წითელი ხალიჩა თეატრალურ მოედანზე
5 ივლისს გურიის სათავო ქალაქის მდიდარი ისტორია ერთი მარადგაუხუნარი ფურცლით შეივსო - ოზურგეთმა და სრულიად გურიამ მშობლიური, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 150 წლისთავი იზეიმა.
წითელი ხალიჩითა და სხვა თეატრალური დეკორაციით მორთულ თეატრალურ მოედანზე გამართულ მრავალფეროვან ღონისძიებებს
დაესწრნენ კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
იუბილარი თეატრის დასის თითოეულ წევრს ხვდა ბედნიერება მაყურებლის წინაშე წარმსდგარიყო წითელი ხალიჩის გავლით.
სარესტარაციო ხარაჩოებში ჩასმული თეატრის შენობის „თაღებში“გაიმართა კინოსა და თეატრის ვარსკვლავის ამირან ქადეიშვილის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს „ხელოვნების ქურუმით“ დაჯილდოების ცერემონია; გაიხსნა ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავი. აჟღერდა თეატრის ჰიმნი, რომლის ტექსტი ეკუთვნის პოეტ მაია ღლონტს, ხოლო მუსიკა - გოგი ჩლაიძეს. კოლეჯ„ ჰორიზონტის“ სააქტო დარბაზში შედგა საიუბილეო წიგნი-ალბომის „ოზურგეთის თეატრი 150“ პრეზენტაცია. როგორც აქ ითქვა, ეს არის ყველაზე სრულყოფილი მონოგრაფიული ნაწარმოები ოზურგეთის თეატრის ისტორიის შესახებ.
მოგვიანებით ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში, საზეიმოდ გაიხსნა ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ოზურგეთის თეატრის სპექტაკლით „მონატრება“, რომელშიც მონაწილეობა თეატრის ყველა მსახიობმა მიიღო.
სპექტაკლის ბოლოს მსახიობები დააჯილდოვეს საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის და რუსთაველის საზოგადოების სხვადასხვა სახელობითი პრემიებით.
წლეულს ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო ფესტივალი ოზურგეთის თეატრის იუბილეს ეძღვნება. ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. ოზურგეთში ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავაა, რომლის სახელსაც ოზურგეთის თეატრი ატარებს.
ოზურგეთის თეატრი ერთადერთი პროფესიული თეატრია გურიის მხარეში და მნიშვნელოვანი კულტურული კერა დასავლეთ საქართველოში, არა მხოლოდ თავისი ისტორიით, არამედ, თანამედროვეობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი ვასილ ჩიგოგიძე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთის თეატრის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც 2020 წელს დამთავრდება.
დაბა ჩოხატაურის კულტურის სასახლის სცენაზე საფესტივალო დადგმების ჩვენება მიმდინარეობს. ფესტივალში წელს 13 პროფესიული დასი მონაწილეობს, მათ შორის 3 უცხოური აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. განჯის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა „ჰელადოსს“ წარმოადგინა; მოსკოვის თეატრმა „ნიკიტინსკის კარიბჭე“, _ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; პერმის თეატრმა კი „ზურიკელა.“ ფესტივალში მონაწილეობენ: თბილისის თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა, ქუთაისის, ახალციხის, ჭიათურის, რუსთავის, თელავის , ცხინვალის ქართული პროფესიული თეატრები.
ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და ის სამ წელიწადში ერთხელ იმართება.