წელიწადნახევარში ანასეულს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

დამატებულია: 2018-08-27
picture1

ალიონი. წელიწადნახევარში ანასეულს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ამის შესახებ 24 აგვისტოს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს თან ახლდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, თავის მოადგილესთან ერთად, ასევე შპს `საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების~ ხელმძღვანელები. _ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაპირებულ, მოკლე დროში შეძლო თქვენი სურვილების, მოსაზრებების კონსოლიდაცია და დღეს არის სწორედ ის დღე, როცა ჩვენ პრაქტიკულად ვაჭერთ ხელს სტარტის ღილაკს ანასეულის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, _ უთხრა მაჟორიტარმა დეპუტატმა შეკრებილ საზოგადოებას, რომლის უმრავლესობას ანასეულელები წარმოადგენდნენ.

ქალბატონი მაია ცქიტიშვილის თქმით, გურიაში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ კიდევ ერთი დაემატება, ანასეულის წყალმომარაგების სახით:

_ დღეს გურიაში რეგიონისათვის მნიშვნელოვანი მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, ანასეულის წყალმომარაგების სახით ამ მშენებლობებს ანასეულის წყალმომარაგებაც შეუერთდა, რომელიც მთელ რიგ პრობლემებს გადაწყვეტს ქალაქ ოზურთის ამ დასახლებაში. მიხარია, რომ ეს ჩემი მინისტრობის საწყის პერიოდს დაემთხვა. აქედა წელიწადნახევარში ანასეულელები მიიღებენ ბუნებრივად გაფილტრულ სასმელ წყალს, რომელიც ხარისხის ყველა პარამეტრს დააკმაყოფილებს, _ აღნიშნა მინისტრმა.

პროექტის საპროექტო ღირებულება 150 ათასი ლარია. ანასეულის წყალმომარაგების მშენებლობას რეგიონული განვითარების ფონდი 3 მილიონი ლარით დააფინანსებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.