ვანდალიზმი აჭის ხეობაში

დამატებულია: 2018-08-03
picture1

`ვისგან დავიცვათ თავი _ თურქიდან, რუსიდან, არაბიდან თუ საკუთარი ხელისუფლებიდან?

სხვა სიტყვებით ზუსტად ვერ ავსახავთ იმას, რაც მდინარე აჭის ულამაზეს ხეობასა და სოფელ ლიხაურისა და მაკვანეთის მოსახლეობას დამართეს ქვიშა-ხრეშის მომპოვებლებმა. შეიძლება ითქვას, რომ ხეობის დაბლობი ნაწილი ხსენებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში, წიაღისეულის მომპოვებელთა მხრიდან ბარბაროსული ქმედების შედეგად, მთლიანად იავარქმნილია. კილომეტრიანზე მეტრ ზოლზე მთლიანად დარბეულია მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია, ზოგიერთ მონაკვეთზე წიაღის მომპოვებლები 7 მეტრ სიღრმემდეც არიან ჩასული, მდინარის დონის მკვეთრი დაწევის გამო, ჭებში დამშრალია წყალი, ერთ ადგილას, კარიერი იმდენად ახლოსაა ორსასართულიან კაპიტალურ სახლთან, თუ შესაბამისი ზომები არ იქნა მიღებული, სახლიც დაინგრევა და საკარმიდამო ნაკვეთსაც წყალი წაიღებს, რადგან სწორად ამ ადგილას ორიოდე წლის წინათ აგებულ გაბიონს, ძირი უკვე გამოთხრილი აქვს. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სოფელ ლიხაურისა და მაკვანეთის ტერიტორიაზე, მდინარე აჭის წყალზე წიაღის მოპოვების ლიცენზია გააჩნიათ: ი/მ `სალომე ვაშალომიძეს~, ფ/პ ლავრენტი ქვილორიას, ფ/პ არჩილ კუნჭულიას, ფ/პ ბიჭიკო ანთაძეს და შპს `კავკაზ ცემენტ ჯორჯიას~.

მოსახლეობის მხრიდან გუშინ, 2 აგვისტოს დაწყებული აქცია დღეს გაგრძელდა და, როგორც ამბობენ, მანამდე გასტანს სანამ ამ ტერიტორიებზე არ შეწყდება ინერტული მასალის ბარბაროსულად მოპოვება. თუმცა, საპროტესტო აქციები უფრო ადრე დაიწყო, როდესაც სოფელმა დაინახა, რომ ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგნენ. ლიხაურელთა თქმით, შაჰ-აბასიც არ ჩაიდენდა იმას, რაც ამათმა გააკეთეს.

ირმა გორდელაძე: მაინტერესებს ვინ მიიყვანა ეს ხალხი გარემოს დაცვის სამინისტრომდე, თუ იქ სიზმარი ნახეს, ლიხაურში აჭის წყალიაო? ისე აწარმოეს ეს ვანდალური სამუშაოები, ლიხაურელებს არ შეკითხვიან არაფერს. აბსოლუტურად არც ერთი ლიხაურელი არ იყო საქმის ყურში. ასე ვიღაცას მოეპრიანება, დაიწყებს ფულის კეთებას, ღმერთმა აკეთებიოს, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ისე, სოფელი, ხალხი და გარემო არ დაზიანდეს. ჩვენ ხალხი ვართ აქ თუ ვერ გავიგე, ვინ ვართ? ნახოს ყველა საკუთარი თვალით, დარღვეულია ყველანარი წესი. ღიად დაგვიპირისპირდნენ სოფელს? ამიტომ კიდეც ვუჩივლებთ და სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, მუშაობის საშუალებას არ მივცემთ, მორიგეობას დავაწესებთ, ყველა ლიხაურელი ვაჟკაცი და ღონიერი ქალბატონი აქ დადგება~.

ავთო ვაშალომიძე: `ინგრევა ქვეყანა, სამოცდაათი წლის კაცი ვარ და ამისთანა არაფერი მინახავს. ასე უნდა მივდიოდეთ და მივდივართ ისე. აბსოლუტურად უკუღმა მიდის ქვეყანა ყველაფერში, აბსოლუტურად ყველაფერში. ამის მოთმენა რაფერ შეიძლება, კაცო? ვისგან დავიცვათ თავი _ თურქიდან, რუსიდან, არაბიდან თუ საკუთარი ხელისუფლებიდან?! რა უნდა ვქნათ, გეკითხებით. მანდამაინც თოფი უნდა ავიღოთ ხელში?~

ჯანიკო გორდელაძე: ამას ახლა რად უნდა ამდენი კვლევა-ძიება. ხომ ნათელია, რომ გაანადგურეს ყველაფერი, საუკუნოვანი ზიანი მიაყენეს სოფელს. შევაკვდებით და არ დავთმობთ ამას.

