გასულ ოთხშაბათს ოზურგეთის ავტოსადგურში მანუჩარ ბალოტელი გავიცანით, უფრო სწორად, თვითონ გაგვეცნო. ამ გვარის მატარებელი, იტალიაში მოღვაწე ფერადკანიანი ფეხბურთელისგან განსხვავებით, ქართველი ბალოტელი, როგორც მან გვითხრა, ურეკში, შუაგულ `ბალოტში~ ცხოვრობს და ამიტომ მოირგო ფსევდონიმად ცნობილი მობურთალის გვარი. მანუჩარი მეორე დღისთვის კურორტზე მეგზურობასაც შეგვპირდა, მაგრამ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სიტყვიდან გადავარდა, შესაძლებელია იმის შიშით, რომ სურათზე, რომელსაც თქვენ ახლა გაზეთის პირველ გვერდზე ხედავთ, ფოტოშოპის საშუალებით, ლოტოსის ფოთოლი არ დაგვეხატა და ზედ `ბალოტელად~ წოდებული არ დაგვესკუპებინა ბაყაყივით. მოკლედ, მანუჩარსა და მის ადგილსამყოფელს ვერ მივაკვლიეთ, თორემ სიგრძეში ჯამურად დაახლოებით სამკილომეტრიანი ჭაობი სად გაგვექცეოდა?! რაც უნდა დაუჯერებელი გეჩვენოთ, ეს ჭაობი ურეკშია, ზღვისპირა ზოლიდან, ალბათ, სულ რაღაც 300 მეტრის დაშორებით და იგი, მსუბუქად რომ ვთქვათ, კოღოების ქვეწარმავლებისა და მღრნელების საბუდარია, ჭაობისთვის დამახასიათებელი მყრალი სპეციფიკური სუნით.
ჩვენი პირველი რესპოდენტი ქუთაისელი ნ.კ (სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავი შეიკავა) საოჯახო ტიპის დასასვენებელი ტყუპი სახლების მფლობელია, შიშობს, რომ ერთი გაწვიმებაც და ჭაობის ბლანტი სითხე მისი ეზოს ჭიშკარს ჭიშკარსაც მიადგება:
„ჭაობი უძახეთ თქვენ და მთელი ეს ტერიტორია ნაკვეთებად არის გაცემული. როგორც ამბობენ, რეესტრში ამ ნაკვეთების მეპატრონეებად ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენლებიც არიან დარეგისტრირებული. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, მე ჩემი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი ამ წვიმებზე ეზო დამეტბორა, ერთი წვიმაც და ამ ტბორს ეზოშიში ჭაობის ბლანტი სითხეც შემოუერთდება. სანიაღვრე არხი იჭედება ყოველთვის. კოღოს საწინააღმდეგო შეწამვლები კი ჩაატარეს, მაგრამ ახლაქ ვეწარმავლები მომრავლდა. იყო შემთხვევა, ჭაობიდან რომ ეზოში შემოაღწია. არ გვაქვს წყალი, არ გაშვებულა კანალიზაცია, მივესალმებით იმას, რომ მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები“. წარმოშობით სოხუმელი, ამჟამად თბილისში მცხოვრები, პოლკოვნიკი კობა ხარაიშვილი ურეკში სასტუმრო „ნოდმაქსის“ მეპატრონეა.
