ნიკოლო მაკიაველის „მანდრაგორა“ ოზურგეთის თეატრის სცენაზე

დამატებულია: 2018-05-26
picture1

ალიონი. 23 მაისს, ალ. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის დრამატულმა თეატრმა ახალგაზრდა რეჟისორის მამუკა ბაბილოძის დადგმა ნიკოლო მაკიაველის „მანდრაგორა“ წარმოადგინა.

ნიკოლო მაკიაველი იყო ისტორიკოსი, მწერალი, კომედიოგრაფი. პიესა „მანდრაგორა“ დაახლოებით 1512 წელს დაწერა. ეს ნაწარმოები აღორძინების ხანის საუკეთესო კომედიად არის მიჩნეული. მასში წარმოსახულია მაშინდელი ფლორენციული საზოგადოების სატირული სახე.

უშუალოდ პიესის შინაარსის შესახებ: მასში კომიკურად მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მიმართავენ საკუთარი მიზნების მისაღწევად ადამიანები ყოველგვარ ხერხს, როგორ აბრიყვებენ კაცს, რომელსაც ძალიან უნდა ჰყავდეს შვილი და მის ახალგაზრდა, პატიოსან ცოლს აიძულებენ, დაადგეს ქმრის ღალატის გზას. ამაში ყველა იღებს მონაწილეობას, მსახურები, მღვდელი, თვით გაბრიყვებული ქმარიც კი. რაც შეეხება სპექტაკლს, მსახიობების ანსამბლმა რეჟისორის ჩანაფიქრი მაყურებლებამდე მიიტანეს. თეატრის სტაჟიანი მსახობებთან- თემურ კვირკველიასთან (მესერა ნიჩა), ვერიკო ხუხუნაიშვილთან (სოსტრატა), ირაკლი ვადაჭკორიასთან (თიმოთეო) ერთად, საინტერესო სახეები შექმნეს კობა ახალაძემ (კლიმაქო), გიორგი დოლიძემ (ლიგურიო), ზვიად ჯორბენაძემ (ნიკოლო), ანი გოდერძიშვილმა(ლუკრეცია).

უნდა აღინიშნოს, რომ მამუკა ბაბილოძე არა მარტო სპექტაკლის რეჟისორი, მუსიკალური გამფორმებელიცაა. დადგმის ხელმძღვანელია ვასო ჩიგოგიძე; მხატვარი - გია გვიჩია; ქორეოგრაფი - მარიკა ქვეითაია; რეჟისორის ასისტენტი - მაკა მამულაიშვილი.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.