თხილი - მარჩენალი კულტურა თუ სოციალური ბომბი?

დამატებულია: 2018-07-31
picture1

მართალი გითხრათ, ამ თემაზე სპეციალური გამოკითხვა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ახლო წარსულში მარჩენალად წოდებული ეს სასოფლო-სამეურნეო კულტურა შემოდგომაზე თუ არა, ზამთარში მაინც სოციალურ ბომბად მოგვევლინება, რომლის აფეთქებას ჩვენი ქვეყნის თხილის მწარმოებელ რეგიონებში შესაძლებელია უმართავი პროცესებიც კი მოჰყვეს, რასაც მერე, რასაკვირველია, ვეღარ უშველის მთავრობის ფაცი-ფუცი და `ოღონდ ნუ იქნება ბუნტი~.

თხილს მარჩენალის რეპუტაცია თითქოს მაშინ შეერყა, როდესაც აზიურმა ფაროსანამ თავისი მყრალი `გამონაბოლქვით~ უბრძოლველად აიღო საქართველოს შავიზღვისპირა ზოლი, სინამდვილეში ამ კულტურის საქმე უფრო ადრე წავიდა ცუდად, როდესაც მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს, რომ მეზობელ ქვეყანაში დაფიქსირებულია თხილის საშიში დაავადება, რომლის ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა მომაკვდინებელ გავლენას იქონიებს არა მხოლოდ თხილის, არამედ სხვა კაკლოვან და ხეხილოვან კულტურებზეო. სამწუხაროდ, ამ ზარს წაუყრუეს, ყურის ნაგვიანევად გამოფხეკას კი მოჰყვა ის, რომ აზიური ფაროსანას მიერ მოტანილი ზარალი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც სხვა სოკოვანმა და ბაქტერიულმა დაავადებებმა მიაყენეს აგრარულ მეურნეობას.

რჩება შთაბეჭდილება, რომ დიაგნოზდაუსმელ `პაციენტს~ მკურნალობენ. შეიძლება მთლად კომპეტენტური ვერ ვიყო თხილის გადასარჩენად ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასებაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა ხალხს უფრო `აბოლებენ~, ვიდრე მცენარეებს. ყოველ შემთხვევაში, შესამჩნევი შედეგი ნამდვილად არ გვაქვს, მართალია, ფაროსანა რაოდენობრივად რამდენადმე შემცირდა, მაგრამ სხვა მავნებელ-დაავადებებმა თხილი ისე მოაშთო, რომ არა მგონია, ამ გზით მისი გადარჩენა და მოსახლეობის სიდუხჭირისაგან დახსნა შევძლოთ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი თხილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. სამწუხაროდ, დღეს აქ საგანგაშო მდგომარეობაა, ვერც ერთ სოფელში ვერ ნახავთ მეტ-ნაკლებად თხილის ჯანსაღ პლანტაციას, საიდანაც ნორმალურთან მიახლოებული მოსავლის მიღება შეიძლებოდეს. ამასვე ადასტურებს თხილის მიმღებ პუნქტებში ჩასაბარებლად მიტანილი თხილის ნაყოფი.

ქალაქ ოზურგეთში, სასტუმრო `გურიას~ ეზოში და მის პერიმეტრზე 15-ზე მეტი ასეთი თხილის მიმღები პუნქტია, რომლებიც რამდენიმე წლის წინათ სრული დატვირთვით მუშაობდა, წლულს კი დღეში დიდი-დიდი, 80-100 კგ თხილი მიიღონ. როგორც ერთ-ერთი პუნქტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა, რუსუდან კუპრაძემ გვითხრა, სოფლებიდან ჩამოტანილი თხილი უმეტესობას, უხარისხობის გამო, ვერ იბარებენ:

`წარმოუდგენლად ცუდი მდგომარეობაა, როგორც შემოსავლის, ისე ხარისხის თვალსაზრისით. თუ რამდენიმე წლის წინ დღეში ტონამდე თხილს ვიბარებდით, (ყოფილა შემთხვევა, ხუთი ტონაც მიგვიღია), ახლა 100 კილოგრამამდეც ვერ ავდივართ. ნაყოფის უმეტესობა დაავადებული და უგულოა. ვიბარებთ მხოლოდ ისეთს, რომლის გამოსავლიანობა 50 პროცენტი და მეტია, ანუ ყოველი 10 ნაყოფიდან მინიმუმ ხუთში მაინც არის საღი გული. ვიცით, რომ უკმაყოფილოა მოსახლეობა, ვისაც თხილს უკან ვუბრუნებთ, მაგრამ მათაც უნდა გაგვიგონ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რადგან გადამამუშავებელი ქარხნები ნაჭუჭს არ იბარებენ~.