ვანო ვაშაყმაძე, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ლიხაურში: `სავსებით ლოგიკურია ეს პროტესტი. ხალხი ითხოვს კანონის ფარგლებში ჩატარდეს ყველაფერი _ ან გაგრძელდეს წესების დაცვით, ან შეჩერდეს, თუ შესაჩერებელია. ამ საკითხზე მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც ახლა მაცნობეს, იგი თბილისიდან მოემგზავრება და დაახლოებით ერთ საათში აქ იქნება.~

ლავრენტი ბიგვავა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე: `საკრებულო პრობლემის მოგვარებაში ჯერ კიდევ მაშინ ჩაერთო, როდესაც მოსახლეობამ პირველი აქცია გამართა. პირადად მე, კომისიის წევრები, ლიხაურისა და მაკვანეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, შევხვდით მოსახლეობას და სიტუაციის გაცნობის შემდეგ, მივმართეთ ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სააგენტოებს. გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ სამინისტროდან ჩამოვიდა სპეციალისტების ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა აჭის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვებასთან წარმოშობილი პრობლემები, დაგვპირდა, რომ მოამზადებდა შესაბამის დასკვნას და იმავდროულად მოხდებოდა შესაბამის რეაგირება. 2 აგვისტოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სააგენტოდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათი მოკვლევის შედეგად რამდენიმე ინდმეწარმეს და ფიზიკურ პირს, რომლებიც ფლობდნენ შესაბამის ლიცენზიებს ჰქონდათ გარკვეული დარღვევებით ნაწარმოები ქვიშა-ხრეშის მოპოვება და ისინი დაჯარიმდნენ, ნაწილი გადაეცა სასამართლოს და შესაბამისი სამსახური ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამასთან ერთად, დაგვპირდნენ, რომ გარემოს დაცვის სააგენტოდან ჩამოვიდოდა სპეციალისტების ჯგუფი ბათუმიდან, რომელსაც უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ქვიშა-ხრეშის მოპოვების შეჩერების ან არშეჩერების შესახებ და მოსახლეობასთან უნდა გაემართა შესაბამისი კონსულტაციები. ველოდებით დღესაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა და არავინ შემოგვხმიანებია. პრობლემა მართლაც მწვავეა და საკრებულო, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კვლავ განახორციელებს ერთგვარ მონიტორინგს~. სოფელში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ვანო ვაშაყმაძის ინფორმაცია გამართლდა და დაალოებით ერთ საათში მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე აქციის მონაწილეებს შეხვდა.

კოტე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი: `რა ხდება, ვიცი. ახლა იმაზე ვილაპარაკოთ, როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა. მარტივად გეტყვით: ჯერ ერთი, როდესაც ასეთი რაღაცა კეთდება, ლიცენზიის გაცემას ვგულისხმობ, უნდა იცოდეს იმ მოსახლეობამ, ვისაც ეს ეხება. რამდენადაც ვიცი, აქ ასეთი რამ არ მომხდარა, მერე მეორე, მოდი, გავაკეთოთ ისე, რომ მოვითხოვოთ, ვინც გასცა, ჩამოვიდეს და შეგვხვდეს ის ხალხი, აგვიხსნას, რატომ გასცა ასე, იქნებ ჩვენ ვერ ვხვდებით და სასარგებლოა. მე თქვენთან ვარ და გვერდში მიდგას თქვენი სოფლის გამგებელი ვანო ვაშაყმაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, ბატონი ლავრენტი ბიგვავა, ჩვენ რაღაც დონეზე უძლური ვართ, მაგრამ ხალხთან ერთად დიდი ძალა გვაქვს.

ლიხაურის გარდა, სხვა პრობლემებიც აქვს ამ მუნიციპალიტეტს, როცა იყო ლიხაურის თემა, აქ ხალხი გამოვიდა და მე ვიფიქრე დასრულდებოდა. მერე მე ლიტვაში ვიყავი და ჩამოვედი. ბატონმა ლავრენტიმ წერილი (ერთობლივად შევიმუშავეთ) გაგზავნა სამინისტროში. ჩამოვიდა ხალხი, რომელმაც თქვა, რომ ეს არასწორად კეთდება აქ. აქედან გამომდინარე, უნდა შეჩერებულიყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს თქვენი პოზიცია ჩემთვის არის ცნობილი და ვეცდები, თქვენთან ერთად, ყველაფერი გავაკეთო ამ პრობლემის გადასაჭრელად~. აქციიდან დაბრუნებულებს ბატონ ლავრენტი ბიგვავამ გადმოგვცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ საკითხზე ზემდგომ ორგანოებში გაგზავნილი წერილების, ასევე წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის კარლო ლაფერაძის მიერ საკრებულოსთვის გამოგზავნილი წერილების ასლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ნინო თანდილაშვილისადმი 12 ივნისს გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ:

`გაცნობებთ, რომ ყოფილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის #812 ბრძანებისა და 2017 წლის 1 ივნისის #861 ბრძანების საფუძველზე გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ფპ ლავრენტი ქვილორია (პ/ნ 33001007793) და ი/მ `სალომე ვაშალომიძე~ (ს/კ 33001066658) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მაკვანეთისა და სოფ. ლიხაურის ადმინისტრაციული ერთეულების მდ. აჭისწყლის ტერიტორიაზე ანხორციელებენ ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამუშაოებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. მათ მრავალგზის მიმართეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის მერიასა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციას მდ. აჭისწყლის ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამუშაოების დაუყონებლივი შეწყვეტის მოთხოვნით. მოსახლეობამ ორჯერ გამართა საპროტესტო აქცია, გადაკეტა ცენტრალური სატრანსპორტო გზა, იყო შიმშილობის გამოცხადების მცდელობაც.

