`ჩვენ დავბრძანდებით, მაგრამ თქვენ მალე აბრძანდებით მაგ სკამიდან~
როგორც ჩანს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ დეპუტაციამ საკრებულოს სხდომაზე დაგვიანებით გამოცხადება `წესად~ აქცია. ეს `წესი~ არც 18 ივლისის სხდომისთვის დარღვეულა. `ნაციონალური მოძრაობის~ დეპუტატთა ათწუთიან დაგვიანებას, სხდომის ამდენივე დროით დაგვიანებით დაწყება და დღის წესრიგის გამოცხადებისთანავე, დაახლოებით 15-20-წუთიანი სკანდალი მოჰყვა. სკანდალის მოთავე კი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ოზურგეთელი `ნაციონალების~ ყველაზე ხმაურიანი ლიდერი დავით მჟავანაძე გახლდათ.
როგორც მჟავანაძემ თქვა, ერთი თვე გავიდა მათი ფრაქციის წევრ ბესო ქათამაძეზე თავდასხმიდან, საკრებულოს თავმჯდომარეს კი, რომელიც აშკარად გაურბის პასუხისმგებლობას, ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია:
`ბესო ქათამაძეზე თავდასხმის შემდეგ ერთი თვე გავიდა, საკრებულოს თავმჯდომარეს კი ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ დღეს მოგვეცემოდა საშუალება შეეფასებინათ, ასე ვთქვათ, თავდასხმა ჩვენო ფრაქციის წევრზე, მაგრამ ვხედავთ, რომ ბატონი თავს არიდებს და გაურბის პასუხისმგებლობას...~
`ნაციონალების~ ლიდერმა არად ჩააგდო საკრებულოს თავმჯომარის მოადგილის გიორგი ღურჯუმელიძის წინადადება, დაეცვათ წესი, ჯერ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაემთავრებინათ და განცხადებები შემდეგ გაეკეთებინათ:
`ჯერ ჩვენ დავაფიქსირებთ და ამის შემდეგ გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ... საკრებულოს თავმჯდომარე საერთოდ არ მოვიდა ამ საკრებულოს სხდომაზე და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ამის გამო არ მოვიდა, მას არ უნდა პასუხისმგებლობის აღება. მე მაინტერესებს, იმ პროცესებზე რაც განხორციელდა ამ შენობაში, ამ ოთახებში, თავდასხმა ბესო ქათამაძეზე, იღებს თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვენი პარტია, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, იღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვენ. გვახსოვს, ურცხვად რომ განაცხადეთ, თითქოს თქვენი პროვოკატორები ჩვენი, `ნაციონალური მოძრაობის ჩანერგილები~ ყოფ-ილიყვნენ... ადამიანები, რომლებმაც ეს მოიმოქმედეს, აქ სხედან, აი, მაგალითად, დავით ჭაკნელიძე, რომელმაც ზურგიდან მისვლით ჩაარტყა ბესო ქათამაძეს. თუ შეიძლება, გაგვეცით პასუხი, იღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას?..~
ღურჯუმელიძემ გამომსვლელს სიმშვიდისკენ მოუწოდა და დარბაზს გააცნო სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის დაუსწრებლობის მიზეზი:
`ბატონო დავით, დაბრძანდით თუ შეიძლება. როგორც ჩანს, არ იცით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 17-19 ივლისს თბილისი მასპინძლობს `ღია მმართველობა – პარტნიორობის~ (OGP) V გლობალურ სამიტს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, როგორც OGP -ის ერთ-ერთი მონაწილე და ერთ-ერთი მოწინავე მუნიციპალიტეტი, მონაწილეობს ამ სამიტში და შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარეც იქ გახლავთ. ამ მიზეზის გამო ვერ ესწრება ის საკრებულოს დღევანდელ სხდომას. მოგვეცით მუშაობის საშუალება და განცხადებები დღის წე-სრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ გააკეთეთ~. ამ მომენტიდან კამათში დაზარალებული ბესო ქათამაძეც ჩაერთო, რომელმაც ინციდენტის დღეებში ღურჯუმელიძის საქციელს სამარცხვინო უწოდა:
`პასუხისმგებლობას არ იღებთ და განცხადებასაც ვერ აკეთებთ. არაფერს არ ვუშლით ჩვენ საკრებულოს ხელს. ადამიანი, აგერ ბატონი ჭაკნელიძე რომ ზის, მოგეპარება სამარცხვინოდ ზურგიდან, ჩაგარტყამს, მერე გარბის პოლიციაში და ადამიანს ადებს ხელს, რომ დამნაშავე ის არის, დაიჭირეთო, როგორ უნდა იჯდე ასეთ ადამიანებთან?! წესრიგს ვერ იცავთ თქვენ, ბატონო გიორგი და თქვენი საქციელი, ჩვენ რომ ვშიმშილობდით, იმ დღეებში, იყო სამარცხვინო~.
