დისკუსია ღია მმართველობის პრინციპების დანერგვაზე, ანუ ვისთვისაა საშიში ზედმეტად გამძღარი ადამიანი?

დამატებულია: 2018-08-01
picture1

გასულ ხუთშაბათს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში NDI-ის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელიც ფოკუსირებული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთაზე.

განხილვას ძირითადად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, აიპების მუშაკები, საკრებულოს დეპუტატები, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, ადგილობრივი მედიის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვის მოდერატორი NDI-ის წარმომადგენელი თამარ გზირიშვილი იყო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ისაუბრა ღია მმართველობის პრინციპების წარმატებულ მაგალითებზე, ღიაობასა და ამ მიზნის მისაღწევად გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ.

როგორც მერმა აღნიშნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოსთან ერთად კოორდინირებულად ატარებს ღია მმართველობის პრინციპებს და ამ პრინციპთა ეტაპობრივად გაძლიერებას ახორციელებს. _თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია კი არა, სინამდვილეში იგი მიბმულია ცენტრალურ ხელისუფლებაზე. საჭიროა თვითმმართველობის მეტი დამოუკიდებლობა. ყველაფერი უნდა იყოს გუნდური პრინციპით საკრებულოსა და მერიას შორის. _აღნიშნა კონსტანტინე შარაშენიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ ისაუბრა საკრებულოს წარმატებულ პროექტზე „მართე სახლიდან,“რამაც ამომრჩევლებს საშუალება მისცა ორლაინ რეჟიმში ენახათ საკრებულოს სხდომები.

_ ჩვენ შევქენით საზოგადოებრივი ცენტრები კონჭკათში, მელექედურში, თხინვალში, ლიხაურსა და ბახვში. ოზურგეთის პროგრესის სახლთან ერთად დავნერგეთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს ინფორმაცია საკრებულოსა და კომისიების სხდომების შესახებ. გვაქვს საკრებულოს სხდომების ვიდეოარქივი, გავითვალისწინეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადება და ელექტრონული პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობა ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0,5 %-მდე შევამცირეთ. ამჟამად კი ვმუშაობთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან გაფორმდება _აღნიშნა დავით დარჩიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა თამარ ღლონტმა ისაუბრა ღია მმართველობისა და გამჭირვალობის თემაზე. თქვა, რომ არის პრობლემებიც. თუნდაც სოფლებში ინტერნეტის სიჩქარე.

_როცა ადამიანებს შია, მაშინ მაღალ ღირებულებებზე საუბარი უხერხულია _აღნიშნა მან.

_ვისაც შიათ, არ არის საშიში, საშიში ზედმეტად გამძღარი ადამიანია _უპასუხა თამარ ღლონტს „გურია ნიუსის“ დამფუძნებელმა ია მამალაძემ.

მან ისაუბრა ელექტრონულ თვითმმართველობაზე.

_წინა წლის მონაცემებით თვითმმართველობაში ელექტრონული ჩართულობა 11 პუნქტით დაქვეითდა, ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა 42 %-ს შეადგენს...მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების მიმართულებები, ბეჭდური მედიის როლი.

როცა ადგილობრივი ხელისუფლება არის შეუვალი, უხეში, უზრდელი _მოსახლეობისათვის ნებისმიერი ტექნოლოგიით მიწოდებული ინფორმაცია არ არის სანდო, ვიდრე ჟურნალისტის მიერ მიწოდებული. _აღნიშნა ია მამალაძემ.

ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები აქტიურობდნენ. თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს მარი ჩხიკვიშვილმა, ხათუნა ცერცვაძემ, ნანა თავდუმაძემ, მარინა ჯაფარიძემ, თამაზ ტრაპაიძემ, ლევან ხინთიბიძემ, მინდია სალუქვაძემ, ოთარ რევიშვილ,ა თამარ ხიდაშელმა, ზვიად ერაძემ...

გაზეთ „ალიონის“ რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა თავისი მოსაზრება გამოთქვა მედიის მნიშვნელობაზე და საჭიროებებზე ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭირვალობის პროცესში.

_მართალია დღეს აღარ გვიბარებენ პოლიციაში,არ გვაკავებენ, არ აყენებენ შეურაცხყოფებსს ჩვენი ოჯახის წევრებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება მედიის მიმართ იდეალურია._მედიას მეტ-ნაკლებად ყოველთვის აქვს მათთან პრობლემები,საჯარო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიღებაზე, სხვა თემებზე. ახლახან მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეურაცმყოფელი პოსტის გამო სახალხო დამცველის ოფისსაც მივმართეთ. ასევე ვიტყვი ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ _ჩვენ ბევრი პროექტის დასრულებას პრეზენტაციებისა ვგებულობთ, რომ თურმე ასეთი პროექტი არსებობდა. მედიას მეტი თანადგომა სჭირდება, თუნდაც ის მცირე სარეკლამო თანხების გაღება, რომ მოსახლეობამ ბეჭდური მედიის საშუალებით გაიგოს, მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სოფელში რაღაც პროექტი მიმდინარეობს _აღნიშნა ნუგზარ ასათიანმა.

NDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის კოორდინატორის თამარ გზირიშვილის თქმით, შეხვედრაზე გამოკვეთილ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ფოკუს ჯგუფის კვლევას ჩაატარებენ.

ავტორი: გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.