ჯვარიმინდორი- საქართველოს ისტორიული რეალობის ნაწილი

დამატებულია: 2018-08-29
picture1

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აჭარა-გურიის ალპური ზონის ისტორიულ გზასაყარზე, მე-7 ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ გაიმართა.

ჯვარიმინდორის მოკლე ისტორია ასეთია:

1740 წელს ჭვანას ხეობაში 15-მდე მართლმადიდებლური ტაძარი იყო. 20 წლის მანძილზე დამპყრობლებმა ყველა ტაძარი დაშალეს და დაწვეს, არც ვერჯანაულზე არსებული ქათამიძეების ტაძარი დაინდეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი წინამძღვარი ზაქარია ქათამაძე დახმარებისთვის ახალციხის ფაშას ეახლა. ჭვანაში დაბრუნებულ ღვთისმსახურს სამლოცველო განადგურებული დახვდა. გაუტეხელ ჭვანელებს ეკლესიის ჯვარი, ხატები, ზარი და სხვა სიწმინდეები გადაემალათ.

ნაწამებ მღვდელს და მრევლს ამ ტერიტორიაზე დაბრძანებული ჯვარისა და სხვა სიწმინდეებისათვის მაშინ მიუმართავათ: „ჯვარო მიდიხარ, ჯვარო დაგვიბრუნდები!“სიწმინდეები შემოქმედის ეპარქიის ტაძრებში დააბრძანეს. თითქმის ორ საუკუნოვანი შენახვის შემდეგ, 2013 წლის მარიამობაზე ჯვარი სოფელ ჭალაში მშენებარე ტაძარში გადმოაბრძანეს. ასე აღდგა სამართლიანობა.

დღეს თაგინაურის მთაზე გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, დეპუტატები და სხვა თანამდებობის პირები დაესწრენ.

ჯვარიმინდორის დღესასწაულზე უამრავ ქართველ და უცხოელ სტუმრებს თავისი ხელოვნება აჩვენა ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულმა ცნობილმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „იადონმა“ (ხელმძღვანელი ბიძინა მჟავია).

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.