ზურაბ ჩეკურიშვილი: „კონკურსი გამოცხადდება და სეს-ის გურიის სამმართველოს ახალი უფროსი 2 თვეში დაინიშნება“

დამატებულია: 2019-12-06
picture1

ციხისძირში ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელშიც მსოფლიოს 15 ქვეყნის მცენარეთა დაცვის წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობენ. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი. მან სეს-ის გურიის სამმართველოში მიმდინარე პროცესებზე გაზეთ „ალიონის“ კითხვებს უპასუხა:

_ კარგი იყო ტელეფონით პირადად მე დამკავშირებოდით, რადგან არ მახსოვს ჟურნალისტებთან კომუნიკაციის პრობლემა მქონდეს.

_მაგრამ გუშინ და დღეს თქვენ ოზურგეთში ჟურნალიტებს არ შეხვედრიხართ. ამჟამად სად იმყოფებით?

_ციხისძირში ვარ და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან კონფერენციაში ვმონაწილეობ. აქ არა მარტო მცენარეთა დაცვის რეგულიაციებზეა საუბარი, არამედ მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის საკითხებზეც. კონფერენციაში ვმონაწილეობ და ასეთ რეჟიმში მომიწია ოზურგეთში ორჯერ ჩამოსვლა. გუშინ, როცა ბატონი შალვა პეტრიაშვილი გურიის სურსათის უვნებლობის სამმართველოს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლად წარვუდგინე თანამშრომლებს და დღეს, როცა გურიის გუბერნატორს, ბატონ ზურაბ ნასარაიას შევხვდი.

_ესწრებოდა თუ არა შეხვედრას შალვა პეტრიაშვილი.

_კი ესწრებოდა. როგორც თქვენ წერთ, არა მარტო ლურჯი მოცვის საკითხებზე ვისაუბრეთ, არამედ სამომავლო გეგმებზეც.

_ დღესაც შეხვდით სეს-ის გურიის სამმართველოს თანამშრომლებს?

_ კი შევხდი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით გადავუხადე მადლობა სეს-ის გურიის სამმართველოს ყოფილ უფროსს ნინი შეწირულს გაწეული მუშაობისთვის.

_თავად ნინი შეწირულს თუ შეხვდით, რაზე ისაუბრეთ და რა იყო მისი ასე მოულოდნელად სამსახურიდან წასვლის მიზეზი?

_სამსახურის ყოფილ უფროსს არ შევხვედრივარ. გასულ პარასკევს, დილით სურსათის ეროვნულ სააგენტოს ოფისში მისულს იუთუბზე ატვირთული დამხვდა ნინის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ნინის სხვა შესაძლებობები გამოუჩნდა და სხვა არჩევანი გააკეთა. ისე, ადგილობრივ მედიაში დაუზუსტებელი ინფორმაციები დაიდო.

_ბატონო ზურაბ, უზუსტობები კომუნიკაციის ნაკლებობას ახლავს.

_მე არასდროს ვარ ჩაკეტილი ჟურნალისტებისთვის. კარგად გამიგეთ, ციხისძირში ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას ვესწრები და დროში შეზღუდული ვიყავი. მე მზად ვარ ჟურნალისტების კითხვებს ვუპასუხო.

_ თქვენ თქვით, შალვა პეტრიაშვილი დროებით დაინიშნა სეს-ის გურიის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე...

_ამ თანამდებობაზე უფროსი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს. ამისთვის გარკვეული პროცედურებია გასავლელი, კონკურსი უნდა გამოცხადდეს, კანდიდატები შეირჩეს და შემდეგ მოხდეს დანიშვნა. ამ პროცესს 2 თვე დასჭირდება.

რაც შეეხება შალვა პეტრიაშვილს, იგი დროებითაა ამ თანამდებობაზე და კონკურსის დასრულების შემდეგ სეს-ის თბილისის სამმართველოში მის თანამდებობას დაუბრუნდება.

გაზეთი „ალიონი“ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თეა შველიძესაც ესაუბრა. „ალიონი“ მასთან წლების მანძილზე ურთიერთობს და ინფორმაციის მოწოდებაზე პრობლემა არ შეგვქნია. ღონისძიებების დაძაბულ გრაფიკს მცირე გაუგებრობა მოჰყვა, რაც კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული.

ამჯერად იგი ციხისძირში მიმდინარე შეხვედრის დეტალებზე გვესაუბრა, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ავტორი: გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.