დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულმა საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა პარკირების რეგულირების წესსა და ფასზე იმსჯელეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა ალექსანდრე ბერიძემ მუნიციპალიტეტის საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულაციების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ წარადგინა პროექტი.
ბერიძის თქმით, ამ პროექტის მიზანია პარკირების ზონის 10 პროცენტით განტვირთვა, რაც მნიშვნელოვანია ავტოტრანსპორტით გადატვირთული ქალაქისათვის, საკურორტო ზოლისა და ა.შ.
_ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დარბაზის წევრების ჩართულობა და მოსაზრებები განსაკუთრებით საყურადღებოა. ეს პროექტი ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პარკირების დარეგულირებას. ძალიან მნიშვნელოვანია, საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე -განაცხადა დავით დარჩიამ.
პროექტის განხილვისას განსაკუთრებით აქტიურობდა სამოქალაქო სექტორი. მათი ინტერესის სფერო იყო პარკირების რეგულირების წესი, ადმინისტრირების საკითხი და პარკირების ფასი.
არასამთავრობო სექტორიდან განსაკუთრებით აქტიურობდნენ: ოთარ რევიშვილი, გრიგოლ მახარაძე, ზვიად ერაძე, ლევან ხინთიბიძე, მინდია სალუქვაძე...
დაისვა კითხვები: დღეის მდგომარეობით ვისია საპარკინგო ადგილები; აპირებენ თუ არა მათთან დადებული ხელშეკრულელების გადახედვას; კვლავ კონტროლიორების სისტემა იმუშავებს თუ უფრო თანამედროვე ელექტრონულ მექანიზმებს გამოიყენებენ, მაგალითად პარკომანტებს; ექნებათ თუ არა მძღოლებს პარკინგისათვის გამოყოფილ ადგილებში 10-15 წუთის უფასოდ გაჩერების უფლება; გამოაცხადებენ თუ არა ტენდერს კერძო ოპერატორზე გადასაცემად; რას უპირებენ ტაქსის მძღოლებს და ა.შ.
პარკირების რეგულირების ახალ წესის გარშემო საყურადღებო არგუმენტები წარმოადგინეს სივრცით ტერიტორიული დაგემვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავამ, სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძემ, დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ, დარბაზის წევრმა ავთანდილ სურგულაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გელა ჩავლეიშვილმა...
ლავრენტი ბიგვავას აზრით პარკირების თემა მნიშვნელოვანია და ამისათვის ბიუჯეტიდან თანხები უნდა გამოინახოს. თუმცა ითქვა ისიც, რომ პარკინგის მოწესრიგება ბიუჯეტის გაძლიერებისათვის არ ხდება. ქალაქში პარკირების შესახებ ხანდახან ისმიოდა სიტყვა „შავი ბიზნესი“, რაც ალექსანდრე ბერიძემ უფრო დააკონკრეტა: „ყოფილი პოლიციის წინ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატორებს გაუვიდათ ხელშეკრულების ვადა და დღეს იგი „შავი“ ბიზნესია.“
დარბაზში მსხდომთა გარკვეული ნაწილი კრიტიკულ დამოკიდებულეას გამოხატავდა ე.წ. „წითელი ზონის“ მიმართ, სადაც პარკირების მაღალი გადასახადი იქნება.
_ თქვენ წითელ ზონას აკეთებთ იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ამის შესაძლებლობა აქვთ _აღნიშნა დეპუტატმა ხათუნა ცერცვაძემ.
პასუხგაუცემელი დარჩა დარბაზის წევრებისა და დეპუტატების შეკითხვები:მუნიციპალურ საკუთრებაში დარჩება თუ გადასცემდნენ ახალ საპარკინგო ადგილებს ახალ ოპერატორებს ტენდერის გზით, ან ვინ დგას საერთოდ ამ ბიზნესის უკან.
_ჩვენ ნებართვას ვაძლევთ უცნობ ოპერატორს _აღნიშნა გრიგოლ მახარაძემ.
დარბაზის სხდომის დასაწყისში მხოლოდ ერთი კითხვის დასმა მოახერხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილმა. მან რამდენჯერმე ითხოვა სიტყვით გამოსვლის უფლება, მაგრამ რატომღაც არ მისცეს...
იმის გამო, რომ ამ ეტაპზე გარკვეული არ არის ვინ იქნება დარბაზის წევრი, პროექტს მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა აუწია ხელი.