შპს`ლიხაურის საყვავილე მეურნეობა~ მედიასთან ურთიერთობას გაურბის რა ხდება აქ, ბეტონის ღობის მიღმა?

დამატებულია: 2018-06-30
picture1

ადრე ლიხაურის საყვავილე მეურნეობის შესახებ საგაზეთო მასალის მომზადებისას პრობლემა არასდროს შეგვქმნია, ახლა რატომღაც ჯერ დაგვთანხმდნენ, მეორე დღეს კი ცივი უარი გვტკიცეს.

27 ივლისს თავდაპირველად დავრეკეთ ფეისბუკში განთავსებულ ნომერზე, რომელიც სავარაუდოდ ეკუთვნის საყვავილე მეურნეობის მფლობელს ბატონ კობა კვაჭანტირაძეს. მოპასუხემ გვითხრა, რომ თვითონ თბილისში იმყოფება და მოგვცა ადგილობრივი ხელმძღვანელების ნომერი 595 00 21 18. სატელეფონო საუბარში შევთანხმდით, რომ მეორე დღის 11 საათზე ჩავწერდით ინტერვიუს. 28 ივლისს, დათქმულ დროზე ნახევარი საათით ადრე, იმავე ტელეფონით შეგვატყობინეს, რომ შპს-ს ხელმძღვანელობას არ სურდა საყვავილე მეურნეობის შესახებ საგაზეთო წერილის მომზადება.

დავრეკეთ ფინანსურ მენეჯერთან დავით ლომჯარიასთან, როგორც ძველ მეგობართან, იქნებ დაგვხმარებოდა, რომ ინტერვიუ არ ჩაშლილიყო. დავითმა კი რაღაცნაირად გაიკვირვა და მწყრალი ტონით გვითხრა: კერძო ორგანიზაციაა და ხომ აქვს უფლება, არ დაგთანხმდეთ?!

კეთილი და პატიოსანი, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები ერთმანეთში ნამდვილად არ გვერევა, ვიცით, რომ კერძო ორგანიზაციების კომერციული საქმიანობა მათი ფინანსური საიდუმლოებაა, რომელშიც ცხვირის ჩაყოფას არ ვაპირებთ, მაგრამ ჩვენც ხომ გვაქვს უფლება, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დავსვათ სხვა სახის კითხვები და მივიღოთ პასუხები, აი, მაგალითად, როგორიცაა ანასეულის წყალსადენი. ანასეულელი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ მილზე უნებართვოდ და უკანონოდ დაერთებული საყვავილე მეურნეობა, მცენარეთა მოსარწყავად ყოველდღიურად ტონობით წყალს ხარჯავს, მაშინ, როცა ანასეულს წყალი ყოველ მეორე დღეს და ისიც მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება და ლამისაა ხალხი აქ წყურვილით დაიხოცოს.

არც სხვა კითხვების ჩამოყალიბებისას დაგვჭირდება განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება. რამდენადაც ვიცით, შპს `ლიხაურის საყვავილე მეურნეობა~ არ არის ის სპეციფიკური ორგანიზაცია, რომლის საქმიანობას უნდა ედოს გრიფი `საიდუმლო~. ჩვენი აზრით, რაც აქ, ამ ბეტონის ღობის მიღმა ხდება, საზოგადოებისა და მედიისათვის ტაბუდადებული არ უნდა იყოს.

ავტორი, გაზეთი „ალიონი“

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.