მე დავბრუნდი, რადგან ეს ჩემი თეატრია

დამატებულია: 2013-09-17
picture1

მე დავბრუნდი, რადგან ეს ჩემი თეატრია. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ოთარ კუტალაძემ თანამდებობა ვასილ ჩიგოგიძეს გადააბარა. ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი იყო 2 კანდიდატი: ოთარ კუტალაძე და ვასილ ჩიგოგიძე. საბოლოო ვერდიქტის შედეგად, აღნიშნული თანამდებობა ვასილ ჩიგოგიძეს ერგო, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გახლდათ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თუმცა შემდეგ მან დატოვა საქართველო და საზღვარგარეთ მოღვაწეობდა. საზოგადოების ნაწილს აინტერესებდა, თუ რატომ დაბრუნდა იგი კვლავ ძველ თანამდებობაზე და რას აპირებდა მომავალში, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს თავად გავსაუბრებოდით. თქვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იმყოფებოდით საქართველოში, რატომ გადაწყვიტეთ კვლავ დაბრუნებოდით ოზურგეთის თეატრს? მე, ფაქტობრივად, 10 წელი არ ვყოფილვარ საქართველოში, თუმცა დროთა განმავლობაში ჩამოვდიოდი. ვიყავი ლიტვაში არასამთავრობო ორგანიზაციის ლიტვისა და საქართველოს მეგობრობის თანათავმჯდომარე, ესპანური საფესტივალო გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ დღემდე, ვატარებდით ამ გაერთიანების ფარგლებში ფესტივალებს ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, ეგვიპტეში, საფრანგეთში... თუმცა ახლა დავიტოვე მხოლოდ ესპანეთი ივნისსა და სექტემბერში, დანარჩენი გადავაბარე სხვას. ეს რაც შეეხებოდა ჩემს მოღვაწეობას, ახლა დაბრუნებასთან დაკავშირებით ვისაუბრებ, მე არ ვაპირებდი დაბრუნებას, მხოლოდ ვიმედოვნებდი, რომ გამომასვენებდნენ თეატრის სცენიდან, ,თუმცა შემდეგ ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ჩემი დაბრუნება, თუნდაც ზაზა ჯინჭარაძის სურვლმა, დამედგა სპექტაკლი და დავდგი 2 წლის წინ, შემდეგ ვარსკვლავი გამიხსნეს, ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო,ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ანზორ ერქომაიშვილს, მამა იოანეს და საერთოდ ოზურგეთელებს. ჩემს გადაწყვეტილებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა გიგა ლორთქიფანიძის სურვილმა, მან დამიბარა და მითხრა, რომ მე არ მქონდა უფლება, ჩემს თეატრს არ დავბრუნებოდი. ეს ჩემი თეატრია, მასთან არის დაკავშირებული ჩემი ყველა წარმატება, არ მინდა ძალიან ხმამაღლა გამომივიდეს, მაგრამ მე დავბრუნდი ოზურგეთის სულიერების ასაღორძინებლად, იმიტომ, რომ ოზურგეთშია ჩემი მოიდანახე, იმიტომ, რომ მე უკვე 61 წლის ვარ...რა ეტაპები იყო გასავლელი იმისთვის, რომ დაგეკავებინათ ეს თანამდებობა?-არაფერი, ერთადერთი ჩემი თანხმობა იყო საჭირო, თეატრის მოღვაწეთა კავშირმა წარმადგინა, მას უფლება ჰქონდა 3 თეატრში წარედგინა კანდიდატი და ერთ-ერთი ვიყავი მეც, შემდეგ მე შევიმუშავე ჩემი პროგრამა, ჩატარდა კონკურსი და გავიმარჯვე.როგორც ცნობილია, შეიცვალა კანონი, რა ცვლილებები შევიდა მასში?-არსებითად არაფერი შეცვლილა. კანონის მიხედვით, სამხატვრო ხელძღვანელი წარადგენს დირექტორის კანდიდატურას და შემდეგ სამინისტრო ამტკიცებს, სამხატვრო ხელმძღვანელი არის თეატრის ხელმძღვანელი, პასუხს აგებს ყველაფერზე, ფინანსურ, არაფინანსურ, ტექნიკურ და ა.შ საკითხებზე. როგორც აღვნიშნე, სამხატვრო ხელმძღვანელი წარადგენს დირექტორის კანდიდატურას და ასევე შეუძლია, დელიგირება გაუკეთოს მას გარკვეულ საკითხებში. ზაზა ჯინჭარაძე ჩემი გაზრდილია, მჯერა მისი, ამიტომ მე მას გავუკეთებ დელიგირებას. მართალია, მე პასუხისმგებლობა არ მეხსნება, მაგრამ ზაზა წარმართავს გარკვეულ პროცესებს, მე კი ვიზრუნებ თეატრის ხვლინდელ დღესა და 150 წლის იუბილეზე. თქვენ ახსენეთ, რომ გქონდათ თქვენი პროგრამა. მოკლედ რომ ისაუბროთ ძირითად პუნქტებზე.