15 ივნისს, ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატ გელა აროშიძეს ბრალი გუშინ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდეგინა.
დღეს კი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მოსამართლე მარინა კიკნაძე), სასამართლო პროცესი გაიმართა.
სასამართლო პროცესზე გელა (ტარიელ) აროშიძის ადვოკატმა განაცხადა,რომ გელა აროშიძემ ბესო ქათამაძეს ესროლა მაგიდის დროშის სამაგრი, რადგან იგი აღელვებული იყო.
თავად გელა (ტარიელ) აროშიძემ განაცხადა, რომ მოხდარზე თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს.
მოსამართლე მარინა კიკვაძემ დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა და აროშიძეს 5000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრეს. პროცესის დასრულების შემდეგ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ ცენტრალურ და ადგილობრივ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და არაა გამორიცხული, აროშიძეს ბრალი დაუმძიმდეს.
სასამარლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა აროშიძის ადვოკატი მერაბ ფუტკარაია: _„ეს არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და არასამართლიანად მიმაჩნია, აროშიძისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდება. ამის შესახებ სასამართლო პროცესზე განვაცხადე კიდეც, მაგრამ არ გაითვალისწინეს. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, ის იყო აღელვებული და ქათამაძეს ესროლა მაგიდის დროშის სადგარი. არ არსებობს დასკვნა, სადაც აღწერილი იქნება ქათამაძის დაზიანებები. მე ყოველგვარი ძალადობის ფაქტის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ დღემდე არ გვქონდა პრეცედენტი, ვერც ერთ შემთხვევას ვერ დამისახელებენ, მსგავს შემთხვევაში დეპუტატის 126-ე მუხლით გასამართლების.“
მორიგი სასამართლო სხდომა 14 აგვისტოს გაიმართება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ დღეს ბრიფინგი გამართა.
ისინი აროშიძეზე წაყენებული 126-ე მუხლის გადაკვალიფიცირებას და დამძიმებას, თავდასხმაში მონაწილე ყველა დეპუტატის ჯერ თანამდებობიდან გადადგომას, შემდეგ მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და სისხლის სამართლებრივ დევნას ითხოვენ.
იმის გამო, რომ მათი მოთხოვნები არ იქნა გათვალისწინებული, ხვალ ოზურგეთის პოლიციის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება.
დღეს დილიდან რეგიონში მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლების გარკვეულ კატეგორიას აქციის სავარაუდო ორგანიზატორები აფრთხილებდნენ, რომ მათ მობილიზება გაუკეთონ სოფლებიდან ხალხის ჩამოსვლას და უფასოდ მოემსახურონ აქციაში მონაწილეობის მსურველებს.