ოზურგეთელები საარჩევნო კოდექსსზე მომუშავე `თბილისის ჯგუფის~ საქმიანობით დაინტერესდნენ

დამატებულია: 2018-08-27
picture1

`ხალხის რჩეული~ უნდა ნიშნავდეს, რომ ის ხალხის მიერ დაქირავებული მსახურია და არა პირიქით

22 აგვისტოს ოზურგეთელები საარჩევნო კოდექსზე მომუშავე `თბილისის ჯგუფის~ წარმომადგენლებს გუჯა შვანგირაძესა (ლიტერატურული ფსევდონიმი `გუჯა ბიძია~) და იოსებ შათირიშვილს შეხვდნენ. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ამ შეხვედრას `ოზურგეთის ჯგუფის~ ხელმძღვანელი მურად ჩხაიძე უძღვებოდა.

`თბილისის ჯგუფის~ ხელმძღვანელმა გუჯა შვანგირაძემ გურულებისთვის დამახასიათებელ საკმაოდ აქტიურ დამსწრე საზოგადოებას თავისი ორგანიზაციის მიზნები და ხედვები გააცნო, ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, როგორ უნდა შეიცვალოს არსებული სახელმწიფო სისტემა:

გუჯა შვანგირაძე: `დაწყებული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობიდან დღემდე გავიძახით, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. ეს არის ავტოკრატიული, ერთ მუჭა ხალხსა და ერთ პიროვნებაზე მორგებული სისტემა და ახლა კი არა, 100 წელია საქართველოში არსებობს, გასაბჭოებიდან ჩამოყალიბდა. ჩვენი საზოგადოებისთვის ერთგვარი თავსატეხია, რა და როგორ გავაკეთოთ. ვფიქრობთ და თითქოს ვმოქმედებთ კიდეც, მაგრამ 25 წელიწადია შედეგს ვერ ვხედავთ. გვგონია, რომ ვცვლით ხელისუფლებას, სინამდვილეში კი სისტემა, რომელზეც მორგებულია ეს ყველაფერი, უცვლელი რჩება. სახელმწიფო მმართველობითი რგოლი, ანუ ხელისუფლება არასდროს შეცვლის ამ სისტემას, იმიტომ, რომ არ აწყობს შეცვლა...

როცა ვამბობთ, სისტემა უნდა შეიცვალოს, ვგულისხმობთ არა მხოლოდ ფორმის, არამედ მისი შინაარსის, მექანიზმების შეცვლას. გასაბჭოების პერიოდში შექმნილი და სტალინის ეპოქაში გაძლიერებული ეს ფორმები საერთოდ გაძლიერდა, შინაარსი არ შეცვლილა, მაშინ რომ ერთი პარტია იყო და ახლა ორასია, ეს სისტემის შეცვლას არ ნიშნავს. თვითონ შინაარსი არის შესაცვლელი და რაში მდგომარეობს ეს შინაარსი: თუ ავტოკრატიულად ვცვლით ამ სისტემას, ეს ნიშნავს, რომ ზემოდან მოდის რაღაც ძალები, ქვემოდან არანაირი კონტროლის მექანიზმი ამ სისტემას არ გააჩნია. თავისთავად ცხადია, რომ დღეს სახელმწიფო სექტორი ისეთი შეკრული ვერ არის, როგორიც სტალინის დროს იყო, მაგრამ მაინც ავტოკრატიული დარჩა და იგივე მექანიზმები გააჩნია საზოგადოების დასამ-ორჩილებლად. არ შეცვლილა სისტემა და ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში ხედავთ, რაც მივიღეთ შედეგად: 20 თუ 22 წლის წინათ ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა 5 მილიონ 400 ათასს შეადგენდა, ახლა 3 მილიონ 700 ათასია, მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ არის გასული, ერთ მილიონამდე ადამიანი კი სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს, ანუ ოფიციალური მათხოვარი გამოდის. დაუმატეთ ამას სხვა გარემოებები _ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა, უმუშევრობა, ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობის 100 ათასამდე გაზრდა, კაზინოების აზარტულ თამაშებში 400 ათასი ადამიანის ჩაფლულობა, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის მოშლა.