-მოკლე პროგრამა მქონდა, სულ რაღაც 7 პუნქტიანი, მასში არ არის საუბარი კონკრეტულ სპექტაკლებსა და კონკრეტულ რეჟისორებზე. საუბარია, პირველ რიგში, ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, უნდა შეიქმნას სტუდია, რომ ყოველწლიურად ნიჭიერი სტუდენტები გავგზავნოთ უნივერსიტეტში, ასევე ვგეგმავ დრამატურგთა ლაბორატორიის დაარსებასაც, რათა განვავითაროთ კონტაქტები დრამატურგებთან, პერიოდულად მოვიწვევთ ქართველ და უცხოელ წარჩინებულ რეჟისორების. ასევე აუცილებელია გასტროლები ჯერ საქართველოს მასშტაბით და შემდეგ უკვე აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ურთიერთობები გერმანიის, უნგრეთის, შტუტგარტის, ვილტინისის თეატრებთან. ასევე უმნიშვნელოვანესია, მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ფესტივალში, ამით გვექნება საშუალება ჩვენი თეატრი ისევ ისეთი ცნობილი გახდეს, როგორც ადრე იყო. ამისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, თუმცა ხელს მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც უნდა გვიწყობდეს და ეკონომიკური მხარეც მოსაგვარებელია. თქვენ ახსენეთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, დღეს თეატრში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ამ კუთხით, იყო საუბარი შენობის რესტავრაციაზე, არის თუ არა სიახლეები ამ კუთხით? ამაზე საუბარი არ ყოფილა, ეს ტყუილია, თუმცა მე იმედს გამოვთქვამ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან თეატრს, მე რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, ვივლი, რომ ოზურგეთის თეატრი გაბრწყინდეს, იმიტომ, რომ მე დასაკარგი არაფერი მაქვს.-ხშირ შემთხვევაში, სპექტაკლების დროს , დარბაზი ცარიელია. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? ძალიან ბევრი მიზეზია, პირველ რიგში, ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა ეს ყველაფერი, კიდევ ბევრმა სხვამ, რაზედაც ახლა არ ვისაუბრებ. თუ მაყურებელი არ მოდის, შენ უნდა შეძლო და მოიყვანო, ქუდი უნდა შეუგდო, რომ შეჰყვეს ქუდს ასაღებად და შემდეგ დააბა, დააფიქრო და გაუჩინო სურვილი, რომ კიდევ მოვიდეს. შეხვდით თუ არა დასის წარმომადგენლებს და ესაუბრეთ თუ არა მათ სამომავლო გეგმებზე? დიახ, მქონდა შეხვედრა დასის წარმომადგენლებთან, მე მათ გადავუხადე მადლობა ასეთი თავგანწირული შრომისთვის, მათ ფაქტობრივად უხელფასოდ უწევდათ მუშაობა, გაუსაძლის პირობებში შრომობენ დღემდე, თუმცა მათ არ დაუკარგავთ თავიანთი პროფესიონალიზმი, პირიქით, სიხარულით შეხვდნენ ახალ სეზონს და ჩვენ ერთად დავიწყებთ, ვინც გამოგვყვება, გამოვყვება, ვინც ვერ გამოგვყვება, გამოგვეთიშება და ჩვენ გავაგრძელებთ სვლას! რა სიახლეებს ჰპირდებით ოზურგეთელ და არა მხოლოდ ოზურგეთელ მაყურებლებს? მე მათ ვპირდები სულიერების დღესასწაულს, საქართველოში მყოფ და მოღვაწე საუკეთესო რეჟისორებთან ეტაპობრივად შეხვედრებს, საინტერსო მსახიობების ჩამოყვანას და ისინი ითამაშებენ ჩვენს ერთბლივ დადგმებში, ვპირდები, რომ ჩვენ ბევრი ფესტივალიდან გამარჯვებულნი დავბრუნდებით, აღდგება ოზურგეთი- ფოლკლორის ქალაქი, ოზურგეთი-ალეგრობა, ექვთიმეობა. ეს არის ჩემი ცხოვრების კრედო, შეიძლება რაღაც არ გამოვიდეს, მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები, რომ მიზანს მივაღწიო, თუმცა ყველაფერი დაკავშირებულია ეკონომიკურ მდგომარეობასთან, სამწუხაროდ, არ ვარ მილიონერი, თორემ ამ პრობლემებს მე თავად გადავწყვეტდი, თუმცა, რა თქმა უნდა, იმედს არ ვკარგავ!ხატია ჭანიშვილი,ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.