ოზურგეთელი ზაზა მუჯირი სტიქიისაგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას, დასაქმებასა და საკუთარი ეზოს წინ მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთათვის განკუთვნილი პარკინგის გაუქმებას ითხოვს

დამატებულია: 2018-08-12
picture1

ამ შინაარსის შემცველი განცხადება ოზურგეთელმა ზაზა მუჯირმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10 აგვისტოს სხდომაზე გააკეთა. დღევანდელი ხელისუფლებისგან გაწბილებული მოქალაქე, როგორც ამომრჩეველი, ნანობს, რომ ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში ხმა დამოუკიდებელ კანდიდატს მისცა.

ზაზა მუჯირმა თავისი გამოსვლა, ერის სასიქადულო მამულიშვილებისათვის _ ანზორ ერქომაიშვილის, გია ყანჩელისა და ზურა ყიფშიძისათვის დაბადების დღეების მილოცვით დაიწყო, რითაც დარბაზში მყოფთა ტაში დაიმსახურა, თუმცა, შემდეგ, სიტყვის დასასრულს გამოთქმული კრიტიკული შენიშვნებით, სხდომაზე დამსწრე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, ნირი წაუხდინა.

`... ემოციური ვარ, თან დიაბეტი მაწუხებს და უნდა მაპატიოთ ეს ემოციურობა ცხოვრების ნორმალური პირობები, რომ იყოს, ასე არ ვისაუბრებდი. პოლიტიკაში არ ვერევი, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეში. შარშან, 19 აპრილს, ღამის პირველ საათზე ძლიერმა ქარმა ალვის ხე მოხეთქა, რომელიც დაეცა ჩემს სახლს ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფმა ხელისუფლებაც შევაწუხე და გუბერნატორიც, მაგრამ ვერ მივაღწიე იმას, რომ დროულად დამხმარებოდნენ, მხოლოდ 24 ივნისს დაიწყეს სახლის გადახურვა, რომელიც ორი თვისა და ხუთი დღის განმავლობაში პრაქტიკულად უსახურავო იყო. სახლი დღესაც უმძიმეს მდგომარეობაშია, ორი წლის განმავლობაში აწვიმდა, ორივე სართულზე დაზიანებულია კედლები, ავეჯი.

აქვე ვცხოვრობ. აქ აღმასკომი და პარტიის რაიკომი რომ იყო, არასდროს შემოვსულვარ. დედა 80 წლისაა, 42 წლის მანძილზე ინტერნატში მოღვაწეობდა, ყველანი დასაქმებული ვიყავით, საშუალო ფენას წარმოვადგენდით, რომელიც გააქრეს. არსებობს ასეთი პროექტი `ინფრა, რომელიც გულისხმობს სახლის რეაბილიტაციას. აქ ბრძანდებით, როგორც აღმასრულებელი, ისე წარმომადგენლობითი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამიტომ მე, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი, სოციალურად დაუცველი ადამიანი, ზაზა გურამის ძე მუჯირი კი არ ვითხოვ, მოვითხოვ, რომ ჩემს სახლს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია.

14 ივნისს შევიტანე მუნიციპალიტეტის მერის სახელზე განცხადება, არავინ არ მოსულა. ყოველი წვიმის დროს ამ თქვენი შენობიდან დაქანებული წყალი ტბორავს ჩემი სახლის პირველ სართულს. ორივე სართული სტიქიამ დააზიანა. მობრძანდით, ბატონებო, და ნახეთ, ჯიპი არ გჭირდებათ, ორ ნაბიჯზე ვარ აქედან. კაცმა არ იცის, თქვენ ხვალ სად იქნებით, მთავარია, გააკეთოთ და სიკეთე თესოთ, ბოლო ჟამია და უფალი დაგიფასებთ. ახლა რაც შეეხება პარკინგს: წლების მანძილზე აყენებთ მანქანებს ჩემი სახლის წინ, კეთილი ინებეთ და გადამიხადეთ, დაუსაქმებელი ვარ, თუ არადა, მოაშორეთ თქვენი მანქანები იქაურობას. შეგიძლიათ სხვაგან გამონახოთ ადგილი, მაგრამ წლების განმავლობაში რომ ჩემთან აყებებდით, იმისი გადამიხადოს მუნიციპალიტეტმა, ხელფასიც მექნება და ანაზღაურებაც.

