საიდან მიიღებს მწყურვალი ანასეული წყალს _ აჭის სათავე ნაგებობიდან თუ ქალაქის წყალსადენიდან
ვერ გეტყვით, ანასეულში ზუსტად როდის გადაწყდება წყლის პრობლემა, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის თავკაცი ანასეულელთათვის მიცემულ სიტყვას ჯერჯერობით ასრულებს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ დაუმთავრებელი წინადადებიდან სიტყვა `ჯერჯერობით~ ამოსაღები გამიხდება.
`მოდით, ასე გავაკეთოთ, მე ამ შეხვედრიდან გამოვიტანე შემდეგი დასკვნა _ დღესვე, უკვე აქედანვე კომუნიკაცია მექნება იმასთან, ვისაც ევალება ამ საკითხის გადაჭრა, უახლოეს დღეებში ჩვენ ჩამოვალთ აქ იმ ხალხთან ერთად, ვინაც ამაზე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. მოვუსმინოთ ჩვენ ერთად, ვთქვათ, რა კორექტივები გვექნება მათ გეგმებზე. იმ მომენტიდან, როდესაც მე დავინახავ, რომ ანასეულის მოსახლეობის დავალება და პროფესიონალების, ექსპერტებისა და ინჟინრების ხედვა შეჯერებულია, მზად ვიქნები, რომ პროექტის განხორციელებაში მაქსიმალური ძალისხმევა დავხარჯო. ჩამოვალ აქ, ეს მოხდება ძალიან უმოკლეს დროში, შევიკრიბოთ ისევ, მოვუსმინოთ ამ ადამიანებს, როგორ ხედავენ ამის გადაჭრას, ვუთხრათ ჩვენი კორექტივები, ჩამოვართვათ ხელი, რომ სახელმწიფომ, უფრო სწორად მთავრობამ, პარლამენტმა და ხალხმაც იცოდნენ, რას ვაკეთებთ. შევთანხმდეთ, მერე არ იყოს, იმან რაღაცა ვერ გაიგო, ხალხს სხვა აზრი ჰქონდა, დეპუტატმა სხვა დასკვნები გამოიტანაო. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მზადყოფნას, რომ ბოლომდე ვიქნები თქვენს გვერდით, სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება~, _ უთხრა ანასეულელებს 21 ივნისს აქ გამართულ შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.
ორი კვირის შემდეგ, გასულ ოთხშაბათს, 4 ივლისს ანასეულს უკვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიგა კარსია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი ეკატერინე ქალდავა და წყალმომარაგების სისტემის სხვა სპეციალ-ისტები ეწვივნენ. სტუმრები ანასეულელებს მხარის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ წარუდგინა. შეხვედრას, რასაკვირველია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, `კონკრეტულად ამ შეხვედრის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის იყოს თანხვედრა, როგორ ვაპირებთ ამ პრობლემის გადაჭრას, იმიტომ რომ ამ საკითხს უნდა ჰქონდეს შუალედური გადაწყვეტა, რათა წყლით მომარაგება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. შეიძლება ამას ჰქონდეს გრძელვადიანი გადაწყვეტაც შემდგომში კაპიტალური ინფრასტრუქტურის განვითარებით, მაგრამ ამას ბევრი დრო სჭირდება. ამდენი დრო კი ნამდვილად არ არის. საზოგადოება, მითუმეტეს ადგილობრივი მოსახლეობა ზაფხულში და ამ პირობებში წყლის გარეშე ნამდვილად ვერ გაძლებს, ამიტომ ჩვენი თხოვნაა და ჩვენი მოთხოვნაა, _ მოდით ასე ვთქვათ, _ მთავრობამ გამოძებნოს ამ საკითხის სწრაფი გადაწყვეტის გზა. დღეს აქ სწორედ ამისთვის ვართ შეკრებილი. პირადად ჩემი სურვილი იქნებოდა შემდეგი ნაბიჯები იყოს თქვენთან შეთანხმებული. თქვენც იცოდეთ, რას აკეთებს მთავრობა, მთავრობამაც იცოდეს, რა მოლოდინი აქვს ხალხს, რას ითხოვს მოსახლეობა, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს საკითხი~.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გიგა კარსიამ ანასეულელებს პრობლემის მოგვარების საშუალო და გრძელვადიანი პროექტები გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროექტებში აქტიურად ჩაერთვება მოსახლეობა:
`მირჩევნია საქმიანი შეხვედრა გვქონდეს, ერთობლივად, თქვენი დახმარებითა და გვერდში დგომით, უკეთესად შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას. არის საშუალო და გრძელვადიანი პროექტები. ახლა რას წარმოადგენს ეს საშუალო? პროექტირება დასრულებულია ისე, რომ საბოლოოდ თითოეულ ოჯახთან მივიდეს სუფთა წყალი, ვაპირებთ, გამოვაცხადოთ ტენდერი და დაიწყოს სამუშაოები, პარალელურად ერთ თვეში დასრულებული გვექნება ტექნიკური გადაწყვეტა, თუ საიდან უნდა მივიღოთ ეს წყალი, რომელიც მომავალ ზაფხულს თქვენ გექნებათ თავისი მრიცხველებით.