მოკლედ, რაც უფრო მორჩილი იქნება საზოგადოება, უფრო აწყობს სისტემას. აქედან გამომდინარე, არის ერთი გამოსავალი, საზოგადოებამ უნდა შექმნას რაღაც კონტროლის მექანიზმი, რომლის მეშვეობით აიძუ-ლებს მის მიერ არჩეულს, შეასრულებინოს წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები.

ახალს არაფერს ვიგონებთ, ჩვენი, `თბილისის ჯგუფის~ მუშაობის ძირითადი თემაა ამ სისტემას როგორმე დავაკანონებინოთ დეპუტატის უკან გამოწვევის მექანიზმი, რომლის მეშვეობით ჩვენ მიერ არჩეული ადამიანი სულ გვეყოლება შიშის ქვეშ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. როცა ოთხი წლის განმავლობაში ადამიანს ეუფლება დაუსჯელობის სინდრომი, როცა მან იცის, რომ რაც უნდა გააკეთოს, ხელფასს, დანამატს და შემდეგ პენსიასაც უპრობლემოდ მიიღებს, ის არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს მოქალაქეების მიმართ. ცხადია, ასეთი ადამიანი ვერც დაპირებებს შეასრულებს და ვერც დადებით როლს, იმაზე მავნებლურ კანონებს მიიღებს, როგორიც დღეს გვაქვს. თვეში სადღაც ათი-ოცი კანონი იქნება, სასაცილოცაა, სამარცხვინოც და მართლაც ანტისახელმწიფოებრივი... აღარაფერს ვამბობ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე. აი, უფრო მეტი საშინელება ხდება და იმიტომ. ქვეყანაში მიგრაციის საწინააღმდეგო კანონი არ არის შემუშავებული, ეს მაშინ, როცა უამრავი ლმობიერი კანონები დაამტკიცეს პარლამენტში... შარშან, სექტემბერში კონსტიტუცია დაამტკიცეს, რომელშიც წერია, რომ რეფერენდუმის მეშვეობით ადამიანს არ აქვს კანონის მიღების უფლება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს საერთოდ დემოკრატიის უმთავრესი იარაღი ჩამოართვეს. 200 ათასი ხელმოწერა რომ შეაგროვო, რეფერენდუმის ჩატარების უფლებას არ გაძლევენ. ტერიტორიებია დაკარგული და რეფერენდუმის ჩატარების უფლება არ გვაქვსო. ამ შემთხვევაში საპირისპირო მომენტი დგება, მაშინ არც ის შეიძლება, რომ არჩევნები ჩავატაროთ, მაგრამ არჩევნებს მაინც ატარებენ. ურთიერთ გამომრიცხავია. იმიტომ ატარებენ არჩევნებს, რომ შენ რეფერენდუმის მეშვეობით არ მიიღო რაღაც სერიოზული, ხალხისთვის სასარგებლო კანონი. 150 არამზადა, პირდაპირ ვიტყვი, პარლამენტში რომ გეყოლება, ამათ აქვთ უფლება რომ მიიღონ მათთვის აუცილებელი კანონები და ხალხს _ არა. მაშინ როგორი დემოკრატიაა დღეს საქართველოში?!