„ომის ვეტერანი ვარ, პოლკოვნიკი. აფხაზეთის ომის დროს მძიმედ დავიჭარი და ექიმებმა მირჩიეს, ურეკის უნიკალური ქვიშა გამომეყენებინა. შეიძლება ითქვას, რომ აქაურმა ჰავამ და ქვიშამ განმკურნა. ჩემი მეუღლე კინდღიდანაა და იცის თქმა, ურეკის სანაპიროს ყოველთვის კინდღისას ამსგავსებდა. ძალიან მოსწონს აქაურობა.მიწის ნაკვეთი ვიყიდე და ეს სასტუმრო ავაგე აგვისტოს დასაწყისში მოსულმა ნალექმა ხუთივე კოტეჯი დამიტბორა. დატბორა მიზეზი ის არის, რომ ჭაობში, რომელიც გარს აკრავს ურეკის მე-2-3 ზოლს, გზის გაყვანისას მილები მაღალზე ჩადეს და აქ შეკრებილ წყალს გასასვლელი არ დაუტოვეს, ამდენი ნალექი ვერ გაატარა, არადა, იგი წყალშემკრებია. ახლა მას „ტაშტის“ ფორმა აქვს,წყალი გროვდება და ვერ ატარებს.ეს პრობლემა ბოლო 5-6 წელია ასეთი დატბორვისას სასტომრომდე მოსასვლელი გზა ირეცხება.მე პირადად ყოველწლიურად 700-800 ლარს ვხარჯავ წყალდიდობის შედეგად წაღებული გზის აღსადგენად.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, როგორც ხედავთ ბუნებრივი აირი შემოჰყავთ. ჩაირთვება წყალი და კანალიზაციის ქსელიც ამოქმედდება. კოღოს წინააღმდეგ სახელმწიფო პროგრამით ჩატარდა და ჩვენი ძალებითაც ტარდება ღონისძიებები. შედეგად კოღო არც ჩვენ გვაწუხებს და არც ჩვენს დამსვენებელს ჭაობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე ვატარებთ ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებებს“ შემდეგი რესპოდენტი სასტუმრო „მარის“ მეპატრონე გელა ნაცვალაძე აღმოჩნდა, რომელსაც, როგორც თვითონ თქვა, მიშას მთავრობამ მოსამართლეობა წაართვა, „ქართულმა ოცნებამ“ კი ადვოკატობაზე ააღებინა ხელი:
„ერთ-ერთი აქტიური მხარადამჭერი ვიყავი „ქართული ოცნებისა“. იყო საუბრები, რომ გურიაში პროკურატურას ვუხელმძღვანელებდი, სინამდვილეში მიშას მთავრობამ მოსამართლეობა წამართვა, „ქართულმა ოცნებამ“ კი ადვოკატობისთვის დამანებებინა თავი. 4 წელია, რაც აქ ჩამოვედი და საოჯახო ტიპის სასტუმრო ავაშენე.
ეს ჭაობი რეკრიაციული ზონა იყო. ახლა ნაკვეთებადაა გაცემული. მე თუ მკითხავთ, სახელმწიფომ ამ საკითხზე, რეკრეაციული ზონების შენარჩუნებაზე სპეციალური განკარგულება უნდა მიიღოს. ადრე აქ წყალგამტარი დიდი არხი იყო, ახლა სამ კილომეტრამდე სიგრძის ჭაობია სანაპიროდან 300 მეტრში.ძლიერი წვიმის დროს ახლო-მახლო ყველას პრობლემა ექმნება, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს სასტუმროს. კარგი ქნებოდა, როცა ვაშენებდი ფუნდამენტი ერთი მეტრით მაინც ამეწია.ჭიშკრის საყრდენ მილზე ნახვრეტებს ხომ ხედავთ?. ამ ნიშნულს ეზოში წყლის დონის მატებისას ვაკეთებ. შარშან ფაქტიურად მთლიანად დამიტბორა პირველი სართული ორი ძლიერი ტუმბო მაქვს, მაგრამ წყალდიდობის დროს ელექტროენერგია გამოირთო და ვერ შევძელი ამოტუმბვა. მწყობრიდან გამოვიდა პირველ სართულზე არსებული ელექტროტექნიკა. ამ პრობლემების შესახებ ვესაუბრე გუბერნატორს, სხვა თანამდებობის პირებს, მაგრამ...“
ერთ-ერთმა დამსვენებელმა ხელებიც კი გასავსავა და გვითხრა, რომ ასეთი რამ არსად უნახავს:
„არ დაიჯეროთ, რომ ეს ჭაობის წყალია, ჭაობიდან ფეკალიები გადმოედინება, ყარს აქაურობა. არა - გზა, არა -წყალი, კოღოები, ქვეწარმავლები, სასტუმროში პირველ სართულზე დავბინავდი, ღამით ხმაურმა შემაწუხა, შუქი ავანთე და იატაკზე პატარ-პატარა ბაყაყები დახტუნავდნენ. რამდენიმე ქვეყანაში ვყოფილვარ დასასვენებლად, მაგრამ ასეთი რამ არსად მინახავს“
მოსახლეობის ერთი ნაწილის აზრით, ფედია ნაგუსკის სასტუმროს მშენებლობამ, ჩაკეტა ჭაობიდან წყლის საწრეტი ერთადერთი არხი: „ ურეკში სასტუმროების მშენებლობის ისეთი ბუმია, რომ იგი საკურორტო სეზონშიც აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთია ფედია ნაგუდსკის სასტუმროს მშენებლობა. სწორედ ამ მშენებლობამ ჩაკეტა ჭაობიდან წყლის საწრეტი ერთადერთი არხი“.
ჩვენი იქ ყოფნის დროს სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, ობიექტზე არც მშენებელი იყო და არც დამკვეთი.