რაც შეეხება გრძელვადიანს, აქ საუბარია დიდ თანხებზე. საკმაოდ ძვირადღირებულია და მოიცავს ოზურგეთსა და მიმდებარე სოფლებს. მასში შედის როგორც წყლით უზრუნველყოფა, ისე გამწმენდი და კანალიზაცია. ახლა მთავარია უახლოეს დღეებში, კვირეებში მიმდინარე პრობლემა მოვაგვაროთ, თუ როგორ, ამაში თქვენი დახმარება დაგვჭირდება~.
როგორც მხარის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თქვა, ადგილზე არიან სპეციალისტები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ სისტემაში მუშაობდნენ, შესაბამისად მათაც შეუძლიათ, ასე ვთქვათ, პრობლემის გადაწყვეტაში დახმარება, მაგრამ მოსახლეობას ყველაზე მეტად ის აინტერესებს, როდის დაიწყება ეს პროექტი და საბოლოო შედეგები როდის გვექნება საბოლოო შედეგები.
საკითხების დაკონკრეტების მიზნით არჩილ თალაკვაძემ დღეს არსებულ მოცემულობაზე ისაუბრა: `რა დასკვნაც გამოვიტანე, მოცემულობა გვაქვს ესეთი: ანასეულს ჰქონდა თავისი წყალმომარაგება, რომელიც ახლომდებარე სოფლიდან მარაგდებოდა, ეს მაგისტრალი დღესაც არსებობს, დროთა განმავლობაში, მაშინაც პრობლემა იყო ამ მაგისტრალზე უკანონო დაერთებები, დღეს ეს პრობლემა კიდევ უფრო გაზრდილია, როგორც მე შევისწავლე 105-ზე მეტი ოჯახის შინამეურნეობა არის დაერთებული უკანონოდ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სათავეზე დებეტმა იკლო და მეტი ოჯახი დაუეერთდა იმ მაგისტრალს, რომელსაც ანასეული უნდა მოემარაგებინა, წნევაც და მომარაგებაც ანასეულს შეუმცირდა. ანასეულს აქვს თავისი 500-ტონიანი, რეზერვუარი, რომელიც დღეში ერთხელ რომ შეივსოს, 24 საათის განმავლობაში ანასეულის ასე თუ ისე ნორმალურ მომარაგებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა არის ის, რომ უახლოეს დღეებში და უახლოეს კვირეებში მივაღწიოთ იმას, რომ ამ რეზერვუარის შევსება ანასეულისთვის მოხდეს რეგულარულ რეჟიმში. ამისთვის, რაც ვიმსჯელეთ სპეციალისტებთან და ხალხთან ერთად, არის ორი გზა: პირველი, რომ უკანონოდ დაერთებული შინამეურნეობები ჩავხსნათ ყველგან და გარკვეული დაცვის რეჟიმი დავაწესოთ ანასეულის მაგისტრალზე. იქვეა პარალელური მილი, რომელიც ლიხაურს ამარაგებს და მხოლოდ იმ მილზე იყვნენ ჩართული ლიხაურის ოჯახები; მეორე _ მოხდეს ანასეულის რეზერვუარის დაერთება ქალაქის სისტემაზე. ქალაქის სისტემას საკმარისი დებეტი აქვს, რომ 500 ტონა შეუვსოს ანასეულს ყოველდღიურ რეჟიმში. ეს არის მოკლევადიანი გადაწყვეტები.
