„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატების შიმშილობის აქცია გრძელდება

დამატებულია: 2018-06-19
picture1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე მეორე დღეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი დეპუტატი დავით მჟავანაძე, ბესო ქათამაძე და თორნიკე გოგუაძე შიმშილობს. მოშიმშილეთა გვერდითაა ნაცმოძრაობის კიდევ ერთი დეპუტატი შალვა თავდიშვილი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შიმშილობს.

დღეს ბესო ქათამაძემ გაზეთ „ალიონთან“ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნაა სასწრაფოდ მოიწვიონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, მოითხოვს მის ცემაში მონაწილე 4 დეპუტატის თანამდებობებიდან გადადგომას, უფლებამოსილების შეჩერებას და მათ ქმედებაზე გამოძიების დაწყებას.

ბესო ქათამაძემ არ დაადასტურა გუშინ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. _ჩვენ არ მოვითხოვთ დავით დარჩიას თანამდებობიდან გადადგომას. თუკი ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ სოლიდარობას გვიცხადებენ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატები. ოზურგეთში ჩამოვლენ დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტებიდან ჩვენი კოლეგები. ისინი ჩვენთან ერთად იშიმშილებენ.

გაზეთმა „ალიონმა“ მოშიმშილე დეპუტატების მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძეს სთხოვა:

_ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერილობითი წინადადება, რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით 18 ივნისს შემოვიდა კანცელარიაში და ამ ეტაპზე შესწავლის პროცესშია.

განცხადების ინიციატორებს კანონით გათვალისწინებულ ვადებში ეცნობებათ პასუხი _გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ.

ავტორი გაზეთი „ალიონი“

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.