სასტუმრო „პრიმას“ მფლობელი ქეთევან ჯინჭარაძეც ანალოგიურ პრობლემებზე, გვესაუბრა, თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, რამდენიმე პრობლემური საკითხი მან თვითონვე მოაგვარა:
„ეს სასტუმრო თაყაიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მეორე ზოლში მდებარეობს, 2000 წელს აშენდა. ბოლო წლებში სასტუმროს პირველი სართული წყლით ივსებოდა და ეზო იტბორებოდა, შენობის საძირკველს საფრთხე ექმნებოდა. ამიტომ მოვზვინეთ ეზოს ტერიტორია და მიწაყრილი ერთი მეტრით ავწიეთ.
არის კოღოების პრობლემა. სასტუმროს ყველა ოთახში ფანჯრები სპეციალური ბადეებით აღვჭურვეთ. მართალია, სახელმწიფო პროგრამით ხდება ჭაობის დამუშავება, ჩვენც, საკუთარი სახსრებით ,ვახდენთ შეწამვლებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არასაკმარისია. არის ქვეწარმავლების პრობლემაც, პერიოდულად ჭაობიდან მოდის არასასიამოვნო სუნიც.
ჯერჯერობით არც კანალიზაციაა მიერთებული და არც წყლის სისტემა მუშაობს. გვაქვს ჭაბურღილები, რომლებსაც ყოველდღიურად 2 მომსახურე პირი სჭირდება. ბუნებრივი აირი ჭიშკრამდე მოიყვანეს.. კარგი იქნებოდა, რომ ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად შეღავათიან სესხებს იძლეოდნენ“.
ამირან კიღურაძეს მკითხველისათვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ჩვენი კოლეგა, რომელიც ტვ-12-ზე ორ საავტორო გადაცემას უძღვება, ურეკში ცხოვრობს, არის სასტუმრო ედემის“ მეპატრონე და ზედმიწევნით იცის აქაური პრობლემები. ამირანმა ისიც გვითხრა, რომ ერთ-ერთი ცენტრალური გაზეთისათვის თვითონაც ამზადებს წერილს და თეზისებად ჩამოგვითვალა ის საკითხები, რაზედაც გაამახვილებს ყურადღებას ამ წერილში:
„გარევაჭრობამ წალეკა მთელი კურორტი, მაგრამ რასაც აქ ვხედავთ, ეს ნამდვილად არ არის გარევაჭრობა, თქვენ დაარქვით სახელი. ცენტრალურ, თაყაიშვილის ქუჩაზეც კი არ არის ტროტუარები. ფეხით მოსიარულეთა ბილიკები სავაჭრო ჯიხურებს და ინდ. მევაჭრეებს უკავიათ.
ნახეთ, თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს ტაქსისტები ურეკში არიან თავმოყრილი. საკურორტო სეზონის განმავლობაში მანქანებში იძინებენ. როგორ უნდა მოემსახურონ ისინი დასვენებლებს?! გარდა ამისა, არიან სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული ტაქსისტები.. სომეხი ტაქსისტები ემსახურებიან ერევან-ბათუმის მატარებელს.სრული ქაოსია. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ტაქსების რეგისტრაცია. სასტუმროს წინ გაშენებული ყვავილები გადამიჭამა პირუტყვმა, ანალოგიურ სიტუაციაში სხვა გაზონებიც. ჩემი აზრით, მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკურორტო ტერიტორიაზე პირუტყვის გადაადგილების აკრძალვის შესახებ და უნდა შემოიღოს შესაბამისი სანქციები.
იმის გამო, რომ მოცემულ ვადებში არ დასრულებულა დაბა ლაითურში წყალსაქაჩისა და წყალშემკრების მშენებლობები, ურეკში ექსპუატაციაში ვერ შევიდა წლისა და კანალიზაციის სისტემები. კურორტზე გამართულად მუშაობს მხოლოდ „ენერგო-პრო ჯორჯია“. ხმაურის გამო უცხოელი ტურისტები გარბიან კურორტიდან. 1 ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი ხმაურის შესახებ. აქვთ თუ არა დეციბალების განმსაზღვრელი ხელსაწყო? თბილისსა და ბათუმში ამ საკითხს მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები არეგულირებენ. ურეკში კი არავინაა განმკითხავი.
პარადოქსული ფაქტი: ურეკში, საკურორტო ზოლში საპატრულო პოლიცია არ შემოდის, მხოლოდ დაბა ურეკის პოლიციის ქვეგანყოფილების ფეხოსნები დადიან საქართველოს კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს მდინარეების, ღელეების, რუს კალაპოტების გაცემა კერძო საკუთრებაში, ნაპირიდან 40 მეტრის მანძილზე, ურეკში კი ჭაობი გადაკეტეს და სასტუმროებს აშენებენ. ეს ჭაობი არის ბუნებრივი წყალშემკრები; მშენებლების მიერ ჩადებული მილი წყალს ვერ ატარებს წვიმიანობის დროს.