კარგით, რეფერენდუმს შევეშვათ. ცნობილი ფაქტია, რომ მაგათთან კამათი არ შეიძლება. დეპუტატის გამოწვევის მექანიზმზე ასეთი არგუმენტაცია გააჩნიათ, რომ საქართველოში არ გამოგვადგება. იმასაც ამბობენ, რომ საერთოდ მსოფლიოში მიუღებელი პრაქტიკაა. აი, ამაზე კი შეიძლება საუბარი დავიწყოთ იქედან, რომ ეს ჩვენ არ გამოგვიგონებია, დეპუტატის გამოწვევისა და კონტროლის მექანიზმი საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, ძველი საბერძნეთიდან დაიწყო, ძველ საფრანგეთში, კომუნის დროს განვითარდა, მერე 1905 წელს ამერიკის ვირჯინიის შტატში პირველად მიიღეს ეს კანონმდებლობა. ამერიკის 35 შტატში მუშაობს, შვეიცარიაში, იაპონიაში, კანადაში მუშაობს ეს კანონი, ჩინეთი რომ ჩინეთია, იქაც მუშაობს და საქართველოში რატომ არ უნდა მუშაობდეს?..

თბილისში უკვე სამი ჯგუფი მუშაობს ამ თემაზე, მეოთხე ჯგუფი იქმნება, სექტემბერში ჩამოყალიბდება, ქუთაისში შეიქმნა, აქამდეც მუშაობდა, ოღონდ ცოტა სხვა მიმართულებით. რუსთავსა და გორში იქმნება, შეიქმნება კახეთის რეგიონშიც, ცაგერშიც...

ჩვენ შეგვეძლო თბილისში შეგვემუშავებინა ეს პროგრამა, მაგრამ არ გვინდა დავემსგავსოთ სხვა ორგანიზაციებს, პარტიებს, რომლებიც რაღაცას შეიმუშავებენ და ჭკვიანური სახეებით დადიან ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ, დაეთანხმებით თუ არ დაეთანხმებით, მნიშვნელობა არ აქვს. ეს ჩვენ არ გვინდა, ხელისუფლებაში მოსვლაც არ გვინდა. ჩვენი მიზანია ამომრჩეველს მივცვეთ ეს მექანიზმები და მერე ვინაც უნდა, ის აირჩიოს მან. ამ მექანიზმის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თქვენს არჩეულ ადამიანს საქმე გააკეთებინოთ, დანაპირები შეასრულებინოთ. ყველა ადამიანს, ჯგუფს ვაძლევთ საშუალებას დამოუკიდებლად მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე, იფიქრონ, რა არის საჭირო, აუცილებელი, რომ ეს მთავარი თემა _ დეპუტატის გამოწვევის მექანიზმი უფრო ეფექტურად ამუშავდეს და ამოქმედდეს...

ყველა ქალაქში ჯგუფები დამოუკიდებლად იმუშავებენ, მერე ცალკე 10-15-კაციანი იურისტთა ჯგუფი შეიქმნება, რომელიც გააშალაშინებს თქვენს მოსაზრებებს, ჩამოყალიბდება კანონპროექტი, რომელიც დასამტკიცებლად შევა პარლამენტში. როცა პარლამენტში განხილვა დაიწყება, დასჭირდება თქვენს ნაშრომს, ნაფიქრს, დასკვნას დაცვა, სასურველი და აუცილებელია ამ დროს იქ ყოფნა. აი, ეს არის ჩვენი მუშაობის პრინციპი~.

ოზურგეთელი დავით მეგრელიშვილის აზრით, პარლამენტი, რომელიც რეფერენდუმის ჩატარების საშუალებას არ იძლევა, ამ გზით არც დეპუტატის გამოწვევის მექანიზმზე დათანხმდება, მით უფრო, როცა დაინახავს, რომ მას საშიშიშროება ემუ-ქრება:

დავით მეგრელიშვილი: `დეპუტატებს თუ გამოუხატავთ აზრი, როდესაც ანტიქართულ ანტისახელმწიფოებრივ კანონებს იღებდნენ, ვინმეს გამოუთქვამს პროტესტი? ერთი შემთხვევაც არ ყოფილა ასეთი, უბრალოდ პატარა გაბუტვები იყო. აი, ასეთი პარლამენტი ელოდება საქართველოს მომავალშიც. ჰოდა, როგორ ფიქრობთ, ეს პარლამენტი ასეთ კანონს მიიღებს? კარგით, შევიტანეთ პარლამენტში, თქვენ წეღან თქვით, რომ რეფერენდუმის ჩატარების უფლებას არ გვაძლევს ეს ხალხიო და ამ მექანიზმის ამოქმედებაზე დაგვთანხმდება, როდესაც რაღაც საშიშროებას დაინახავს?! როგორც კი ამ საშიშროებას და დაპირისპირებას იგრძნობენ, მაშინვე ადეკვატური ღონისძიებების გატარებაზე გადავლენ. ჩვენ გავიარეთ ეს ხანა, საკუთარ თავზეც ვიწვნიეთ~.

