ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განხილული 10 საკითხიდან ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია საკითხმა `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ~.
.საკმაოდ ხანგრძლივი კამათისა და აზრთა გაცვლა–გამოცვლის შემდეგ, დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტს, ყოველ შემთხვევაში, წინააღმდეგი არავინ წასულა და საკრებულომაც, საქართველოს ორგანული კანონის `ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის `კ~ ქვეპუნქტის, 61–ე მუხლის მე–2 ნაწილის, `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–3 პუნქტის და მე–3 მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე მიიღო შესაბამისი დადგენილება.
დადგინდა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი; სატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასური; შშმ პირთა და ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა; სპეციალური საშვის ფორმა; პარკირების ტალონის ფორმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური პარკირების ზონისა და დროის მონაკვეთის მიხედვით ასე გამოიყურება:
- A წითელი ზონის საზღვრებში, დღის 08–19 საათის მონაკვეთში, ერთი საათით – 1 ლარი;
- B ყვითელი ზონის ფარგლებში, 08–19 საათის მონაკვეთში, ერთი საათით _ 0,5 ლარი;
- C მწვანე ზონის საზღვრებში – უფასო.