ბესიკ მელუამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა მოუგო

დამატებულია: 2018-07-04
picture1

გადაწყვეტილება მოსამართლე, მარინა კიკნაძემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, 4 ივლისს, გამოაცხადა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით ხათუნა სურგულაძის და ქეთევან კვაჭანტირაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდება ,,უსაფუძვლობის გამო“. მოგეხსენებათ ადმინისტრაციული საქმე „ხათუნა სურგულაძე, ბესიკ მელუა, ქეთევან კვაჭანტირაძე მერიის წინააღმდეგ“ რამდენიმე თვე იყო განხილვაში. მოსარჩელეები სამუშაოზე აღდგენას და განაცდურების ანაზღაურებას ითხოვდნენ.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ნათქვამია:

,,ბესიკ მელუას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბათილად იქნას ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 იანვრის ნომერი 2019 ბრძანება და ბესიკ მელუა აღდგენილი იქნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

ბესიკ მელუას აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 2018 წლის თებერვლიდან, სამსახურში მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2000 ლარს) ოდებობით. ასევე აუნაზღაურდეს 2018 წლის იანვრის თვის დანაკლისი 500 ლარი.“

ბესიკ მელუას სარჩელი მხოლოდ ,,დაუყოვნებლივ აღსრულების” ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ,,ბესიკ მელუას მოთხოვნა, დაუყოვნებლივ აღდგეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ დაკმაყოფილდეს. ბესიკ მელუას მოთხოვნა იძულებითი განაცდურის დაუყოვნებლივ გაცემასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნას მიცემული ბესიკ მელუას სასარგებლოდ მხოლოდ სამი თვის ხელფასი” _ განაცხადა მოსამართლემ.

,,ბათილად იქნას ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და ამ კონკუსისი შედეგები. ბათილად იქნას ცნობილი მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი ინწკირველის დანიშვნის ბრძანება“_გამოაცხადა მოსამართლე მარინა კიკნაძემ.

გადაწყვეტილების გამოცხადებას ბესიკ მელუა და ქეთევან კვაჭანტირაძე დაესწრნენ, ხოლო ხათუნა სურგულაძე სასამართლო დარბაზში არ შევიდა,განაჩენს მოსაცდელ დარბაზში ელოდებოდა.

ავტორი: გაზეთი „ალიონი“, მარი კოძოევი ;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.