„ვირტუოზის სული“ ვირტუოზთა შესრულებით“

დამატებულია: 2018-08-13
picture1

ევროპაში ცნობილი მუსიკოსები ბელა ბერკემერ-მახარაძე, და უვე ბერკემერი 17 აგვისტოს ნატანებში კონცერტს გამართავენ

საქართველოში,კერძოდ, გურიაში ჩამობრძანდნენ ევროპაში ცნობილი მუსიკოსები - ბელა ბერკემერ-მახარაძე, ნატანების მკვიდრი და უვე ბერკემერი.17 აგვისტოს, 18 საათზე, ნატანების კულტურის სახლში ისინი გამართავენ კონცერტს „ვირტუოზის სული“. ქალბატონი ბელა უდიდესი სიხარულით ელოდება მონატრებულ მაყურებელთან შეხვედრას მშობლიურ სცენაზე. წარმატებული მუსიკოსთა ოჯახის შესახებ გვინდა, რაც შეიძლება მეტი იცოდეს ქართველმა მოსახლეობამ. გთავაზობთ ინტერვიუს ბელა ბერკემერ-მახარაძესა და უვე ბერკემერთან.

ესაუბრა გულო ნიკოლაიშვილი.

- უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ, ქალბატონო ბელა, თქვენი ბავშვობის შესახებ

- ჩემი ბავშვობა უბედნიერეს წლებთან იყო დაკავშირებული. ვიზრდებოდი თბილ გარემოში.დავიბადე 1975 წლის 12 თებერვალს სოფელ ნატანებში. მეამაყება, რომ მყავს ძალიან კარგი მშობლები: დედა - ეთერ კვერღელიძე, მუსიკოსი, პიანისტი; მამა - რომან მახარაძე, ინჟინერი. მყავს უფროსი ძმა პაატა მახარაძე. როდესაც 5 წლის ვიყავი, დედამ შემიყვანა ნატანების სამუსიკო სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით, სადაც თვითონ იყო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. ჩემი პედაგოგი გახლდათ უსაყვარლესი რაისა ჯავახია. იგი ძალიან კარგად მასწავლიდა და ვარ მისი მადლიერი.

7 წლისას დედამ მირჩია, მეცადა ვიოლინოზე დაკვრაც. დედის რჩევა მოვიწონე და შევუდექი საქმეს. ვინაიდან გვიან შევედი, მომიწია პროგრამის დაჩქარებულად დაძლევა, რათა სხვა ბავშვებს დავწეოდი. მე ეს შესანიშნავად გამომივიდა. ამაში დამეხმარა ჩემი ბათუმელი პედაგოგი, ბატონი თემურ შალვაშვილი. მან იმდენად სწორად წაიყვანა ჩემი მიმართულება, რომ 10 წლის ასაკში უკვე სცენაზე ვიდექი და ორკესტრთან ერთად ვუკრავდი,ხოლო 11 წლის ასაკში დავუკარი მოცარტის კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ნატანების კულტურის სახლში. მე ვვითარდებოდი როგორც პიანისტი, მაგრამ აქცენტი გადატანილი მქონდა ვიოლინოზე.

- როგორ განვითარდა შემდგომ თქვენი სამუსიკო კარიერა?

- ჩავაბარე ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში სავიოლინო განხრით, მაგრამ მოვითხოვე ორივე სპეციალობის შესწავლა, რაზეც უარი მივიღე, კუტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე ეს შეუძლებელი იყო. სამინისტროს პასუხი ასეთი იყო: „თუ ასეთი ნიჭიერი ბავშვია, ჩამოვიდეს თბილისში და სწავლა აქ განაგრძოს ნიჭიერთა ათწლედშიო“. იმ პერიოდში ძალიან სიდუხჭირე იყო საქართველოში, რის გამოც, დედაჩემი წინააღმდეგი იყო ჩემი თბილისში წასვლისა, საბოლოოდ, დაჟინებული თხოვნით მაინც ჩემი გავიტანე. დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი ,შემდეგ სწავლა განვაგრძე კონსერვატორიაში. მყავდა უძლიერესი პედაგოგები, განსაკუთრებით პროფესორი შოთა შანიძე, რომელმაც სრულიად გადამაკეთა და საინტერესო გამხადა, როგორც მევიოლინე. სამწუხაროდ, 2 წლის შემდეგ ის გარდაიცვალა. ნათელი დაადგეს მის სულს; ამის შემდგომ ჩემს განვითარებას წარუძღვა პროფესორი ხათუნა თუშმანიშვილი.