შეხვედრის მონაწილე კოტე სარიშვილმა თქვა, რომ დემოკრატიაზე უფრო დიქტატურის მომხრეა, ოღონდ სამართლიანი დიქტატურისა: კოტე სარიშვილი: `მე, მაგალითად, დემოკრატიაზე უფრო დიქტატურის მომხრე ვარ. სააკაშვილის დროს ეს დიქტატურა იყო, და ყველა ფიქრობს, რომ ეს არ იყო სამართლიანი დიქტატურა, მაგრამ დავით აღმაშენებლის დიქტატურა _ ეს იყო სამართლიანი დიქტატურა, იმიტომ, რომ ყველაფერი იყო სჯულის კანონში ჩამჯდარი და მორგებული~. პოლიტიკურად საკმაოდ გამოცდილი ლევან თავდიშვილის თქმით, ეს შეხვედრა ერთიანობისთვის წინ გადაგმული ნაბიჯია:

ლევან თავდიშვილი: `26 წელიწადია ვიძახით ძირს კომუნისტები, ესეთები, ისეთები, მაგრამ, სამწუხაროდ უკეთესი არავინ მოსულა, ნამდვილად არ მოსულა, რაღაც-რაღაცეები იყო, მაგრამ საერთო ჯამში რომ ავიღოთ, მათ მართვის ყველა რგოლი უფრო დახვეწილი ჰქონდათ, ინტერესებსაც იცავდნენ ბოლომდე და პოლიტიკურადაც უფრო შემდგარნი იყვნენ, ეს მაქვს მხედველობაში. აქ შეკრებილი საზოგადოებისათვის, თითოეული ჩვენგანისთვის ახლა მთავარია ერთიანობა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ვფიქრობ, რომ ეს ერთიანობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, აუცილებელი და საჭიროა, იმიტომ, რომ არსებობს ასეთი გამონათქვამი, რად გინდათ კანონი, როდესაც ხელისუფლებაში არამზადები სხედან~.

ნარი მუჯირის აზრით კი, ჩვენი ქვეყანა მთლიანად გაყიდულია თავის მიწიანად და ხალხიანად:

ნარი მუჯირი: `მე ვერ ვარ ამ ეტაპზე ოპტიმისტურად განწყობილი ჩემი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, ასე ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყანა მთლიანად გაყიდულია თავის მიწიან-ხალხიანად~.

ლერი ჯაყელმა ერთიანობის შედეგის უპრეცედენტო მაგალითი მოიყვანა მსოფლიო ისტორიიდან, როდესაც მეორე მსოფლიო ომში მიწასთან გასწორებულმა გერმანიამ ძალები მოიკრიბა და მის დამმარცხებელი რუსეთი მოკლე დროში უკან მოიტოვა:

ლერი ჯაყელი: `კომუნისტური წყობიდან მოგვდეს ის, რომ თუ დეპუტატი გახდები, ფულიც გექნება და თანამდებობაც. ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს ისეთი დეკლარაცია, რომელზე ხელმომწერის მისამართით, დეპუტატის სტატუსის დარღვევის შემთხვევაში, აუცილებლად ამოქმედდება შესაბამისი კანონი.

