ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიცირებული საკითხის პარკირების საფასურის გაზრდის შესახებ საკრებულოს დეპუტატების ერთი ნაწილის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
მერიის მიერ შემუშავებულ საკმაოდ სქელტანიან დოკუმენტის პროექტი პარკირების რეგულირებს ისახავს მიზნად და გარკვეულწილად თანხების გადახდა უფრო გამჭირვალე ხდება. პროექტი ითვალისწინებს პარკირების საფასურის გადახდას: პარკირების ტალონის შეძენით; სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით; პარკომატის საშუალებით; საბანკო ტრანსზაქციით; ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით.
დეპუტატების შეკითხვები გამოიწვია დანართ #2-ში მოცემულ პარკირების ზონისა და დროის მიხედვით საფასურის გადახდის წესმა: „A“ წითელ ზონის საზღვრებში დღის (08-19 სთ.) განმავლობაში პარკირების ღირებულება 1 საათში-1 ლარი იქნება; „B“ ზონაში _0,5 ლარი; ხოლო „C“ ზონაში დაწესდება პარკირების უფასო რეჟიმი. მერიის მიერ შემოტანილ პროექტის გარშემო თავისი შენიშვნები დააფიქსირა ფრაქცია „ოზურგეთელ მშრომელთა და ხელმოკლეთა ინტერესებისთვის“ თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილმა, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაიამ გამოთქვეს აზრი, რომ პარკირების ეს მოდელი კიდევ უფრო დააზარალებს მოსახლეობას და გადასახადების მთელი სიმძიმე მათ დააწვებათ კისერზე, რადგან ის კერძო ტაქსები, რომლებიც ამ ეტაპზე ბაზრის წინ დგომისათვის 30 თეთრს იხდიან, პარკირების გადასახადის გაზრდისთანავე გაზრდიან მგზავრთა გადაყვანის საფასურს.
დეპუტატმა სოფელ მელექედურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან კილაძემ მერიის წარმომადგენელს ალეკო ბერიძეს დაუსვა კითხვა: _ეს გადასახადი მიმართულია პარკირების მოწესრიგებისკენ თუ ბიუჯეტის გაძლიერებისაკენ?
ბერიძის პასუხი იყო _პარკირების მოწესრიგებისკენ. მისი ეს პასუხი განპირობებული იყო იმით, პარკირების უკან კერძო ბიზნესი დგას და ამით სახელმწიფოს ხეირი მიზერულია.
_ რა ხდება, რა მგლური კაპიტალიზმია, ვერ გავიგე.არის სხვა მუნიციპალიტეტბში მსგავსი პრაქტიკა?_ განაცხადა სოფელ ასკანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ნინიძემ.
ალეკო ბერიძემ მსგავსი პრეცედენტი ვერ დაასახელა.
პარკირების საფასურის გაზრდის მომხრეა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძე, სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავა. მათი ასეთი პოზიცია განპირობებულია პარკირების მოწესრიგების სურვილით.
გაზეთ „ალიონთან“ პარკირების გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა იურისტმა ირაკლი პაპავამ:
_გაუმართლებელი ნაბიჯია. არ წარმოუდგენიათ, რა სარგებელი აქვს პარკირებისაგან ბიუჯეტს.
საბოლოოდ საკითხი საჯარო ადმინისტრაციულ განხილვაზე დადგა და საზოგადოებს აქვს დრო თავიანთი აზრი გამოხატონ, რამდენად გამართლებულია პარკირების გადასახადის გაზრდა.
ავტორი გაზეთი „ალიონი“