დღეს, დაახლოებით დღის 4 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე დაუპირისპირდნენ. მათი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და როგორც დაზარალებული ბესო ქათამაძე აცხადებს, მას ერთ-ერთმა დეპუტატმა თავში რაღაც ჩაარტყა, რის შედეგად ტრავმა მიიღო და გონი დაკარგა.
_ინციდენტი ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და სოციალურ ქსელში ჩემს ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება. საკრებულოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ სალაპარაკო გვაქვსო. როცა შევედი მათთან, დალაპარაკება ვერ მოვასწარი, თავს დამეხსნენ, რამდენიმე დეპუტატი მირტყამდა. შემდეგ უკნიდან რაღაც ჩამარტყეს და გონი დავკარგე. აზრზე რომ მოვედი, მარტო ვიყავი. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გ. აროშიძე, დ. ჭაკნელიძე, გ. კილაძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი მირტყამდა_უთხრა გაზეთ „ალიონს“ ბესო ქათამაძემ, რომელიც შემდეგ „მედალფას“კლინიკაში გადაიყვანეს. ¬¬„პაციენტს სხვადასხვა ზომის 3 ჭრილობა ჰქონდა თავზე, მათ შორის ერთ-ერთი სისხლმდენი. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობად ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“_უთხრა გაზეთ „ალიონს“სამკურნალო ცენტრ „მედალფას“დირექტორმა დავით მდინარაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დეპუტატმა (მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან) და საკრებულოს თანამშრომლებმა ინციდენტის შესახებ, გაზეთ „ალიონთან“ კომენტარი არ გააკეთეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარ ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
დღის 6 საათიდან ოზურგეთის პოლიციის შენობასთან დაბა ნასაკირალის მცხოვრებლებია შეკრებილი. ისინი დაბის მაჟორიტარი დეპუტატის ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს და მათი თანასოფლელის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“მხარდამჭერის დაკავებას აპროტესტებენ. პოლიციის შენობასთან იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკანდრო მელია.
მელია ხელისუფლებას და პოლიციას გარკვეულ ულტიმატუმს უყენებს. მოითხოვს დროებით დაკავებული პირის სასწრაფოდ გათავისუფლებას და ინციდენტში მონაწილე დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეჩერებას. მისი განცხადებით, პოლიციასთან 2 ათასამდე მათი მომხრე მოიყრის თავს და თუკი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, ისინი თავად მიაკითხავენ ინციდენტის მონაწილე დეპუტატებს და პასუხს მოსთხოვენ. ბოლო წუთებში სიტუაცია პოლიციის შენობასთან დაიძაბა.
აქციაზე მყოფ ათეულობით ადამიანს ამ წუთებში აჭარიდან ლევან ვარშალომიძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები შეუერთდნენ.
ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალი დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ტარიელ აროშიძეს წარედგინა.