გურია და გურულები დიდი სტუმრიანობის მოლოდინში

დამატებულია: 2018-06-11
picture1

ოზურგეთის თეატრის იუბილისა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დღეებში გურიაში 400-მდე სტუმარი გვეყოლება

წლევანდელი ივლისი გურიაში დიდი თეატრალური ბენეფისების თვეა, დიდ ბენეფისებს დიდი სტუმრიანობა მოსდევს. სტუმარი კი მრავლად გვეყოლება ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის 150 წლის იუბილესა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის თქმით, დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალში 6 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას:

`წლევანდელ ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში და ჩვენი თეატრის საიუბილეო ღონისძიებებში 6 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, სამი ქვეყნის თეატრები ჩამოიტანენ სპექტაკლებს, ამდენივე ქვეყანა წარმოადგენს დელეგაციებს. შესაძლებელია, ერთი ქვეყანა კიდევ დაემატოს. რუსეთიდან თავიანთი სპექტაკლებით ჩამოვლენ საყოველთაოდ აღიარებული ნიკიტსკის კარის თეატრი, მარკ როზოვსკის ხელმძღვანელობით და დღეს უფრო პოპულარული პერმის ნაციონალური თეატრი. ფესტივალზე საკუთარ სპექტაკლს წარმოადგენს ასევე განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრი მეზობელი აზერბაიჯანიდან. მზადა გვაქვს განრიგი, რომელშიც ნახავთ როგორ ვახერხებთ გადაწყობას. გითხარით, უკვე რუსეთიდან ორი თეატრი ჩამოდის-მეთქი. ნიკიტსკის კარის თეატრს ვერაფრით ერგება ჩოხატაურის კულტურის სასახლის სცენა. მას სჭირდება ტრიუმები, მბრუნავი წრე, მოსიარულე შტანგეტები, ამიტომ გავიტანეთ ქუთაისში, აქ ქუთაისის თეატრიც ითამაშებს საფესტივალო სპექტაკლებს. ამავე დღეს, ოღონდ შუადღეზე აუცილებლად გვექნება სპექტაკლები ჩოხატაურში. მეორე რუსული თეატრი კი, როგორც ფესტივალში მონაწილე სხვა თეატრები, გურიაში, ჩოხატაურში ითამაშებს.

გარდა ამისა, რაც ყველაზე სასიხარულოა, ჩამოდის გაბროვოს დელეგაცია ბულგარეთიდან, ფორმდება დიდი მემორანდუმი გაბროვოს საერთაშორისო ფესტივალსა და დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალს შორის, გაბროვოს სახელმწიფო თეატრსა და ოზურგეთის სახელმწიფო თეატრს შორის. აღმოსავლეთ ევროპასა და თვით ბულგარეთში ისინი იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები, ხოლო ოზურგეთის თეატრი საქართველოსა და ამიერკავკასიაში მათი წარმომადგენელი.

ჩამოდიან ასევე ლიტვის, ბელორუსის, მოლდოვას დელეგაციები, შესაძლებელია, რუმინეთისაც. ძალიან მოვერიდეთ მასშტაბებს, რადგან ჩოხატაურის კულტურის სასახლე ვერ აუვიდოდა ასეთ დატვირთვას. სცენა შესანიშნავია, მაგრამ არ არის თეატრალური. შტანგეტებს სიმაღლე სჭირდება, განათება თითქოს იდეალურია და ამ დროს უზარმაზარი თანხები გვჭირდება, რომ იგი გავხადოთ თეატრალური. სპეციალურად ვქირაობთ გამნათებელს, აპარატურას. შევიძენთ კაბელებს და სხვათა შორის, საკმაოდ ძვირად ღირებულს, თორმეტი ლარი ჯდება ერთი მეტრი და გვჭირდება ორასი მეტრი. ჩოხატაურში ავაწყობთ სისტემას ისე, რომ შემდეგში შეიძინონ დიმერი, ჩვენ ახლა დიმერებსაც ვქირაობთ, პროჟექტორებსაც. მათ აქვთ საკმაო რაოდენობა, მაგრამ კიდევ ვამბობ, უფრო საკონცერტოა.

გარდა ამისა, ჩამოდის თეატრმცოდნეებისა და კრიტიკოსების უზარმაზარი სპექტრი, დაახლოებით 40 პროფესიონალი. ჩვენთან იქნებიან ყველა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, მათ შორის ბატონი რობერტ სტურუა, რომელიც ახლა უცხოეთში იმყოფება; თემურ ჩხეიძე, რომელიც მთელ ფესტივალს მიადევნებს თვალყურს. ბატონი რობერტი და სხვები ჩამოდიან გახსნა- დახურვაზე. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სტუმრების დაბინავების პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება: სამწუხაროდ, დღეს ოზურგეთში არ გვაქვს ისეთი სასტუმროები, ამ რაოდენობის ხალხი რომ დაიტიოს, 120-130 კაცისთვის სასტუმროების დაქირავება გვიწევს შეკვეთილსა და ურეკში, ისიც ივლისში, საკურორტო სეზონის დროს.

უკვე ჩამოსულია პერმის თეატრი, რომელიც რუსთაველისა და გრიბოედოვის თეატრებში მართავენ სპექტაკლებს, 5 ივლისს ჩამოვიყვანთ გურიაში. ამავე დღეს ნიკიტინსკის თეატრს ვხვდებით ბათუმის აეროპორტში, თავისი ტრანსპორტით ჩამოდის განჯის თეატრი და, რა თქმა უნდა, ქართული თეატრები _ როტაციის პრინციპით.

