ნაციონალმა დეპუტატებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს

დამატებულია: 2018-06-19
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამმა დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესო ქათამაძემ, დავით მჟავანაძემ, თორნიკე გოგუაძემ დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შიმშილობის აქცია დაიწყეს. მოშიმშილე დეპუტატები 15 ივნისს, საკრებულოს შენობაში დაბა ნასაკირალის მაჟორიტარ დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმაში მონაწილე პირებისათვის უფლებამოსილების შეჩერებას და მათ დასჯას მოითხოვენ. შიმშილობის აქციას ადმინისტრაციული შენობის წინ რამდენიმე საათის განმავლობაში საპროტესტო აქცია უძღვოდა. აქციაში გარდა ნაცმოძრაობის ადგილობრივი ლიდერებისა, მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანდრო მელია, ლევან ვარშალომიძე, კობა ხაბაზი, დავით კირკიტაძე და ნაცმოძრაობის სხვა სახეები.

დილით, მუნიციპალიტეტის შენობის წინ შეიკრიბნენ დეპუტატ ბესო ქათამაძის მხარდამჭერები დაბა ნასაკირალიდან, ლაითურიდან, მთისპირიდან და მეზობელი მუნიციპალიტეტების რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა დავით მჟავანაძემ გაზეთ „ალიონთან“ განაცხადა, ინფორმაცია დაანონსებული აქციის შესახებ სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელა და აქ ის ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც მოხდარი ძალადობის ფაქტის გამო პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ და სოლიდარობას უცხადებდნენ ბესო ქათამაძეს.

_ დღევანდელი აქციის შესახებ ფეისბუქის საშუალებით გავიგე. გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, რადგან ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი სცემეს. მიმაჩნია, რომ განსხვავებული აზრის მიუხედავად, სახელმწიფოში დაცულები უნდა ვიყოთ _გვითხრა მაღალმთიანი სოფელ მთისპირის მცხოვრებმა ანა ინწკირველმა.

_ რა შუაშია „ოცნება“ ან „ნაციონალი,“ ყველა საქართველოს შვილები ვართ და ყველას აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის თუ გავრცელების უფლება. განსხვავებული აზრის გამო დეპუტატი არ უნდა სცემონ_თავისი აზრი ასე გამოხატა დაბა ლაითურის მცხოვრებმა მაყვალა პატარაიამ. აქციაზე თავიანთი მოთხოვნები დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დავით მჟავანაძემ და ბესო ქათამაძემ.სიტყვებით გამოვიდნენ ნიკანდრო მელია, კობა ხაბაზი და აღნიშნული პარტიის აქტივისტები მეზობელი მუნიციპალიტეტიდან.

აქციაზე ერთ-ერთ მოთხოვნად საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომასაც იყო.

შუადღისას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია (ნიკანდრო მელია, დავით მჟავანაძე, ბესო ქათამაძე) ადმინისტრაციულ შენობაში შევიდნენ და დახურულ კარს მიღმა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას, მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილს შეხვდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მოლაპარაკებისას მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ. მან პროვოკაციად შეაფასა სამხარეო ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლის ქმედება.

ხამამაღალი კამათი გაიმართა საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის გენდერულ-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ლელა ნაცვალაძესა და ნიკანდრო მელიას შორის; ნაცვალაძემ მელიას ნაცმოძრაობის 9-წლიანი მმართველობის დროს ადამიანების უფლებების უგულვებელყოფის ფაქტები შეახსენა.

აქცია გაგრძელდა. დავით მჟავანაძემ განაცხადა, რომ ისინი შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავდნენ. დავით მჟავანაძეს აქციის მონაწილეებთან ერთად შენობაში შეჭრის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

დღის 4 საათისთვის აქცია დასრულდა. სამი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საშიმშილოდ დასხდნენ.

ბესო ქათამაძის განცხადებით თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი პარასკევს უფრო დიდი მასშტაბის აქციას მოაწყობენ.

გუშინ, 17 ივნისს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სხდომა გაიმართა. 15 ივნისს ბესო ქათამაძესთან მომხდარ კონფლიქტში მონაწილე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გელა (ტარიელ) აროშიძეს ბრალი სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს და გირაოს სახით 5 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. მომდევნო სასამართლოს სხდომა 14 აგვისტოსაა ჩანიშნული.

ავტორი: გაზეთი „ალიონი“

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.