უფასო პოლიტიკური რეკლამა
„როგორც ოლიგარქმა და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა ამოგლიჯა გურიიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ასწლოვანი ხეები და მიითვისა, ასე ამოგლეჯს ხალხი მის კორუმპირებულ მმართველობას 28 ოქტომბერს და დაასრულებს ბანდიტიზმსა და განუკითხაობას\"- ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ლეიბორისტული პარტიიდან, დღეს ოზურგეთელ ამომრჩეველებთან შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. შეხვედრაზე კი, რომელიც ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, ქვეყნის მთავარმა ლეიბორისტმა ოზურგეთელებს თავისი პარტიის მიზნებზე მოუთხრო. ნათელაშვილი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად, არჩევნებით ოლიგარქიული მმართველობის ხელისუფლებიდან მოშორებაში ხედავს. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში საქართველო განწირულია:
„სხვა ნებისმიერ შემთხვევაში საქართველო განწირულია მარიხუანიზაციის, კორუფციის, სიცრუისა და მლიქვნელობის ტყვეობისათვის.ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ დღეს გვჭირდება ექვთიმისტური საქართველო, ექვთიმისტური ხელისუფლება, ეს კაცი კი, რომელიც მალე კოსმოსსაც დაიკავებს და რომელმაც აღარაფერი აღარ დატოვა არც მიწის ქვეშ და არც მიწის ზევით, სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას“, - მოუწოდა ნათელაშვილმა შეხვედრაზე მრავლად მოსულ ოზურგეთელ ამომრჩეველს ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მთელი საზოგადოება ქუჩაში უნდა გამოვიდეს:
„თუ მოინდომებენ გაყალბებას, მთელი საზოგადოება, უკლებლივ უნდა გამოვიდეს ქუჩაში. ეს ვაჟბატონები იმედია, ისე არ მოიქცევიან, რომ საკუთარ თვითმფრინავებზე ვერ მიასწრონ მისვლა“, - დასძინა ნათელაშვილმა.
ვრცელ მასალას ამ შეხვედრის შესახებ გაზეთ„ალიონის“ 15 ოქტომბრის ნომერში შემოგთავაზებთ