ბავშვობიდან დღემდე სულ ოთხი პედაგოგი მყავდა: პიანისტი რაისა ჯავახია,თემურ შალვაშვილი,შოთა შანიძე და ხათუნა თუშმანიშვილი.

- გვიამბეთ თქვენი და ლიანა ისაკაძის ურთიერთობის შესახებ?

- ლიანა ისაკაძეს შექმნილი ჰქონდა სასტიპენდიანტო ფონდი, როგორც წარჩინებული სტუდენტი, მე ვიყავი მისი პირველი სტიპენდიანტი. მან ჩამოაყალიბა საქართველოს კამერული ორკესტრი და მისი თხოვნით დავიწყე ორკესტრში მევიოლინედ მუშაობა,რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო.

- როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე უვე ბერკემერი?

-ორკესტრში მუშაობის 6 თვის შემდეგ ქალბატონმა ლიანამ ჩამოიყვანა გერმანელი პიანისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი უვე ბერკემერი. უვე და ლიანა უკვე მეგობრები იყვნენ. ჩვენი ურთიერთობა ისე განვითარდა,რომ მე მას ძალიან მოვეწონე.იგი უსაზღვროდ რომანტიკული ადამიანია. ორი თვეც არ იყო გასული, ჩვენ დავქორწინდით. უვეს მეჯვარე იყო ქალბატონი ლიანა,რაც ჩვენთვის ძალიან დიდი დაფასება იყო.

-რას გვეტყვით თქვენი შვილების შესახებ?

- გვყავს ორი შვილი:უფროსი გოგონა, ნინა,რომელიც 17 წლის ხდება უკრავს ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე და გერმანიის მასშტაბით გახდა ვოკალური კონკურსის ლაურეატი, პატარა კი, 7 წლის მარი მღერის და უკრავს ჩელოზე.ასეთია ჩვენი დიდი და პატარა სიცოცხლეები.

- ყველაზე კარგად რა გამოგდით?

- ვიოლინოზე დაკვრისა და სიმღერის გარდა, კიდევ კარგად გამომდის სიყვარულის გაცემა, ასევე კარგად გამომდის ადამანის ნერვებზე თამაში,შემიძლია წყნარი ადამიანიც კი გამოვიყვანო მწყობრიდან(იცინის), მაგრამ ეს იშვიათად ხდება, რაღა თქმა უნდა (კვლავ იცინის).

- თქვენ შესანიშნავი შემოქმედებითი დუეტი ბრძანდებით.როგორ ემზადებით ყოველი კონცერტის წინ?

-სიმართლე გითხრათ, ჩვენი ერთად მეცადინეობა აუცილებელი არ არის, ვიოლინოს სულ სხვა დამუშავება სჭირდება მილიმეტრებში, ამიტომ მე უფრო მეტს ვმუშაობ, ვიდრე უვე და ბოლოს, კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ერთად ვრეპეტიციობთ. ეს იმდენად კარგად გამოგვდის, რომ აღფრთოვანებული რჩება ჩვენი მაყურებელი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

