რა ხდება საკრებულოების სხდომებზე?

დამატებულია: 2014-09-03
picture1

რა ხდება საკრებულოების სხდომებზე? რა ხდება საკრებულოების სხდომებზე? მას შემდეგ, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტი თემების და ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტად გაიყო, გახშირდა საკრებულოების, საკრებულოს ბიუროების და ფრაქციების სხდომები. რამდენიმე საკითხს მიმოვიხილავთ. თავდაპირველად დეპუტატები (თემების საკრებულო) თუ პრემიების მიღების წესზე მსჯელობდნენ, მომდევნო პერიოდში სადეპუტატო უფლებამოსილებისათვის გათვალისწინებული თანხის დაცვა მოუწიათ. თუ ქ. ოზურგეთის საკრებულომ უმტკივნეულოდ, (მცირე კამათით) მიიღო დადგენილება სადეპუტატო მოვალეობის შესასრულებლად 500 ლარის ანაზღაურების შესახებ, თემების საკრებულოში ამ საკითხს უფრო მწვავე დებატები მოჰყვა, თუმცა არა საკრებულოს სხდომაზე, არამედ ბიუროს სხდომის წინ და ფრაქციის სხდომაზე.როგორც გაზეთ „ალიონს“ დეპუტეტებმა აუხსნეს, ითხოვდნენ რომ საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეს, კომისიების, ფრაქციების თავმჯდომარეებს ნებაყოფლობით (ერთ-ერთი ხელმძღვანელის სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ეს კარგ „ჟესტად“ ჩაეთვლებოდათ (?!), უარი ეთქვათ სადეპუტატო მოვალეობისათვის გათვალისწინებული თანხის მიღებაზე.რატომ უნდა შევასრულო სადეპუტატო მოვალეობა (იგულისხმება სოფლებში შეხვედრებზე გამგზავრება, სხვა ორგანიზაციული ხარჯები) იმ ხელფასით, რომელსაც სხვა მოვალეობის შესრულებაში მიხდიან-გვითხრა გულახდილად ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა.როგორც შემდეგ გვითხრეს, „ქამრის მოჭერის“პოლიტიკის ავტორი გურიის გუბერნატორი იყო. ამ თემაზე იგი საკრებულოს ხელმძღვანელებს და სხვებს შეხვდა. საერთოდ ბიუჯეტის თანხების მიზნობრივად ხარჯვის თემა სწორია, მაგრამ ეს დეპუტატის მოვალეობის ანაზღაურების შემცირების ხარჯზე რამდენად უნდა მოხდეს, საკამათოა.
ადგილობრივი არჩევნების წინ და მომდევნო პერიოდშიც გაისმოდა, რომ სუსი აქტიურად ერეოდა საარჩევნო პროცესში. ამ ბოლო პერიოდში არა მარტო ოზურგეთში, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიდან „ჩუმად“გაისმის, რომ სუსი ერევა საკადრო პოლიტიკაში და სხვა საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ერთია, თუკი 1 და 2 სექტემბერს თემების საკრებულოს დეპუტატებს ხელფასის თემაზე „ბუნტამდე“ ერთი ნაბიჯი აკლდათ, 3 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობას ხმა არ ამოუღია.... ღირს კი საკრებულოში კინკლაობა? დაჯდება თუ არა ერთ-ერთი დეპუტატი დარბაზის მესამე თუ მეოთხე რიგში, ეს ადვილად მოსაგვარებელი თემა (როცა ქალთა შემადგენლობა არაა მრავალრიცხოვანი საკრებულოში) საკამათო გახდა. საქმე ის არის, რომ დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ ახალი საკრებულოს პირველ სხდომაზე ითხოვა, შეენარჩუნებინათ მისთვის ის ადგილი, სადაც წინა მოწვევის საკრებულოზე იჯდა. 3 სექტემბრის სხდომა ნაცვალაძემ ზუსტად ამ მოტივით დატოვა, რადგან მისი ადგილი დაკავებული დახვდა. ლელა ნაცვალაძე საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეა.... თემების საკრებულომ ადგილობრივ მედიასთან ურთიერთობაშიც საკუთარი „პოზიცია“ დააფიქსირა. იმ მოტივით, რომ ვებ-გვერდი ექნებათ, საკრებულოს შესაბამის რეგლამენტში ამოიღეს ადგილობრივ გაზეთებში მნიშვნელოვანი პროექტების, დადგენილებების, განკარგულებების გამოქვეყნების აუცილებლობა, თუმცა 3 სექტემბრის სხდომაზე პოზიცია შეცვალეს (ეს საკითხი განათლების, კულტურის კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაიამ დააყენა) და ადგილობრივ გაზეთებში დაბებისა და სოფლების მაცხოვრებლები საკრებულოს მნიშვნელოვან დოკუმენტებს გაეცნობიან. ორთავე საკრებულოს სხდომაზე მიიღეს დადგენილება საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის შესახებ, რაც იმის იმედს იძლევა, რომ მუნიციპალიტეტების პრობლემებზე მსჯელობა დარბაზის სხდომებზე აქტიური გახდება.ავტორი გაზეთი „ალიონი“

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.