დაუშვებს თუ არა საქართველო ხელისუფლებაში 9-წლიანი რეჟიმის ხელახლა მოსვლას ?

დამატებულია: 2018-11-05
picture1

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ბევრი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში და წარსულთან პარალელების გავლება მოგვიწვია.

იტალიელი ბენიტო მუსოლინი ქვეყნის სათავეში ძალადობის გამოყენების მუქარით მოვიდა. თავდაპირველად მის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყნის ეკონომიკა წინ წასწია; გაჰყავდა გზები, სარწყავი არხები, აშენებდა სკოლებს, საავადმყოფოებს, ღარიბთა თავშესაფრებს..მასზე მუშაობდა დიდი პროპანგადისტული მანქანა.

მუსოლინი დადიოდა იტალიის ღარიბ რაიონებში და გლეხებთან ერთად მუშაობდა მოსავლის აღებაზე; იდგა სამჭედლოს გრდემლთან, აწყობდა აგურს... მაგრამ შემდეგ თანდათან დაამკვიდრა ქვეყანაში ტოტალური რეჟიმი და 1936 წელს გერმანულ ფაშიზმს დაუახლოვდა, რამაც ქვეყანა მეორე მსოფლიო ომში ჩაითრია და საბოლოოდ იტალიელი ფაშისტების კრახი მოჰყვა..

მიხეილ სააკაშვილი 2003 წლის 23 ნოემბერს შეიჭრა პარლამენტის შენობაში და ხელისუფლებას დაეუფლა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ სახელით მოინათლა. იგი პირველ უცხოურ ვიზიტზე ევროპაში, ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავის ეკონომ კლასით გაემგზავრა, მაგრამ შემდეგ თანდათან გამოჩნდა ხელისუფლებაში მისი მოსვლის მიზანი. თავდაპირველად იგი ეროვნულ ინსტიტუტებს დაერია. გააუქმა ენის სახელმწიფო პალატა, არაერთი სამეცნიერო დაწესებულება და სხვა ინსტიტუტები... პირველი დიდი სიგნალი 2004 წლის 12 მარტს გლდანის ეკლესიის დარბევა იყო, რასაც არაერთი ხმაურიანი სადამსჯელო ოპერაცია მოჰყვა.

პარალელურად ტელევიზები მოსახლეობას აჩვენებდნენ როგორ ხსნიდა იგი ახალ ფაბრიკა-ქარხნებს (ორჯერ გახსნა სოფ. გაღმა დუაბზუში კაოლინის ნაწარმის ქარხანა, რომელსაც შემდეგ ერთი დღეც არ უმუშავია), იჯდა ტრაქტორის საჭესთან, მართავდა თვითმფრინავს. მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა მის პიარზე მუშაობდა და მოსახლეობას ქვეყნის აღმშენებლობის მითებს უქმნიდა.

2006 წლიდან კიდევ უფრო გაუარესდა ქვეყანაში დემოკრატიის მაჩვენებელი და სხვადასხვა სახის სადამსჯელო ოპერაციები გაძლიერდა, რაც გამოიხატებოდა ბიზნესის წართმევაში, სახელმწიფო რეკეტში, სახელმწიფოსათვის „ურჩების“ დასჯის სხვადასხვა ფორმებში.

2007 წლის ნოემბრის აქცია იყო მოსახლეობის პროტესტის კულმინაცია. დაახლოებით 150 ათასი კაცი შეიკრიბა რუსთაველზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთში ყველა ოპოზიციონერი და მთავრობაზე უკმაყოფილო ადამიანი ძალოვანი სტრუქტურების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო და თბილისისაკენ მიმავალი ყველა ჯგუფი დააკავეს, (არ მისცეს წასვლის უფლება), ადამიანთა მცირე ჯგუფმა მაინც შეძლო აქციის მონაწილეებს შეერთებოდა, რომელთა შორის გაზეთ „ალიონის“ ჟურნალისტებიც ვიყავით.