გრძელვადიანი ის არის, რაზეც ბატონმა გიგამ გესაუბრათ, უბრალოდ მანდ შესასწავლია, ვთქვათ, რამდენად ღირს ათეულ მილიონიანი ინვესტიციის ჩადება იმ მაგისტრალის გაკეთებაში, რომელშიც დებეტის პრობლემა უფრო მწვავედ დგას, ვიდრე იყო. შეძლებს თუ არა ის სათავე ახალი მაგისტრალის შევსებას სრულფასოვნად, ეს არის შესაფასებელი. მესმის, რომ ეს ძალიან გრძელვადიანი პროექტია. ჩვენ გვინდა, რომ დღეს გადაიჭრას ეს საკითხი, როგორმე უზრუნველვყოთ ანასეულის 500-ტონიანი რეზერვუარისათვის 500 ტონა წყლის შეუფერხებლად მიწოდება დღეღამეში. მე ვფიქრობ, რეალური გამოსავალი ერთია. თუმცა, თუ ანასეულის მაგისტრალიდან უკანონო დაერთებებს ჩავხსნით, ამ შემთხვევაში იმ 105 შინამეურნეობის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს მეორე მაგისტრალიდან, რომელმაც ანასეულს არ უნდა შეუშალოს ხელი იმიტომ, რომ იმ ოჯახებსაც ესაჭიროება წყალი. თუ ამ გზით წავალთ, ანასეულელთა ინტერესებთან ერთად, ლიხაურელთა ინტერესებიც უნდა დაკმაყოფილდეს. მე პირადად რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, უფრო მეტად ოპტიმალური, სწრაფიც და რეალურიც არის ქალაქის ქსელზე მოხდეს ანასეულის დაერთება თუმცა, მე ვთხოვე ბატონ ლავრენტი ბიგვავას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ექადია-ანასეულის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ, ამ შეხვედრისთვის მომზადებულიყო ერთი ადამიანი, რომელიც ჩვენი აქაური, ანასეულის საზოგადოების პოზიციას მოკლედ ჩამოაყალიბებდა~.
ბატონმა ლავრენტი ბიგვავამ, დავით ცერცვაძე დაასახელა ასეთ ადამიანად. თუმცა, სანამ `სატისის~ თავკაცი შეუდგებოდა სათქმელს, ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თემურ რევიშვილმა ითხოვა სიტყვა:
`მანამდე, ბატონებო, ორ კომენტარს გავაკეთებ, როგორც მასპინძელი და საშუალო სტატისტიკური ანასეულელი, რომელიც ამ პრობლემით არის დაინტერესებული. ჩვენ ისე არ დაგვემართოს, პრემიერმინისტრ ნოღაიდელის დროს კოსმოდრომი რომ აშენდა აგერ, ანასეულის ჩაის ფაბრიკის გვერდით, აქედან ჩანს კიდეც. ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა და ბევრი ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე დადგა. აქ უმთავრესი ამოცანაა, ამ წყალსადენს გაუჩნდეს პატრონი, ანუ გადმოეცეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, შესაბამის წყალმომარაგების სისტემას. ახლა მთავარი წყლის არტერია რამდენიმე ადგილზე არის დაზიანებული, წყალი იკარგება, ამის მოწესრიგების გზა არის ამ წუთში მისი გადმოცემა, რემონტის ჩატარება და ადამიანების ერთი ჯგუფის გამოყოფა, რომელიც სათავეს პერიოდულად გაწმენდს და შესაბამისობაში მოიყვანს. ამიტომ სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი ეს პოზიცია. დანარჩენი აჭის წყალს დავლევ თუ გუბაზეულისა, აბსურდია. ძირითადი მაგისტრალი არსებობს, დამატებით თუ შეიძლება დაერთება რამეზე, ეს იქნება სწორი პოზიცია და სახელმწიფოებრივი მიდგომა. და, რაც მთავარია, გამრიცხველიანება. ელექტროენერგიის პრობლემა როგორ მოგვარდა? მოგვარდა გამრიცხველიანებით~.