- სად გამართეთ კონცერტები და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ბოლო ერთი წელია, რაც სოლო კონცერტებს ვმართავ საქართველოში. მინდა, საქართველოს ყველა რეგიონს მოვეფერო და გავმართო ჩემი სოლო კონცერტები. ერთ-ერთი ასეთი კონცერტი გავმართე ჭიათურაში, სადაც ძალიან დიდი შეხვედრა მომიწყვეს, მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა. ასევე 1 აპრილს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გავმართე სოლო კონცერტი. დიდ რისკზე წავედი, რადგან 500-კაციან დარბაზში 50 ადამიანი იყო ჩემი ახლობელი და არ ვიცოდი, დარბაზი შეივსებოდა თუ არა,რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა და დარბაზი შეივსო, რითაც ძალიან ბედნიერი ვიყავი.მომავალში ვაპირებ ზუგდიდში,თელავში,სიღნაღსა და ქუთაისში კონცერტების გამართვას, რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, 23 სექტემბერს კონცერტს გავმართავთ თესალონიკში ქართველი ემიგრანტებისა და უცხოელი მაყურებლისთვის, ასევე 13 ოქტომბერს ამსტერდამში. ჩვენ ვართ ქართული კულტურის ელჩები ევროპაში.

- ბატონო უვე, თქვენ 2005 წელს ჩამოაყალიბეთ კავკასიის ორკესტრი.რა მიზანს ემსახურებოდა ეს?

- როდესაც მე პირველად,2000 წელს, ჩამოვედი საქართველოში ძალიან მომეწონა ბუნება, ქართველი ხალხი და ქართული მუსიკა.ამასთან ერთად, შევამჩნიე, რომ იყო პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყნებს შორის.შემოვიარე კავკასიის ქვეყნები, შევკრიბე უნიჭიერესი მუსიკოსები და თბილისში დავაფუძნე კავკასიის კამერული ორკესტრი, რომელსაც ერქვა მშვიდობის ორკესტრი. მინდოდა, გაგვეცნო ეს ორკესტრი პრობლემური ქვეყნებისთვის, მაგრამ სოხუმში კულტურის მინისტრმა უარი გვითხრა ამასთან დაკავშირებით. ასევე კონცერტები გვქონდა ევროპარლამენტში, სადაც 5-ჯერ მიგვიწვიეს. ორკესტრს აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეწყდა დაფინანსება.

- საქართველოს კამერული ორკესტრის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი. თუ შეგიძლიათ, გვიამბოთ ამის შესახებ?

- 2005 წელს ბათუმში ჩატარდა ფესტივალი,რომელსაც ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები. შვეიცარიიდან ჩამოსულმა რეჟისორმა, ფესტივალის დამთავრების შემდეგ, შემომთავაზა ორკესტრის შესახებ ფილმის გადაღება.ერთი თვის განმავლობაში იღებდნენ ფილმს. ჩემი მიზანი იყო, გროზნოში ჩამეტარებინა კონცერტი. 2007 წელს ჩავედით ჩეჩნეთში, სადაც ჩვენი იდეით კულტურის მინისტრი აღფრთოვანდა,მაგრამ ომის გამო კონცერტი აღარ ჩატარებულა და ამიტომაც ფილმს დაერქვა „ოცნება გროზნოზე“. ამ ფილმმა ვერონის საერთაშორისო ფესტივალზე აიღო გრან-პრი.

- რას იტყოდით ქართული სიმღერის „სულიკოს“ შესრულებასთან დაკავშირებით?

- ამ სიმღერას ჩემი შესრულებით დიდი წარმატება ხვდა საზღვარგარეთ. ლიანა ისაკაძის დამსახურებაა,რომ ორკესტრთან ერთად ვიმღერე ეს სიმღერა.„სულიკო“ იმდენად მელოდიურია, რომ ჩემი საკუთარი სიმღერა გახდა. უცხო მაყურებელი საჭიდაო სიმღერასა და „სულიკოს“ ისეთი გრძნობით ხვდება, როგორც ქართველი მაყურებელი, ამიტომ დარბაზში დიდი ოვაციებია.

- თქვენ საქართველოს მოქალაქე ბრძანდებით.რამ განაპირობა ეს?