ცალკე თემაა მაკლერები, რომლებიც ისე მომრავლდნენ, რომ სასტუროებამდე დასსვენებელი ვერ აღწევს მიუხედავად იმისა, რომ კურორტი გადატვირთულია ტრანსპორტით, მაგნეტიტში საგზაო ნიშნების ნაკლებობაა, შესაბამისად ავტოსაგზაო შემთხვევების რისკიც მაღალია“.
რესპოდენტებისგან საკმაოდ დატვირთული, დღის ბოლოს მივადექით ურეკის ტერიტორიულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს დავით რობაქიძეს, რომლისთვისაც ზემოაღნიშნული პრობლემები სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა:
„ეს ჭაობი არ არის ბუნებრივი (რესპოდენტების თქმით, ბუნებრივია. - რედაქცია)); არ ვიცი, ვინ და რა პირობით გასცა ჭაობის ტერიტორია. გაჰყავთ გზები, ინერტული მასალებით მოზვინულია ჭაობის 30 პროცენტი; საწრეტი არხები არ მუშაობს, წყალი ვერ აღწევს მდინარე სეფამდე და კუჩხის აბანომდე; ჭაობი ოთხ ნაწილადაა გაყოფილი და შექმნილია რეზერვუარები, რომლებიც წვიმის დროს ნალექს არ ატარებს. იტბორება 4-5 სასტუმროს ტერიტორია; რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი პროექტი, ასეთ პროექტს ეკონომიკის სამინისტრო ამტკიცებს, ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივა.
რაც შეეხება წყალსა და კანალიზაციას, იცით თქვენ, რომ დაბა ურეკსა და შეკვეთილში კანალიზაციისა და წყლის დიდი პროექტი ხორციელდებს. შარშან ზაფხულში, საკურორტო-ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სამშენებლო ორგანიზაცია „ფერის“ შეაჩერებინეს მუშაობა, რამაც გამოიწვია ვადების დარღვევა. მომავალი ზაფხულისთვის პროექტი დასრულდება. ცენტრალური მაგისტრალები გაყვანილია, შემდეგში მოხდება მოსახლეობასთან მიერთება.
ფედია ნაგუსკის მშენებარე სასტუმრო ნამდვილად არ არის ჩამკეტი. პირიქით, მეპატრონემ არხი გააკეთა ჭაობიდან წყლის გასატარებლად. ფეკალური მასა ჭაობში არ ჩაედინება, ყველას აქვს ქსელი ცალკე ფეკალური მასისთვის და ცალკე საყოფაცხოვრებო წყლისთვის. აი, საყოფაცხოვრებო წყლები კი ნამდვილად ჩაიდინება ჩაედინება და სუნიც იქნება, რასაკვირველია.
კოღოს წინააღმდეგ ბევრი ღონისძიება განხორციელდა 3-ჯერ ჩავატარეთ თერმული შეწამვლა. წინა კვირაში ღამის 3 საათიდან დილის 8 საათამდე 4 ეკიპაჟი მუშაობდა შეწამვლაზე.
ყველაზე დიდი პრობლემა ახლა ურეკში შიდა გზებია და სანამ კანალიზაცია და წყალგაყვანილობა არ მოწესრიგდება, მანამ ვერ გადაიჭრება ცენტრალური და შიდა გზების საკითხი.
გეთანხმებით, რომ საპატრულო არ შემოდის, მაგრამ ადგილობრივი ფეხოსნები მუშაობენ; არ დაგვჭირვებია და არც ყოფილა საპატრულოს გამოძახების შემთხვევები. რაც შეეხება ხმაურს,ამჟამად ღამის 12 საათის შემდეგ საკურორტო ზოლში ხმოვანი მუსიკა არაა ჩართული. დეციბალების შემოწმება კი, თუ არ ვცდები, თვით აპარატურითაც არის შესაძლებელი
მართალი გითხრათ, არ ვარ ჩართული ტაქსების რეგულირებაში; არავინ მეკითხება.
რაც შეეხება პარკინგს, ჩემი აზრით, იგი რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს.
პლაჟზეც მკითხავთ, ალბათ, და წინდაწინ გეტყვით, რომ იგი ყოველდღიურად, დილის 6 საათიდან იწმინდება“.