ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში მზადდება ექვთიმე თაყაიშვილის სცენური ვერსია  „ექვთიმე“, რომლის გარშემო  სპექტაკლის მთავარ რეჟისორს გოჩა კაპანაძეს ვესაუბრეთ:

_პირველად საქართველოში ოზურგეთის თეატრი შეეჭიდა ამ დიდ თემას. ბატონმა ვასილ ჩიგოგიძემ ჩაიფიქრა ეს პროექტი _ტრილოგია „დედოფალი სოფიო,“ „რესპუბლიკა გურია“ და „ექვთიმე“.

ჩვენ ამ სპექტაკლის სცენარზე პანდემიამდე ვმუშაობდით და საინტერესო მიგნებები  გვქონდა. ექვთიმეს გმირი ყველამ იცის, ამიტომ მაყურებელს აინტერესებს ახალს რას შევთავაზებთ. განძის თემა იცით, მაგრამ ახალი იქნება ყველაფერი, რადგან ექვთიმეს ცხოვრების ბევრი დეტალი გავარკვიეთ, ბევრ მასალას გავეცანით. არსად შეგვხვედრია ექვთიმეს შესახებ რაიმე ხინჯი. ჩვენი გმირი არის ძალიან მებრძოლი, შემტევი, დამთმობი და ჭკვიანი დიპლომატი. ამავე დროს იცის მისი ვალდებულება და მოვალეობა, რომელიც მას განგებამ დააკისრა. ძალიან დიდი ტრაგიკული ისტორიის მატარებელია: როგორ დატოვა სამშობლო, როგორ ჩავიდა ემიგრაციაში, იქ გატარებული წლები და სამშობლოში დაბრუნება. თითქოს დამთავრდა მისი ტანჯვა და ისევ დაიწყო.

ქართული საზოგადოება, როგორც ჩვევია, არ იყო ექვთიმესა და ქართული ემიგრაციის მიმართ ერთგვაროვანი.  ექვთიმემ და ქართულმა ემიგრაციამ საქართველოში ჩამოიტანეს სხვადასხვა ადგილას გაბნეული, დამატებითი ექსპონატები.

ჩვენს სპექტაკლში გვინდა საუკუნის იქედან დაგვენახა, რომ ეს არ იყო მარტო თავგანწირვა, როგორც ექვთიმეს გმირი გვეუბნება, _ეს იყო ჩემი  ჯვარცმა, ჩემი გოლგოთა, ასე უნდა მეცხოვრა, სხვაგვარად არ შემეძლო _გვითხრა რეჟისორმა.

იგი  უშუალოდ დადგმის მიმდინარეობის პროცესზეც გვესაუბრა:

_ეს ოზურგეთის თეატრში ჩემი მეორე სპექტაკლია. იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია ამ თემამ, რომ ექვთიმეს როლზე გვქონდა შემოთავაზება ემიგრაციაში მყოფ ქართველი მსახიობებიდან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან…მე ვთქვი, თუკი ოზურგეთის არ ჰყავს თავისი ექვთიმე, მაშინ ეს სპექტაკლი სხვა თეატრში დავდგათ.

ჩვენ ამ როლზე შევარჩიეთ ძალიან კარგი ოზურგეთელი მსახიობი გიორგი დოლიძე. სპექტაკლში 20 მსახიობი მონაწილეობს.

ოზურგეთის თეატრს ყველა საშუალება აქვს, (კარგი მსახიობები, ტექნიკური  მოცემულობა, დარბაზი,  ტექნიკური ჯგუფი) რომ მაყურებელმა კარგი პრემიერა ნახოს. გვერდში გვიდგას თეატრის დირექცია, ჩვენი ლომგულ მურუსიძე, სპეციალურად მოწვეული კოსტიუმების დიზაინერი ქეთევან ციხელაშვილი.

ძალიან ვღელავ პრემიერის წინ, მაგრამ იმედი მაქვს მსახიობებთან ერთად ჩვენს ნაწვალევს ბოლომდე მივიტანთ _გვითხრა გოჩა კაპანაძემ.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები