მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა უბნის ინსპექტორმა თანასოფლელს?

დამატებულია: 2018-06-11
picture1

ალიონი. 6 ივნისს რედაქციაში ტელეფონით გვაცნობეს, რომ სოფელ მერიის ცენტრში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც უბნის ინსპექტორი ხელით შეეხო ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ამავე სოფლის მკვიდრს ზურაბ ტყემალაძეს. სატელეფონო ზარის ავტორმა თავისი ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა.

`ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა შევასრულე და შეგატყობინეთ. ჭკუა რომ არ მოეკითხებოდა, ისე მთვრალ ახალგაზრდა კაცს უბნის ინსპექტორი წიხლებით შედგა, შემდეგ ყელში წვდა, ისეთ დღეში ჩააგდო, იქ თავშეყრილი ხალხის მოსასულიერებელი დარჩა. მერე, გვიან ღამით, სახლში მიყვანილი ცუდად შეიქნა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ოზურგეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეგონა, უფრო მომხდარი ფაქტით დაინტერესდებოდით და არა ჩემი ვინაობით. რაში გაინტერესებთ ჩემი ვინაობა?~ _ გვისაყვედურა ქალბატონმა.

`მედალფას~ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში დაგვიდასტურეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 4 ივნისს, გვიან ღამით სოფელ მერიიდან მართლაც გადმოიყვანა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი:

`4 ივნისს, ღამით, უფრო ზუსტად 5 ივნისის გამთენიისას, 01 საათსა და 55 წუთზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სოფელ მერიიდან კლინიკაში გადმოიყვანა 1986 წელს დაბადებული, ამავე სოფლის მკვიდრი ზურაბ ტყემალაძე, რომელიც იმყოფებოდა ძლიერ მთვრალ მდგომარეობაში. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ხმა ჰქონდა ჩახლეჩილი და კონსულტირებული იქნა ყელ-ყურის ექიმის მიერაც. პაციენტის თქმით, სოფლის ცენტრში მას შეხლა-შემოხლა მოუხდა უცნობ პირებთან. რადგან საეჭვო სიტუაცია იყო, შევატყობინეთ პოლიციას, შეტყობინება მიიღო ნინო ცისკარიძემ. დილით კი, რადგან მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, საკუთარი სურვილითა და ჩვენი ნებართვით წავიდა კლინიკიდან. მძიმე სიტუაცია რომ ყოფილიყო, არავინ გაუშვებდა~, _ გვითხრეს `მედალფას~ კლინიკაში.

ზურაბ ტყემალაძეს ინციდენტიდან მესამე დღეს შევხვდით და სახეზე ვიზუალურად ძალადობისა არაფერი ეტყობოდა. იგი სოფელ მერიაში, თხინვალის გადასახვევთან არსებულ ე. წ. `გარადოკის ბინებში~ ცხოვრობს. ოჯახში ჰყავს მოხუცი დედა და სამი შვილი. როგორც გვითხრა, მუშაობს ყანაში, რადგან სხვა სამუშაო ვერსად ნახა. არ უარყოფს, რომ 4 ივნისს, მისი მონაწილეობით, სოფლის ცენტრში ინციდენტს მართლაც ჰქონდა ადგილი:

`ყანაში ვმუშაობ, ჯერჯერობით სხვა ვერაფერი ვნახე. იმ დღეს ძლიერ ნასვამი სოფლის ცენტრში წავედი, მაღაზიაში შევედი `კოკა-კოლას~ შესაძენად. კარგად არ მახსოვს, რატომ, მაგრამ გარეთ გამოსულს, შელაპარაკება მომიხდა უცნობ პირებთან, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და საქმეში პოლიცია ჩაერია~... კითხვაზე _ ამ ინციდენტის დროს წვდა თუ არა მას ყელში უბნის ინსპექტორი ზურაბ ბაქანიძე, ტყემალაძემ გვიპასუხა:

`კი, მარა, ისეთი არაფერი მომხდარა~... _ აშკარად ბოლომდე არ ან ვერ გვითხრა სათქმელი. ასეთ დროს და ასეთ სიტუაციაში იუმური შეიძლება უადგილოც იყოს, მაგრამ თანასოფლელები ზურაბ ტყემალაძეზე ასე ხუმრობენ:

`დალევა უყვარს, მაგრამ იმდენი ნამდვილად არ ეშლება, ტყემალზე ასული ბალს ჭამდეს, ან პირიქით, ბალზე შესკუპებული ტყემალს მიირთმევდეს~.

მერიელები დადებითად ახასიათებენ და სრულ ნდობას უცხადებენ უბნის ინსპექტორ ზურაბ ბაქანიძეს: `ჩვენი სოფლის შვილია, თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი. ვერავინ იტყვის სამდურავს მასზე. შესაძლებელია, მოხდა კიდეც ინციდენტის მსგავსი, მაგრამ გვერწმუნეთ, ზურაბი უსამართლოდ არავის მოექცეოდა და არ ვღირს ამ საქმეზე ხმაურის ატეხვა~. _ გვითხრეს სოფლის ცენტრში.

ე.წ. `გარადოკის ბინებიდან~ სოფლის ცენტრამდე ათამდე ადამიანს ვკითხეთ, რა მოხდა 4 ივნისს მერიაში. არც ერთმა არ დაგვიდასტურა, რომ უბნის ისპექტორსა და თანასოფლელს შორის მოხდა ინციდენტი. მერიელებს, როგორც ჩანს, უყვართ და ეხერხებათ კიდეც საქმის მიჩუმათება. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სოფლის ხელმძღვანელებმა _ სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელში სამი დღის შემდეგ და ისიც ჩვენგან გაიგეს სოფლის ცენტრში მომხდარი ინციდენტის შესახებ.

რაც შეეხება უბნის ინსპექტორ ზურაბ ბაქანიძეს, პარასკევს 8 ივნისს 11 საათსა და 30 წუთზე, 13 საათსა და 41 წუთზე და 16 საათსა და 42 წუთზე მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 18 საათამდე ველოდეთ, იქნებ საპასუხოდ შეგვხმიანებოდა, მაგრამ ამაოდ. 20 საათზე კი გაზეთზე მუშაობა დავამთავრეთ და ელექტრონული ფოსტით თბილისში გავგზავნეთ დასაბეჭდად. გამორიცხულია, რომ შეცდომით სხვა ნომერზე დაგვერეკა, რადგან სამხარეო პოლიციისა და სოფელ მერიაში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ნუგზარ ხომერიკის მიერ მოცემული ნომრები ერთნაირია და იგი ზურაბ ბაქანიძეს ეკუთვნის. იმედია, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება და დაგვეხმარება იმის დადგენაში, რატომ არ პასუხობს ზარებს სოფელ მერიის უბნის ინსპექტორი.

ავტორი: გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.