ალიონი. გურიაში ათი დღის განმავლობაში თეატრალური ცხოვრება დაკრიმანჭულობდა.
ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საერთაშორისო ფესტივალი მწერლის დაბადების დღეს 5 ივლისს დაიწყო და ტრიუმფით გასრულდა 14 ივლისს.
ფესტივალი აერთიანებდა მწერლის ნაწარმოებების მიხედვით განხორციელებულ სცენურ ინტერპრეტაციებს როგორც ქართული პროფესიული, ისე უცხოური თეატრების სცენებზე.
იმის გამო, რომ ოზურგეთის თეატრში ფონდი `ქართუ~ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, წარმოდგენები ჩოხატაურის ფეშენებელურ ხელოვნების სასახლეში გაიმართა.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობდა 13 პროფესიული თეატრი, მათ შორის სამი უცხოური დასი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან, ასევე თბილისის თუმანიშვილის კინომსახიობთა, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა, ქუთაისის, ახალციხის, ჭიათურის, რუსთავის, თელავის, ცხინვალის ქართული პროფესიული თეატრები. ჩამოვიდა დელეგაციები ბელარუსიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთის გაბროვოს საერთაშორისო ფესტივალიდან. გაფორმდა მემორანდუმი გაბროვოს ფესტივალსა და დუმბაძის ფესტივალს შორის.
ფესტივალი გაიხსნა ოზურგეთის თეატრის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლით `მონატრება~, რომელიც საგანგებოდ ფესტივალისათვის დადგა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ. დადგმა ნოდარ დუმბაძის რამდენიმე ნაწარმოებს მოიცავს და ოზურგეთის თეატრის მთელ დასს აერთიანებს. ფესტივალზე განჯის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა `ჰელადოსი~, მოსკოვის თეატრმა `ნიკიტსკის კარიბჭემ~ შემოგვთავაზა ნოდარ დუმბაძის `მე, ბებია, ილიკო და ილარიონი~, ხოლო პერმის თეა-ტრმა _ სპექტაკლი `ზურიკელა~.
ფესტივალის დახურვის პატივი ერგო ნოდარ დუმბაძის მშობლიური ჩოხატაურის ხელოვნების სასახლის დასს სპექტაკლით `მზიანი გული~.
ფესტივალის დამფუძნებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ პროფესიულ თეატრთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.
ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და ის სამ წელიწადში ერთხელ იმართება.