„მე მრცხვენია იმ პარტიების და მათი კანდიდატების, რომლებიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ“

დამატებულია: 2018-10-21
picture1

უფასო პოლიტიკური რეკლამა

დღეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში იმყოფებოდა და ოზურგეთელ ამომრჩევლებს შეხვდა.

თემურ შაშიაშვილი ქუჩაში თავის მომხრეებთან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, (გმირთა მოედანი, აპოლონ წულაძის, გიორგი ჭანტურიას ქუჩა, უნივერმაღი „იმედი“, აგრარული ბაზარი) ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, შემდეგ კი მათ თავის საპრეზიდენტო პროგრამაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

„მე ხალხში დავდივარ და ასე ვესაუბრები ამომრჩევლებს. ყველა კანდიდატს რომ ტელევიზიებით სარგებლობის თანაბარი პირობები გვქონდეს, 28 ოქტომბერს სხვა შედეგი გვექნებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, არ მაქვს საშუალება გამოვიდე ცენტრალური სატელევიზო არხით და მივმართო მოსახლეობას.

გურიაში დღეს არსებული პრობლემების 80 % ხელისუფლებებთანაა დაკავშირებული. როგორც ჩანს ბოლო 20-30 წლის განმავლობაში აქ ხელისუფლებების მხრიდან იყო უსულგულო დამოკიდებულება. გურიაში ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, გვახსოვს როგორი იყო ადრე გურია და აქ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მაგრამ დღეს ქვეყანას სჭირს დიდი პრობლემები, მძიმე მდგომარეობაშია, სიმართლე გითხრათ მე არ მეგონა თუ ხალხი ასეთ უკიდურეს მდგომარეობაში ცხოვრობდა. მეგონა რომ ცოტა უკეთესობისაკენ იქნებოდა. შემოვიარე კახეთი, აჭარა, სამეგრელო, გურია- მაგრამ ყველგან მძიმე მდგომარეობაა. მე მრცხვენია იმ პარტიების და მათი კანდიდატების, რომლებიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ და ახლა მიდიან ხალხთან და მხარდაჭერას სთხოვენ, კიდევ უფრო მიკვირს იმ ხალხის, ვინც მათ ახლა გვერდით უდგანან.

მე ვამბობ გამოკვეთილად, ახლა „ოცნების“ წარმომადგენლის არჩევა, ახლა „ნაციონალების“ წარმომადგენლის არჩევა, ახლა „ევროპული საქართველოს,“იგივე „ბოკერის ჯგუფის\\\" წარმომადგენლის არჩევა მიმაჩნია სახელმწიფოს ღალატად. არ შეიძლება, ამ ადამიანებმა ასეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს და კიდევ ბოძებიდან და კედლებიდან გველაპარაკებოდნენ. ჩამოვიდნენ და დაელაპარაკონ ხალხს. მე მოვდივარ კონკრეტული პროგრამით და მოვდივარ იმ განწყობით, რომ შეცვლა შეიძლება ყველაფრის. მე ვერ ვიქნები ბიძინა ივანიშვილის ერთგული, მე ვიქნები ქვეყნის ერთგული. მე ვისურვებდი ივანიშვილი წასულიყო ბიზნესში, ის შესანიშნავი ბიზნესმენია, ხოლო პოლიტიკაში ის ანგრევს საკუთარ თავსაც და გვანგრევს ჩვენც. ვინ არიან სააკაშვილი, ბაქრაძე, ბოკერია? მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი იყო; ბაქრაძე _ედუარდ შევარდნაძის უნიჭო მწერალი _ორშაბათობით გამოსვლებს რომ უწერდა; გიგა ბოკერიამ ედუარდ შევარდნაძის ბოლო საპრეზიდენტო პროგრამა დაწერა. თუ როგორ მართეს შემდეგ მათ ქვეყანა, თავად იცით. ამბობენ ახალგაზარდები არიან- დაღუპეს საკუთარი თავიც და ქვეყანაც“ _განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

ავტორი: ავტორი გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.