პარადოქსი: მაკვანეთელები მედიასთან კარიერის გაჩერების აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს, ხოლო პოლიციასთან საუბარში მხოლოდ იმას მოითხოვენ, მასალის გასატანად არ გამოიყენონ მძიმეწონიანი მანქანები

დამატებულია: 2018-10-25
picture1

დღეს სოფელ მაკვანეთში აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეებმა აქ მოქმედ კარიერზე მომუშავე მანქანებისთვის გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, ამაოდ, რადგან ინერტული მასალის მომპოვებლებმა უკვე იცოდნენ ამის შესახებ და ჩვენი იქ ყოფნისას გზაზე მხოლოდ ერთი მანქანა გამოჩნდა, რომელმაც ცენტრალური გზიდან მარჯვნივ გადახვევით თავი აარიდა აქციის მონაწილეებს.

სანამ ეს მოხდებოდა, მაკვანეთელი ამირან გორდელაძე შეეცადა ჟურნალისტებისგან გაეგო რას ნიშნავს გარემოს დაცვა – ბუნებაზე ზრუნვას თუ მის ძარცვასა და გაპარტახებას:

„იქნება მე ვერ ვხვდები და კაი იქნება თუ განმიმარტავთ, რას ნიშნავს გარემოს დაცვა და მისი ზედამხედველობის სამსახური - ბუნების შენარჩუნებას, მასზე ზრუნვას თუ მის ძარცვასა და მთლიანად გაპარტახებას. წყალი მოგვისპეს, ჟანგბადი მოგვისპეს, გზა მოგვისპეს, საძოვრები და ყანები გაგვინადგურეს, დედა უტირეს ყველაფერს... ესენი კი იმას აკონტროლებენ, ზედმეტი არ წაიღონ სადმე, ფალსიფიცირება არ მოხდეს, თავიანთ ჯიბეებში რომ გაჩნდეს ფული. თავიანთ კაპიტალს იცავენ მაგინი, სხვა ყველა და ყველაფერი ერთ ადგილზე ჰკიდიათ.

მართლა მაინტერესებს და გამარკვიეთ, დღეს რას იცავს და რას მაძლევს სახელმწიფო? ხალხი რაცხა მისით იღლიტება და იწიკვება და ძლივს გააქვს სული. კიდევ კაი, რომ უმეტესობა წასულია საშოვარზე. ჩამოვიდნენო რომ გაიძახიან, მართლა რომ ჩამოვიდნენ, ხომ გაწყდა მშიერი დიდიან-პატარიანა. აგინი კიდო, ჩვენს ზურგზე ცხოვრობს, აი მთავრობაა თუ ჩემი ფეხებია... დახურონ ბიძია ეს კარიერი, შევწუხდით აღარ შეგვიძლია“.

მანანა ბაბილოძემ, რომელიც მშვიდი ქალბატონი ჩანს, გვითხრა, რომ შექმნილი მძიმე სიტუაციის გამო, ერთხელ იმდენად გამწარდა, მძიმეწონიანი მანქანის მძღოლს თავის გათორთქოლებითაც კი დაემუქრა:

„ახალი გუბერნატორი რომ მოვიდა, მაშინ შეაჩერეს მუშაობა, გვითხრეს, პოლიციამ იცის, ყველამ იცის მაგინი აღარ იმუშავებენო. რამდენიმე დღის განმავლობაში მართლაც არ უმუშავიათ, მერე კი მთლად დიდი მანქანები მოიყვანეს, რა ამბავია, გზა გზად აღარ ვარგა, ბაღანას ვერ გამოუშვებ გარეთ იმხელა ღრმულებია ჭალაში? ამ ზაფხულში ისეთი სიმწარე ვნახეთ, ერთი წვეთი წყალი არ მქონდა ჭაში, მანქანა გავაჩერე, ქვა დავიკავე და ამით გაგითორთქოლებ თავს-მეთქი, შოფერს ვუთხარი. რა მინდოდა შოფერთან, მაგრამ ნერვები ვეღარ მოვთოკე“.

სოფლის ყოფილი აგრონომი ცირა ვასაძე ამბობს, რომ ინერტული მასალის მომპოვებლებს ლიცენზიაში წითელმთა უწერიათ და კატეგორიულად მოითხოვს მათ სოფლიდან წაბრძანებას.

„მე ამ სოფლის აგრონომი ვიყავი მთელი ცხოვრების მანძილზე. ბჟუჟს აქეთა ტერიტორია არის მაკვანეთი, ბჟუჯს იქეთა კი - წითელმთა და კვირიკეთი. წითელმთა უწერიათ ლიცენზიაში, წითელმთის არ არის აქეთა ტერიტორია. წაბრძანდნენ და იარონ იქ. დაგვანებონ თავი მაკვანეთელებს. არაფერი საქმე ჩვენთან მაგათ არ აქვთ.“

მოკლედ, მაკვანეთელთა თქმით, კარიერის ამოქმედების შემდეგ სოფლის ჭებში დაშრა წყალი, უწყლობის გამო ხმება ხეხილი და ყველა სახის მცენარეულობა; მძიმეწონიანი მანქანების გამოისობით მწყობრიდან გამოდის სოფლის ცენტრალური და შიდა გზები, ნადგურდება ჭალები და იბზარება კაპიტალური საცხოვრებელი სახლები.

ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს ასეა, მაგრამ იცით რა არის პარადოქსი? მაკვანათელები მედიასთან მდინარე ბჟუჟზე მოქმედი კარიერის გაჩერების აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს, ხოლო პოლიციასთან საუბარში მხოლოდ იმას მოითხოვენ, რომ ინერტული მასალის გასატანად მომპოვებლებმა არ გამოიყენონ მძიმეწონიანი (55-60 ტონა) მანქანები(?!)

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.