობით, როგორ შეძლო მიშამ, უსწრაფესი ტემპით გაევლო სუალტოს ეს ურთულესი კედელი. მათთვის ახლა უფრო გასაგები ხდება მიხეილ ხერგიანის წარმატების საიდუმლო, მისი სიძლიერე და მასშტაბურობა…
მწვერვალზე, როგორც საპატიო ყარაულში, დგანან ქართველი მთამსვლელები და სიამაყის განცდას მდუმარედ გამოხატავენ… მათ აისრულეს დიდი ხნის ოცნება – სუალტო დაიმორჩილეს… მიშას დაუბრუნეს თავისი ვალი…
ეს ასვლა ყველა ქართველი მთამსვლელისა და გულშემატკივრის ოცნება იყო, რადგან მიხეილ ხერგიანი ყველას ეკუთვნოდა და რაოდენ ბედნიერი იყო ქართველ მთამსვლელთა სამეული, როცა მათ მიხეილის შეწყვეტილი მარშრუტი გაიარეს…
მწვერვალიდან დაბრუნებული აფი გიგანი, გელა ოთარაშვილი და ექსპედიციის ხელმძღვანელი ბენო ქაშაკაშვილი, მიხეილ ხერგიანის ბრინჯაოს მემორიალთან შეიკრიბნენ იმ განცდით, რომ მიზანი მიღწეულია, დალაშქრეს სუალტო, მწვერვალი, რომელმაც საუკეთესოთა შორის საუკეთესო მთამსვლელის სიცოცხლე თავის საკუთრებად გაიხადა…
ერთმანეთს ექსპედიციის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მიხეილის შესანდობარიც თქვეს, მოიგონეს ის ადამიანები, ვინც მთაში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა, ვის ხსოვნას დავიწყება არ უწერია, რადგანაც „დაღუპულები აღარ ბერდებიან, ისევე, როგორც აღარ ქრება მათი სიკვდილით მოყენებული ტკივილი და აღარ ხუცდება მათი ხსოვნა“.

მსგავსი სტატიები

  • 93
    მემორიალური ტურნირი ლანჩხუთელმა მიხეილ აფხაზავამ მოიგოსაჭადრაკო კლუბში გაიმართა ტრადიციული მემორიალური ტურნირი, რომელიც მიეძღვნა გარდაცვლილ მოჭადრაკეთა ხსოვნას. როგორც წესი, იგი აღდგომის დღესასწაულის მომდევნო კვირაში იმართება და უკვე რამდენიმე წელია ფედერაციის კალენდარში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ტურნირი ამჯერადაც საინტერესო გამოდგა, რასაც ხელს უწყობდა მასში, ტიტულოვანი და გამოცდილი მოჭადრაკეების საკმაო ჩართულობა. მიუხედავად იმისა, შეჯიბრება სწრაფი ჭადრაკის რეგლამენტით ჩატარდა, ჭადრაკის…
  • 86
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 82
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 82
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 82
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…

არ გამოტოვოთ