ერთიანობაზე ვსაუბრობთ აქ. ბატონებო, მეორე მსოფლიო ომი რომ დამთავრდა, გერმანია მიწასთან იყო გასწორებული, ნაცარტუტად ქცეული, მაგრამ შეიკრა ერი, შემოიჭირეს ქამარი, ისე კი არა, როგორც ჩვენთან. ხალხი კარტოფილს არ თლიდა, ისე ხარშავდა და მიაღწია მიზანს, რაც სურდა, დაეწია და გაასწრო რუსეთს, ვინც დაამარცხა ამ ომში.

ჩვენი დღევანდელი პრობლემა დაქსაქსულობაა, ერთად უნდა დავდგეთ ამ დროს, რათა რამენაირად გავიტანოთ ეს ამბავი და მიიღონ კანონი დეპუტატის გაწვევის შეს-ახებ. ამით გაიზრდება მისი პასუხისმგებლობა ჩემს წინაშე, თქვენს წინაშე. მან უნდა იცოდეს, რომ ფულის საშოვარზე კი არ მიდის მთავრობაში თუ დეპუტატად, არამედ იმისთვის, რომ საერთო სახალხო საქმე აკეთოს. თუ არ გააკეთებს ამას, გამოწვევის მექანიზმები ამუშავდება და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისრება~.

ერთიანობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი თავის დროზე ეროვნული მოძრაობის აქტიურმა წევრმა, ამჟამად ეკლესიაში მოღვაწე მამა ვახტანგმა.

უდავოდ დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელი წინადადებები დააყენა სტუდენტმა, რომლის გვარი მაშინვე ვერ ჩავინიშნეთ, შეხვედრის ბოლოს კი დარბაზში არ ჩანდა.

შეხვედრამ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ შესაძლებელია, ოზურგეთში რამდენიმე ასეთი ჯგუფი შეიქმნას.

***

საარჩევნო კოდექსზე მომუშავე `თბილისის ჯგუფი~ 2017 წლის აპრილში ჩამოყალიბდა.

მასში გაწევრიანებულ თანამოაზრეებს მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველი, მისი ნება და ინტერესები უზენაესი უნდა იყოს სახელმწიფოსათვის, რადგან ამომრჩეველია ძალაუფლების წყარო, ამომრჩეველია სახელმწიფო და არა მის მიერ არჩეული ხელისუფლება.

`თბილისის ჯგუფის~ მიზანია, საზოგადოების მონაწილეობით ისეთი საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც მკვეთრად, დეტალურად და სწორედ ჭეშმარიტი დემოკრატიის (ხალხის მმართველობა) პრინციპების გათვალისწინებით, განსაზღვარავს ამომრჩეველის და მის მიერ არჩეულის ურთიერთდამოკიდებულების წესებს ამომრჩეველის სასარგებლოდ.

საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ის მექანიზმები, რომელიც ამომრჩეველის ნების უზენაესობას გაუსვამს ხაზს და დაიცავს ამომრჩევლის ინტერესებს. მისცემს მას მის მიერ არჩეულზე ზემოქმედების და კონტროლის საშუალებას. უფრო მეტიც, მცდარი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, ამომრჩეველს მისცემს შეცდომის გამოსწორების საშუალებას.

`თბილისის ჯგუფს~ არ სურს ხელისუფლებაში მოსვლა. `თბილისის ჯგუფს~ სურს, მისცეს ამომრჩეველს ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმები.

სრულფასოვანი რეფერენდუმი, სრულფასოვანი საარჩევნო კანონი, არჩეულის უკან გაწვევის წესით.

`თბილისის ჯგუფი~ მოუწოდებს საზოგადოებას, ყველას, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, რელიგიური აღმსარებლობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა, იყოს აქტიური და მიიღოს მონაწილეობა ახალი, სახალხო საარჩევნო კოდექსის შემუშავებაში.

დეპუტატის უკან გამოწვევის მექანიზმი და რეფერენდუმი ამომრჩეველთა საერთო ინტერესია.

`ხალხის რჩეული~ უნდა ნიშნავდეს, რომ ის ხალხის მიერ დაქირავებული მსახურია და არა პირიქით. სისტემა უნდა შეიცვალოს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.