- ეს ბუნებრივია, მე ქართველი მეუღლე მყავს,მიყვარს საქართველო და ამიტომ გავხდი საქართველოს მოქალაქე. ყველაფერი მიყვარს ქართული: ტრადიციები, კულტურა, მუსიკა და კერძები(იღიმის). - რა არ მოგწონთ ქართული?

- ქართული ძალიან ცოტა რამ არ მომწონს.ერთ-ერთი დროის უპატივცემულობა, არაპუნქტუალურობაა.

- რა აზრის ბრძანდებით სიყვარულზე?

- სიყვარულზე საუბარი მიჭირს,მაგრამ ჩემი და ბელას სიყვარულზე ბევრის თქმა შემიძლია (იღიმის).მე და ბელა სხვადასხვა მენტალიტეტების ადამიანები ვართ. გერმანიაში საკითხის გადაწყვეტა გონებრივი განსჯის შედეგად ხდება,საქართველოში კი ემოციური და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება იციან. ჩვენ სცენაზე მაყურებლის მიმართ დიდი სიყვარულით ვართ გამსჭვალული.ემოციურებიც ვართ და იგრძნობა, რომ გონებრივად ერთნაირად ვაზროვნებთ და ეს შესანიშნავად გამოგვდის.

- ბელა, თქვენ რას ფიქრობთ?

- შესანიშნავი დუეტი ვართ სცენაზე. სინამდვილეში ორივე დომინანტური ხასიათის ვართ, რაც კულუარებში იჩენს თავს ხანდახან, ნოტები ჰაერში მიჰქრის და კედლებს ზანზარი გააქვს (იცინის). ჩვენი კამათი არ გადადის შეურაცხყოფაში და სიყვარულზე არ აისახება.

- ბელა, თქვენ მოგენიჭათ საქართველოს პირველი წარმატებული ემიგრანტის ტიტული. საიდან წამოვიდა ეს პროექტი?

- ქალბატონი ინა ასანიძე,რომელიც გახლავთ ამ პროექტის ავტორი ფეისბუქით ადევნებდა თვალყურს ჩვენ მიერ წარმატებით ჩატარებულ კონცერტებს.ჩვენს პროგრამაში უფრო მეტი ქართულია, როგორც კლასიკური მუსიკა, ასევე სიმღერებიც და მან გადაწყვიტა, რომ ჩემთვის მოენიჭებინა საქართველოს პირველი წარმატებული ემიგრანტის ტიტული,რომელიც გადმომცა ბატონმა ზვიად კვაჭანტირაძემ,რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.

- და ბოლოს, რას გვეტყვით მშობლიურ სცენაზე 17 აგვისტოს ჩასატარებელი კონცერტის შესახებ?

- ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო,რადგან არც ერთ ქვეყანაში არ მიგრძნია ისეთი დიდი პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარ სცენაზე ნატანებელი მაყურებლის წინაშე. ჩვენ მოვამზადეთ შესანიშნავი პროგრამა როგორც კლასიკური, ასევე ქართული სიმღერები. ჩემი მხარდამჭერები იყვნენ და არიან: ჟურნალისტი ეკა მელუა, ჭიათურაში - ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე,თესალონიკში - ზოია სულხანიშვილი,ჰოლანდიაში - თიკა სვანიძე,ნატანებში - ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის რწმუნებული სოფელში ნაირა კვაჭაძე, რწმუნებულის თანაშემწე - ვახტანგ გობრონიძე და საღამოს ორგანიზატორი, ნაციონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გულო ნიკოლაიშვილი. განსაკუთრებით უნდა გამოვყო გულო ნიკოლაიშვილი,რომ არა ის, ეს კონცერტი არ შედგებოდა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. ასევე მადლობას ვუხდი და დიდი სიყვარულით ვეფერები მაყურებელს, რომელსაც 17 აგვისტოს ვთავაზობთ არაჩვეულებრივ, დაუვიწყარ კონცერტს „ვირტუოზის სული“.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.