ქალბატონი რუსუდან კუპრაძის პუნქტში, ჩვენი იქ ყოფნისას, ექვსი ჩამბარებლიდან მხოლოდ ერთის მიერ მოტანილმა თხილმა დააკმაყოფილა მიმღები პუნქტების მიერ შემუშავებული `სტანდარტის~ მოთხოვნა. სხვა საქმეა ფასები. არ ვიცი, ვინ და როგორ შეასვა, მაგრამ მიზერულია და აი, რატომ: ყველას გვახსოვს, სამი წლის წინ ერთი კილოგრამი თხილის ფასი 10 ლარს გასცდა, სტაბილურად 5 ლარი ყოველთვის იყო. რასაკვირველია, თხილის გულის გამოსავლიანობა 100-პროცენტიანი მაშინაც არ იყო, ჰოდა, თუ დღეს 50%-იანზე ნაკლებს ვერ იბარებენ, ეს 50%-იანი მინიმუმ 2,50 ლარი მაინც უნდა ღირდეს. ლოგიკით ვამბობ, თორემ ვიცი, რომ საბაზრო ეკონომიკა სულ სხვა რამეა.

რადგან სამეგრელოსკენ მქონდა გზა, ვისარგებლე შემთხვევით და ამ საკითხზე, ბოდიშის მოხდით, რამდენიმე ოჯახში შევიარე.

კობა იზორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში ცხოვრობს. როგორც მან გვითხრა, თხილმა - ძირითადმა შემოსავალმა წლეულს მისი ოჯახი ისევე `მშრალზე~ დატოვა, როგორც შარშან: `გადაყვა მამაჩემი თხილის გაშენებას, ხუთ ტონას ვაბარებდით, შარშან და წლეულს კი საერთოდ მშრალზე დავრჩით, ფაროსანას ბრალიაო, გვეუბნებოდნენ, მაგრამ მთლად მასე არ ყოფილა. შეგვიწამლეს, ფაროსანებიც გაანადგურეს თითქოს, მაგრამ ხომ ხედავთ, როგორი მოსავალი მივიღეთ. სინამდვილეში უნდა დაწვა, მაგრამ ვარჩევ მაინც, იქნებ, წამხდარ საქმეზე 100-200 ლარს გამოვრჩე. გაზაფხულამდე თავს როგორმე გავიტანთ, მერე დაფნის იმედად ვარ, თუ იმანაც დამაღალატიანა, რა მინდა აქ, ამ ურთის მთის ძირში?!~ ანალოგიური სიტუაციია სოფელ დიდინეძში მცხოვრები ძმების, ზაურ და პაატა ჯღარკავების ოჯახში, ასევე კახათელი რევაზ გუგუჩიას საკარმიდამო ნაკვეთში.

შეიძლება ვინმე შემომედავოს, რაღა სამეგრელოში გარბოდი, ჩვენი სოფლები გენახაო?! ოზურგეთის სოფლები და ქალაქის გარეუბნები მანამდე მოვიარე, სამწუხაროდ ყველგან ერთიმეორეზე უარესი მდგომარეობაა, სამეგრელოში კი პირად საქმეზე გახლდით, გზად სამიოდე ოჯახში შევედი, რომ ერთმანეთისთვის შემედარებინა და შეიძლება ითქვას, რომ თხილი ამ რეგიონებში დღეს ყველაზე დიდი თავსატეხია.

და ბოლოს, ამ საკითხზე სოფელ გურიანთის მაჟორიტარმა დეპუტატმა მაია ზოიძემ, ალბათ, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველას სათქმელი თქვა:

`როგორც სპეციალისტები ამბობენ, თხილის გაფუჭების ერთადერთი მიზეზი აზიური ფაროსანა არ არის. ამ მავნებლის წილი კულტურის დაზიანებაში მაქსიმუმ 20%-ია და თხილის გაფუჭები მიზეზი, ბაქტერიულ და სოკოვან დაავადებებთან ერთად, არასწორი აგროტექნიკური სამუშაოები გახდა. ჩვენთან მხოლოდ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარდა ღონისძიებები და მოსახლეობის უმრავლესობამ, სამწუხაროდ, ვერ მიიღო შესაბამისი ზომები სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. შეიძლება ითქვას, რომ წლეულს საგანგარო მდგომარეობა გვაქვს, ჩვენს სოფელში თხილის მოსავალი პრაქტიკულად განადგურებულია. უნდა აღვნიშნო, რომ სოფლის მოსახლეობის ძირითად წყაროს წარმოადგენს თხილის ჩაბარებით მიღებული შემოსავალი. მოსახლეობა ხელისუფლებისგან, კომპენსაციის სახით, დახმარებას ითხოვს. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის მდგომარეობა და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მავნებელ- დაავადებათა მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.~

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.