სტრასბურგშია და საქართველოსკენ უჭირავს თვალი

დამატებულია: 2018-05-26
picture1

იცანით, ალბათ, ანანო ვადაჭკორია _ ოზურგეთის პოლიციის გამომძიებლის, ქალბატონი თეა ურუშაძისა და ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დასის მმართველის, ბატონი ირაკლი ვადაჭკორიას პირმშვენიერი გოგონა, ვინაც სტრასბურგიდან, ფეისბუკის საშუალებით, დროდადრო გვეხმიანება სასიხარულო, სასიამოვნო და საამაყო ინფორმაციებით, რომელთაც, თუ კარგად ჩაუკვირდებით, თან გასდევს ნოსტალგიიის კვალი.

`დღეს ერთი წელი გავიდა, რაც მე ჩემს ქვეყანაში, რაიონში, ოჯახშა და ახლობლების გარემოცვაში არ ვიმყოფები. ვარ შორს, ძალიან შორს, სხვა ქვეყანაში, სხვა გარემოში და, რა თქმა უნდა, სხვა პირობებში. `ენძელა და იას~ ლექსი, კარგად გარითმული, ბავშვური გულწრფელობით ამოთქმული `მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია~ დარჩა ბავშვობაში და ახლა მე ვიცი, რა მინდა. დიახ, სიახლე, პრაქტიკულობა, მიზანდასახულობა, სწორად შერჩეული პროფესია და აღიარება მინდა. აქ მიღწეული წარმატება მაქ მინდა წამადგეს და ჩემს ქვეყანაში მინდა დავდგე მყარად, ჩემი ხალხის გვერდით. მე ვშრომობ, ვუძლებ, ვტირი, ვხარობ, ვსწავლობ, მენატრება, ვდარდობ, მაგრამ ვიცი, რომ ეს ჩემი გზაა, ჩემი გასავლელია, სწორად გათვლილია, პერსპექტიულია და მე შევდგები, ვიბრძოლებ, ვისწავლი, დავდგები ჩემი მშობლების წინაშე, ამოუწურავი და უკიდეგანო ენერგიის და სიყვარულის მომცემი დედ-მამის წინაშე, ამაყად ჩავხედავ ორივეს თვალებში და ვეტყვი ჩემი ხელმოწერა ავტოგრაფი გახდა~.

ეს წერილი ანანომ 25 აპრილს გამოაქვეყნა. ამ დღეს მას 14 წელი შეუსრულდა.

ვადაჭკორიები რომ არსად დაიკარგებიან, ეს ანანომდეც კარგად ვიცოდით, თუმცა, ანანოს მიერ ოზურგეთიდან სტრასბურგამდე განვლილმა გზამ ეს მოსაზრება კიდევ უფრო განგვიმტკიცა.

ამ მომცრო წერილის არანაკლებ მომცრო გოგონამ წარჩინებით დაამთავრა ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის რვა კლასი და სწავლის გასაგრძელებლად 2017 წლის 12 მარტს ევროპისაკენ გასწია. ვინაც ანანოს ხასიათის სიმტკიცე იცის, იმას ნამდვილად არ უნდა გაუკვირდეს ეს საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება და კარგად გათვლილი არჩევანი. გამიმართლა და კარგ სკოლაში მოვხვდიო, ისე ამბობს, თითქოს აქ თავისი სიძლიერე არაფერ შუაშია. როგორც აქ ჩვეოდა, იქაც მაღალი აკადემიური მოსწრებით განაგრძობს სწავლას. ადგილობრივიც და ჩასულიც პირდაღებული დატოვა, ისე მალე აითვისა ფრანგული ენა და ადათ-წესები. უშუალობითა და კეთილშობილებით გამორჩეულმა იმთავითვე მოიპოვა მეგობრებისა და პედაგოგების დიდი სიყვარული.

ნოსტალგია ვახსენეთ წერილის დასაწყისში, არ გვიკვირს ჩვენებურისგან მშობლიური ქვეყნისა და ხალხის მონატრებით გამოწვეული სევდა. დადის და სწავლობს სტრასბურგში ახლა ეს პატარა ქალი, რომელსაც მაინც საქართველოსკენ, გურიისკენ უჭირავს თვალი.

წარმატებები ჩვენს ანანოს ევროპაშიც და საქართველოშიც!

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.