ისე, რატომ არ უნდა დამასაქმოს მინიციპალიტეტმა? საინტერესოა, საერთოდ, პროგრამაში თუ გააჩნდათ და გააჩნიათ ასეთი მუხლი. ვნანობ, რომ `ქართულ ოცნებას~, ბატონ კონსტანტინე შარაშენიძეს მივეცი ხმა, პირდაპირ ვიტყვი, მან ამოიღო და 100 ლარი მაჩუქა. მე არ ვარ მათხოვარი, მე ვარ მთხოვნელი, სრულუფლებიანი საქართველოს მოქალაქე. თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, მოქალაქეებზე ფულადი დახმარება არ გაიცესო. თუ მხოლოდ სოციალური დახმარება ყოფნის ჩემნაირ ადამიანს, ის 150 ლარი იმყოფინეთ თქვენ და მომეცით მე თქვენი ოთხციფრიანი ხელფასი~...

ჟურნალისტის კითხვას თუ როდის აჩუქა ბატონმა კონსტანტინე შარაშენიძემ 100 ლარი, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, ზაზა მუჯირმა ასეთი პასუხი გასცა:

`როდის მაჩუქა და გეტყვით, დაახლოებით ივლისში, არჩევნებს შემდეგ. ეს იყო პიროვნული ჟესტი და მადლობელი ვარ მისი, მერე მეორედ რომ შევხვდი, ხომ გაჩუქე, მეტი არ მაქვსო, მითხრა. მხოლოდ ლელა საჯაია მექცეოდა ღირსეულად. გაჭირვებული ოჯახია და დაეხმარეთო, ყველას მოუწოდებდა.

ხორციელდებოდა დახმარება და შემდეგ შეჩერდა. მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა, საკუთარი თვალით ნახეთ ჩემი საყოფაცხოვრებო პირობები, ვცხოვრობ უკიდურეს გაჭირვებაში.

მე არ მინდა მერსედესები, ფუფუნება და ოქროს საგნები. მე მინდა საშუალო ფენა ვიყო, მინდა, ვცხოვრობდე და ვმოღვაწეობდე. თუ ვინმეს ჩემში ეჭვი ეპარება, დამიმეგობრდეს და ნახოს ჩემი სტატიები, უამრავ ცნობილ ადამიანთან, ქართველ მოღვაწესთან მაქვს შეხება, ურთიერთობა. ვმოღვაწეობ ფეისბუკით, მაგრამ ფეისბუკით მოღვაწეობა უფასოა და ადამიანს უნდა ცხოვრება. ამისათვის საჭიროა ხელის ჭუჭყი, რომლისგან ეს სიბინძურეები ხდება, ფული ეშმაკის მოგონილია. დამასაქმეთ, მომეცით სამსახური, მომეცით ხელფასი. შეამოწმეთ ჩემი სახლი. აქვე გეტყვით, რაც ერთხელ ოსიკო თოთიბაძემ მითხრა: რომ დაიტბორება, ფაქტზე მოვალ და ვნახაო. წვიმა მე არ მითანხმდება, რომ სამუშაო საათებში მოვიდეს და ოსიკო გამოიყვანოს კაბინეტიდან. ამ ადამიანებმა კეთილი ინებონ და თავიანთი მოვალეობა პირნათლად შეასრულონ~. საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ ზაზა მუჯირს განუმარტა, რომ ბატონი კოტე `ქართული ოცნების~ კანდიდატი არ ყოფილა:

`ისე, ცნობისათვის უნდა გითხრათ, რომ კოტე შარაშენიძე `ქართული ოცნების~ კანდიდატი არ ყოფილა~. დასასრულს ზაზა მუჯირმა დასძინა, რომ მისთვის არაერთხელ გაუწევია დახმარება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ ხელმძღვანელებს:

`შარშან, 30 აგვისტოს 400 ლარით დამეხმარენ, ჯიბიდან არ ამოუღიათ, ბიუჯეტიდან გამომიყვეს, ადამიანურად გაითვალისწინეს ჩემი მდგომარეობა და უმადურობა იქნება, ეს რომ არ ვთქვა. ადამიანი ვარ, მათგან კარგიც მახსოვს და ცუდიც~.

ავტორი: გაზეთი ალიონი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.