სასიხარულოა, რომ ჩოხატაურში გაიხსნა ძალიან კარგი სასტუმრო, მაგრამ ნომრები აქვს ცოტა, სულ 20-მდე ადამიანის მიღება შეუძლია. ოჯახურ სასტუმროებში დაახლოებით 250 -270 კაცი გვეყოლება როტაციის პრინციპით. მთლიანობაში იუბილისა და ფესტივალის დღეებში 400-მდე სტუმარი გვეყოლება გურიაში. წლეულს ვერ ესწრება, თორემ რეაბილიტაციის შემდეგ თვითონ თეატრს ექნება სასტუმროს ნომრები, სადაც შესაძლებელი იქნება 15-20 სტუმრის განთავსება. იმედია, მალე დამთავრდება სასტუმრო `გურიას~ კაპიტალური რემონტი. წარმოიდგინეთ ახლა მხოლოდ ტრანსპორტირებაში რა თანხები გვეხარჯება _ 10 დღის განმავლობაში 120-130 ადამიანის გადაყვანა შეკვეთილი-ურეკიდან ჩოხატაურში და იქედან უკან დაბრუნება, ასევე ორი დღით ქუთაისში ჩაყვანა და იქედან ჩამოყვანა.

საუბრისას ვასო ჩიგოგიძემ გვაჩვენა სასიგნალო ეკზემპლარი წიგნისა `ოზურგეთის თეატრი 150~: `რამდენიმე დღის წინ მივიღეთ სასიგნალო ეგზემპლარი. ეს არის უნიკალური გამოცემა საკმაოდ შთამბეჭდავი ტირაჟით _ 1600 ცალი. ჩამოვიტანთ და პირველ რიგში, დავურიგებთ საპატიო სტუმრებსა და დელეგაციებს, შემდგომ, ცივილიზებული წესით, ახალ შენობაში გაიყიდება ბილეთებთან და პროგრამებთან ერთად და შემოსავალი მოხმარდება პერსონალის შენახვას.

როგორც ჩიგოგიძემ გვითხრა, უმრავლესობამ იმ ადამიანებისა, ვინაც წინა ფესტივალზე მიზერული სპონსორობა გასწია, ამჟამად თავი შეიკავა თანხის გამოყოფაზე:

`გულისტკივილით ვამბობ, რომ უმრავლესობამ ამ ადამიანებისა, ამ ეტაპზე თავი შეიკავა სასპონსორო თანხების გამოყოფაზე. ახლებიდან სულ რამდენიმე ადამიანია, ჯერ არ მინდა დავასახელო, ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. მაინც დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ძველი სპონსორებისა, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილისა, რომლებმაც უკვე გამოთქვეს სპონსორობის სურვილი.

მოვუწოდებთ ყველას, ვისაც უყვარს ოზურგეთი, უყვარს ნოდარ დუმბაძე, ვისთვისაც ღირებულია ოზურგეთის თეატრის 150-წლიანი იუბილე, ვისაც აქვს სურვილი, მიიღოს ამ ზეიმში მონაწილეობა და ვისაც აქვს შესაძლებლობა, შემოგვიერთდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ სოციალური კუთხით გახსნილები ვართ. ვერავის ვერაფერს მოვთხოვთ და დავაძალებთ. ჩვენ ამ იუბილესა და ფესტივალს მაინც ჩავატარებთ. აქვე არ შემიძლია, გულწრფელი მადლობა არ ვუთხრა საქართველოს კულტურის სამინისტროს, რომელმაც დღეს ორჯერ მეტი მხარდაჭერა გაგვიწია, ვიდრე წინა ფესტივალზე. ასევე გულწრფელი მადლობა უნდა ვუთხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს გაორმაგებული დაფინანსების გამოყოფისათვის, რაც ალბათ გადაგვარჩენს.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, რომელიც შემოვიდა როგორც დამფუძნებელი და მის წვლილს გაიღებს საფესტივალოდ.

დარწმუნებული ვარ გუბერნიაც და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც დაგვიდგებიან მხარში, ფინანსური გამორიცხულია, მაგრამ ფესტივალს გარკვეულწილად, გარდა საორგანიზაციო მხარისა, სხვა რამაც სჭირდება და ეს არის, უპირველესად, მაყურებელი. ბედნიერები და ამაყები ვიყავით იმით, რომ ჩვენი ყველა სპექტაკლი გადატენილი იყო მაყურებლით~.

ვასილ ჩიგოგიძემ თეატრის საიუბილეო სიურპრიზებზეც ისაუბრა:

`იმის გარდა, რომ გვაქვს დიდი სიურპრიზები თეატრის 150 წლისთავისათვის, შემიძლია ახალი სიურპრიზიც განვაცხადო, უკვე გვაქვს ნოდარ დუმბაძის პრემია 1500 ლარის ოდენობით და `ჩვენი მზე~, რომელსაც `ჩვენო მონატრება~ დავარქვით. ოსკარზე ნაკლები არ იქნება, ნახავთ, როგორი `მონატრება~ გვექნება `ჩვენი მონატრების~ შემქმნელია საქართველოს თეატრალური საზოგადოება ბატონ გოგი ჟღენტთან ერთად. სხვა საინტერესო პრიზებსა და ჯილდოებსაც ნახავთ, რომელიც ჯერ არ ვიცით ვის გადაეცემა, და როგორ გადაეცემა, მაგრამ ვიცით, რომ ოზურგეთის თეატრის იუბილეს დაამშვენებს~.

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.