ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში სამოქალაქო აეროპორტის გახსნის თემა კვლავ აქტუალურია. საქართველოს საჰაერო სივრცეში სამგზავრო თვითმფრინავების რეისების უპრეცედენტო ზრდის გამო, არსებული აეროპორტების გამტანუნარიანობის გაზრდასთან ერთად დღის წესრიგში დადგა ახალი აეროპორტების მშენებლობის საკითხი.
საზღვრისპირა ქალაქ ბათუმის აეროპორტის განტვირთვის მიზნით სოფელ მერიაში, ყოფილი სამხედრო აეროპორტის ბაზაზე სამოქალაქო აეროპორტის აღდგენაზეც საუბრობენ. გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აეროპორტის აღდგენის თემაზე გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ ისაუბრა.
1962 წელს წინ სოფელ მერიის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტი გაიხსნა. აი, რას წერდა იმჟამინდელი გაზეთ „ლენინის დროშის“ 4 სექტემბრის ნომრის ფურცლებზე ჟურნალისტი ვაჟა ჭანუყვაძე:
„1962 წლის 1 სექტემბერი ახალი, კიდევ ერთი სასიხარულო მოვლენით აღინიშნა მახარაძელი მშრომელებისათვის. დაინიშნა სამგზავრო თვითმფრინავი მახარაძე -თბილისი.
პირველ დღეს მაინც განსაკუთრებული შნო დალაზათი ახლავს. აეროდრომზე მრავალი ადამიანი შეიკრიბა პირველი სამგზავრო თვითმფრინავის მისაღებად, მგზავრების გასაცილებლად. კოხტად გამოიყურება პატარა აეროპორტი. მგზავრთა მოსაცდელ დარბაზში სისუფთავეა. ისვენებენ, ათვალიერებენ ჟურნალ-გაზეთებს.
პირველი თვითმფრინავის მისაღებად ჩამოვიდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უფროსი, გენერალი ლავრენტი გოლიაძე. იგი დინჯად ესაუბრება სამგზავრო აეროპორტის უფროსს გ. დოლიძეს და მომსახურე პერსონალს. აძლევს განმარტებებს, შენიშვნებს ჯერ კიდევ ზოგიერთი მოუგვარებელი საკითხის გამო.
... 10 საათსა და 45 წუთზე თვითმფრინავიც გამოჩნდა. მან რკალი შემოხაზა ჰაერში და დაეშვა. ერთხანს თავაწყვეტით გაიქროლა ბილიკზე, მერე სვლას უკლო და ნელ-ნელა მოადგა მოედანს. პილოტებმა კაბინები დატოვეს.
_ამხანაგო გენერალო, _უპატაკა თვითმფრინავის რაზმის უფროსმა ე. მატვეევმა, _სამგზავრო თვითმფრინავი „ილ 14“ მოვიდა დანიშნულების ადგილზე.
„ილ 14“ 28 მგზავრისთვისაა. მისი საერთო წონა ტვირთიანად 17,5 ტონაა. საათში ავითარებს 300 კილომეტრს. თბილისამდე მანძილს ფარავს 1საათსა და 15 წუთში.
მოახლოვდა გაფრენის დრო. თვითმფრინავში ადიან და ადგილს იკავებენ მგზავრები.
სრულ 11 საათსა და 15 წუთზე ხომალდი მიწას მოწყდა და თბილისისაკენ აიღო კურსი.
თვითმფრინავი _მახარაძე -თბილისი იფრენს ყოველდღე. იგი ყველასათვის ხელმისაწვდომია.“
მერიის სამგზავრო აეროპორტმა ორიოდე წელი იმუშავა. შემდეგ რეისები შეწყდა. სავარაუდოდ ამის მიზეზი სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებული ახალი სამხედრო ტექნიკის „შენიღბვა“ იყო. სამოქალაქო აეროპორტის აღდგენის თემა არ წყდებოდა.
1992 წელს ოზურგეთელმა ბიზნესმენებმა ავიასაწარმო „გურია“ დაარსეს. ავიასაწარმოს დირექტორად ფირმა „ბახმაროს“ დამფუძნებელი, გამოცდილი ბიზნესმენი მანუჩარ მამეიშვილი აირჩიეს. ამ დროისათვის რეგიონი სატრანსპორტო ჩიხში იყო მოქცეული და გამოსავალს მერიის აეროპორტის ამოქმედებაში ხედავდნენ. აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში ძირითადად ტვირთბრუნვა ჰქონდათ და აქედან თვეში 2000 ტონა ტვირთის გატანას გეგმავდნენ. ამ იდეას ჰქონდა ხელისშემშლელი მიზეზები, რის გამოც აეროპორტმა 1995 წლამდე ვერ შეძლო ამოქმედება.
„21 მაისი მნიშვნელოვანი დღე გახდა გურიის რეგიონის ცხოვრებაში. საზეიმოდ გაიხსნა სამგზავრო-სატვირთო აეროპორტი. ამ მხარის ისტორიაში პირველი სამოქალაქო რეისი შესრულდა ოზურგეთი-მოსკოვის მიმართულებით.“_წერდა გაზეთი „ბიზნეს კურიერი“. 1995 წ. ივნისში (ავტორი ნ. ასათიანი).
ოზურგეთი-მოსკოვის რეისებს ავიაკომპანია „გაკო-კავკასიის“ თვითმფრინავი ტუ-134 ასრულებდა. იგეგმებოდა „იაკ-42“ მარკის თვითმფრინავის ფრენა ანაპის, არმავირისა და ვოლგოგრადის მიმართულებით. ხოლო აეროპორტის საერთაშორისოდგადაკეთების შემდეგ _ევროპისა და აზიის ქვეყნებში.
ამ პერიოდში რამდენიმე რეისი შესრულდა ოზურგეთი-თბილისის მიმართულებიდაც, მაგრამ ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ მერიის აეროპორტს არსებობის საშუალება არ მისცა და ოზურგეთელი ბიზნესმენების მიერ დაწყებული კარგი საქმე შეჩერდა.
10 წლის წინ, გურიის იმჟამინდელი გუბერნატორი, რამაზ ნიკოლიაშვილი დაპირდა ოზურგეთელებს, რომ მერიის სამოქალაქო აეროპორტი ამოქმედდებოდა, თუმცა ეს დაპირება მმართველი პარტიის მხოლოდ საარჩევნო პიარი აღმოჩნდა.
ბოლო პერიოდშიკვლავაა საუბარია მერიის აეროპორტის მესამედ ამოქმედებაზე, ამჟამად უკვე საერთაშორისო სტატუსით. თუ გავითვალისწინებთ ამ აეროპორტის საუკეთესო მდებარეობას, როგორც შავიზღვისპირა ეკონომიკურ ზონასთან და საკურორტო ქალაქების ბათუმის, ქობულეთის, ფოთის სიახლოვით (მით უმეტეს, რომ სრულდება ახალი ავტობანის მშენებლობა), ასევე თვითმფრინავების ფრენის უსაფთხოების თვალსაზრისით, იგი ყველა აღიარებულ სტანდარტს აკმაყოფილებს,მერიის აეროპორს ყოველგვარ ამინდში შეუძლია თვითმფრინავების მიღება.