დავით ცერცვაძემ თავის გამოსვლაში მცირე დებეტზე და ღია წყალაღების პირობებში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა:
`პირველი და უმთავრესი რაც არის, ძალიან მცირე დებეტია სათავეზე. არის ღია წყალაღება, ღია წყალაღების პირობებში იმ წყლის მიყვანა სასმელ წყლამდე არის საკმაოდ დიდ სირთულეებთან დაკავშირებული. ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იქ ფილტრების მოწყობა და სასმელ წყლამდე მიყვანა არის ძალიან რთული პროცესი, თავიდანვე დიდი დანახარჯებით, შემდგომ კი ძალიან ცუდი, თითქმის შეუძლებელი ექსპლუატაციით. ჩემს მოსაზრებას ვიტყვი, ამ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა თუ გვინდა, უნდა მოიძებნოს ალტერნატიული წყარო. იქ დღეს არსებული სიტუაცია დღეს, არ შეესაბამება არანაირ სტანდარტებს~.
არჩილ თალაკვაძის კითხვაზე _ გამოსავალს რაში ხედავს, დავით ცერცვაძემ უპასუხა:
`საუბარია იმაზე, ანასეულის მილზე ლიხაურში 120 ოჯახია დაერთებული. ჩასაჭრელად საკმაოდ დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, ვინც არის, ჯერ მოსაძებნია და მერე, რა თქმა უნდა, ისინი უნდა გადაერთონ ლიხაურის მილზე. ასეც რომ არ იყოს, ამით პრობლემა რადიკალურად მაინც არ გადაწყდება. ალტერნატივის გამოძებნა, ჩემი აზრით, აუცილებელია~
ცერცვაძის ინფორმაციას სათავეზე წყლის დებეტის სიმცირის შესახებ არ დაეთანხმა გურამ ლომჯარია, რომელიც თავის დროზე, როგორც ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი, ხელმძღვანელობდა ამ წყალსადენის მშენებლობას:
`ყველაფერი დაანგარიშებული იყო, ისე გაკეთდა, მაშინ ლიხაურიდან 20-მდე ოჯახმა ითხოვა ჩართვა, გენერალურმა დირექტორმა დააკმაყოფილა მათი თხოვნა და ორი მილი ჩავდეთ, ერთი ანასეულისთვის, მეორე ლიხაურისთვის. შემდეგ გაკეთდა ლიხაურში ეს `პერემიშკები~ და ფაქტობრივად წყალსადენი ზიარი ჭურჭელი გახდა. წყლის დებეტი არის, მაგრამ ტრასა არის დაზიანებული ძალიან ბევრ ადგილას, თუ ტრასა აღდგება, პრობლემაც მოგვარდება~.
სანამ წყლის დებეტზე იკამათებდნენ, მანამდე აშკარად გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სურდა ძველი წყალსადენის შენარჩუნება. დარბაზში რეპლიკამაც გაჟონა, რომ `ვიღაც-ვიღაცეები დაინტერესებული არიან ამ წყალსადენის ხელში ჩაგდებით~.
რაც შეეხება დებეტს, რომელიც დარბაზში მყოფთათვის ერთგვარი დაპირისპირების საგანი გახდა, მისი განსაზღვრა, როგორც გიგი კარსიამ აღნიშნა, ასე მარტივი არ არის. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თქმით, შაბათისთვის მოავლენენ სპეციალისტებს თბილისიდან. გაზეთის ეს ნომერი დასაბეჭდად პარასკევს, 6 ივნისს მომზადდა. ამდენად, ვერ გეტყვით, შეუდგნენ თუ არა სათავე ნაგებობაზე წყლის დებეტის შესწავლას.