მოშიმშილეებს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი ეთქვა

დამატებულია: 2018-06-22
picture1

დღეს,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალი დეპუტატების მოთხოვნაზე რიგგარეშე სხდომის მოწვევევის შესახებ უარი ეთქვა:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ს თავმჯდომარეს ბატონ თორნიკე გოგუაძეს

ბატონო თორნიკე,

თქვენი 2018 წლის 18 ივნისის N251 წერილის პასუხად, რომლითაც მოთხოვნილია მიმდინარე წლის 21 ივნისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 27 ნოემბრის N1 დადგენილების თანდართული რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გაცნობებთ და განგიმარტავთ შემდეგს:

1. წერილში ჩამოთვლილი გყავთ საკრებულოს წევრ - ბესიკ ქათამაძეზე „დანაშაულებრივ თავდასხმაში მონაწილე“ პირები. ასევე, „თავდასხმის“ ადგილზე მყოფი პირები, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, რომელზეც აპელირებთ, რომ „მისი სამსახურებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, უნდა შეესწავლა მომხდარი ინციდენტი და განეხორციელებინა კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება“.

თქვენთვის ცნობილია, რომ წერილში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები ახორციელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, რისი დასრულების, შესაბამისი სამართლებრივი შეფასებებისა და საფუძვლების არსებობის შემთხვევაში კომისია იმოქმედებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახბ“ 2017 წლის 14 დეკემბრის N12 დადგენილების თანდართული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტით გასაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. წერილში აღნიშნული გაქვთ, რომ „ისეთ პირობებში, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ხორციელდება მომხდარი ფაქტის სრული იგნორირება მოგმართავთ ფრაქცია \"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\" სახელით და ვითხოვთ - უმოკლეს ვადაში დაინიშნოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაგანავასათვის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი თავმჯდომარის არჩევა;

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარისათვის ეროდი გორდელაძისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი თავმჯდომარის არჩევა;

3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარისათვის გოჩა კილაძისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი თავმჯდომარის არჩევა.“

განვმარტავთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად: „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

„გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; (20.03.2015. N3401 ამოქმედდა 2015 წლის 1 აპრილიდან) დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში; ვ) დაიკავა ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა; ზ) გარდაიცვალა.“

გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში რეგისტრირებული არ არის რაიმე სახის დოკუმენტი, შესაბამისი წერილი ან/და მომართვა, რის შესაბამისადაც საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია დაიწყებდა წერილში აღნიშნული პირებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურებს, ზემოაღნიშნული ჩამონათვალისაგან ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძვლით.

3. მიგვაჩნია, რომ მოთხოვნა პარალელურად არაკონსტიტუციურიცაა, ვინაიდან საქართველოს კონსიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.“

4. აღსანიშნავია, რომ წერილის პირველ აბზაცში მოყვანილი თარიღი აცდენილია რეალობას. ამასთან, ბუნდოვანი და გაურკვეველია წერილის ბოლო აბზაცში მითითებული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის სამართლებრივი საფუძველი „(ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის პირველი ნაწილის ,,დ,, პუქნტი).“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ წინამდებარე წერილი (წინადადება) არ შეიცავს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთების სამართლებრივ საფუძვლებს.

პატივისცემით, დავით დარჩია,

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.