ქათამაძის დაწყებული ლანძღვა უფროობით ხარისხში აიყვანა დავით მჟავანაძემ:
`ელემენტალური პასუხისმგებლობის გრძნობა და განცდა არ გაგაჩნიათ... კეთილი უნდა ინებოთ და პასუხისმგებლობა აიღოთ, მაგრამ პასუხისმგებლობა რომ აიღოთ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობის განცდა უნდა გაგაჩნდეთ, და როცა არ გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, იქნებით ისეთი, როგორიც ხართ. ეს არის სიმართლე~.
დავით მჟავანაძემ თავისი ხმამაღალი გამოსვლებით `დარბაზის სივრცეში~ ჩაკარგა ღურჯუმელიძის რამდენიმე `დაბრძანდი~:
`ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ გააკეთონ განცხადება, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას _ ან ჰო, ან არა. გამბედაობა არ გყოფნით, რომ შეაფასოთ პროცესები, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცით, თქვენი თანაგუნდელები მოძალადე დამნაშავეები არიან... აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თქვენ მე ვერ მიკარნახებთ, დავბრძანდები, ავდგები, თუ რას ვიზამ. იმედია, არ გააკეთებთ კიდევ ერთ სამარცხვინო განცხადებას, რომ ესენიც `ნაციონალური მოძრაობიდან~ გადმონერგილები არიან. მერე, რა რომ ბატონი კილაძე, ჩვენი ხელისუფლების დროს პროკურორი იყო... ვერ აფასებთ მოვლენებს. აქ მოხდა ანგარიშსწორება, ადამიანზე თავდასხმა, ამას ყველაფერს თქვენ გაუკეთეთ იგნორი, დაბრძანდის მეტი ამდენი ხანია თქვენგან არაფერი გამიგონია. იმიტომ, რომ სალაპარაკო არ გაქვთ, ვერაფერს ვერ იტყვით, ვერც მორალურად და ვერც ადამიანურად~...
აყალ-მაყალის დასასრულს ღურჯუმელიძეს სკამისა და თანამდებობის დაკარგვა უწინასწარმეტყველა ბესო ქათამაძემ:
`ჩვენ დავბრძანდებით, მაგრამ თქვენ მალე აბრძანდებით მაგ სკამიდან, თქვენ, ბატონო გიორგი! ჩვენ დავბრძანდებით, მაგრამ თქვენ დატოვებთ მაგ თანამდებობას ძალიან მალე! მოძალადეები კიდევ წაახალისეთ, რა უნდა ვილაპარაკო თქვენთან?!~
ამის შემდეგ, `ნაციონალების~ დეპუტაციამ ისე დატოვა დარბაზი, სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ეროდი გორდელაძის განცხადებისთვისაც არ დაუგდია ყური, რომ ფრაქცია `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ თავმჯდომარე თორნიკე გოგუაძე გადადგა ფრაქციის თავმჯდომარეობიდან და ამ თანამდებობაზე ფრაქციის წევრებმა აირჩიეს დავით მჟავანაძე. სხდომაზე განცხადება გააკეთა ოზურგეთის საკრებულოში ფრაქცია `ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს~ თავმჯდომარის მოადგილე გელა ჩავლეშვილმა:
`ფრაზა `იმდენი შეგვიძლია, რამდენიც ვიცით~ კარგად ასახავს `ნნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენლის ბოლოდროინდელ პროვოკაციულ ქმედებებს. მან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთადერთ გზად დესტრუქციული მეთოდები აირჩია.
დაგეგმილ ცილისმწამებლურ, ღირსების შემლახავ კამპანიას და საჯარო სივრცეში მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა ინციდენტი, რომელიც, სამწუხაროდ, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი ხელწერა იქნება მხოლოდ კანონისმიერი პასუხი ყველა პროვოკაციაზე. ფრაქცია `ქართული ოცნება - დემოკრატიულოი საქართველო~ ყოველთვის იდგა და დღესაც დგას პოლიტიკური პლურალიზმის სადარაჯოზე.
შეუძლებელია აიძულო ადამიანი, თავის შესაძლებლობაზე მეტი გააკეთოს, თუმცა, მოვუწოდებთ დაპირისპირების ინსპირატორს, უარი თქვას პოლიტიკურ პროცესებში პროვოკაციული და ძალადობრივი ელემენტების შემოტანაზე~...
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს `ქართული ოცნების~ დეპუტატებსა და ბესო ქათამაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა 15 ივნისს, რა დროსაც ბესო ქათამაძემ თავის ტრავმა მიიღო და გონი დაკარგა. საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა შედგა 17 ივნისს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. მოსამართლე მარინა კიკნაძემ ფრაქცია, `ქართული ოცნების~ თავმჯდომარეს გელა აროშიძეს, რომელმაც თავი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, 5-ათასლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მორიგი სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 14 აგვისტოსთვის.