ნოებრის აქცია სასტიკად დაარბია სააკაშვილის რეჟიმმა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც რეგიონებში თბილისიდან მოვლენილი ზონდერების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. ხელისუფლებამ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა არ იკმარა, თავისუფალ მედიაზე და ოპოზიციაზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა.

როგორც იქნა დამთავრდა ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის გამომწვევი მიზეზების გამოძიება და დავინახეთ, როგორ გაუსწორდა სააკაშვილის რეჟიმი „მეამბოხე“ ბიზნესმენს.

ხელისუფლებისგან მოკლული სანდრო გირგვლიანი და სიმართლის ძიებაში გარდაცვლილი დედა ირინა ენუქიძე, ციხის კადრები და „კასრების“ საქმე მცირე ჩამონათვალია იმ დანაშაულებრივი ქმედებიდან, რასაც 9 წლის განმავლობაში ახორციელებდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება საქართველოში.

დღესაც თვალწინ მიდგას 2012 წლის 19 აგვისტოს, ბახმაროს შესასვლელში ე.წ. „სამეგრელოს სპეცნაზისაგან“ დაკავებული 70-მდე გოგო-ბიჭი, რომელთა დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ მხარს და ოცნების ლოგოიანი მაისურები ეცვათ. მათ ჩემი ოჯახის წევრებიც დააკავეს, რომელთა შორის 2 არასრულწლოვანი იყო.

2012 წლის არჩევნებზე ხალხმა არა უთხრა მოძალადე რეჟიმს. „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი რამ გააკეთა არსებული რეალობის შესაცვლელად, მაგრამ მათ „კოჰაბიტაციის“ წყალობით, ვერ შეძლეს სახელმწიფო სამსახურებში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები, ამიტომ მუდმივი საბოტაჟის ქვეშ უწევდათ მუშაობა. არ დარჩა მათგან საკმარისი მარტო გზების მშენებლობა და სოციალურად დაუცველი ადამიანების ნაწილითვის სახლის სახურავების შეცვლა. მოსახლეობის მოთხოვნა, რადიკალური ცვლილებებსა და ეკონომიკის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე, ვერ შეასრულეს. უმუშევრობის და სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი მაღალია, გაიზარდა უცხოეთში ემიგრაციაში წამსვლელთა რაოდენობა, რომლის უმეტესობა ახალგაზრდა ოჯახებია. ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, რიგი მოხელეებისა, პირად კეთილდღეობას ანაცვალებენ ქვეყნის ინტერესებს. შედეგი? მოსახლეობაში დაგროვდა უარყოფითი მუხტი და მათგან ბევრმა არჩევნებზე არ მისვლით თავიანთი პროტესტი გამოხატა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. არჩევნებზე მოსახლეობის 46,74 პროცენტი მივიდა.

რაც შეეხება ნაცმოძრაობის ორ შტოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პ/გ „ევროპული საქართველო_მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატების გრიგოლ ვაშაძის და დავით ბაქრაძის , საარჩევნო შტაბებმა მათი ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება შეძლეს და მნიშვნელოვანი შედეგიც დადეს: გრიგოლ ვაშაძემ საერთო ხმების 37,74 პროცენტი; დავით ბაქრაძემ _10,97%. არას ვამბობთ ნაცმოძრაობის სხვა მამრავლებზე.

ნაცმოძრაობის ასეთ მაჩვენებელში დიდი წვლილი მიუძღვის მძლავრ საინფორმაციო კამპანიას. ყოფილი ნაცზონდერები უტიფრად აბოლებენ მოსახლეობას. ისინი არ მალავენ რომ, გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის რეანიმაციას გეგმავენ.

„ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააუქმა ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“ და საინფორმაციო გადაცემების ფუნქცია ნულამდე დაუყვანა მის მიერ შექმნილ ტელეკომპანია „GDS“-ს. არც რეგიონული მედიის განვითარებისათვის შეუწყვიათ ხელი (ფავორიტებს არ ვგულისხმობ), კვლავ არ შეექმნათ მათ თანაბარი კონკურენციის პირობები. ეს, და ბევრი სხვა ფაქტორი გახდა მიზეზი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების პირველ ტურში მოპოვებული ხმების 38, 64 %. სამწუხაროდ, არჩევნების დაწყებიდან ოპოზიციის უმრავლესობა მუშაობდა პრინციპით„ყველა ერთის წინააღმდეგ,“ რასაც კარგად ახმოვანებდნენ ნაცმოძრაობის პიარზე მომუშავე საინფორმაციო საშუალებები.

ჩემს სტატიას არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ანალიზის პრეტენზია.

მინდა რამდენიმე ეპიზოდი გავიხსენო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ოზურგეთთან ურთიერთობიდან. იგი რამდენჯერმე მონაწილეობდა იმჟამინდელი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ოზურგეთში გამართულ ხალხმრავალ აქციებში. სალომე ზურაბიშვილი მაშინ ოპოზიციური პარტიის „საქართველოს გზის“ ლიდერი იყო. _„აქ ყველა დამოკიდებულია გარევაჭრობაზე და პენსიაზე, ასე ქალაქი და სოფელი ვერ იარსებებს. როგორც ვხედავ აქ არაფერია გაკეთებული, სხვაგან შადრევანი მაინც არის“ _ამბობდა იგი გაზეთ „ალიონის“ ჟურნალისტთან საუბარში. (გაზ. „ალიონი“#20, 14 ივნისი, 2006 წ.) იმავე წლის 13 აგვისტოს (ალიონი #29) ჟურნალისტ ნინო ნიკოლაიშვილის წერილი გამოქვეყნდა სათაურით:„ნუთუ ასეთი ცუდი სახელი გვაქვს გურულებს, ასე რომ მოგვიძულეს პრეზიდენტმა და მთავრობამ?“

ოზურგეთში მოსახლეობა ხვდებოდა „საქართველოს გზის“ ლიდერს, უყვებოდა მათი გაჭირვების და დამცირების შესახებ და დახმარებას სთხოვდნენ.

„რა დავაშავეთ გურულებმა? ეტყობა მართლა არ ვუყვარვართ პრეზიდენტს, ჩვენსკენ საერთოდ რომ არ იხედება?“ მიმართავდა გურულები ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს.

ეს ამონარიდები იმისთვის მოვიყვანეთ, რომ ოზურგეთელისთვის შეგვეხსენებია ის თანადგომა, რასაც „საქართველოს გზის“ ლიდერი იჩენდა ჩვენი რეგიონის მიმართ.

დღეს განაწყებული ამომრჩეველი დგას დილემის წინაშე, დაუბრუნდეს 9-წლიან რეჟიმს თუ განაწყენება გვერდზე გადადოს და საარჩევნო ურნასთან მივიდეს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. ამ დილემის გადაჭრა ხელისუფლებას სწრაფი მოქმედების გარეშე შეუძლია. პირველ რიგში მთავრობამ პარლამენტიდან უნდა გამოითხოვის პროექტი მარიხუანას სამედიცინო მიზნით გამოყენების შესახებ, რაც გასულ პარასკევს საქართველოს საპატრიარქოში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, შემდეგ კი მოსახლეობას უთხრას როგორ აპირებს უმუშევრობის მაღალი დონის შემცირებას, დოლარის კურსის სტაბილურობას, ფასების ზრდის შეჩერებას, ქართული სოფლის გადარჩენას, ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკოლოგიაზე ზრუნვას.

წამზომი ჩართულია. არ დაგავიწყდეთ, მე-2 ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ გამთლიანებული ძალებით დაუპირისპირდება „ქართული ოცნების“ კანდიდატს. ისინი კვლავ მოახერხებენ მათი მომხრეების მობილიზებას, საამისოდ მათ სათანადო იდეოლოგიური მანქანა და ფინანსური რესურსი აქვთ.

ისე, საპრეზიდენტო კანდიდატები მთლად ეგზიტპოლების იმედზე არ უნდა იყვნენ.

ავტორი: ნუგზარ ასათიანი ;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.