მიმდინარე წლის 24 მაისს გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ მოსახლეობას და მასთან ერთად დაათვალიერეს ქვიშა-ხრეშის მოპოვების ადგილები.

მოსახლეობასთან შეხვედრის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების ადგილის ვიზუალური დათვალიერების და სპეციალისტებთან გამართული კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა:

_ მდინარე აჭისწყლის აუზში ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამუშაოების დაწყების შემდეგ მდინარის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების კუთვნილ ჭებში მნიშვნელოვნად იკლო წყლის დონემ;

_ სპეციალისტების განმარტებით, აჭისწყლის ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამუშაოების დაწყების შემდეგ ასევე მკვეთრად დაეცა სასმელი წყლის შემკრებ აუზში მოსახლოებისათვის მისაწოდებელი წყლის რაოდენობა, რომელიც აღნიშნული რესურსის მოპოვების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს;

მდინარე აჭისწყლის ორივე სანაპიროზე აშკარად იკვეთება ეროზიული პროცესების დაწყების საშიშროება, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მდინარის მარცხენა სანაპიროზე მოწყობილ ნაპირსამაგრ გაბიონს და ხელს შეუწყობს მისი ჩამოშლის პროცესების განვითარებას. გაბიონის ჩამოშლის შემთხვევაში აღარ იარსებებს უბნის მოსახლეობასთან მისასვლელი ერთადერთი გზა;

უკვე დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში მდინარის სანაპიროს გასწვრივ არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მკვეთრი ჩამოშლა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაბეჯითებით გთხოვთ:

_ დროის უმოკლეს პერიოდში მოავლინოთ სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც არგუმენტირებულ პასუხს გასცემს მოსახლეობას მდ. აჭისწყლის ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხეების ან საფრთხეების საერთოდ არარსებობის შესახებ;

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მოსახლეობასტან კონსულტაციის გამართვამდე შეაჩეროთ ზემოთ აღნიშნული ლიცენზიანტების მიერ ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამუშაოები~. 3 ივლისს საკრებულომ ასევე წერილობით მიმართა სსიპ -_ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსს მაია ზავრაშვილს:

`გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის 20 ივნისს (კორესპონდენცია #21/3226) თქვენ გადმოგეგზავნათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლიხაურისა და მაკვანეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე მდინარე აჭისწყლის ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

ზემოთ აღნიშნული სოფლების მოსახლეობა ითხოვს კონკრეტულ პასუხს, მდგომარეობა ქვიშა-ხრეშის მომპოვებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის უკიდურესად დაძაბულია.

გთხოვთ, დააჩქაროთ თქვენი სპპეციალისტების ჩამოსვლა მოსახლოობასთან კონსულტაციების გამართვის მიზნით.~

31 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო წერილი სსიპ წიაღის ეროვნული საგენტოსაგან, რომელსაც ხელს აწერს უფროსის მოადგილე კარლო ლაფერაძე:

`თქვენი 3284 წერილის საფუძველზე, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელებულ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლიხაურისა და მაკვანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მდ. აჭისწყალზე ი/მ `სალომე ვაშალომიძე~-ზე #1004605, ფ/პ ლავრენტი ქვილორია-ზე #1004589, ფ/პ არჩილ კუნჭულია-ზე #1005293, ფ/პ ბიჭიკო ანთაძეზე #1005313 და შპს `კავკაზ ცემენტ ჯორჯია~ზე #1004362 გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების პირობების შესრულების მდგომარეობის დათვალიერება/შესწავლა.

ადგილზე დათვალიერება/შესწავლით დადგინდა, რომ ფ/პ არჩილ კუნჭულია, ფ/პ ბიჭიკო ანთაძე და შპს `კავკაზ ცემენტ ჯორჯია~ არ აწარმოებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს, შესაბამისად აღნიშნული ლიცენზიის პირობების დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირდა.

ფ/პ ლავრენტი ქვილორიას და ი/მ `სალომე ვასალომიძე~-ს მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება განხორციელებულია წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე, რაზედაც ფ/პ ლავრენტი ქვილორიას მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ #044699 ოქმი, ხოლო ი/მ `სალომე ვაშალომიძე~-ს მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის # 044701 ოქმი, რომლებიც განსჯადობის მიხედვით გადაიგზავნება შესაბამის სასამართლოში.

ასევე დათვალიერება/შესწავლით და მასალების კამერალური დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ი/მ `სალომე ვაშალომიძე~-ს ქვიშა-ხრეშის მოპოვებითი სამუშაოები განხორციელებული აქვს ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ, რასთთან დაკავშირებითაც, კომპეტენციის ფარგლებში, შემდგომი რეაგირების მიზნით, მასალები გაიგზავნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოში~

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.